ჩიბათელი მოსწავლეების იის ქოთნებით დაწყებული "მწვანე კვალი" აყვავებულ ქვეყნამდე მიგვიყვანს...
ჩიბათელი მოსწავლეების იის ქოთნებით დაწყებული "მწვანე კვალი" აყვავებულ ქვეყნამდე მიგვიყვანს...
როგორც შევიტყვეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიბათი და მისი საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა გარემოსდაცვით აღზრდაში, ამის შესახებ მათი სკოლის ცნობილი­ პედაგოგი, სამოქალაქო აღზრდის მასწავლებელი ლადო აფხაზავა მოგვითხრობს. როგორც ბევრგან, კორონაპანდემიამ პრობლემა ლანჩხუთშიც არაერთ მშობელს შეუქმნა. უმეტესობას არ აღმოაჩნდა სახსრები, რომ შვილებისთვის ინტერნეტის ულიმიტო პაკეტები ეყიდათ, რათა მოსწავლეები ონლაინგაკვეთილებს დასწრებოდნენ. ამიტომ ბატონმა ლადომ ლანჩხუთელი მოსწავლეების დასახმარებლად საინტერესო გამოსავალი­ იპოვა - საკოლექციო ია მოამრავლა, გაყიდა და იმ თანხით ინტერნეტის გარეშე დარჩენილებს
ონლაინგაკვეთილებზე დასწრების საშუალება მისცა.

ლადო აფხაზავა: -
წლების წინ სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი გვქონდა და დავწერეთ პროექტი - "ჩვენი ხელებით", რომელიც ითვალისწინებდა, რომ მოსწავლეებს სკოლაში თავად შეექმნათ სანერგე და სასათბურე მეურნეობა. ამ პროექტისთვის 900 ლარი მოვიგეთ. ამ თანხით შევიძინეთ ქოთნები, პოლიეთილენის პარკის თოფები. სკოლის ტერიტორიაზე
ერთი დანგრეული, უსახურავო შენ­ობა იყო, სადაც სათბური გავაკეთეთ და პოლიეთილენის პარკით გადავხურეთ. ხომ იცით, ბავშვების ხელით გაკეთებულს ჯადოსნური ძალა აქვს და ყველაფერი მშვენივრად გამოვიდა. მცენარეებიც დავაკალმეთ და ყველამ გაიხარა. მერე ამ საქმეში მთელი სოფელი ჩაერთო, ნოყიერი და სასუქით გამდიდრებული მიწა ყველას მოჰქონდა.­ ნოყიერ ნიადაგს ქოთნებში ვყრიდით, ვანაწილებდით და ეს სამი კვირა გაგრძელდა. ამის შემდეგ 70 ჯიშის მცენარე ქოთნებში ჩავრგეთ, თითოეულს სტიკერები დავაკარით და კლასების მიხედით ყველა ბავშვის სახელი და გვარი, ასევე მასწავლებლებისა და მშობლების გვარები და სახელები მივაწერეთ.



- რა მიზნით?
- მოსწავლეების გვარები იმიტომ მივა­წერეთ, რომ ჯერ ერთი, მათი სახელ­ო­ბის მცენარე ყოფილიყო და მეორე - კონკურსი­ უნდა გამართულიყო, ვინ უკეთ­ე­სად­ მოუვლიდა. მასწავლებლების სახელები კი იმიტომ დავაწერეთ, რომ ისინი მაინცდამაინც არ აქტიურ­ობდნენ, არადა, რაკი ყველა ვიღებდით პასუხისმგებლობას, პედაგოგებიც უნდა ჩართულიყვნენ, თანაც პროექტს "ჩვენი ხელებით"­ ერქვა და მას ყველა უნდა მოფრთხილებოდა. მშობლების სახელების მიწერას კი ის მიზანი ჰქონდა, რომ ხშირად მოსულიყვნენ სასწავლებელში­ - შვილების ამბავსაც გაიგებდნენ და სკოლის ცხოვრებასაც ახლოს გაეცნობოდნენ... დიდ დასვე­ნებაზე მოსწავლეები ქოთნებს დაასეირნებდნენ კიდეც. ამის შემდეგ ჩვენს სკოლაში მეტი გარემოსდაცვითი აქტივობა დაიწყო.

- რას გულისხმობთ?
- ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლებას... ზემოაღნიშნულმა პროექტმა ბავ­შვებს­ ბუნების სიყვარული გაუღვივა და გარემოზე ზრუნვის სურვილიც გაუჩინა. წლეულს სწორედ ამ პროექტით მოვაგვარეთ რაიონში­ ბავშვებისთვის ინტერნეტის ჩართვის საკითხიც, რისთვისაც იის ქოთნები­ გავყიდეთ.
მანამდე ლანჩხუთის ტერიტორიაზე კოლხური ბზა გავამრავლეთ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც გადაშენდა, მაგალითად, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის ტერიტორიაზე ჩვენი გამოყვანილი ბზა დარგეს.

- როგორც გავიგე, ამისთვის მოსწავლეებს­ მანამდე ნიადაგი შეუსწავლიათ...
- დიახ. ჩვენი სკოლის დირექტორი ძალიან კარგი ბიოლოგია და საქმეს ესეც ხელს უწყობს. თავისი კომპეტენციის შესაბამისად პროექტისთვის ყველა პედაგოგიც რაღაცას აკეთებს. ასე ერთობლივად საქმე უკეთესად კეთდება. მაგალითად, ადრე პროექტ "ფერადი ვიტამინებით" ბევრი რამ შევიტყვეთ ბოსტნეულის შესახებ. მეც არ ვიცოდი, რაც ქიმიის მასწავლებელმა გვითხრა - თურმე სტაფილოს რომ შეჭამ, აუცილებელია დააყოლო ცხიმი, თუნდაც კარაქიანი პური, რომ კაროტინი გამოიყოს­, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. წინააღმდეგ შემთხვევაში სტაფილოს ჭამას აზრი არა აქვს. რაც შეეხება ნიადაგის კვლევას, როცა ბავშვები კოლხურ ბზას რგავდნენ, ცნობებსაც აგროვებდნენ, როგორი მიწა სჭირდებოდა. ფხვიერი მიწაც განიხილეს, კირქვიანიც, მერე ვიფიქრეთ, ტორფში მალე წამოვიდოდა, მაგრამ ერთ კვირაში პატარა ნერგები გახმა. ამიტომ შემადგენლობას კირქვა და სხვა ელემენტები დაამატეს. ამის შემდეგ გამრავლდა და გამრავლდა.


- კედრის გამრავლების პროექტიც გქონდათ... ბევრი გაახარეთ?
- დიახ, პროექტი "კედარიც" გვქონდა.­ ლანჩხუთში ერთი ასწლოვანი კედარი დგას და სანამ გახმება, მისი თესლისგან კედ­რების გამრავლება გადავწყვიტეთ, მით უფრო, რომ ამაზე პატრიარქის კურთხევაა და "კვირის პალიტრასაც" ჰქონდა მსგავსი პროექტი. ამ ყველაფერმა გვიბიძგა, კედარი გაგვემრავლებინა. ვაგროვებდით მის გირჩებს, ვამტვრევდით და მისგან პატარა თესლებს ვიღებდით. 17 ათასი ცალი მოვაგროვეთ! თესლი ჩვენს სათბურში დავ­თესეთ და 12 ათასი ნერგი მივიღეთ, მერე კი საქართველოს ყველა კუთხეში გავავრც­ელეთ. ჩიბათის სკოლის მოსწავლეები ნერგებს იმას ჩუქნიდნენ, ვინც მოუვლიდა. ასე გავამგზავრეთ ჩვენი ნერგები ხარაგაულში, თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმში, ქობულეთში, სამეგრელოში. თან მოსწავლეები ამოწმებდნენ, სად როგორ გაიხარა.

- როგორც ვიცი, ბავშვები მყნობას სწავლობენ, ერთ-ერთ საპასუხისმგებლო "მწვანე ოპერაციას"...
- სანამ კორონაპანდემია დაიწყებოდა, სკოლის ეზოში მიწა დავამუშავეთ, სხვადასხვა საძირის, "მწარე" ხეხილის დარგვა გვინდოდა, რაზეც ნერგები იმყნობა. ჩვენს სოფელში არიან ადამიანები, რომლებმაც მყნობის ტექნოლოგია გამორჩეულად კარგად იციან. ერთ-ერთს, რომელიც მოხრილი ჯაყვით ახერხებს ამას, რამდენჯერმე შევხვდით კიდეც, მაგრამ მერე ეპიდვითარება დაიძაბა და ეს საქმე შევაჩერეთ. რამდენიმე მოსწავლემ უკვე თვითონაც იცის მყნობა.
ჩვენი საქმიანობით მთელ თემს დავანახეთ, რომ თურმე სათბური კარგია და ახლა უკვე ბევრს თავისი სათბური აქვს.

- რას ემსახურება თქვენი სკოლის ასეთი­ აქტივობები?
- სოფელში ვცხოვრობთ და ბავშვებს თავიდანვე უნდა შევაყვაროთ ხის დარგვა, მყნობა, ყვავილის გამრავლება...
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მცენარეს თუ შემოუბარავს, ტოტებს უფრო მალე აიყ­რის. ბევრი ლექსი და მოთხრობაა სამშობლოს სიყვარულზე, მაგრამ შეიძლება ლექსის წაკითხვით ისე ვერ შეიყვარო ქვეყანა, შენი კუთხე, როგორც თუნდაც ერთი დარგული ხით, ბუჩქით, გაკეთებული კვლით... სოფლის თვითმმართველობას ცენტრში სკვერის მოწყობა უნდოდა, მაგრამ მოსწავლეები შეეწინააღმდეგნენ, - სოფელში ვცხოვრობთ, ყველას მოვლილი ეზოები გვაქვს და სკვერი არ გვინდაო. მერე მოსახლეობაში ჩამ­ოიარეს და აღმოჩნდა, რომ სანი­აღვრეები ოთხი წლის გაუსუფთავებელი იყო, ამის გამო კი ჩიბათელებს ცუდი მოსავალი ჰქონდა. ბავშვებმა რაიონის გამგეობას მოსთხოვეს, ის პროექტი გაეუქმებინა და სანაცვლოდ საყანე ფართობებში სანიაღვრე არხები გაეყვანა. ამის შემდეგ სოფელში მოსავალმა იმატა. ეს ყველაფერი ბავშვებმა შეძლეს. თუ ასეთ ბრძოლას თავიდანვე შეეჩვევიან, აქტიური მოქალაქეები, ბუნების დამცველები გახდებიან, სოფლის ცხოვრებაშიც და ყველგანაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანენ.
lasha
16 დეკემბერი 2020 16:03
ყოჩაღ. ეს არის აღზრდა და არა გზარდა. კარგი იქნებოდა საქართველოს ყველა სკოლაში მსგავსი პროექტების განხორციელბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა