"ჟოლოს მოგება კარტოფილისაზე 15-ჯერ მეტია, თანაც ხარჯი თითქმის არ არის"
"ჟოლოს მოგება კარტოფილისაზე 15-ჯერ მეტია, თანაც ხარჯი თითქმის არ არის"
"სამი წელიწადია, ჟოლოს სეზონზე რამდენჯერმე ვკრეფ, დეკემბერშიც კი... ჩვენ წამლებს არ ვხმარობთ, ბუნებასა და კლიმატს მოჰყავს ასეთი ხარისხიანი პროდუქტი, თუმცა ადრე ვერც წარმოვიდგენდით, თუ ეს კენკრა აქაურობას "მოიწონებდა"

ხულოს მაღალმთიან სოფელ დიოკნისში წლების განმავლობაში მოსახლეობას კარტოფილი მოჰყავდა, თუცა ერთმა მეურნემ, გურამ ძირკვაძემ, რომელიც თვითნასწავლი აგრონომია, მთლიანად შეცვალა დიოკნისელების ხედვა სოფლის მეურნეობაში. მან ისინი დაარწმუნა, რომ ჟოლოს გაშენება გაცილებით მომგებიანი და ადვილი საქმეა, ვიდრე კარტოფილის მოყვანა.

"აჭარა მცირემიწიანი მხარეა, თითო მოსახლეს
მაქსიმუმ 2000-2500 კვმ ფართობი აქვს, კარტოფილი კი ვრცელ ველებზე ითესება, ამიტომ აქ მის მოყვანას აზრი არ აქვს. თან იაფი პროდუქტია, მიწასაც ფიტავს, ხშირი რწყვა სჭირდება, ჟოლოსა და მაყვლის ბაღი კი მცირე ტერიტორიაზეც უხვ მოსავალს იძლევა, არც მიწას ფიტავს და ფუტკრებსაც ეხმარება", - ამბობს ფერმერი, რომელიც
დიოკნისის განვითარებას კენკროვანი, კურკოვანი კულტურებითა და მევენახეობით ხედავს.


დღეს სოფელში მოსახლეობას ჟოლო უკვე 3 ჰექტარზე აქვს გაშენებული და ამ საქმემ ერთმანეთს ბევრი ოჯახი დააკავშირა. კენკრამ მათ ფინანსური მოგებაც მოუტანა. მეურნე გურამ ძირკვაძის სურვილი და მიზანია, სოფელში ჟოლოს უსასუქო ბიომეურნეობა შექმნას, რომლის პროდუქტი, ქართული ბაზრის გარდა, ევროკავშირის ბაზარზეც მოხვდება.

- სამი წელიწადია, ჟოლოს სეზონზე რამდენჯერმე ვკრეფ, დეკემბერშიც კი... ჩვენ წამლებს არ ვხმარობთ, ბუნებასა და კლიმატს მოჰყავს ასეთი ხარისხიანი პროდუქტი, თუმცა ადრე ვერც წარმოვიდგენდით, თუ ეს კენკრა აქაურობას "მოიწონებდა". როდესაც ვრგავდი, ყველას უკვირდა, რომ ამით მიწას მოვაცდენდი, მაგრამ პირველ წელსვე მივხვდი, რომ ეს შემოსავლის წყარო იქნებოდა. ამ კულტურამ რადიკალურად შეცვალა ჩვენთან სოფლის მეურნეობის განვითარების მომავალი, აქ ამით მეკარტოფილეობა თითქმის იცვლება...

- განსხვავება შემოსავალსა და მოგებას შორის დიდია?
- დიახ, ჩემი მოგება 15-ჯერ მეტია, თანაც ხარჯი თითქმის არ არის. ერთხელ ირგვება და იმის მერე არც აზოტს ვხმარობთ და არც სხვა რომელიმე წამალს. მოხვნა, დათესვა არ უნდა, არაფერზე ნერვიულობ და პროდუქტზე მოთხოვნაც დიდია.

- ბევრი ადამიანი აიყოლიეთ?
- მივხვდი, რომ თუ ჟოლოს მხოლოდ მე დავრგავდი და გარშემო არ გავრცელდებოდა, მის მოყვანას აზრი არ ექნებოდა, ამიტომ 15 000 ძირამდე ნერგი გამოვიყვანეთ და მოსახლეობას ავანსად, ნახევარ ფასად დავურიგეთ. ახლა ჩვენს სოფელში ინტენსიური ბაღები 3-4 ჰექტარამდე ფართობზეა გადაჭიმული, თუმცა ნერგები სხვა სოფლებშიც წაიღეს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ჩემი სოფელი "ჟოლოს ცენტრი" იქნება.



- ალბათ, ხალხი კმაყოფილია...
- რატომ უნდა იყვნენ უკმაყოფილო? შემოსავლის წყაროც გაეზარდათ, ოჯახის ყველა წევრიც დასაქმებულია. დაკრეფენ, საღამოს ჩამაბარებენ და ბათუმში ბაზარზე გასაყიდად მე მიმაქვს. წლეულს სამი სეზონის განმავლობაში 20-25 ტონა ჟოლოს მოკრეფა შევძელით.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით სამაცივრე ავტომობილი შევიძინეთ და უკვე ძალიან ხარისხიანად და უფრო იაფადაც მიგვაქვს პროდუქტი ბაზარში. ამის გამო ჩეხეთის რესპუბლიკას, საელჩოსა და ევროკავშირს დიდ მადლობას ვუხდი.

- ჟოლოს გარდა, ყურძენიც გაგიმრავლებიათ.
- კი, სასუფრე ყურძენი.­ მისი 10-12 ჯიში გვაქვს, ოთხი ჯიშიც საღვინეა. ყურძნის ნაკვეთები უფრო სამაგალითოდ გვაქვს, "პიონერი ბაღია". ამის მიხედვით ვხვდებით და სხვებსაც ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება­ სასუფრე ყურძნის გამრავლება... გვაქვს ასევე საბას მარგალიტი, ბლეკ მეჯიკი,­ პრიმა, იტალია, ასე რომ, სექტემბრის ბოლომდე მაქვს ხოლმე ბაზარში გასაყიდი ყურძენი. სოფელში შეიძლება ვენახი სხვებსაც ჰქონდეთ, ყურძენი მოაშენონ, ამიტომ ზოგს სასუფრე ყურძნის­ ნერგს ვატან...

გვაქვს ქლიავის ბაღი, რომლის გამართვის შემდეგ ბაზარში 40 ძირი ვაშლისა და მსხლის ნერგი ვიყიდე, რომლებმაც ასევე გაიხარა. მერე თანადაფინანსება ვითხოვე და ბაღს ქლიავისა და მსხლის სხვადასხვა ჯიში შევმატე. გვაქვს ადგილობრივი, ძველი ჯიშებიც. ეს კულტურები ერთად შევკრიბეთ და ახლა სხვა ძველ, კარგ ჯიშებსაც ვეძებთ...

ძირკვაძეების ოჯახისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარმოებული პროდუქტი, არამედ ცხოვრების სტილის შეცვლა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება. როგორც ამბობენ, ევროკავშირის მიერ მრავალწლიანი ხელშეწყობის საფუძველზე მოსახლეობა დარწმუნდა, რომ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში დასაქმდეს და კარგი შემოსავალიც მიიღოს.

"ჩვენთან უკვე ახალგაზრდებსაც სურთ აგრარული განათლების მიღება, რომ მერე საკუთარ მიწა-წყალს უკეთ მიხედონ. ეს მიხარია, რადგან ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება სოფელს გააძლიერებს, ძლიერი სოფელი კი ძლიერი ქალაქი და ქვეყანაა", - გვეუბნება ბატონი გურამი.

ლალი ფაცია
ვაჟა თავბერიძე

ალექს
28 დეკემბერი 2020 09:01
მემიტინგეობასაც არა აქვს ხაჯი, მიშა იხდის ! მიშავე აკაფინვებს ვენახს და თურქული კარტოფილის იმპორტით იკვებება !

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა