თუშური მატყლი აღარ იყრება... - კვირის პალიტრა

თუშური მატყლი აღარ იყრება...

"უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მაინც ცოდნა იყო. მხოლოდ იდეა არაფერია, უნდა იცოდე, რა როგორ გააკეთო"

დიმიტრი არინდაული ზემო ალვანში მატყლის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელია. ეს საწარმო საქართველოში ერთადერთია, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლეულით ამარაგებს და სადაც სეზონზე 40 ტონამდე მატყლი მუშავდება.

თუშური მატყლის გადამუშავების პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. ადრე ეს ძვირფასი ნედლეული რუსეთში გაჰქონდათ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კი ყრიდნენ ან წვავდნენ, რადგან ვერ ამუშავებდნენ...

2005 წელს დიმიტრის მამამ, გოგი არინდაულმა საქართველოში პირველად თუშური მატყლის გადასამუშავებელი საწარმო შექმნა, სადაც არცთუ დიდი რაოდენობით მატყლის გადამუშავება და მისგან ნართის გამოშვება დაიწყო. დღეს ამ საქმეს დიმიტრი უძღვება. 2014 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელშეწყობით, საწარმო გაფართოვდა - დამუშავების პროცესისთვის აუცილებელი დანადგარები დაემატა. ამჟამად საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული, მუშაობს მატყლის სარეცხი საწარმოო ხაზი და საშრობი საამქრო, რაც საშუალებას იძლევა, სრულად აითვისონ თუშური მატყლი და სხვა რეგიონების მეცხვარეებსა და მატყლის ექსპორტიორებსაც მოემსახურონ.

დიტო არინდაული თავიანთი საწარმოს შესახებ თხრობას ასე იწყებს:

- რაღაც განათლება ხომ უნდა მიმეღო, ჰოდა, რადგან თუში ვარ და მატყლიც გვქონდა, სწავლაც ამ მიმართულებით დავიწყე. მერე ჩემი სპეციალობით ბიზნესშიც ჩავერთე. თავდაპირველად მოსახლეობას ვემსახურებოდით - მატყლის ლეიბებს, საბნებს ვკერავდით. მოთხოვნა ძაფსა და თექაზე იყო, მერე კი ნელ-ნელა დაზგა-დანადგარების შეძენაც დავიწყეთ. გვაქვს ძაფსართავი ხაზი, რომელსაც დღეში 200-220 კილო ნართის წარმოება შეუძლია, თუმცა რეცხვის პრობლემა გვქონდა.

- რატომ? - იმიტომ, რომ დღეში ხელით მხოლოდ 50-60 კილოგრამს ვრეცხავდით, არადა, მატყლზე მოთხოვნა იზრდებოდა, ქვეყანაში ტურიზმი ვითარდებოდა, შეკვეთების რაოდენობა იმატებდა და საქმეს ვერ ავუდიოდით, შეკვეთის შესრულებას ერთი თვე სჭირდებოდა...

ამასთან, მატყლს თავისი ცხიმიანობა აქვს და თუ ის არ მოშორდა, დაზგა-დანადგარებში არ გატარდება, არადა, ამ რეგიონში მატყლის სამრეცხაო არ იყო, რომ მივსულიყავი, გარეცხილი მატყლი მეყიდა და იმით მემუშავა.

შემდეგ ჩეხეთის კარიტასის პროექტი გამოჩნდა, გვითხრეს, თუ არის სადმე სამრეცხაო ხაზი, დაზგა-დანადგარები იშოვეთ და დაგეხმარებითო... მოვძებნე და ვიყიდე, მერე კი ინფრასტრუქტურაც მოვაწყვეთ, მაგრამ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მაინც ცოდნა იყო. მხოლოდ იდეა არაფერია, უნდა იცოდე, რა როგორ გააკეთო.

სხვათა შორის, ჩეხეთის მთავრობამ მოიპოვა ინფორმაცია, რა სიტუაცია იყო ევროპაში მატყლის დამუშავების მხრივ, რადგან თავიდან ვფიქრობდით, რომ დამუშავებულ-გარეცხილი მატყლი ევროპაში გაგვეყიდა. ჩეხი სპეციალისტების კვლევით გაირკვა, რომ გარეცხილი მატყლი ძალიან იაფია, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა არ ღირდა და მისი ნახევარფაბრიკატებამდე მიყვანა გვირჩიეს. მთავრობის დახმარებით ახლა უკვე 500-დან 800 კილომდე მატყლის გარეცხვა შემიძლია. ერთი კვირაც რომ ვიმუშაო, უკვე მთელი ზამთრის მარაგი მაქვს და უხარისხო პროდუქციისგანაც დაზღვეული ვარ.

- ესე იგი, თუ ზამთარში 15-დან 20 ტონამდე გარეცხილი მატყლის მარაგი გექნებათ, ტემპერატურა-5-10 C -მდეც რომ დაეცეს, ჩვეულებრივად იმუშავებთ? - დიახ. ხან კვირაობით წვიმს, მე კი ამ დროს გარეცხილი, გამშრალი მატყლი დასაწყობებული მაქვს და ჩვეულებრივად ვმუშაობ, არ ვფერხდები... ჩვენი მატყლი სუფთა შალია, მინარევები არა აქვს, მერე კი ბუნებრივი საღებავებით იღებება. მას თვითონ მქსოველები ღებავენ.

- ლეიბებსა და საბნებს ისევ კერავთ? - დიახ, ლეიბ-საბნით დაწყებული, ვაკეთებთ თექას, ნაბდებს, მაგრამ ჩვენი ძირითადი საქმიანობა მაინც სუფთა შალის ხელით საქსოვი ძაფის წარმოება, მერე კი საქართველოს მასშტაბით მისი რეალიზაციაა როგორც ჩვეულებრივ, ასევე სპეციალურ მაღაზიებსა და სახელოსნოებში. არიან მქსოველები, რომლებიც ტურისტებისთვის ქმნიან პროდუქციას და ჩვენი ძაფი მათაც მიაქვთ...

საწარმოში მისულს შეუძლია გაეცნოს მატყლის დამუშავების სხვადასხვა ეტაპს: მატყლის გარჩევას, რეცხვას, ღებვას, ჩეჩვასა და ძაფის დართვას. გარდა ამისა, იქვე შეიძლება ძაფისა და მატყლის ყიდვა.

დიმიტრი არინდაულს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ დარგის შენარჩუნებასა და ბუნებრივი მატყლის წარმოებაში.

ლალი ფაცია ვაჟა თავბერიძე