ფერადი "ვიტამინების საბადო" - კვირის პალიტრა

ფერადი "ვიტამინების საბადო"

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება მაინც არ შეიძლება..."

"ვიტამინების საბადო" - ასე უწოდებენ სპეციალისტები სტაფილოს, უნიკალურ მცენარეს, რომელსაც ძველი ბერძნები და რომაელები სამედიცინო მიზნით იყენებდნენ. როდესაც არაბმა ვაჭრებმა სტაფილო აზიაში, აფრიკასა და არაბეთის იმპერიის პროვინციებში გაავრცელეს, ის იყო როგორც მეწამული, ისე თეთრი, ყვითელი, წითელი, მწვანე და შავი ფერის. იმ ფერის სტაფილო, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, XVI საუკუნეში ნიდერლანდებში გამოიყვანეს - ეს გახლდათ მათი სამეფო დინასტიის ფერი. უფრო დაწვრილებით ამ უნიკალურ მცენარეზე სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი გვესაუბრება.

აკაკი ღლონტი:

- სტაფილო საქართველოში საუკუნეების წინ შემოიტანეს, თუმცა, მისი ადგილობრივი ჯიშები არ არსებობს. ყველა ჯიში, რომელიც საქართველოში მოჰყავთ, უცხოეთიდან არის შემოტანილი. მცენარე უნიკალურია. თავისი შემადგენლობის გამო ის შეუცვლელია როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. მას თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში იყენებენ. არანაკლებ სასარგებლო და გემრიელია ცოცხალი სტაფილო. მის ფოთლებსაც იყენებენ, როგორც მწვანილს.

- როგორც ვიცი, ის მეცხოველეობაშიც გამოიყენება... - დიახ, ოღონდ ამ მიზნით სულ სხვა ჯიშები მოჰყავთ. ყველა სპეციალისტი აღიარებს, რომ ამ მცენარეს დიდი სარგებლობა მოაქვს დარგისთვის.

- ცნობილია, რომ სტაფილოს ნაოპერაციევ პაციენტებს უნიშნავენ. ეს მისი შემადგენლობის დამსახურებაა? - დიახ, ამ მცენარეს ბევრი უნიკალური თვისება აქვს, მათ შორის ისიც, რომ ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს. სტაფილო ბევრ ისეთ მიკროელემენტს შეიცავს, რომლებიც სხვა მცენარეებში არ მოიპოვება. ყველაზე მეტად გავრცელებულია კულტურული სტაფილო, რომელიც სასუფრე და საკვებ სტაფილოდ იყოფა. საკვები სტაფილო შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერისა: თეთრი, ყვითელი, მეწამული, ან მუქი იისფერი. თუმცა სხვადასხვა ფერის სტაფილოს საქართველოში ძალზე იშვიათად წააწყდებით, უცხოეთში კი თითქმის ყველა ფერის სტაფილო იყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება მაინც არ შეიძლება, რადგან ძილიანობასა და მოთენთილობას იწვევს. ზომიერად მისი მიღება კარგია ანემიის, ბრონქიტის, ასთმის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა დაავადებების დროს... სტაფილო გამოირჩევა კაროტინის მაღალი შემცველობით. საკმარისია დღეში 100-150 გრამი სტაფილოს მიღება და კაროტინი ადამიანის ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება. ამ ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში ზრდის შეჩერებას იწვევს, ის აუცილებელია ჯანმრთელი კანისა და კარგი მხედველობის შესანარჩუნებლადაც.

- როგორ ეგუება მცენარე გარემო პირობებს? - სტაფილო ზომიერი კლიმატის მცენარეა, ამიტომ ვერ იტანს მაღალ ტემპერატურასა და ნიადაგის სიმშრალეს, თუმცა ვერც ჭაობსა და ნესტში გაიხარებს კარგად, რადგან ტენიანობის სიჭარბე ძირხვენებს ულპობს. სტაფილოს მოსაყვანად საუკეთესოა კარგი სტრუქტურის, მსუბუქი აგებულების ზომიერი ნიადაგები.

