თიანეთური ჩალისფერი - ყველეზე "ჩასუქებული" ინდივიდი ინდაურებს შორის - კვირის პალიტრა

თიანეთური ჩალისფერი - ყველეზე "ჩასუქებული" ინდივიდი ინდაურებს შორის

"როდესაც რკოსა და წიწიბოს სეზონია, 500-მდე ინდაურს ტყისკენ მივერეკები"

შინაურ ფრინველებში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო - ინდაური, ბოლო წლებში გადაშენების პირას აღმოჩნდა, თუმცა სასიხარულოა, რომ გამოჩნდა ხალხი, რომელმაც ამ ფრინველის სარგებლიანობა შეაფასა და დარგის აღორძინება გადაწყვიტა. თიანეთის მუნიციპალიტეტში ინდაურს ტრადიციულად აშენებდნენ და გარემო პირობებიც ხელს უწყობდათ. აქაურმა გიორგი მოსახლიშვილმა ინდაურის მომრავლება ხუთიოდე წლის წინ დაიწყო და დღეს, მართალია, დიდი შრომის ფასად, მაგრამ მოგებას არ უჩივის. გვერდით მთელი ოჯახი უდგას - სამი ვაჟი და რძალი, რომელმაც საოჯახო საქმიანობას ადვილად აუღო ალღო.

- ბატონო გიორგი, სასიხარულოა, რომ ინდაურის პოპულაციის აღორძინება გადაწყვიტეთ. ამ ფრინველს ყველა ყიდულობს, განსაკუთრებით - დღესასწაულებზე, თუმცა ის მაინც დეფიციტია.

- მეც მომწონს და ვამაყობ, რომ ამ საქმის აღგენა გადავწყვიტე, თანაც - ქართული ჯიშის. ყოველთვის კარგი სამსახური მქონდა. შემეძლო მეთქვა, ხელფასი მაქვს და მძიმე შრომით თავს არ ავიტკივებ-მეთქი, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ არც ჩემი და არც სხვისი დიდი ოჯახების ყოველდღიურ აუცილებლობას თუნდაც მაღალი ხელფასი ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომაც ვარჩიე, სამსახურისთვის თავი დამენებებინა და ინდაურის მოშენება დამეწყო. მით უფრო, რომ ჩვენთვის, თიანეთელებისთვის, ეს უცხო საქმე არასდროს ყოფილა, რადგან გარემო ხელს გვიწყობდა. ინდაურს ჩემი დედ-მამაც ზრდიდა. მე მოშენება ხუთი წლის წინ დავიწყე. ამისთვის საგანგებოდ გამოვყავი ფართობი და სხვადასხვა ქართული ჯიშის ინდაურის კვერცხი ვიშოვე.

ახლა რამდენიმე სახეობის ინდაურს ვზრდი: ვერცხლისფერს, თეთრს, შავსა და თიანეთურ ჩალისფერს. 130 დედა ინდაურს საშუალოდ 1000-მდე ჭუკს ვაჩეკინებ, მაგრამ მინდა, მათ შორის მეტი ჩალისფერი ინდაური იყოს. ამისთვის შარშან ამ ფერის 50 ინდაური ვიყიდე.

- ვიცი, რომ ჩალისფერ ინდაურს სხვასთან შედარებით მეტი წონა აქვს - 8-10 კილოგრამამდე, თუ არ ვცდები, მათი წონა ქართველი მეცნიერების დამსახურება უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინ ისინი მუშაობდნენ ჩალისფერი ინდაურის გაუმჯობესებაზე. - დიახ, ეს ჯიში ქართველმა მეცნიერებმა გამოიყვანეს. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მეურნეობაში გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ფერმა. აქ საქართველოში გავრცელებული შვიდი სხვადასხვა ფერის ინდაურიდან ჩალისფერი ინდივიდები გადაარჩიეს და მრავალწლიანი სასელექციო მუშაობით ჩალისფერი თიანეთური მივიღეთ.

საერთოდ საქართველოში ინდაურის არსებობაზე პირველი ცნობა კი ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის.

- ვიცი, რომ ჭუკების გაზრდა ადვილი არ არის... - გეთანხმებით, მაგრამ მე არ მიჭირს, რადგან ამ საქმის ანაბანა მშობლებისგან ვისწავლე. როგორც ისინი ზრდიდნენ ფრინველს, კვერცხიდანვე მეც ისე ვუვლი, რადგან დედა ინდაურმა რომ ჭუკები გამოიყვანოს, მასაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ინდაური უფრო ერთგული დედაა, ქათმისგან განსხვავებით, თითქმის ერთი თვის განმავლობაში კვერცხებიდან არც კი წამოდგება. უნდა სპეციალურად აიყვანო და დააპურო. მეც ზუსტად ასე ვაკეთებ. დავივლი ხოლმე საბუდრებს და დედა ინდაურებს რიგრიგობით ვუშვებ დასაპურებლად და წყლის დასალევად. 15-ზე მეტ კვერცხს ვერ უვლიან. მათგან უმრავლესობა იჩეკება, ამის მერე კი ჭუკებს ძალიან კარგად უნდა მიხედო. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 1000 ჭუკს ორ თვემდე მოხარშულ ჭინჭარსა და სიმინდის ფქვილს ვაჭმევ, ორი თვის შემდეგ კი ჭინჭარს მოხარშვა აღარ სჭირდება - ვჭრით და მჭადის ფქვილს ვურევთ. ასე თითქმის ყველა ჭუკს ვზრდი.

- ჭინჭარი საკვებად შესანიშნავია, მაგრამ ალბათ რამდენს შრომობთ, რომ ამდენი ჭინჭარი შეაგროვოთ. - ძალიან ბევრს, მაგრამ ხომ უნდა გავზარდო! ჩემთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრინველი აუცილებლად ნატურალური საკვებით გამოვკვებო. არ მესმის, რატომ უნდა მოვატყუო კლიენტი, როდესაც ვიცი, როგორ არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა კვებაზე. როგორც მე არ ვაჭმევ შვილებს ქიმიური მინარევებით სავსე საკვებს, ისე სხვასაც უნდა, რომ მის ოჯახს ნატურალური საკვები ჰქონდეს. თიანეთში სიმინდი კარგად მოდის და ყიდვა არ მიჭირს, მალე კი თვითონაც ვიყიდი მიწას და საკუთარი მოსავალი მექნება. ეს კი არა, როდესაც რკოსა და წიწიბოს სეზონია, 500-მდე ინდაურს ტყისკენ მივერეკები. იქ იკვებებიან რკოთი და წიწიბოთი, თხილზეც არ ამბობენ უარს და მშვენივრადაც ინელებენ.

- საუკეთესო საკვები ჰქონია თქვენს ფერმას. 500 ფრინველზე მეტი არ გყავთ ხოლმე სეზონისთვის? - დანარჩენს ჭუკებად ვყიდი. გულწრფელად მიხარია, რომ ხალხი ამ საქმით დაინტერესდა. გაზაფხულზე ერთმა ხობელმა მეწარმემ ჩემგან 400 ჭუკი წაიყვანა, მათი მოვლაც დიდი სიამოვნებით ვასწავლე.

- ლამაზი სანახავი იქნება ტყისკენ გარეკილი 500 ინდაური. შრომის ნაყოფს რომ ხედავ, ძალიან სასიამოვნოა... - ნამდვილად... ეს საქმე რომ არ მიყვარდეს, ხელს ხომ არ მოვკიდებდი?! მაგრამ შვილებიც მეხმარებიან. ინდაური მხოლოდ ტყეში არ დამყავს, მინდვრებშიც მივერეკებით და ამ დროს შვილები ყოჩაღობენ. მართალია, ხანდახან გამეხუმრებიან, მამა რას "გვხოცავო", მაგრამ როდესაც ვეტყვი, აბა, ნახეთ თქვენი შრომით რამდენი რამ შეიძინეთ-მეთქი, რომ იტყვიან, ხელებს ზემოთ სწევენ. შრომის ნაყოფზე უკეთესი მართლაც არაფერია. თუ ჯან-ღონით სავსე ხარ, რატომ უნდა იყო დამოკიდებული სხვაზე, ან საზღვარგარეთ რატომ უნდა მიდიოდე სამუშაოდ, როდესაც ამდენი თავისუფალი მიწა გვაქვს! ფრინველის დაკვლა-გასუფთავებასაც ვაჟებთან ერთად ვუმკლავდები. ხანდახან ორ-სამ საარყე ქვაბს ვაცხელებთ ამ საქმისთვის. ზედმიწევნით ჰიგიენურად ვირჯებით. თუ სისუფთავე არ მომწონს, საქმეს არც დავიწყებ.

- ალბათ, არც რეალიზაცია გიჭირთ. - არ მიჭირს. ჯანსაღ, ეკოლოგიურ საკვებზე გაზრდილი ინდაური ვის არ უნდა! ამ საქმეში ინტერნეტიც ძალიან მეხმარება. ჩემი ყოჩაღი რძალი უძღვება ამ საქმეს. კლიენტი ინტერნეტით მიკავშირდება, საახალწლოდ ათეულობით დაკლულ-გასუფთავებული ინდაური ჩამაქვს დედაქალაქში და კლიენტებს თავად ვურიგებ. 30-40 ინდაურზე ნაკლები იშვიათად წამიღია.

- თუ საიდუმლო არ არის, როგორ ყიდით ასეთ ეკოლოგიურ და სასარგებლო პროდუქტს? - 1 კგ 25 ლარი ღირს. თუ ვიანგარიშებთ, რომ ინდაურის გაზრდაზე დაახლოებით იმ თანხის ნახევარი იხარჯება, რა ფასადაც ვყიდით, მგონი, ძალიან ძვირი არ არის. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და თუ მომავალში ჩვენს ქვეყანაში ფასები უფრო დაბალი იქნება, მეც გავაიაფებ ჩემს პროდუქციას, მით უფრო, რომ ამ საქმის გაფართოებას ვაპირებ.