ხის "კუებს" ჩვენებური ჰავა უხდება - კვირის პალიტრა

ხის "კუებს" ჩვენებური ჰავა უხდება

უცნაური მცენარე, რომელსაც ზოგი კივანოს უწოდებს, სხვები კი ანტილიის კიტრს ან რქებიან ნესვს, ჩვენში ბოლო დროს გამოჩნდა და მაშინვე დიდი ფასი დაედო (სუპერმარკეტებში 1 კგ 28 ლარად იყიდება), ცხადია, არა მხოლოდ ეგზოტიკურობისთვის - გემრიელ და მცირედ კალორიულ (100 გ-ში მხოლოდ 44 კკალ) კივანოს, რომელშიც 20-მდე ვიტამინი და უამრავი მიკრო- და მაკროელემენტია, რკინისა და კალიუმის ჩათვლით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი სახით მიირთმევენ, მისგან წვენი და მარინადიც კი კეთდება. საქართველოში კივანო მხოლოდ ერთეულთა ბაღებშია, მაგრამ უამრავი დადებითი თვისების გამო ეს ეკლიანი კულტურა, ალბათ, ფართოდ გავრცელდება. ამ ზაფხულს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, ზურაბ შიოშვილის ბაღში დარგული, პანდემიისგან "დაჩაგრული" და სეტყვისგან განადგურებული კივანოს ნაყოფმა მებაღეც კი გააკვირვა. კივანოს მოყვანის მსურველთათვის ეს, ალბათ, სტიმულად უნდა იქცეს.

ზურაბ შიოშვილი:

- ეს აფრიკული მცენარე ჩვენს ბაღში მართლაც რთული გზით აღმოჩნდა. მისი ნერგები პანდემიის პირველი ტალღისას გამოგვიგზავნეს მეგობრებმა უცხოეთიდან და გზაში კარანტინმა მოუსწრო. სანამ ჩამოაღწია და დავრგეთ, უკვე ივლისი იყო, კივანოსთვის და ზოგადად, ნერგებისთვის გვიანი პერიოდი. ნერგები მაინც მომაგრდნენ, მაგრამ აგვისტოში სეტყვამ მთელი ბაღი გაანადგურა, კივანოს ნერგების ჩათვლით. მის აყვავებასა და მსხმოიარობაზე აღარც ვფიქრობდით, მაგრამ აგვისტოში ხის ტოტზე ჩამოკიდებული კუ შევნიშნე და გაოცებული მივუახლოვდი, ნეტავი აქ რამ აიყვანა, რა უნდოდა-მეთქი და რას ვხედავ - ტოტებზე კუ კი არა, კივანოს უზარმაზარი, თითქმის ნახევარკილოგრამიანი ნაყოფი კიდია, ახლოს კი სხვა "კუებიც" კონწიალობენ. გაოცებული დავრჩი! როგორც ჩანს, მეზობლად მდგარი ხის ტოტებს შეფარებული კივანო სეტყვას გადაურჩა, მომაგრდა, აყვავდა, დაისხა და დამწიფდა კიდეც, მერე კი კუსაც დაემსგავსა. დაუმწიფებელი ხორკლიანი კივანო მომწვანოა, ფორმით კი მომრგვალო. როცა დავკრიფე და სოციალური ქსელით სხვა ნაყოფებს შევადარე, დიდიც იყო და იერითაც სასიამოვნო. შესაძლოა, ჯიში გამოდგა საუკეთესო ან ჩვენი ჰავა მოუხდა.

- საინტერესო შედარებაა - "კუ". როგორი გემოსია ეს "კუ", ან რას ჰგავს? - ჩემთვის უფრო ნესვს ჰგავს, ვიდრე კიტრს. ფოთლებიც ნესვისა და კიტრის ფოთლებს შორის აქვს და მაღალი იზრდება. კივანო ლიანაა. ჩვენს ბაღში მისი ტოტები 5-6 მეტრ სიმაღლეზე გაცოცდა. მოკლედ, ძალიან "იყოჩაღა".

საოცრად ეგზოტიკური ნაყოფი აქვს. როდესაც მის ქერქოვან კანს გაჭრი, შიგნით ჟელესებრი მარცვლოვანი მასა დაგხვდება, რომელსაც თითქოს სხვადასხვა ხილის ნარევის გემო აქვს. წარმოიდგინეთ კივის, კიტრისა და ფორთოხლის ნარევი, კივანოს წვენსაც დაახლოებით ამ ნაზავის გემო აქვს და უგემრიელესია. კივანოს მაღალი ღირებულებაც, ალბათ, სწორედ ამ მრავალფეროვანი გემოსა და ვიტამინების ნაკრების გამო აქვს.

კივანოსა და საერთოდ ტროპიკულ ხილს ყველა ის მიკროელემენტი, ელემენტი თუ მინერალი აქვს, რაც ჩვენთვის შეიძლება დეფიციტი იყოს. ამიტომაც საჭიროა ასეთი კულტურების გამრავლება.

- ოცამდე ვიტამინის გარდა, კივანოში შედის რკინა, კალიუმი, თუთია, ნატრიუმი და კიდევ მრავალი ელემენტი. ამის გარდა, კივანო გამოიყენება გულის, თირკმლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის... - კივანო არეგულირებს ჩვენი ორგანიზმის მჟავიანობას. ეს კი ნიშნავს, რომ ეს კულტურა საუკეთესოა სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც. მით უფრო, თუ ის სუფთა, შხამქიმიკატებისაგან თავისუფალ ნიადაგზე ხარობს.

- როგორც ცნობილია, საქართველოში კივანო პირველად ლაგოდეხში ახარეს, ახლა კი თქვენთან, ასურეთში გაჩნდა. ნიშნავს ეს, რომ ამ აფრიკული კულტურისთვის ჩვენი კლიმატი და ნიადაგი მისაღებია? - ლაგოდეხში ან კახეთის რომელიმე რაიონში გაზაფხული რომ დადგება, ერთი თვის მერე "შემოდის" თეთრიწყაროში და ასურეთის ბაღშიც. ანუ თუ კივანომ ასეთ სხვადასხვა ზონაში იხარა, ესე იგი, ის საქართველოს ბარში ყველგან იხარებს. მცენარეთა კლიმატის მიხედვით გახარების საკითხი დღეს მხოლოდ სოფლის მეურნეობის პრეროგატივა აღარ არის და ძალზე სერიოზულ თემად იქცა. როდესაც ასურეთის ბაღში მცენარეების 200 სახეობას აკვირდები, ცხადად ხედავ თითოეულ მათგანზე კლიმატის ცვლილების გავლენას. შესაძლოა, კიტრი და პომიდორი ჩვენთან უკვე ნებისმიერ კლიმატთან ადაპტირებულია, მაგრამ, ვთქვათ, თუ ბაღში მცენარეთა მავნებელი განადგურებულია, მაგრამ კულტურის მოყვანა მაინც ჭირს, ეს ნიშნავს, რომ "ბრალეულია" მზის "ტოქსიკურობა", მომატებული რადიაციის გამო. ასე რომ, შესაძლოა დღეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი პროცესი - მზის სხივების "გაფილტვრა" - ხვალ აუცილებელი გახდეს მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის. საქართველოში, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით მაინც ისეთი კლიმატი გვაქვს, რომ ნებისმიერი კულტურის გახარება შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით, შრომა კულტურათა ისეთ ჯიშებზე უნდა დავხარჯოთ, რომლებიც მატერიალურ დოვლათს შეგვიქმნის და არა ისეთზე, რომლებიც მხოლოდ ერთ-ორ თვეს გამოგვკვებავს.

- რას გულისხმობთ? კივანო ხილია. ხილის უმეტესობას კი ხანმოკლე სეზონურობა ახასიათებს - ერთი-ორი თვით შემოდის. - ხილზე არ ვამბობ. აუცილებელია, რომ ნებისმიერი სეზონის მრავალფეროვანი ხილი გვქონდეს. მათ შორის - კივანო და სხვა ეგზოტიკური კულტურები. ჩვენთან ყველაფრის მოყვანა-გალაღება შეიძლება. სხვათა შორის, ასურეთის ბაღში ორ სეზონზე პეპინოც გვქონდა. რომელიც მართლაც ძვირად ღირებული და გემრიელი კულტურაა. ჩვენს სუპერმარკეტებში პეპინო, არც მეტი, არც ნაკლები, 1 კგ 57 ლარად ვნახე. კულტურათა სიუხვეში სულ სხვა რამ ვიგულისხმე. ვთქვათ, პომიდორი გრუნტში ივლისის ბოლოდან მოგვყავს დიდი შრომით, აგვისტოში მივირთმევთ, უკვე სექტემბრიდან კი "ვემშვიდობებით", რადგან აცივება იწყება და გრუნტის პომიდორიც ფუჭდება. გამოდის, გრუნტის პომიდვრის მოყვანაზე თვეობით ვშრომობთ, რომ მისი ნაყოფით დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დავტკბეთ. რატომ უნდა ვიშრომოთ ამდენად ხანმოკლე მოსავლის მოყვანისთვის, მით უფრო სურსათის დეფიციტის პირობებში, როდესაც არსებობს თუნდაც პომიდვრის ჯიშები, რომლებიც ღია გრუნტში მაისიდან მწიფდება (მაისის პომიდორიც ასურეთში მოგვყავს) და ოქტომბრის ბოლომდე მწიფე და საღია! თანაც ისე, რომ არანაირი შხამქიმიკატი არ სჭირდება... ასე რომ, ჩვენს მეურნეობაში ბევრი რამ არის შესაცვლელი. თამამად უნდა შემოვიტანოთ ეგზოტიკური მცენარეებიც, კივანოს ჩათვლით. ეს ლიანა ჩვენს ნიადაგსა და კლიმატს საუკეთესოდ ეგუება და ნაყოფის ეგზოტიკურობითაც ყველას გაახარებს, ვინც მის მოვლაზე იზრუნებს.