- როგორ ახარებენ სტაფილოს? - სტაფილოს თესლს დათესვიდან აღმოცენებამდე, ჩვეულებრივ, სამი კვირა სჭირდება, მაგრამ თუ ხელშემწყობი პირობები არა აქვს, აღმოცენება ერთ თვეზე მეტხანს შეიძლება გაჭიანურდეს. ჩვენს პირობებში სტაფილოს ყველაზე ხშირად გაზაფხულზე თესავენ. სტაფილოს რიგებს შორის 12-15-სანტიმეტრიანი დაშორებაც საკმარისია, ხოლო მწკრივებს შორის 20-25 სანტიმეტრია საჭირო. მცენარე კარგად ხარობს ჩვეულებრივ ნიადაგზე, მთავარია, იქ ჭაობი და ნესტი არ იყოს. სტაფილო ყინვაგამძლე მცენარეა, ამავე დროს, გამძლეა დაავადებების მიმართაც. ადვილი მოსავლელია და თუ შესაფერის პირობებში დავთესავთ, ძალიან კარგად გაიხარებს. მისი თესლი თითქმის ყველა სპეციალურ მაღაზიაში იყიდება. ასე რომ, სტაფილოს დათესვა, მოყვანა და გახარება პრობლემა არ არის.

- მთაში თუ შეიძლება მისი მოყვანა? - საქართველოში სტაფილო ბარშიც ხარობს და მთაშიც - ყველგან, სადაც დიდი ყინვა და სიცივე არ იცის. თუ მშრალ ადგილას დათესავთ, მორწყვა აუცილებლად დასჭირდება. ვისაც სტაფილო დიდი რაოდენობით მოჰყავს, ფოსფორიან და კალიუმიან სასუქებსაც მიაშველებს ხოლმე. 5-6-ჯერ ნიადაგის დამუშავება და მორწყვა საკმარისია, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ. რასაკვირველია, სტაფილოს დათესვა გასუფთავებულ, გამდიდრებულ ნიადაგში ჯობია. მისი დათესვა შეიძლება წლის სხვა პერიოდებშიც, მაგრამ ადრე გაზაფხული საამისოდ ყველაზე კარგი დროა.

- კიდევ რა სჭირდება სტაფილოს, რომ ფერმერმა კარგი მოსავალი მიიღოს? - სტაფილოს მოვლისთვის აუცილებელი პირობებია: ნიადაგის გაფხვიერება, გამარგვლა და ნათესების გამეჩხრება, მორწყვა და ბრძოლა მავნებლების თუ დაავადებების წინააღმდეგ. დათესვიდან 25-30 დღის შემდეგ, როცა მცენარეები აღმოცენდება, პირველი მარგვლა და გამეჩხრება უნდა ჩატარდეს. მეორე თოხნა გამეჩხრებიდან 2-3 კვირის შემდეგ არის საჭირო. უკეთესი შედეგის მისაღწევად სტაფილოს ნათესს მესამედაც თოხნიან. კულტივაცია განსაკუთრებით კარგია წვიმებისა და მორწყვის შემდეგ.

თუ სტაფილოს გაყიდვას გეგმავთ, მისი ძირხვენები გარეგნულად საღი უნდა იყოს, ნახეთქებისა და მექანიკური დაზიანების გარეშე.

- დასასრულ, სტაფილოს კულინარიულ ღირსებებზეც უნდა ვთქვათ, რადგან მისგან გურმანები უგემრიელეს კერძებს ამზადებენ... - დიახ, სტაფილო მრავალი გემრიელი კერძის შეუცვლელი ინგრედიენტია. განსაკუთრებით კარგია მისი მირთმევა ახლა - მარხვის დროს, როცა ორგანიზმს ვიტამინები სჭირდება. სტაფილოს შეუცვლელი ადგილი უჭირავს ქართულ კულინარიაში.

სტაფილოს სალათა

შემადგენლობა: სტაფილო, ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა, კამა, ქინძი, ნიგოზი და ბაჟეს სუნელები.

მომზადება: სტაფილო მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა კუბებად. ტაფაში მოვხრაკოთ ხახვი, შემდეგ დავამატოთ სტაფილო, კუბებად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და ეს ყველაფერი ერთად მოვხრაკოთ. ცალკე გავაკეთოთ ბაჟე (უნდა მივიღოთ სქელი მასა) და შევაზილოთ სტაფილოიან მასას. ბოლოს დავაჭრათ კამა და ქინძი და დავუმატოთ მარილი გემოვნებით. ასე მომზადებული სალათა ვიტამინებით სავსე და უგემრიელესია.

ხათუნა ჩიგოგიძე