გემრიელი "ცუღლუტი" - კვირის პალიტრა

გემრიელი "ცუღლუტი"

საქართველოს მრავალი ქალაქი თუ სოფელი მდინარის პირას არის გაშენებული, ამიტომ თევზაობა ჩვენი მოსახლეობისთვის დღემდე ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. სამწუხაროდ, თევზჭერის უფლებას ზოგიერთი ბოროტად იყენებს, რამაც უგემრიელესი სახეობების პოპულაციები შეამცირა, მათ შორის ერთ-ერთი არის მურწა. გვესაუბრება ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასისტენტ-მკვლევარი გიორგი ეპიტაშვილი, რომელიც საქართველოში გავრცელებულ მტკნარი წყლის თევზებს შეისწავლის.

გიორგი ეპიტაშვილი: - რამდენიმე წელიწადია, ჩვენი ქვეყნის მდინარეებში გავრცელებულ თევზებს ვაკვირდები. მურწა მათ შორის ერთ-ერთი მცირერიცხოვანია. ის ამიერკავკასიის ენდემად არის აღიარებული. მურწას გავრცელების არეალი 4 ქვეყანას მოიცავს: საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და ირანს. ძირითადად, მტკვარ-არაქსის აუზში გვხვდება.

საქართველოში შედარებით მრავალრიცხოვანი პოპულაცია ბინადრობს მდინარე ალაზნის, მტკვრისა და ივრის ქვემო დინებებში, შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება სხვა წყალსატევებში, მაგალითად, ჯანდარის, თბილისის, სიონის წყალსაცავებში. სხვა შენაკადებში მურწა უფრო ნაკლებად გვხვდება.

- სხვათა შორის, "მურწას" დასავლეთ საქართველოში ძალიან ცელქ და ცუღლუტ ბავშვებს ეძახიან... - ასეთი რამ არ გამიგონია, მაგრამ თვითონ დასახელება "მურწა" ნამდვილად ქართულია. ამ თევზის შესახებ გერმანელი მოგზაური ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი წერს, რომელმაც საქართველოში 1772 წელს იმოგზაურა. მურწას გავრცელების მთავარი არეალი XVIII საუკუნეში მდინარე მტკვარი ყოფილა. ქართლ-კახეთსა და მესხეთში მურწას მტკვრის წვერას უწოდებენ, რადგან ხალხს მურწა და წვერა ერთმანეთში ერევა. ამავე დროს, მურწასა და მტკვრის წვერას გავრცელების არეალი თითქმის ერთნაირია, თუმცა მურწა გაცილებით მცირერიცხოვანი თევზია. კახეთში მურწას სულ სხვა სახელს, ციმორს ეძახიან. წვერა და მურწა იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, როცა ამ თევზების შესწავლა დავიწყე, მათი ერთმანეთისგან გარჩევა მეც მიჭირდა.

- ცნობილია, რომ მურწა ერთ-ერთ უძვირფასეს თევზად ითვლება, რატომ? - ჯერ ერთი, მისი კვებითი ღირებულება ძალიან მაღალია, ის უგემრიელესია. მართალია, ზოგიერთი გურმანი ფიქრობს, რომ კალმახი უმჯობესია, მაგრამ მურწას ერთი საუკეთესო თვისება აქვს: ის მოხარშულიც გემრიელია და შემწვარიც. მურწა ძალიან სასარგებლო და გემრიელი თევზია, ამავე დროს მეტისმეტად მცირერიცხოვანიც, რაც მას უფრო ღირებულს ხდის. ამიტომ თევზჭერაში მურწა ნომერ პირველ თევზად არის მიჩნეული, ეს კი ბრაკონიერების ინტერესს უფრო ზრდის. მურწაზე ნადირობენ დენის აპარატებით, მდინარეებს წამლავენ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით, სპეციალურ ბადეებს იყენებენ... ეს ამ სახეობას კიდევ უფრო ამცირებს. განსაკუთრებით შემცირდა მურწა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

- მაინც, რამდენით? - დაახლოებით 70%-ით. ამიტომ შარშან თბილისში ჩატარდა საერთაშორისო დონის შეხვედრა, რომელშიც ქართველი იქთიოლოგებიც ვმონაწილეობდით აზერბაიჯანელ, სომეხ და გერმანელ კოლეგებთან ერთად. სხვადასხვა სახეობა განვიხილეთ და წითელ ნუსხაზეც ვისაუბრეთ. მურწას საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობის სტატუსი მიანიჭეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ სამივე ქვეყანაში - ჩვენთან, სომხეთსა და აზერბაიჯანში - პოპულაცია 70%-ით არის შემცირებული. რამ გამოიწვია ასეთი კლება?

მურწამ დაკარგა თავისი საცხოვრებელი ჰაბიტატი, რაც კაშხლების თუ სხვა ნაგებობების აშენების ბრალია. მისი პოპულაციის შემცირება მარტო უკონტროლო თევზჭერის კი არა, სხვა ანთროპოლოგიური ფაქტორების დამსახურებაც არის.

- ალბათ, მეთევზეებს დაუსჯელობის სინდრომიც აქვთ. - ალბათ. ვისაც მდინარის პირას უსეირნია, აუცილებლად შეამჩნევდა, როგორ თევზაობენ მურწასა და სხვა თევზებზე უამრავი აკრძალული ხერხით. თუ მოსახლეობა ვერ ხვდება, რომ ეს დანაშაულია, რომ მომავალ თაობას გამოფიტულ ბუნებას უტოვებს, ამ პროცესს ვერანაირი კონტროლის მექანიზმი ვერ შეაჩერებს.

მურწა მცირე ზომის თევზია: მისი მაქსიმალური სიგრძე 40 სანტიმეტრია, ხოლო წონით დაახლოებით ნახევარ კილოგრამს იწონის. თუმცა რამდენიმე წლის წინ მტკვარში დაიჭირეს 850-გრამიანი მურწა. ეს ამ თევზისთვის რეკორდული წონაა. ამიტომ სპორტული თევზაობის დროსაც კი უფრო სხვა სახეობებზე თევზაობენ და ამ დროს მხოლოდ რამდენიმე მურწა შეიძლება შეჰყვეს. მას ანკესითაც იშვიათად იჭერენ. ყველა პატიოსანმა მეთევზემ იცის: როცა თევზი 10-15 სანტიმეტრია და ზრდასრული არ არის, უმჯობესია წყალსატევში დავაბრუნოთ.

- როგორ კლიმატს ირჩევს მურწა საცხოვრებლად და რით იკვებება?

- უფრო მდორე მდინარეებს არჩევს. ჩემი დაკვირვებით, ამჟამად მურწას ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაცია ალაზანში ბინადრობს. მიუხედავად იმისა, რომ ალაზანი ბრაკონიერობით ერთ-ერთი "ცხელი წერტილია", მურწა იქ საკმაო რაოდენობით გვხვდება. მურწა წყალქვეშა მწერებითა და მათი ლარვებით იკვებება. ძალიან მოსწონს კიბოსნაირებიც, თუმცა მის რაციონში მცენარეულ საკვებს საპატიო ადგილი უკავია. მურწას ძალიან დაკუნთული და ძლიერი ყბები აქვს, რითაც ადვილად პოულობს ქვის ქვეშ მიმალულ წყალმცენარეებსა და სხვა საკვებს. სპეციალისტები მურწას მტაცებელ თევზად არ მიიჩნევენ იმის გამო, რომ წყალმცენარეები მისი საყვარელი საკვებია.

- როდის მრავლდება მურწა და თუ არის ამ პერიოდში კანონით დაცული? - საბედნიეროდ, მის დაცვაზე თავად ბუნებამ იზრუნა: მურწას გამრავლება აპრილიდან აგვისტომდე მიმდინარეობს, ხოლო გამრავლების პიკი მაის-ივნისს ემთხვევა. თითქოს უცნაურია, რომ ამ პერიოდში მისი ქვირითი შხამიანი ხდება. ეს საუკეთესო თავდაცვის მექანიზმია, რომლის წყალობითაც დიდი თევზები ვეღარ ახერხებენ მურწას ქვირითის შეჭმას. სხვათა შორის, არა მარტო მურწას, რამდენიმე სხვა სახეობასაც აქვს ეს მექანიზმი. თუმცა კარგი იქნება, მარტო ბუნების იმედზე თუ არ დავრჩებით და მურწას ეროვნულ წითელ ნუსხაში შევიტანთ, რადგან ეს სახეობა მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი თევზების სიაშია შეტანილი.

- ამის თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობს? - დიახ, უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს "წითელი ნუსხის" განახლებაზე და ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ. იმედია, ეს სახეობა ეროვნულ დონეზე იქნება დაცული - როცა ხალხს ამის შესახებ ეცოდინება, უფრო გაუფრთხილდება. მაგალითად, მეთევზეებმა იციან, რომ მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაშია" შეტანილი და როცა დაიჭერენ, ისევ ბუნებაში უნდა დააბრუნონ. რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, რომ მოსაფრთხილებელი სახეობებია, უფრო მეტი მეთევზე დააბრუნებს მათ მშობლიურ მდინარეში. სპეციალისტები ამ პრინციპს "დაიჭირე-გაუშვის" უწოდებენ და მას ბევრი ბუნების მოყვარული იცავს. იქთიოლოგებიც ასე ვიქცევით: დავიჭერთ იშვიათ სახეობას, ფოტოებს გადავუღებთ და 10-15 წამის შემდეგ მდინარეში ვაბრუნებთ. ნებისმიერისთვის, ვინც სპორტული თევზჭერით არის გატაცებული, მურწა ერთ-ერთი საინტერესო სანადირო ობიექტია. მურწა მცირერიცხოვანი თევზია, უნდა მოვუფრთხილდეთ და მისი აღდგენა როგორმე უნდა მოვახერხოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე