ცხოველი, რომელიც ადამიანებსაც ჯაბნის
ცხოველი, რომელიც ადამიანებსაც ჯაბნის
ენოტი ლამაზბეწვიანი, სიმპათიური ცხოველია, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის ფაუნის სიმბოლოდ მიიჩნევენ. გონიერებისა და მოხერხებულობის წყალობით, ის ადვილად ეგუება ახალ გარემოს. ენოტს დაბინავება თითქმის ყველგან შეუძლია: შენობის სახურავზე, საწყობში, ბეღელში, ხეებზე... ამ თვისებების წყალობით, ენოტი საქართველოშიც სწრაფად გავრცელდა და უკონტროლოდ გამრავლდა. ენოტის შესახებ გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

- ენოტი საშუალო ზომის ცხოველია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. ის მთელ კონტინენტზე ბინადრობს - პანამიდან კანადის ჩათვლით. კავკასიაში ენოტი XX საუკუნის 50-იან წლებში
შემოიყვანეს და ჯერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ზაქათალა-რუხის ველზე გაუშვეს. მან კარგად აითვისა ეს ტერიტორია და ცოტა ხანში საქართველოშიც შემოიჭრა, თავდაპირველად ალაზნის ველსა და ივრის ზეგანზე დასახლდა, მერე კი მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. ახლა თბილისშიც ვხვდებით და ეზოებშიც კი ბინადრობს. მაგალითად, შარშან დაგვირეკა ნაძალადევიდან მოქალაქემ, ჩემს ეზოში
ენოტი შევნიშნეო.

- რა მიზანი ჰქონდა ენოტის შემოყვანას?
- ენოტი შემოიყვანეს როგორც ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველი, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ თბილ ქვეყნებში ბეწვის ხარისხი იკარგება - აქ ბეწვი არც ცხოველებს სჭირდებათ და არც ადამიანებს. ეს იყო კიდევ ერთი გაუმართლებელი ექსპერიმენტი, რომელიც ცუდად დამთავრდა.


- რატომ ცუდად?
- საქმე ის არის, რომ 1950-იან წლებში ეკოლოგიას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და ვერ გათვალეს, რომ ენოტი ვერ ჩაჯდებოდა ჩვენს ეკოსისტემაში და მის კვებით ჯაჭვში. ენოტს აქ ბუნებრივი მტერი არა ჰყავს და ამიტომ უკონტროლოდ მრავლდება. დღეს მასზე ნადირობა თავისუფლად შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ადამიანი ენოტთან ბრძოლას აგებს. რა თქმა უნდა, დამნაშავე ახლაც ადამიანია, მაგრამ მაინც ცხოველი ისჯება. მარტო კავკასიაში კი არა, ენოტი მთელ ევროპაში უკონტროლოდ გამრავლდა - ყველგან, სადაც ადამიანებმა შეცდომა დაუშვეს და შეიყვანეს. მასზე ნადირობას აზრი არა აქვს - ყველგან იმდენად არის მომრავლებული, რომ მასთან ბრძოლა მეტად დაგვიანებულია.

- რატომ ებრძვიან, თუ არავის არაფერს უშავებს?
- ეს ინვაზიური სახეობაა და ადამიანებს პრობლემებს უქმნის: შეიძლება საქათმეში ან ბეღელში შეძვრეს და მოსავალი დააზიანოს. საქართველოშიც ენოტსა და ადამიანს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული და ჯერჯერობით ცხოველი იმარჯვებს. ენოტს უგებენ ხაფანგებს, მასზე ნადირობაც წახალისებულია, მაგრამ რაკი ჩვენთან ბუნებრივი მტერი არა ჰყავს, უფრო დიდხანს ცოცხლობს და სწრაფად მრავლდება. ენოტი ძალიან კარგად ცურავს, კედელზე ცოცვაც შეუძლია, თავის გადარჩენაც არ უჭირს და ამიტომ შეუზღუდავად მრავლდება.

- კიდევ რა თვისებები გამოარჩევს სხვა ცხოველებისგან?
- ენოტი ძალიან ჭკვიანი, ინტელექტუალური ცხოველია. იკვებება შერეული საკვებით, მის "მენიუში" ერთდროულად შედის უხერხემლოები და მცირე ზომის ხერხემლიანები, მცენარეები და ფრინველები. ჩვენებური ზამთარი მისთვის რბილია და აქაურ კლიმატს კარგად ეგუება. თუ საკვები შემოაკლდება, შეუძლია მიწიდან ჭიაყელები ამოთხაროს. თავისი სამშობლოს მკაცრ ზამთარში კი ამას ვერ მოახერხებს, ამიტომ საკვების პრობლემა აქ საერთოდ არა აქვს. ენოტს ნებისმიერ კლიმატურ პირობებთან კარგად შეგუება შეუძლია. საშოვარზე ღამით გამოდის და კარგადაც ნადირობს. მელიებისა და მაჩვების მსგავსად, ისიც ცოფის გადამტანი ცხოველია და თუ ადამიანს უკბენს, აცრის გარეშე მას ცოფის საფრთხე ემუქრება. ამავე დროს ენოტი ძალიან მეგობრული ცხოველია და ამით ადამიანებს იზიდავს. თუ გაბრაზდება, თავს მშვენივრად დაიცავს, მაგრამ აგრესიული არ არის. ენოტს ძალიან მიმზიდველი ქცევა და გარეგნობა აქვს, ამიტომ ბევრ ადგილას ისე ცხოვრობს, როგორც შინაური ცხოველი. ის ხშირად გვხვდება ადამიანის საცხოვრებლის ახლოს, მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს მოშინაურებაში - ენოტი ადამიანის სიახლოვეს იმიტომ ბინავდება, რომ საკვები უფრო ადვილად მოიპოვოს.


- რამდენ ხანს ცოცხლობს ენოტი?
- ტყვეობაში ენოტს შეუძლია 20 წელიწადსაც იცოცხლოს, ბუნებაში კი გაცილებით ცოტა ხანს - 4-5 წელს. ეს იმის ბრალია, რომ ბუნებრივი გავრცელების არეალში ბევრი მტერი ჰყავს. სიცოცხლის ნახევარს ენოტი ხეებზე ატარებს. სწრაფად სირბილი დიდხანს არ შეუძლია და გამოდევნებისას ცდილობს თავი ხეს შეაფაროს. განსაკუთრებით აქტიურია ღამით, დღისით კი ისვენებს. უპირატესობას ანიჭებს ფუღუროებს და სხვა ცხოველების ან ფრინველების ბუდეებსა და ბუნაგებს. ენოტის დამახასიათებელი ნიშანია ზამთრის ძილი, რომელიც ღრმა არ არის, თუმცა თბილ ქვეყნებში და მათ შორის, ჩვენთან, არც იძინებს. ჩვენთან ხომ მკაცრი ზამთარი არ იცის და არც ზამთრის ძილის საჭიროებაა. გამოდის, ენოტის ძილის ხანგრძლივობაც კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, თბილ და უთოვლო ზამთარში ის ფხიზლობს.

- ჩვენთან მხოლოდ ერთი სახეობა - ჩვეულებრივი ენოტი ბინადრობს?
- დიახ, საქართველოში მხოლოდ ეს სახეობა გვხვდება. სხვათა შორის, ამ ცხოველს ერთი საინტერესო თვისება აქვს: თავის საკვებს ჭამამდე რეცხავს. ენოტს ზოგჯერ რამდენიმე თავშესაფარი აქვს. იმის გამო, რომ მეტისმეტად ჭკვიანი და მოხერხებულია, ადგილობრივი სახეობები შეავიწროვა, განსაკუთრებით ფრინველები: ენოტი მათ ბუდეებს ემტერება, რადგან ფრინველის კვერცხს დიდი სიამოვნებით ჭამს. ენოტები ჯგუფებად ერთიანდებიან და ერთად სძინავთ, დილით კი იფანტებიან და ცალ-ცალკე ნადირობენ.

alt

- დასავლეთ საქართველოში თუ არის გავრცელებული ეს ცხოველი?
- გავრცელდა თუ არა ენოტი დასავლეთ საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს. სხვათა შორის, ენოტები ზოოპარკშიც გვყავს. როგორც გითხარით, მიმზიდველი ცხოველია და დამთვალიერებლები ყოველთვის ჰყავს. ბევრი ცდილობს მოაშინაუროს, ამ მიზნით მის კნუტებსაც ყიდიან, მაგრამ მოშინაურებული ენოტი არ არსებობს, ის შეიძლება ადამიანთან ერთად ცხოვრობდეს, მაგრამ შინაურ ცხოველად ვერ გადაიქცევა.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები