ლექსო პაპას საქმე და სადღეგრძელო - კვირის პალიტრა

ლექსო პაპას საქმე და სადღეგრძელო

"მეღვინეობა-მევენახეობაში ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება"

კახეთში მარანი და ქვევრში დაყენებული ტრადიციული ღვინო ვის უკვირს, მაგრამ საქმის მიმართ ერთი მეღვინე-მევენახის განსაკუთრებულ სიყვარულზე უნდა გიამბოთ. დიახ, კაცი ექიმი რომ გახდები და ბოლოს მაინც მამაპაპეულ საქმეს დაუბრუნდები, სხვას რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა ვენახისა და ღვინის დიდ სიყვარულს?!

ლექსოს მარანს ახმეტაში, სოფელ ახშანში ბევრი იცნობს, იქ სტუმრობა განსაკუთრებით უცხოელ ტურისტებს უყვართ, თუმცა, სამწუხაროდ, შარშანდელი მარტის შემდეგ ისინი იქ აღარავის უნახავს, რადგან პანდემიამ ტურისტული სეზონი კახეთში კი არა, მთლ მსოფლიოში შეაფერხა. ლექსო ფიცხელაური წარმოშობით ხევსურეთიდანაა, მაგრამ თვითონ კი არა, მისი მამა-პაპაც კახეთში დაიბადა.

ლექსო ფიცხელაური:

- მარნის სახელწოდება პაპას უკავშირდება. ლექსო პაპა გვყავდა, რომლის მოსახელეც ვარ. მარანი საუკუნეზე მეტი ხნის არის. თავიდან ხის ფიცრული ყოფილა, მაგრამ ჩემს დაბადებამდე კედლები ბლოკით აუშენებიათ. ქვევრების უმეტესობა საუკუნეზე მეტი ხნის არის, ყველაზე დიდი 2,5 ტონამდეა, სულ პატარა - 5-ლიტრიანი.

2015 წელს კახური ტრადიციული მეთოდით პირველად დავაყენეთ რქაწითელი. გაზაფხულამდე, 6 თვე ჭაჭა-კლერტზე დავტოვეთ. რომ გავხსენით და ამოვიღეთ, ყველას მოწონება დაიმსახურა. ამან გამახალისა და 2016 წლის რთვლისთვის ტყემლოვანში (ჭიათურა) ქვევრები ზაფხულშივე შევუკვეთე. 2016 წლის მოსავალი გაფართოებულ ახალ მარანში დავაბინავეთ, ყურძნის ჯიშების ასორტიმენტი (რქაწითელი, ქისი, ხიხვი, მწვანე, საფერავი) გავზარდეთ. ხიხვს ჩვენი ადგილობრივი სახელი დავუბრუნე - მას ყოველთვის ჯანანურას ეძახდნენ (ეს სახელი სოფლის ისტორიული სახელიდან, ჯანაანიდან მოდის. 1953 წლის ამპილოგრაფიაში ახმეტის ხიხვი სწორედ ჯანანურად არის მოხსენიებული).

2018 წელს მოსავალი 5 ტონით გავზარდეთ. 2020-შიც ამდენივეთი. დაახლოებით 20 ტონის საკმარისი ქვევრები გვაქვს.

- ყურძენი სულ თქვენი ვენახიდან არის თუ ყიდულობთ კიდეც? - ჩემი ვენახიც მაქვს, მაგრამ არის ჯიშები, რომელთაც მევენახეებთან შეთანხმებით ვყიდულობ. ამასობაში არ ვცდებით. მაგალითად, შარშან ახალი ვენახი 6000 კვმ-ზე გავაშენეთ. 4000 კვმ კიდევ გვაქვს გამზადებული. ნერგები შეკვეთილია და უნდა ჩავამატოთ.

სამ წელიწადში ჩვენს მარანს ყურძნის ყიდვა აღარ დასჭირდება. ვცდილობთ, იშვიათი ჯიშები მოვიმარაგოთ. გვაქვს ჩიტისთვალა, ახმეტის წითელი. ჩავამატეთ ვარდისფერი და თეთრი მუსკატი. სულ შვიდი სახეობის ღვინო მაქვს, ყველა ქვევრისაა და ყველა - მშრალი.

- არადა, პროფესიით ექიმი ყოფილხართ... - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. ფარმაკოლოგიურ მრეწველობაში ვიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც მეღვინეობა-მევენახეობაში გადმოვბარგდი, სადაც ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება, განსაკუთრებით - ბიოქიმია და მიკრობიოლოგია.

ღვინის წარმოებაში ისეთ საშუალებებს ვიყენებ, რასაც მედიცინაშიც ვიყენებდით. ბოლოს ქვევრში ყურძნის დასაწურად თუ ღვინის გადაღების წინ, სასტერილიზაციოდ, კვარცის ნათურას ისე ჩავკიდებ ხოლმე, როგორც საოპერაციოში ჰკიდებენ. ეს ბაქტერიოციდული ნათურა პროფილაქტიკისთვის არის, რომ მიკროორგანიზმები არ დარჩეს.

ეს კარგად გვეხმარება, ყოველ შემთხვევაში, ღვინო არასდროს გაგვფუჭებია.

- მოკლედ, შედეგებით უკმაყოფილო არ ხართ... - არა, ეს არის საოჯახო მარანი, რომელიც ჩვენი სახლის ეზოში გვაქვს. გასულ წლებში ტურისტებს ვიღებდით, მაგრამ პანდემიის პირობებში შევჩერდით. ბოლო სტუმარი უცხოეთიდან გასული წლის 9 მარტს გვყავდა. ზაფხულში შიგადაშიგ რამდენიმე ჯგუფს კი ვუმასპინძლეთ, მაგრამ ისინი, უმეტესად, აქ ჩარჩენილი უცხოელები არიან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და ქართული ღვინით არიან დაინტერესებული. მცირე სასტუმროს აშენებასაც ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ შეგვაფერხა. ვენახშიც მინდა კოტეჯი ჩავდგა - ვენახის პირასაც კარგია სადილ-ვახშამი...

- მძიმე და რთულ 2020 წელს როგორ შეაფასებთ? - პანდემიამ ძალიან იმოქმედა, გაყიდვა 60-70%-ით შემცირდა. გამიმართლა, რომ ჩემი ღვინოები უკვე უცხოეთში გადიოდა. მართალია, გაყიდვა იქაც შემცირდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, უკმაყოფილო მაინც არ ვარ. ცოდო ისინი არიან, ვინც ეს საქმე წლეულს და შარშან დაიწყო, ექსპორტზე ჯერ არ გასულან და ბაზარზეც ცნობილი არ არიან.

- წელიწადში რამდენ ბოთლს ასხამთ? - 8000-ს. მინდოდა, აქედან 30%-ზე მეტი აქვე გაყიდულიყო, აქ დაელიათ ჩამოსულ სტუმრებს. ამ პანდემიას ვინ წარმოიდგენდა?

- კახეთში ტრადიციული ახალი წელი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს... როგორ შეხვდით ახალ წელს? - ადრე სხვანაირად ვემზადებოდით, მაგრამ ამ ვირუსის პერიოდში ისე აღარ გამოდის... ყველაფერი შეზღუდვების გათვალისწინებით გავაკეთეთ. მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ისეთ ახლო ნათესავებთან ერთად ვიზეიმეთ, ვისთანაც ამ პანდემიისას ისედაც გვიწევს ყოველდღიური ურთიერთობა. მოკლედ, ყველანაირად ვეცადეთ, რისკი არ გაგვეზარდა.

მოხუცებიც არ დავტოვეთ მარტო და ახალი წლის ღამე ყველამ ერთად გავატარეთ.

რაც შეეხება სუფრას, კახეთში როგორ შეიძლება, სუფრაზე არ იყოს ხაშლამა, მწვადი, სიმინდსა და ლეღვის ხეზე გაზრდილი მოხარშული დედალი, თონეში გამომცხვარი პური?!..

- ესე იგი მხოლოდ იმ ქათამს აღიარებთ, რომელიც ლეღვის ხეზეა გაზრდილი? - მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე უფრო "ემოციური გამოდის"... ეს, რა თქმა უნდა, საახალწლო ხუმრობად მივიღოთ.

- კახური იუმორიც გამორჩეულია, რითაც ასევე განსაკუთრებულია კახური სუფრა... თქვენი საყვარელი სადღეგრძელო რომელია? - ლექსო პაპამ როგორც ქვევრები დამიტოვა მემკვიდრეობით, ასევე დამიტოვა ერთი სადღეგრძელო. ყოველდღე, სადილად ორ-სამ ჭიქას სვამდა ხოლმე და იმ სამი სადღეგრძელოდან ერთი ეს იყო - "ჩვენს გავლა-გამოვლას, ჩვენს შთამომავლობას, ჩვენს ჯიშ-ჯილაგს გაუმარჯოს!" რადგან სამ ჭიქას სვამდა, უნდოდა, იმ ერთ სადღეგრძელოში ყველაფერი ეთქვა. ერთხელ ვკითხე, რას ნიშნავს გავლა-გამოვლა-მეთქი? გარეთ რომ გახვალ და მეზობელს, მეგობარს შეხვდები, გავლა-გამოვლა ეგ არის, "შთამომავლობა" ჩემი მონაგარია - შვილები, შვილიშვილები, "ჯიშ-ჯილაგი" - მთელი სანათესაო, ვინც მყავსო. მამიდაჩემი რომ გათხოვდა, სიძისა და რძლისთვის გული რომ არ დაეწყვიტა, სადღეგრძელოს რძალ-სიძეც დაამატა... თავისი გასაშლელი სკამი ჰქონდა. ყოველ საღამოს გარეთ გამოიტანდა, გაშლიდა, დაჯდებოდა და სიძეს ელოდებოდა. სავახშმოდ არ დაჯდებოდა, სანამ სიძე არ მოვიდოდა.

- ლექსო პაპას ტრადიციული სადღეგრძელოც შესვით, ხომ? - რა თქმა უნდა... განსხვავებული სასმისების მომხრე არ ვარ, პატარა ლამაზი სასმისები მაქვს. გვაქვს ერთი ყანწი, 70 გრამი ჩადის.

- 2021 წლისთვის ჩვენს მკითხველს, დამწყებ თუ მოყვარულ ფერმერებს რას ურჩევთ და უსურვებთ? - ალბათ, როგორც ყველა ქართველის, ჩემი სურვილია, გვქონდეს ჯანმრთელობა, ერთმანეთის სიყვარული და გაერთიანებული ქვეყანა.

რაც შეეხება რჩევას, ამ პანდემიის პერიოდში ვურჩევდი, რომ ნუ დაითრგუნებიან, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიფრთხილოთ. ბევრ ადამიანს დეპრესიულ მდგომარეობას ვატყობ. სოციალური აქტივობა უნდა შევინარჩუნოთ ბიზნესის განვითარებით. შესაძლოა, სოფელში ისე არ იგრძნობა პანდემიის სიმძიმე, რადგან ხან ვენახში გადიხარ, ხან საკარმიდამო ნაკვეთში შრომობ, სუფთა ჰაერზე ხარ, მაგრამ თბილისში, კორპუსებში ცხოვრება რთულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ, ეს პანდემია როგორმე გადავიტანოთ.

ცხადია, ჩვეულ რეჟიმში ჯერ ვერ ჩავდგებით, კიდევ ექნება კუდები ამ ვირუსს, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება.

არ მიყვარს ბანკის სესხით, ვალით საქმის დაწყება. თუ დანაზოგი არ გაქვს, რისკი მაღალია... ყველას ვურჩევ, ფინანსური რისკით ბიზნესს ნუ დაიწყებენ. თუ რამე საშუალება აქვთ, ან საკუთარი დანაზოგი, მხოლოდ მაშინ შეეჭიდონ საქმეს. ყველას წარმატებულ წელს ვუსურვებ!