დრონები ჩქარა! - კვირის პალიტრა

დრონები ჩქარა!

"კვლევაში ჩართულია დრონი, უპილოტო საფრენი აპარატი, ამერიკაში მას ფართოდ იყენებენ სამეცნიერო მუშაობაში. მისი საშუალებით ფოტოებს იღებენ, ადგენენ, ამა თუ იმ კულტურას რა დაავადება აქვს, რაც ხარჯებს ამცირებს. ერთი გადაფრენით ყველა პროცესს აღნუსხავს და დიდძალ ინფორმაციას აგროვებს..."

ახალგაზრდა სელექციონერ-გენეტიკოსი ბექა ლიპარტელიანი ნოემბრის დამდეგს აშშ-დან დაბრუნდა. მინესოტის უნივერსიტეტში სტაჟირება გაიარა და უმაღლესი კვალიფიკაცია მიიღო - მას ახლა ნათესების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შემოწმება შეუძლია დრონის საშუალებით. ეს გამოცდილება ბექამ 18 თვეში მიიღო. დღეს ის ჩვენი სტუმარია და ამერიკულ და ქართულ სოფლის მეურნეობებს ერთმანეთს ადარებს. ბექა ბაბუის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ ოთარ ლიპარტელიანის კვალს გაჰყვა. 24 წლის ახალგაზრდა მცენარეთა გენეტიკის დარგის პროფესიონალია და ბაბუასთან ერთად სიმინდის ჰიბრიდების ავტორიც. აშშ-ში სოია დნმ-ის დონეზე შეისწავლა. ლიპარტელიანები მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ცხოვრობენ. როგორ მოხვდა სვანების ოჯახი იქ, თავად გვიამბობს.

- ქვემო სვანეთიდან ვართ, ლენტეხის რაიონის სოფელ კახურიდან. თავის დროზე ბაბუა იქიდან თბილისში აგრარული განათლების მისაღებად ჩამოვიდა. წილკანში სასელექციო სადგურში დაიწყო მუშაობა, მერე იქ მიწის ნაკვეთი გამოუყვეს, სახლი ააშენა და დაფუძნდა. ბაბუა 88 წლის არის, პროფესორია, მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ამჟამადაც სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრში მუშაობს.

თბილისში კი დავიბადე, მაგრამ სოფელ წილკანში გავიზარდე. ჩემს ბავშვობაში ბაბუას იქ ჰყავდა საქონელი, ფუტკარი, ჰქონდა ვენახი. სამეურნეო საქმეში ყველა ვიყავით ჩართული - დილა 6 საათზე იწყებოდა, ყველაფრისთვის უნდა მიგვეხედა და მერე ჩვენ-ჩვენს საქმეზე მივდიოდით. სკოლაში თბილისში დავდიოდი. საღამოს ისევ უნდა დაგვებინავებინა ყველაფერი. მოკლედ, ამ საქმეებში ბავშვობიდანვე ვიყავი ჩართული და მიყვარდა. წამყვანი ჩვენს მეურნეობაში ბაბუა იყო, ის სამეცნიერო ექსპედიციებშიც დადიოდა, სადაც სელექცია-გენეტიკაში ცდებს ატარებდნენ. მეც ხშირად დავყვებოდი და დიდი გამოცდილება დავაგროვე. 14-15 წლის რომ გავხდი, მეთესლეობის მეურნეობა გავაკეთეთ, სადაც სელექციაზეც ვმუშაობდით.

ბაბუა სიმინდის კულტურაზე მუშაობს, რომ მაღალხარისხიანი სიმინდი არ განადგურდეს, გაახლდეს, რაშიც მეც ჩავერთე. ახალ ჰიბრიდებსაც ვქმნიდით. იმ პერიოდში ბაბუაჩემის ნაშრომების თანაავტორი მეც ვიყავი. ვსწავლობდი არა მარტო ბაბუისგან, მისი მეგობრებისგანაც, ვეცნობოდი უცხოელების შრომებსაც.

- უდიპლომო ყმაწვილმა მეცნიერმა შემდგომ სწავლა რა მიმართულებით გადაწყვიტეთ?

- ვინაიდან სოფლის მეურნეობაში ბევრი რამ ვიცოდი, სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე, რაც თვალსაწიერის გაფართოებაში დამეხმარა, მაგისტრატურის გავლა კი აგრარულ უნივერსიტეტში გადავწყვიტე. იქ გავიგე, რომ ფერმერთა დაცვის ასოციაციას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი - გაცვლითი პროგრამა ანაზღაურებით აშშ-ში, მინესოტის უნივერსიტეტში. გავიარე გასაუბრება და ჩემი საბუთები პროგრამა "მასტინტერნეიშენელის" ეგიდით მინესოტის უნივერსიტეტში გაგზავნეს. გავიდა ხანი და უნივერსიტეტის აგრონომიისა და მცენარეთა გენეტიკის კათედრიდან მოწვევა მოვიდა და გავემგზავრე, აქ კი აკადემიური ავიღე.

- როგორც გავიგე, იქ 18 თვე ყოფილხართ და, ალბათ, მოსაყოლიც ბევრია...

