ჯიშიანი ხახვის ფასი... - კვირის პალიტრა

ჯიშიანი ხახვის ფასი...

იშვიათია მცენარე იმდენი სასარგებლო თვისება ჰქონდეს, რამდენიც ხახვს. ამიტომაც ეს კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან მოჰყავდათ და არა მარტო საკვებად - ხალხურმა მედიცინამ ხახვისგან დამზადებული არაერთი მედიკამენტი იცის. ამის მიუხედავად, საქართველოში იყო დრო, როცა ხახვს აღარ თესავდნენ - მიზეზი მისი მოყვანისთვის გაწეული დიდი შრომა და დაბალი ფასი იყო. ამან ის განაპირობა, რომ ქართული ხახვი თურქულმა შეცვალა, რის გამოსწორებაც მოგვიანებით ისევ ჩვენმა ბაზარმა სცადა, რადგან იმპორტული ხახვის მაღალმა ფასმა ჩვენი ფერმერები ხახვის მოყვანაზე დააფიქრა. დღეს საქართველოში დაახლოებით 12-13 ათასი ტონა ხახვი მოდის, თუმცა იმპორტს ვერ უსწრებს. ასე რომ, თურქული, უკრაინული და ყაზახური ხახვიც შემოდის. ერთხანს ხახვი ეგვიპტიდან, კენიიდან და იტალიიდანაც შემოდიოდა. არადა, საქართველოში ხახვის კულტურისთვის საუკეთესო ნიადაგია და ნაკლებ მორწყვასაც საჭიროებს. ხახვის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვემო ქართლია, სადაც ქართული ხახვის 70% მოჰყავთ. მარნეულში, სოფელ საიმერლოში (ყოფილი ორჯონიკიძე) 30 წლის კოტე ბოჭოიძეს 4 ჰექტარზე 180-200 ტონა ხახვი მოჰყავს.

- მამაჩემი კარგი მეურნე იყო და მეც შემიყოლია ამ საქმემ. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერი დროდადრო მოსავლით იმედგაცრუებასაც ვერ ასცდება, სოფლის მეურნეობაში მუშაობა მაინც მომავლის საიმედოობას ნიშნავს. არაერთ კულტურა მომყავს, თუმცა ხახვი ჩვენი ოჯახის ტრადიციული კულტურაა. ჰიბრიდულ ხახვთან ერთად იმ ხახვსაც ვთესავ, რომლის ჯიში უკვე 10 წელიწადია მოგვყავს და თესლიც თავად გამომყავს.

- ანუ ჰიბრიდული ჯიშები ხახვის კულტურის მოვლა-მოყვანაშიც შემოიჭრა. არადა, ტრადიციული ქართული ხახვი მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩეოდა. - არის ხალხი, რომელიც ტრადიციულ ხახვსაც თესავს, მაგრამ ცოტას. მიზეზი მარტივია - ქართული ჯიშების მოსავალი 7-8 ტონას არ აღემატება, ჰიბრიდული ჯიშები კი 1 ჰექტარზე საშუალოდ 50 ტონა მოდის. მე ჰექტარზე 80 ტონაც მომიყვანია. როცა სოფლის მეურნეობა ბიზნესია და არა მარტო ოჯახის გამოსაკვები, ცხადია, მაღალმოსავლიან ჯიშებს ირჩევ. თუმცა, როგორც ვთქვი, მაქვს ისეთი ჯიშის ხახვიც, რომელიც ჰიბრიდული არ არის და თესლსაც თავადვე ვიღებ, ამიტომ მოსავლიანობაც მაღალი აქვს. ხახვის ამ სახეობას 10 წლის წინ მამაჩემიც თესავდა და მეც ვთესავ. ბოლო დრომდე მისი მოსავლით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, თუმცა საბოლოოდ ყველა ჯიში კნინდება და მას აუცილებლად აკეთილშობილებ. ამისთვის ბევრი ექსპერიმენტია საჭირო. ჩვენში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჰიბრიდული ხახვის თესლი არ შემოდის, საჯიშე ხახვიც შეგიძლია შეიძინო, მაგრამ ზოგი ჯიშის მოსავლიანობის პერიოდი არ მომწონს, ზოგისაც თვით მოსავლის რაოდენობა. ასე რომ, კარგი ჯიშის მისაკვლევად დროა საჭირო. საკუთარი თესლით კი გაცილებით იაფად გამოდიხარ. ჰიბრიდული თესლის შეძენა ბევრად მეტ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ჯიშობრივის შინ მიღება და დათესვა. ჰიბრიდული თესლით ჰექტარზე ხახვის მოყვანას დაახლოებით 3.500 ლარი სჭირდებოდა, ანუ ჰექტარზე დაახლოებით 5კგ, 1 200 000 თესლი ითესება.

- რა საინტერესოა, რომ დაგითვლიათ.

- სოფლის მეურნეობა ფერმერებისთვის ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, კარგად დათვლა აუცილებლად სჭირდება. მხოლოდ თესვა ხომ არ არის! მაგალითად, მე 4 ჰექტარზე მომყავს ხახვი. მოსავალი რომ მიიღო და დააბინავო, თითო ჰექტარზე ყველა ხარჯი ერთად 10-12 ათას ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა მექანიზაცია სრულყოფილად გაქვს, ზოგიერთი კი სულაც ხელით იღებს ხახვს. ასეთ ხახვს ტომარას 7 ლარად რომ გაყიდი, ფერმერს გული უცრუვდება.

- ესე იგი, ხახვის ფასი ზოგჯერ ისე ეცემა, რომ ტომარა ხახვს 7 ლარად ყიდით? - კი, ბევრს და მათ შორის მეც მქონია ასეთი შემთხვევა. ეს უფრო გაუთვლელი ბაზრის გამო ხდება. იყო პერიოდი, როცა ყველამ ხახვი დათესა და იმდენად გაჭირდა გაყიდვა, რომ ტომარა, ანუ 30 კგ, 7 ლარად გავყიდე. მეორე წელიწადს ხახვი ნახევარმა აღარ დათესა. დღესაც ასეა, ფერმერებმა გაუთვლელი ფასის გამო შეაჩერეს ხახვის დათესვა. დღეს 1 კგ ხახვი 50 თეთრი ღირს, რაც აგრეთვე ცოტაა იმ ხარჯებთან შედარებით, რაც მის მოყვანას სჭირდება. ამ და სხვა პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, აღარ არის გასაკვირი, რომ ხალხი მარცვლეულს თესავს.

- მთელი მსოფლიო ადგილობრივი პროდუქტების წარმოებას არჩევს, ნუთუ ასე ძნელია მსგავსი პრობლემების გათვლა. - ჩემი აზრით, მონდომება აკლია და იმიტომ არის ძნელი. ხახვის მწარმოებელი ფერმერების შეკრება და მოლაპარაკება ხომ შეიძლება ფასსა და თესვის რაოდენობაზე. არის სხვა მომენტიც - იმპორტი ყაზახეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან (40%) და ქართული ხახვის ფასი ეცემა.

- თუმცა მომხმარებელმა ისწავლა, რომ იმპორტირებულ პროდუქციას ქართული სჯობს. - შესაძლოა ისწავლა, მაგრამ ადგილობრივი და იმპორტირებული ხახვის გარჩევა შეუძლებელია. ეს სხვა ნიშნებით უნდა იყოს დარეგულირებული. ამას დავამატოთ მუშახელის შოვნის გაძნელება. მუშახელს ყოველდღიურად 25-30 ლარს ვუხდით, მაგრამ მუშაობა არავის უნდა, განსაკუთრებით ქართველებს. უფრო აზერბაიჯანელ მუშახელს ვშოულობ, ისიც ხვეწნა-მუდარით.

- უცნაურია. ხალხი თურქეთში მიდის სამუშაოდ, რომ თვეში 900 ლარი იშოვოს, სამშობლოში მუშაობა რატომ არ უნდა გვინდოდეს? - რა მოგახსენოთ, ვერც მე ვხვდები. ალბათ, ხასიათი გვიშლის ხელს, რის გამოც წინ წაწევა გვიჭირს. პანდემიამაც ძალიან დაგვაზარალა. ფერმერები მთელი წლის განმავლობაში რესტორნებსა და ქორწილებს ველოდებით, აქ იხარჯება ყველაზე მეტი ხახვი, წლეულს კი აღარც ერთი იყო და აღარც მეორე. იმედს მაინც არ ვკარგავთ, ვერ ვიჯერებ, რომ გაისადაც ასევე გაგრძელდება.

ამიტომ ისევ მაქვს ხახვი გამზადებული, რომ გაზაფხულზე დავთესო. თუ არადა, მარცვლეულით ჩავანაცვლებ, ესეც ხომ აუცილებელი პროდუქტია. მეურნის შრომამ, სიძნელის მიუხედავად, ჩათრევა იცის. ალბათ, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ მომავალიც მიწასა და მის დოვლათთან არის დაკავშირებული. ვისურვებდი, რომ ჩვენი მიწის გამოყენება და დაფასება შევძლოთ.