მწვანე ოქროს "საბადო" ჭიათურის ცასთან ახლოს
მწვანე ოქროს "საბადო" ჭიათურის ცასთან ახლოს
"ქიმიური სასუქი არც ერთ რეაბილიტირებულ პლანტაციაში არ შეგვიტანია. მიწა ორგანული სასუქით გავანოყიერეთ"

შარშანდელმა პანდემიამ სოფლის მეურნეობასაც მძიმე კვალი დაატყო, თუმცა არის ისეთი დარგებიც, რომელთა განვითარების პრიორიტეტულობა კიდევ ერთხელ აღიარეს. ასეთია ქართული ჩაი, რომლის რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამა 2016 წლიდან დაიწყო და შარშან უნდა შეწყვეტილიყო, თუმცაღა გასული წლის ოქტომბერში მისი გაგრძელება გადაწყდა. ამის საფუძველი გახდა ჩაის ფასის ზრდა მსოფლიო ბაზარზე და ხარისხიანი ქართული ჩაის პოტენციალი.

ნიშანდობლივია, რომ პროგრამით, უპირველესად, ჭიათურის ჩაის რეაბილიტაცია
დაფინანსდა. რატომ მაინცდამაინც ჭიათურის, სადაც საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, ამ კულტურის მოსავალი მცირეა? საქმე ის არის, რომ მაღალი ხარისხის გამო წარსულში სწორედ ჭიათურის "მწვანე ოქრო" ითვლებოდა მთელი ქართული ჩაის გამამდიდრებლად. 2016 წლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დავით მოდებაძე უძღვებიან. წარმოშობით
ჭიათურელი სპეციალისტი დედაქალაქიდან მშობლიურ ქალაქში სწორედ სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის დაბრუნდა. აქ დაახლოებით 100 ჰექტარი ჩაის პლანტაციის აღდგენაა განზრახული.

- საქართველო თითქმის მთელ საბჭოთა იმპერიას ამარაგებდა ჩაით - მაგრამ ალბათ, ყველამ როდი იცის, რომ საქართველოდან გატანილი ჩაის დიდი ნაწილი სწორედ ჭიათურის მთებში მოკრეფილი ჩაით მდიდრდებოდა, მას საგანგებოდ ურევდნენ მოკრეფილ მასაში. რატომ? როგორც ცნობილია, ჩაის ხარისხს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის - გენეტიკური მახასიათებლები, სიმაღლე ზღვის დონიდან, ნიადაგი, კლიმატი, საველე სამუშაოები. ჭიათურაში ჩაის პლანტაციები ზღვის დონიდან გაცილებთ მაღლაა, ვიდრე საქართველოს სხვა კუთხეებში. სოფელ ხრეითში ზღვის დონიდან 1200 მეტრზე ახლაც არის შემორჩენილი სარეაბილიტაციო პლანტაციები. ამას დავუმატოთ ნიადაგი და კლიმატი და გასაგები იქნება, რატომ არის ჭიათურის ჩაი ხარისხიანი, მაგრამ სამწუხაროდ, ჭიათურაშიც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ჩაის პლანტაციების უდიდესი ნაწილი გაველურდა. ამის გარდა, რეაბილიტაციისას თავი იჩინა სხვა სირთულეებმაც. მაგალითად, მიწა, რომელზეც პლანტაციების დიდი ნაწილია, გაყიდულია.

ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩაის რეაბილიტაციაა, უპირველესად, ჩაის ბუჩქების მძიმე გასხვლასა და იმ გატყიურებული ნაწილის ამოძირკვას შევუდექით, რომლითაც გაველურებული პლანტაციები იყო დაფარული.


- კარგია, რომ ჩაის მძიმე გასხვლით აღორძინების უნარი აქვს, თორემ პლანტაციების ხელახალი ჩაყრით გაცილებით რთული იქნებოდა მეჩაიეობის აღდგენა.
- მართალია. ახალი პლანტაციების ჩაყრასა და შემდეგ მასზე ჩაის კრეფის დაწყებას დაახლოებით სამჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მძიმე გასხვლის შემდეგ აღორძინებული ჩაის მოწევას. საქმეს ნაწილ-ნაწილ შევუდექით. ზღვის დონიდან შედარებით დაბალი სიმაღლეებიდან დავიწყეთ: თვალუეთიდან, გეზრულიდან, ზოდიდან, მანდაეთიდან. მანდაეთში, მაგალითად, პროგრამას გადაეცა 19,21 ჰა მიტოვებული ჩაის პლანტაციები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაა.

- ზოდში მოწეული ჩაი უკვე ცნობილია საქართველოში...
- არა მხოლოდ. ჭიათურაში ამ პროგრამით შვიდი კოოპერატივი და ოთხი ჩაის მინისაწარმო დაფინანსდა და ამუშავდა. ამ საწარმოებში მთის ჩაი უკვე მესამე წელიწადია მზადდება და რაოდენობა თანდათან იმატებს. თუმცა მე ვარჩევდი, პროგრამით გათვალისწინებული ჩაის რამდენიმე მცირე საწარმოს ნაცვლად ერთი დიდი ფაბრიკა აშენებულიყო, სადაც ყველა კოოპერატივის მოკრეფილი ჩაი დამუშავდებოდა. ამ გზით უფრო ადვილი იქნებოდა ინვესტორების მოძიებაც და ჩაის რეალიზაციაც, თუმცა ყველაფერი წინ არის.

დღეს მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი ჩაის ფასი იზრდება და მომავალში კიდევ მოიმატებს. ვფიქრობთ კოოპერატივების გაერთიანებასა და საერთო მაღალხარისხოვანი ბიოჩაის დამზადებას. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ქიმიური სასუქი არც ერთ რეაბილიტირებულ პლანტაციაში არ შეგვიტანია. მიწა ორგანული სასუქით გავანოყიერეთ. ვფიქრობთ, ჩვენც გავყიდით ექსპორტზე ჩაის, რომლის ფასი დაახლოებით 300 ლარი იქნება. ამ შემთხვევაში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაში მსურველთა რიცხვიც, რასაკვირველია, გაიზრდება და, რაც მთავარია, მუშახელიც არ გაჭირდება.

- მუშახელი დღეს მეურნეობის ყველა დარგში ჭირს...
- ჭიათურაში, მაგალითად, ჩაის კრეფაში 1 კილოგრამისთვის 3-დან 5-ლარამდე უხდიან. უფრო მაღალ ფასს მაღალხარისხოვანი ჩაის მკრეფავებს (დუყზე სამი ფოთოლი) აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის კრეფა ადვილი არ არის (ისევე, როგორც სხვა შრომა), არიან მკრეფავები, რომელთაც დღეში რამდენიმე ათეულ კილოგრამამდე ჩაის მოკრეფა შეუძლიათ. ნუთუ ეს მცირე თანხაა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ხალხს ურჩევნია, თურქეთში წავიდეს ჩაის საკრეფად და ოჯახისაგან შორს, არცთუ შესაფერის პირობებში იცხოვროს. ეს ნორმალურია? სოფლის ორღობეებში უსაქმოდ მდგარი ახალგაზრდებიც არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დაგთანხმდებიან მუშაობაზე.

- ამჯერად, ალბათ, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა გაშენებულ პლანტაციებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია.
- დიახ. ახლა ვფიქრობთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს სოფელ ხრეითში ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე პლანტაციებს და ამ მიდამოების ჩაიც მიემატოს მოსავალს, რომელსაც უკვე ვიღებთ. მოსავლის რაოდენობა თანდათან გაიზრდება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ წლეულს სოფელ ქვაციხის კოოპერატივმა დაახლოებით 5 ტონა ჩაი მოკრიფა. დადგება დრო, როცა ვიპოვით ქვეყანას, სადაც ჭიათურის ჩაის სიამოვნებით მიიღებენ.
აბდა-უბდა
09 იანვარი 2021 12:10
სანამ „- მუშახელი დღეს მეურნეობის ყველა დარგში ჭირს...“ - ეს თემა არ გახდება მედიის, პოლიტიკური ელიტის, კულტურის სფეროს წამყვანი თემა თუ საზრუნავი... განვითარება არ გვიწერია.
PS. სად ან როგორც შეიძლება ამ ჩაის დაგემოვნება?
სიმართლე.
09 იანვარი 2021 11:07
ჩაიზე, რომ წერთ, საინტერესოა რა არ გაძვირდა.
კოკი
08 იანვარი 2021 15:53
წარმატებები

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა