ეგზოტიკური ქოლგისებრი ფშატი ადვილი მოსავლელია - კვირის პალიტრა

ეგზოტიკური ქოლგისებრი ფშატი ადვილი მოსავლელია

ნოემბერ-დეკემბერში ჩვენს ბაზარს, სადაც ნოემბრის ბოლოს არცთუ მრავალფეროვანია ხილი, საოცრად არომატული და სასარგებლო კენკროვანი მიეშველება ხოლმე. მის მოვარდისფრო-მოწითალო მარცვლებზე ოქროსფერი წინწკლებია და თითქოს ოდნავ დაბურულიც არის, რაშიც, ალბათ, მისი გემოს საიდუმლო იმალება - ერთდროულად მომჟავო, მოტკბო და მომწკლარტო გემო აქვს, ეს კი ვიტამინებით სიმდიდრეზე მეტყველებს. ეგზოტიკური გემოს კენკროვანს ზოგი "შეფერდიას" ეძახის, ზოგი "ფშატს", ზოგი კი "გუმს". თუმცა მისი ნამდვილი სახელი "ქოლგისებრი ფშატია".

ნამდვილი სახელი უნიკალური ბოტანიკური ბაღის მეცნიერებისგან დავადგინე. სწორედ მათ მითხრეს, რომ ეს გემრიელი კენკროვანი ფშატისებრთა ოჯახს ეკუთვნის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის იაპონიაში გავრცელებული ფშატის ჯიშია, რომელიც საქართველოში უცნობ დროსა და ადგილას შემოვიდა. უფრო, ალბათ, აფხაზეთში, საიდანაც გურია-სამეგრელოში გადაინაცვლა და თავისი უპრობლემო გამრავლებითა და გემური თვისებებით მეურნეს ახარებს. ბოლო წლებში დასავლეთ საქართველოდან ქოლგა ფშატის რეალიზაცია დედაქალაქის ბაზარზე ინტენსიურად დაიწყო. ფშატის მოყვარულები განსაკუთრებით პატარები არიან, რომელთაც ქოლგისებრი, იგივე ქოლგა ფშატის მოტკბო-მომჟავო გემოსთან ერთად, მისი ოქროსფრად დაწინწკლული ნაყოფიც მოსწონთ.

ქოლგა ფშატის ნამდვილი სახელი ჩემგან გაიგო ოზურგეთელმა მზია ცირეკიძემაც, რომელსაც ფშატი წვრილ ტოტებზე აეხუნძლა. მითხრა, ამ ბუჩქოვანი ხის სახელი, რომელსაც დიდად ვემადლიერები, მართლაც არ ვიცოდი, მაგრამ ამას ქოლგა ფშატის რეალიზაციაში ხელი არ შეუშლია, ყოველ წელიწადს ჩამომაქვს გასაყიდად ოზურგეთიდანო.

მზია ცირეკიძე:

- ფშატის ნერგი ოზურგეთში სამეგრელოდან წამოვიღე, სადაც ასევე არ იცოდნენ მისი ნამდვილი სახელი და აბა, მე როგორ უნდა გამეგო. მახსოვს, როგორ გავიხარე, როდესაც დეკემბრის დასაწყისში ჩემი მასპინძლის ეზოში ვარდისფრად დახუნძლული ნაზი ხე დავინახე. ქოლგა ფშატის ბუჩქს ქოლგისებრი ნაზი ტოტები აქვს, რომელიც სიმაღლეში 7 მეტრამდეც იზრდება. ჩემი მასპინძლის ეზოში ამ ფშატს ბეღურების გუნდი ეხვეოდა, როცა სხვა საკვები არაფერია, ბეღურები ქოლგა ფშატის ნაყოფით იკვებებიან. რა თქმა უნდა, მეც "დავეწვიე" და მისი გემო ძალიან მომეწონა. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, ფშატის ამონაყარი მიწიდან ამოვიღე და გურიაში წავიღე. მით უფრო, რომ მასპინძელმა დამაიმედა, ფშატი რომელ სეზონზეც უნდა დარგო, მაინც გაიხარებს, თან ამონაყრითაც მრავლდება, ნერგითაც და მარცვლითაცო. მარცვლით ჩიტები ამრავლებენ, ფშატი ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ.

- ალბათ ფშატი თესლით გაცილებით გვიან გამრავლდება, ვიდრე ნერგით. - რასაკვირველია, მასპინძელმა მითხრა, ფშატის თესლით გამრავლებას 5 წელიწადი სჭირდება და რად გინდა ამდენ ხანს ლოდინი, ნერგი წაიღეო. ეს მცენარე უნიკალურია იმითაც, რომ გამრავლებისას დიდი შრომა არ სჭირდება. ჩემმა ფშატმა დარგვიდან მეორე წელსვე უხვად დაისხა, თანაც გაზაფხულზე ისეთ სურნელს აფრქვევდა, მის გვერდით გავლა-გამოვლა მთელ სამეზობლოს უხაროდა. ნარგავმა მესამე წელს უამრავი ამონაყარი გამოიღო და დაისხა კიდეც. ასე რომ, მესამე წელს ფშატი უკვე ბაზარზე გავიტანე.

ჩემს ოზურგეთელ მეზობლებს უკვირდათ, ამას ვინ იყიდისო, მაგრამ სულაც არ აღმოჩნდა ასე - ფშატს ის ყიდულობს, ვინც იცის, რომ მარგებელია. ამ ეგზოტიკური მცენარის გამრავლება უკვე ბევრმა ისწავლა.

- 1 კილოგრამს წლეულს 3 ლარად ყიდით, როცა შარშან 2 ლარი ღირდა. - ნეტავ ისევ ის ძველი ფასები დარჩენილიყო ყველაფერზე და ფშატსაც 2 ლარად გავყიდდი. რადგან ყველაფერი გაძვირდა, ჩემი ქოლგა ფშატის გაძვირებამაც მომიწია. ოზურგეთიდან ფშატის ტრანსპორტირებას დიდი სიფრთხილე სჭირდება. მით უფრო, რომ მხოლოდ ჩემს ფშატს კი არ ვყიდი, მეზობლებშიც დავაგროვე და დედაქალაქში ყუთებით ჩამოვიტანე. სხვათა შორის, ბევრად მოსახერხებელია ფშატის კუნწულებით გაყიდვა, ვიდრე წონით. კუნწულებზე ასხმული ფშატი გზაში ნაკლებად ზიანდება. თუმცა, რომც დაზიანდეს, მაშინვე არ ფუჭდება, ნოემბრის სიცივე იცავს.

- თქვით, რომ ფშატის გაყიდვის საქმეში დიდი ხანია კონკურენტები გაგიჩნდათ, ისევ დასავლეთ საქართველოდან? - ქოლგა ფშატი უნიკალური კულტურაა, ყოველგვარ ნიადაგს ეგუება. ახლა მას აღმოსავლეთ საქართველოშიც რგავენ. თბილისის ბაზარში ფშატი კახეთიდან შემოტანილიც მინახავს. თუმცა ისეთი ხარისხიანი არ არის, როგორიც დასავლეთისა, ალბათ, ტენიანი კლიმატი მოსწონს.

- დასავლეთ საქართველოში ფშატის პლანტაციის გაშენება ხომ არ დაუწყიათ? - ეჭვი მეპარება, რომ ჯერჯერობით დაიწყონ. ფშატი იმდენად უპრეტენზიოა, ნებისმიერ ნიადაგზე მოდის, კლდეზეც რომ დარგო, იხარებს. ამდენად, მისი პლანტაციად გაშენება საჭიროც არ არის. ქოლგა ფშატი ყველა მეურნემ უნდა დარგოს, რადგან ძალიან სასარგებლოა. სხვათა შორის, ეს ოჯახშიც მაქვს გამოცდილი, მას ზამთრობით სეზონური ვირუსით დაავადებისას ჩემს შვილიშვილებს ვაჭმევ, ოღონდაც ცოცხალს.

სოფელში ხილის მეტი რა გვაქვს, მაგრამ ქოლგა ფშატის ნაყოფი გაცივებისას ყველაზე სასარგებლო რომ გამოდგა, თავად დავრწმუნდი. ასე რომ, ერთ-ორი ნერგის დარგვას ყველას ვურჩევ.