- მკვლევრის ასისტენტი ვიყავი, ვმუშაობდი ლაბორატორიაში, სადაც ბიო- და ქიმიური ანალიზები კეთდებოდა. ასისტენტობას ვუწევდი თითქმის ყველა მკვლევარს, ვინც იქ მუშაობდა. ეს დამეხმარა, რომ მეტი კონტაქტი, ცოდნა და გამოცდილება შემეძინა. კათედრა დიდ სასელექციო პროექტზე მუშაობდა. დაკვირვება სხვადასხვა მცენარეზე მიმდინარეობდა, თუმცა აქცენტი უფრო სოიასა და ხორბალზე იყო.

- თქვენი დაკვირვებით, ამ დარგებში რა განსხვავებაა საქართველოსა და აშშ-ს შორის?

- დიდი დაფინანსება. ეს დარგები დიდ თანხებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს საჭიროებს. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, შედეგიც უფრო დიდი მოაქვს. იქ თითქმის ყველაფერს ტექნიკა მართავს. მაგალითად, კომბაინზე დამონტაჟებულია სენსორები, რომელთა საშუალებით იზომება წონა, ტენიანობა, ჩვენთან კი ხელით კეთდება ყველაფერი. აქ მუშაობა 2-3 ათას ნიმუშზე მიმდინარეობს, იქ - 100-150 ათასზე. პასუხი სწორი, სწრაფი და ხარისხიანია. კვლევებში ჩართული არიან როგორც მაგისტრანტები, ისე დოქტორანტები და მომავლის თემებზე მუშაობენ. კვლევაში ჩართულია დრონი, უპილოტო საფრენი აპარატი, მას ფართოდ იყენებენ სამეცნიერო მუშაობაში. მისი საშუალებით ფოტოებს იღებენ, ადგენენ, ამა თუ იმ კულტურას რა დაავადება აქვს, რაც ხარჯებს ამცირებს. ერთი გადაფრენით ყველა პროცესს აღნუსხავს და დიდძალ ინფორმაციას აგროვებს.

- როგორ აპირებთ აშშ-ში მიღებული გამოცდილების სამშობლოში გამოყენებას?

- იქაური გამოცდილება აქ შეიძლება სრულად ვერ გამოვიყენო, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები არა გვაქვს. ისედაც, საქართველოში ძნელია ამ დარგების განვითარება, რადგან სახელმწიფო ხალხის ჩართულობის გარეშე სელექციაზე ვერ იმუშავებს. გვაქვს განათების პრობლემაც. შესაძლოა ფერმერს შესთავაზო მაღალი ხარისხის თესლი, მაგრამ არ იცოდეს მისი მოვლა-დამუშავება...

- დაბრკოლებების მიუხედავად, ამ სფეროში რა არის თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი?

- აშშ-ში ერთ კერძო კომპანიაში სამეცნიერო მუშაობაში ვიყავი ჩართული და დიდი გამოცდილება მივიღე - დავეუფლე ჯი-პი-ესის სისტემებს, რომელთა დახმარებით თესვა ხდება. სათეს მანქანაზე დამონტაჟებულია კომპიუტერი, კოსმოსიდან მოდის ჯი-პი-ესსიგნალი და ყველაფერი იმართება: რა დაშორება უნდა იყოს ნათესებში, რამდენი მარცვალი ჩაიყაროს. ამ ყველაფერს პროგრამა ასრულებს, ადამიანი კი ზის ტრაქტორზე და მას მექანიკურად მართავს. მიწების 70% მე თვითონ ამ სისტემით დავთესე. იქ კარგად გავერკვიე დრონების კვლევითი დანიშნულებით გამოყენებაში. პირადად ვხელმძღვანელობდი იმ პროექტს, რომლის ერთი მიმართულება იყო ნათესში პესტიციდებისა და შხამქიმიკატების შეტანა დრონის საშუალებით და დრონით ფოტოების გადაღება. იქ ლიცენზიის გარეშე დრონის გამოყენების უფლება არა გაქვს და ავიღე. რაც შეეხება ჩემს გეგმებს - ფერმერებთან სამუშაო არეალის გაფართოება მსურს. იქ ყველაზე დიდი კოზირი ის არის, რომ ფერმერები უნივერსიტეტის საქმიანობაში უშუალოდ არიან ჩართული. თუ არ არიან, აგრონომს ქირაობენ. ჩემს მეურნეობაში მეთესლეობის მეტად განვითარებას ვაპირებ. ახალი ჯიშების გამოყვანის გარეშე არაფერი გამოვა, მუდმივად განვითარებაა საჭირო, ფერმერებისთვის სიახლეების შეთავაზება. კარგი იქნებოდა ამ საქმეში საფრენი აპარატების დანერგვაც, ასევე ქვეყანაში ახალი მასალის შემოტანა. ეს ისეთი სფეროა, რომელიც ჩვენს გლეხს ყოველთვის აინტერესებდა. სელექცია მუდმივად მიმდინარეობდა, ამიტომაც გვქონდა ხორბლის უამრავი ჯიში. პირველ მოსავალს რომ აიღებდნენ, საუკეთესო თესლს აარჩევდნენ და მომავალ წელს თესავდნენ. მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებ.