"ახალ წელს შევხვდეთ ჩვენს სახლებში და ერთმანეთს ბედნიერი წელიწადი ვუსურვოთ!"
"ახალ წელს შევხვდეთ ჩვენს სახლებში და ერთმანეთს ბედნიერი წელიწადი ვუსურვოთ!"
"ძალიან მიყვარს ჩემი ხუჭუჭა ძეწნა, ძირითადად მაქვს ვარდები, არის ასტრებიც. სახლის უკან პატარა იაპონური კუთხეა"

აგარაკისა და იქ მშვენიერი მწვანე გარემოს შექმნა ბევრი ადამიანის სურვილი და საყვარელი საქმიანობაა. რეჟისორ თემურ ჩხეიძის ოჯახს უკვე 11 წელიწადია წეროვანში აგარაკი აქვს. მიწას შეძლებისდაგვარად, იქ არსებული კლიმატური პირობების შესაბამისად ამუშავებენ და გარემოს ამწვანებენ. ამ თემაზე მის მეუღლეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ნანი ჩიქვინიძეს ვესაუბრეთ. რესპონდენტთან ერთად მიმდინარე არცთუ მარტივი წელიწადიც შევაფასეთ, რადგან წლეულს თეატრს დიდი
სირთულეები შეექმნა - გლობალური პანდემიის გამო მარტიდან დაკეტილია.


- პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა არა მარტო ჩვენს ოჯახსა და გარემოცვაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია როგორც ოჯახში, ისე პროფესიაში, ამით ვსაზრდოობ...

ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილები ცალკე ცხოვრობენ. ამ რთულ პერიოდში ჩემი ასაკის გამო
ჩემთან სტუმრობას ერიდებიან. სიყვარულის გამოხატვა მხოლოდ სიტყვა ხომ არ არის?! ის შეხებაცაა, რისი საშუალებითაც ერთმანეთს სითბოს ვუნაწილებთ. ამის უფლება რომ აღარ გვაქვს, ძალიან მაკლია და მაწუხებს, უამისოდ ცხოვრება რთული აღმოჩნდა.

თეატრი დაკეტილია, თუმცა ვიღაცები რაღაცებს ცდილობენ, ზოგი ღია სივრცეში თამაშობს, ზოგი ონლაინსპექტაკლებს დგამს, მაგრამ თეატრი ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობაა. ის საშემსრულებლო ხელოვნებიდან ერთ-ერთია, რომელიც მაყურებელზეა მიჯაჭვული. ის სწორედ მაშინ არსებობს, როცა მაყურებლის სუნთქვას გრძნობს. იმედია, ეს "ქარიშხალი" გადაივლის და ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება.

- როგორც მითხარით, პანდემიის პერიოდი გასულ ზაფხულს უმეტესად წეროვანში, თქვენს აგარაკზე გაატარეთ. ისიც შევიტყვე, რომ იქ მშვენიერი და კარგად გამწვანებული ეზოც გაქვთ...
- დიდი ხნის წინ რუსთაველის თეატრს წეროვანში მიწის ნაკვეთები გამოუყვეს, სადაც ბევრმა მსახიობმა სახლები ააშენა. მაკა მახარაძემ და ნატო მურვანიძე იქ საოცარი გარემო შექმნეს.

- დიახ, ისინი ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუმრები ადრე ყოფილან...
- მესამე შვილიშვილი როცა გამიჩნდა, თბილისის შემოგარენში ბინის საზაფხულოდ დაქირავება ძალიან ძვირი იყო. დავფიქრდით, სამომავლოდ რა უნდა გვექნა, სად წაგვეყვანა ბავშვები. თემური მაშინ პეტერბურგში მუშაობდა, დადგმები ჰქონდა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, სპექტაკლებს უცხოეთშიც დგამდა და ამისთვის არ ეცალა. ერთ დღეს ნატოსგან შევიტყვე, რომ მათთან ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდებოდა. თემურმა, სად გვაქვს მაგის საშუალებაო, გაიკვირვა. საბოლოოდ, დავითანხმეთ, მიწის ნაკვეთი შევიძინეთ და თემურის ჰონორარებით ნელ-ნელა სახლიც ავაშენეთ. სპეციალისტები მოვიყვანეთ, ვინც ეზო დაგვიპროექტა. ასე რომ, უკვე მე-11 წელია, ზაფხულს იქ ვატარებთ.

- როგორია თქვენი გამოცდილება ეზოს გამწვანებაში?
- ვერ გეტყვით, რომ დიდად ვერკვევი აგრონომიასა და ბოტანიკაში, თავიდან მაკა და ნატო დამეხმარნენ, რაღაცები გადავაკეთეთ, შევასწორეთ და ლამაზი ეზო გამოვიდა.

- დეკორატიული მცენარეები გაქვთ?
- დიახ, ხეხილი კი არა გვაქვს. ცოტა მაღლობია, თან ტყის პირას ვართ, იქ მხოლოდ ტყემალი და ქლიავი ხარობს. ამიტომ უპირატესობა დეკორატიულ მცენარეებს მივანიჭე. ძალიან მიყვარს ჩემი ხუჭუჭა ძეწნა, რომელიც თემურის ბიძაშვილის ოჯახმა მაჩუქა, თავიანთი აგარაკიდან გამომატანეს, როცა მოსკოვში ვიყავი. მშვენივრად გაიხარა, გაიზარდა და ულამაზესი გახდა.

ძირითადად მაქვს ვარდები, რადგან ძალიან მიყვარს, არის ასტრებიც. ვარდები ღობეებზეც მაქვს გაშვებული. სახლის უკან პატარა იაპონური კუთხეა, დეკორატორებმა გაგვიკეთეს. ჩვენი სახლი საზაფხულოა, რადგან გათბობა არ გაგვიკეთებია. რომ გვქონოდა, ამ ზამთარსაც იქ გავატარებდი, ამ პანდემიის დროს ამაზე უკეთესი არაფერი იქნებოდა.

- ესე იგი, გარემოს გალამაზებაში მებაღე-დეკორატორებიც გეხმარებიან?
- მებაღეც მეხმარება და მსუბუქ საქმეს - ძველი ფოთლების მოშორებას, გაკრეჭას, მორწყვას - ყველაფერს, რა თქმა უნდა, მე ვაკეთებ. მაგრამ ეს მებაღეობა არ არის, ის უფრო სერიოზული, დასაფასებელი საქმეა, რომელიც მიყვარს და მომწონს. თუმცა ადრე ნაკლებად პოპულარული იყო. კარგია, რომ დღეს გარემოს გამწვანებისა და მოწყობის სურვილი ბევრს აქვს.

ისე, წლეულს ძალიან ვინერვიულე. შემოდგომაზე, როცა იქ აღარ ვიყავით, ვიღაცას, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეზოში სამი-ოთხი ძროხა შეუშვია, სადაც ერთი დღე-ღამე ყოფილან და კარგად იბალახეს. ბევრი რამ გადაღრღნეს...

- ყვავილებიც დააზიანეს?
- კი, რასაც მისწვდნენ, ყველაფერი გააფუჭეს. საგაზაფხულოდ იქაურობა კარგი დასალაგებელია. შემოდგომაზე ისეთი არაჩვეულებრივია ჩვენი ეზო, წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები ერთმანეთში ირევა. ეს სიამოვნება წლეულს ვერ მივიღეთ. მოკლედ, იმედია, გაზაფხულზე ეზო ისევ ამწვანდება, დაზიანებული მცენარეები გაცოცხლდება და ყველაფერი გაახლდება.

- ბატონი თემური ეზოს გამწვანებაში მონაწილეობს?
- თემურს ძალიან მოსწონს შედეგის ხილვა, როცა გალამაზებულ-აყვავებულ ეზოს უყურებს. შესანიშნავი შემფასებელია და შენიშვნებსაც გვაძლევს, ეს რომ აქეთ დაგერგოთ, ის კი იქით, აჯობებდაო. ჩვენც ვუჯერებთ, რადგან კარგი გემოვნება აქვს.

- აგარაკზე ამოსავლელი მშვენიერი გზა რომ არის, თქვენს სამეზობლოში მითხრეს, ბატონი თემურის დამსახურებააო.
- არა მარტო თემურის - გაერთიანდნენ გოგი ალექსი-მესხიშვილი, გია ყანჩელი და გზა გაკეთდა, მაგრამ ახლა ჩვენ ქვემოთ გაფუჭდა და ვინ შეაკეთებს, არ ვიცი.

- ახალი წლის დღეებია. როგორ აპირებთ დღესასწაულის აღნიშვნას და საერთოდ, რა საახალწლო ტრადიციები გაქვთ?
- სანამ ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ, ჩვენს ოჯახში ყველაფერი სხვანაირად იყო. ახლა, რადგან ჩემი შვილი და შვილიშვილები ცალკე ცხოვრობენ, მე და თემური მათთან მივდივართ. მოკლედ, ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებით. მერე, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, 2-ში, ბედობას, ან 7-ში, შობას სანათესავო აუცილებლად ჩვენთან მოდიოდა. წლეულს ამას რამდენად შევძლებთ, არ ვიცი. ალბათ, უნდა გავძლოთ ქეიფისა და შეკრებების გარეშე. უნდა მოვითმინოთ, რადგან ეს რისკთან არის დაკავშირებული.

ამიტომ ახალ წელს შევხვდეთ ჩვენს სახლებში და ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს ჯანსაღი, ბედნიერი წელიწადი ვუსურვოთ. ახლა ბევრი ადამიანია დეპრესიაში, ვუსურვებ, მალე დაეძლიოთ ეს პრობლემა.

- გოზინაყისა და საცივის გაკეთების ტრადიციაც ხომ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გოზინაყს ვაკეთებ, ისეთს, როგორსაც ყველა დიასახლისი, საცივს კი დედაჩემის რეცეპტით ვამზადებ. მისი რვეული მაქვს, სადაც ბევრი კარგი კერძის რეცეპტია. თუმცა რვეული უკვე ჩემმა შვილმა წამართვა და ახლა ის სარგებლობს.

ბედნიერ წელს ვუსურვებ ყველას. რაც მთავარია, იყოს მშვიდობა და ადამიანები იყვნენ ჯანმრთელი! ეს მნიშვნელოვანი რამ არის, მით უფრო ახლა!
Fjjubloof
02 მარტი 2021 00:37
viagra and adderall http://viagraonlinejc.com/ online generic viagra
ნაირა
12 იანვარი 2021 16:37
ულამაზესი ეზო და სახლი გაქვთ ქნ ნანი, მე ქვედა ქუჩაზე მაქვს აგარაკი , მიყვარს თქვენს ქუჩაზე სეირნობა, ულამაზესია. უდიდესი მადლობა მინდა ბნ თემურს გადავუხადო ყველა სიკეთისთვის რაც წეროვანის აგარაკებისათვის გააკეთა. მაგრამ კიდევ უნდა შევაწუხოთ, სასიცოცხლოდ აუცილებელია წყლის სისტემის გაკეთება, ჭაბურღილები ვერ იძლევა საკმაო რაოდენობის წყალს, ასე რომ უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმარეთ და მიიტანეთ გულთან ჩვენი სათხოვარი.მრავალი ბედნიერი შობა იზეიმოს თქვენმა საამაყო ოჯახმა ბედნიერად.

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები