ყველაზე სწრაფი არსება დედამიწის ზურგზე
ყველაზე სწრაფი არსება დედამიწის ზურგზე
"ხშირად შევარდნის მართვეები გასაყიდად უცხოეთში - აღმოსავლეთის ქვეყნებში მიჰყავთ. შევარდნის მართვეები ძვირად ფასობს. ის მთელ მსოფლიოში ბაზიერების რჩეული ფრინველია"

თვალებბრიალა, ლამაზი ბუმბულით შემოსილი შევარდენი ფრინველთა სამყაროს მშვენებაა. თვით შევარდნის (შავარდნის) გარდა, შავარდნისნაირთა რიგს მიეკუთვნება მარჯანი, ალალი, თვალშავი ანუ ძელქორი, ბარი ანუ გავაზი, ჩვეულებრივი კირკიტა და კიდევ სამი ათეული სახეობა. შევარდენი გამოირჩევა მოხერხებულობითა და სიმკვირცხლით, მეტიც - ის ყველაზე სწრაფი ფრინველია დედამიწაზე. ეს ინფორმაცია ორნითოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა მოგვაწოდა, რომელიც ამ მშვენიერ
ფრინველზე დაწვრილებით გვესაუბრა.

- შევარდენი მართლაც საინტერესო და გამორჩეული ფრინველია, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ის თითქმის ყველგან გვხვდება - როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ფრინველს შევარდენსაც უწოდებენ და შავარდენსაც - ორივე ეს სახელწოდება სწორი და მართებულია.

უმაღლეს სისწრაფეს შევარდენი პიკირების დროს ავითარებს

- თუ შევარდენი ყველგან ბევრია,
წითელ ნუსხაში რატომ შეიტანეს?
- შევარდენი ჩვენს წითელ ნუსხაშია შეტანილი იმიტომ, რომ საქართველოში მათი მხოლოდ 60-80 წყვილი ბინადრობს. ჩვენთან ის შედარებით იშვიათი სახეობაა. შევარდენი ბაზიერებისთვის ძალიან მიმზიდველი ფრინველია. მას სპეციალურად იჭერენ, რომ გაწვრთნან და მისი დახმარებით სხვა ფრინველებზე ინადირონ. ჩვენთან სანადიროდ უფრო მიმინოს იყენებენ, თუმცა შევარდენიც ერთ-ერთი პოპულარული სანადირო ფრინველია, მიმინოსა და ქორის შემდეგ.

- როგორ წვრთნიან შევარდენს?
- სანადიროდ გასაწვრთნელად შევარდნის მართვეს ამოიყვანენ ხოლმე ბუდიდან. როგორც წესი, ეს ფრინველი კლდეებზე ბინადრობს და ბუდესაც იქ იშენებს. მსოფლიოს ზოგიერთ ადგილას შევარდენი ყვავების ან სხვა ფრინველების ბუდეებში სახლდება, ან თავის ბუდეს იკეთებს ხეებზე, საქართველოში კი თთქმის ყველა ბუდე კლდეებზეა. მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვიცი, როცა შევარდენს ბუდე შენობაზე აუგია. მონადირეები პოულობენ მის ბუდეს და მართვეები ამოჰყავთ. ამის გამო ბევრი ბუდე ნადგურდება და სწორედ ამით აიხსნება, რომ ეს ფრინველი არაერთ ქვეყნის წითელ ნუსხაშია შეტანილი. ძველ დროში შევარდნებით ნადირობა ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი იყო. ამჟამად ქართველ ბაზიერებს შორის მიმინო უფრო პოპულარულია, რადგან მისი გაწვრთნა უფრო ადვილია. ახალგაზრდა მიმინოებს გადაფრენისას იჭერენ. ბაზიერს შეუძლია მიმინო სექტემბრის დასაწყისში დაიჭიროს, გაწვრთნას, სექტემბრის ბოლოდან მწყერზე ინადიროს და ოქტომბრის ბოლოს გაუშვას. მომდევნო წელს ისევ დაიჭიროს... შევარდენს ასე ვერ მოექცევი. ჯერ მისი მართვე უნდა გაწვრთნა და ამას დიდი დრო სჭირდება. შევარდენს თუ დაიჭერენ, აღარ უშვებენ და ერთხანს მაინც თავისთან ჰყავთ. შევარდენი უფრო მოზრდილ ფრინველებზე ნადირობს, ვიდრე მიმინო. ისინი სხვადასხვაგვარად ნადირობენ და გაწვრთნაც განსხვავებული სