რქიანი, მაგრამ გამრჯე ხარი "ტვირთის" შემსუბუქებას "გვპირდება"...
რქიანი, მაგრამ გამრჯე ხარი "ტვირთის" შემსუბუქებას "გვპირდება"...
თეთრი ხარი თანამოძმეებისგან აშკარად გამოირჩევა და ამიტომ მას კაცობრიობამ მისტიკური თვისებები მიაწერა

აღმოსავლური ჰოროსკოპით, 2021 წელი ლითონის თეთრი ხარის წელია. ასტროლოგების აზრით, თეთრი ხარი სტაბილურობასა და სიმშვიდეს გვპირდება - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს ამ დინჯ, შრომისმოყვარე ცხოველს. სულხან-საბა "სიტყვის კონაში" განმარტავს: "ზროხა ზოგადი სახელი არს ყოველთა ზროხათა, ხოლო მამალსა ზროხასა ეწოდების ხარი და დედალსა - ფური, ხოლო შვილთა მათთა - ხბო". გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი.

- ხარი
ერთ-ერთი უძველესი მოშინაუ­რებული ცხოველია, რომელიც ადამიანს ტვირთს უმსუბუქებდა და მისი მარჯვენა ხელი იყო. ქართველი გლეხისთვის ხარი შეუცვლელი თანაშემწე იყო და ყველა ოჯახში დიდ როლს ასრულებდა. ხარების მეშვეობით მიწას ხნავდნენ და ტვირთი გადაჰქონდათ, მის ხორცს საკვებად იყენებდნენ, ხოლო რქებისგან ლამაზ სუვენირებსა­ და აუცილებელ ნივთებს ამზადებდნენ. საქართველოში
დღესაც არის მაღალმთიანი სოფლები, სადაც ხარი შეუცვლელია. მას ისეთ ადგილებში შეუძლია გავლა, სადაც მანქანა ვერ დადის.


- თუ არის ცნობილი, როდის მოიშინაურეს ეს ცხოველი?
- დრო ცნობილი არ არის, მაგრამ ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული, შინაური­ ხარის ნეშტი ბევრ ადგილას იპოვეს. ვარა­უდობენ, რომ 8 ათას წელზე მეტია, რაც ეს ცხოველი ადამიანთან ცხოვრობს. უძველეს ცივილიზაციებშიც ხარს დიდ პატივს­ სცემდნენ. ის ჭკვიანი ცხოველია. ვისაც სოფელში უცხოვრია, კარგად იცის, საძოვარზე გაშვებული პირუტყვი საღამოს უკან რომ ბრუნდება, ყველა შეუცდომლად აგნებს­ თავის სახლს. მათ შორის დაინახავთ ხარებსაც, რომლებიც ჭიშკრებთან მორჩილად დგანან და პატრონს ელოდებიან. ინდოეთში­ ხარი წმინდა ცხოველად არის მიჩნეული. ინდოელი არავითარ შემთხვევაში საქონლის ხორცს არ შეჭამს, რადგან მიაჩნია, რომ ის კეთილშობილი ცხოველია. ინდოეთის ბევრ ქალაქში ხარები თავისუფლად დადიან. საქართველოშიც ეს ცხოველი იმდენი ხანია ცხოვრობს ადამიანთან, რომ მის გარეშე სოფელი წარმოუდგენელია.

- ძალიან ბევრს არ მოსწონს ესპანური კორიდა, რომლის დროსაც ხარები იხოცებიან...
- დიახ, ესპანეთში ძალიან პოპულარულია ტორეადორისა და ხარის შერკინება­. ის საოცრად ძლიერი და შემტევი ცხოველია, ამიტომ ზოგჯერ ორთაბრძოლაში ტორეადორი მარცხდება, თუმცა ხარები საბოლოოდ იღუპებიან. ზოგი ფიქრობს, რომ ამ დროს ხარს წითელი ქსოვილი აღიზიანებს, სინამდვილეში კი ხარი ტორეადორის მკვეთრი მოძრაობების გამო ღიზიანდება და მისკენ ამიტომ იწევს. როცა მოწინააღმდეგეს ებრძვის, ხარი თავის ძლიერ რქებს იყენებს. ეს ცხოველი კოლექტიური თავდაცვის იშვიათი უნარით გამოირჩევა. მაგალითად, აფრიკაში ხარებს ხშირად ესხმიან­ თავს ლომები. ყოფილა შემთხვევა, როცა ხარებს თითქმის განწირული თანამოძმე ლომის კლანჭებისგან გამოუხსნიათ. სხვათა შორის, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ხარები რქებს არ იცვლიან.

- როდის არის ხარი ყველაზე აქტიური?
- განსაკუთრებით, დილით და შებინდებისას, როცა გრილა და ბალახობენ. ერთ ხარს 8 საათის განმავლობაში 70 კილოგრამამდე ბალახის შეჭმა შეუძლია. ხარი ნაშიერების აღზრდასა და დაცვაშიც მონაწილეობს. ის თავდადებული მამაა და თუ საჭიროა, პატარებს სიცოცხლის ფასადაც იცავს.­ საინტერესოა ისიც, რომ როცა ხარები ისვენებენ, დედამიწის მაგნიტური ველის გასწვრივ წვებიან... ხარი იმ ცხოველების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ადამიანს მხედველობით იმახსოვრებენ და არა ყნოსვით. ასეულობით წლის წინ ძროხები და ხარები ფულის როლსაც ასრულებდნენ: ადამიანები მათ სასურველ ნივთებზე ცვლიდნენ. ცხადია, დიდად ფასობდა, ხოლო მას, ვისაც ბევრი საქონელი ჰყავდა, მდიდარ და პატივცემულ კაცად მიიჩნევდნენ. ხარს უხსოვარი დროიდან აშენებდნენ და სხვადასხვა საჭიროების მიხედვით, ათასამდე ჯიში გამოიყვანეს.

მოკლედ, სხვადასხვა ქვეყანაში ხარს ძალისა და ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, მათ შორის საქართველოშიც. ამიტომაც მიუძღვნეს მას სიმღერები, ლექსები, ქართულ ფოლკლორში ამ ცხოველს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- მომავალი 2021 წელი თეთრი ხარის წელია. ბუნებაშიც არსებობენ თეთრი ხარები?
- დიახ, მაგრამ მცირე რაოდენობით. ცხოველებს შორისაც არიან ალბინოსები, რომლებსაც პიგმენტაცია არ ან ძალიან დაბალი აქვთ, და ამის გამო თეთრ ფერს იღებენ. საერთოდ, ალბინოსი ცხოველები ნაკლებად დაცული არიან, ვიდრე მათი თანამოძმეები. მათზე მზის სხივებიც უარყოფითად მოქმედებს. მათთვის თავდაცვაც გაცილებით რთულია - მოკლედ, ალბინიზმის გამო ძალიან იჩაგრებიან. რადგან თეთრი ცხოველი თანამოძმეებისგან აშკარად გამოირჩევა, თეთრ ხარს კაცობრიობამ მისტიკური თვისებები მიაწერა. დღეს სელექცია და გენეტიკა იმ დონეზეა განვითარებული, რომ ხელოვნურადაც შეიძლება განსხვავებული ფერის მიღება, მაგრამ თეთრი ხარი მაინც იშვიათია.

- ბევრი ადამიანი ეგებება იმედით თეთრი ხარის წელს, ეს ამ ცხოველის დადებითმა თვისებებმა ხომ არ განაპირობა?
- ალბათ, რადგან ხარი შრომისმოყვარე, ერთგული და მშვიდი ცხოველია, ამავე დროს, ნაკლებად პრეტენზიული, გონიერი და ამტანი - თუ ადამიანი ამ თვისებებით არის დაჯილდოებული, მისი წარმატება არავის უკვირს...

  • "სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ხარი რქებს არ იცვლის"
  • "ერთ ხარს 8 საათის განმავლობაში 70 კგ-მდე ბალახის შეჭმა შეუძლია"
  • "ის თავდადებული მამაა და თუ საჭიროა, პატარებს სიცოცხლის ფასადაც იცავს"
  • "ხარი ადამიანს მხედველობით იმახსოვრებს და არა ყნოსვით"
  • "როცა ხარები ისვენებენ, დედამიწის მაგნიტური ველის გასწვრივ წვებიან"
ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები