ხურმის ნარინჯისფერი "ფარდებიდან" 2021 წელი შემოვა - კვირის პალიტრა

ხურმის ნარინჯისფერი "ფარდებიდან" 2021 წელი შემოვა

"სოფელში 500 ტონა ჩირის დამზადებაც შეგვიძლია, მაგრამ რაკი ხალხი საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ, მოსავალი სრულად არ იკრიფება. არადა, ზოგიერთი ბევრად მძიმე შრომისთვისაც არის წასული, ვიდრე ხურმის დაკრეფა და დაჩირვაა, მაგრამ მათ იქ სტაბილურობა აჩერებთ"

გვიან შემოდგომაზე, როცა სენაკის სოფლებში ხურმის "ფარდები", ანუ ძაფებზე ასხმული ტონობით ხურმა დაიკიდება, იქაურობის ნახვას არაფერი სჯობს. ნარინჯისფრად შემოსილი სახლების აივნები ძალაუნებურად შეგაჩერებს და სილამაზით დაგატკბობს. ამ სილამაზის შექმნისთვის დიდი შრომაა გაწეული. ტონობით ხილი იკრიფება, ითლება, იკინძება და აივნებზე გასაშრობად იკიდება, მერე კი იწყება ბუნების ხვეწნა-მუდარა, რომ ხურმის გამოშრობას ნოემბრის ბოლომდე კარგი ამინდი დაამთხვიოს, რათა ჩირი არ დანესტიანდეს, არ დალპეს და ძაფს არ მოსწყდეს. თუმცა ეს უკან რჩება, როცა ნარინჯისფერი ფარდები ხურმის მოყავისფრო ჩირად იქცევა და სახლებიდან გაქრება, გაიყიდება.

მარტვილის სოფელ ნაგვაზაოში გონელი ჯღარკავა 12 ტონა ჩირის "ფარდას" ამზადებს და შემდეგ აღელვებული შეჰყურებს, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ხშირად სწორედ ასეც არის და მათ შორის წლეულსაც, როცა ახალი წლის წინ მთელი სოფლის ხურმა უკვე გაყიდულია.

- მარტვილის რაიონში შემოდგომაზე რომ ასეთი სილამაზე და სიმდიდრეა, ჯერ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, რომელთაც ჯიშიანი ხურმა მარტვილში გემებით შემოიტანეს 100 წლის წინ და მეორე მხრივ, მარტვილის დიდებული კლიმატის. ჩვენს რაიონში ისეთი ზომიერი ჰავაა, საქართველოში ყველაზე ხარისხიანი ხურმა აქ მოდის. ქვეყნის ხურმის მოსავლის ნახევარი და ჩირიც მარტვილში მზადდება. სწორედ ჩვენგან გავიდა პირველად საბჭოთა კავშირში, რომელზეც მაშინვე გაიზარდა მოთხოვნა. ჩვენი ახლანდელი პარტნიორებიც ჩირის რეალიზაციაში, უკრაინა და სომხეთი, სწორედ იმ დროიდან მოგვყვებიან. ბოლო წლებში მარტვილიდან ევროპაშიც დაიწყეს ხურმის ჩირის გატანა და რომ არა პანდემია, ახლა ამ ბიზნესით წესით აყვავებული უნდა ვიყოთ. ხალხმა ამ შემოსავლის გამო ხურმის უზარმაზარი პლანტაციები გააშენა. პანდემიამ და არა მარტო მან, ჩვენს პოსტსაბჭოთა პარტნიორ ქვეყნებში გაჩაღებულმა ომებმა ჩირის გატანა შეაფერხა. თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. ოღონდ ერთიც უნდა ითქვას - ხურმა და მისი ჩირი მაღალშემოსავლიანი პროდუქტია, რის გამოც სახელმწიფო ამ საქმეს მხარში ისევე უნდა ამოუდგეს, როგორც, მაგალითად, თხილის ბიზნესს.

- რას გულისხმობთ? - აუცილებელია ისეთივე პროგრამები ხურმის პროდუქტის გასატანად, როგორიც თხილისთვის. ხურმას ბევრად დიდი შემოსავლის შემოტანა შეუძლია, ვიდრე თხილს ან კაკალს. ეს მაშინ, როცა ხურმის გაშენებასა და მოვლაზე შედარებით ნაკლები რესურსი იხარჯება. მაგალითად, წლეულს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან გამიჭირდა, 12 ტონა ნედლი ხურმისგან დამზადებული 3 ტონა ხურმის ჩირი მაინც გავყიდე უკრაინაში. ამ ქვეყანაში ომია გაჩაღებული და რეალიზატორებსაც ეშინოდათ, რომ პროდუქტს ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, შემოსავალიც ნაკლები დამრჩა, მაგრამ მთავარია, ბუნებამ არ გვიმუხთლა, ხილის გამოშრობას წვიმა და ნისლი არ დაამთხვია და არ დაალპო. ჩემმა სოფელმა 200 ტონა ჩირი გაყიდა.

- 200 ტონა! აღარ მიკვირს, რატომ არის შემოსილი სოფლის ყველა სახლი ნარინჯისფერი "ფარდებით". - კიდევ მეტის, 500 ტონა ჩირის დამზადებაც შეგვიძლია, თუ ხურმის ყველა ის ძირი მოიკრიფება, რომელიც ჩვენს სოფელშია. მაგრამ, რადგან ხურმის რეალიზაცია გაჭირდა და ხალხიც საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ, მთლიანი მოსავალი არ იკრიფება. არადა, ზოგიერთი უცხოეთში ბევრად მძიმე შრომისთვისაც არის წასული, ვიდრე ხურმის დაკრეფა და დაჩირვაა, მაგრამ მათ იქ სტაბილურობა აჩერებთ. ჩვენ კი ისეთი შემოსავლიანი პროდუქტის რეალიზებაც გავიჭირდა, როგორიც ხურმის ჩირია. ამიტომაც ვამბობ, რომ სახელმწიფო ამ საქმეს უფრო მეტად უნდა დაუდგეს გვერდით.

- გეთანხმებით. უნდა შეგაქოთ, რომ გამოსავალს მაინც ნახულობთ. თუნდაც თქვენ როგორ დაკრიფეთ 12 ტონა ხურმა და როგორ გათალეთ? - მარტო ვერაფერს გააწყობ, მუშახელია საჭირო. მეც დავიხმარე. ეს დღეში კაცზე დაახლოებთ 40 ლარს მოითხოვს. რასაკვირველია, უკეთესია, თუ ოჯახი მრავალრიცხოვანია და ერთმანეთს ვეხმარებით, მაგრამ ყველგან ასე ხომ არ არის. მოკლედ, ერთი ქალი დღეში 120 კილოგრამ ხურმას თლის, რომლისაგანაც 30 კილოგრამი ჩირი დარჩება.

- ეს კოლოსალური შრომაა, თან ამხელა შრომა შესაძლოა ცუდმა ამინდმა წყალში ჩაყაროს, გასაშრობად დაკიდებული ხილი დაალპოს. არ შეიძლება აივნებს სპეციალური საშრობებიც მიაშველოთ? - როგორ არ შეიძლება. ხურმის ჩირის საშრობები მხოლოდ თურქეთშია, სადაც, რასაკვირველია, იმხელა ფასი ღირს, რომ მას საკუთარი ხარჯით ვერავინ შეიძენს. ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფომ ჩვენი საქმე უნდა გააძლიეროს-მეთქი. ამხელა შრომის შემდეგ პროდუქცია რომ არ გამფუჭებოდა, ერთი კარგი საქმე გავაკეთე ერთ ჩემს კახელ მეგობართან ერთად - ხურმის ელექტროსაშრობი გავაკეთეთ და ამოვისუნთქე. სხვა ჩირისგან განსხვავებით, ხურმის შრობას თავისი სპეციფიკა აქვს, ხილი მთლიანი უნდა გაშრეს. თუმცა საშრობსაც უფრო დიდი ფართობი სჭირდება, სპეციალური ნაგებობები, რომ საშრობებში ჩირი გამოშრეს და ისე განათავსო, გამოშრობის შემდეგაც არ გაფუჭდეს. ხურმის ჩირს ხანგრძლივად ყუთებში ვერ ჩაყრი, გაფუჭდება, ამიტომ რეალიზაციამდე დაკიდებული უნდა შეინახო.

- როგორც ვიცი, ხურმის ჩირი ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს. - ასეა, რადგან გემოთი ვერც ერთი ჩირი ვერ შეედრება და ვერც სარგებლიანობით. ხალხმა იცის, რომ ხურმა დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს და აფასებს ამას. არა მარტო დასავლეთ საქართველოში, სადაც ხურმა უფრო მეტია, აღმოსვლეთ საქართველოშიც საახალწლო სუფრაზე ისევე აუცილებელი გახდა ხურმის ჩირი, როგორც ჩურჩხელა ან გოზინაყი.

ჩვენმა სოფელმაც უამრავი ხურმის ბაღი გააშენა, რომ ამ საქმიდან მოგება მიეღო, ახლა კი საქმე შეფერხდა, რამდენიმე ქვეყანაში ვეღარ გადის და ხალხს ისევ უცხოეთისკენ აქვს პირი მიქცეული. რატომ? იმიტომ, რომ სტაბილური შემოსავლის იმედი არა აქვთ. მე პირადად ჩემს სოფელს ვერასოდეს მივატოვებ, გაზაფხულზე ტყემლის ყვავილობა მმატებს სიცოცხლეს და შემოდგომაზე ხურმის ნარინჯისფერი ფარდები, მაგრამ სხვასაც უნდა ჰქონდეს საქმე, რომ სამშობლო არ მიატოვოს. ამიტომ ჩვენს ნარინჯისფერ სიმდიდრეს სახელმწიფოც უნდა მიეშველოს, ჩვენ კი მარტვილიდან, ყველაზე ტკბილი ჩირის მხარიდან, ყველაზე გემრიელ და სასარგებლო ნუგბარს არ მოგაკლებთ.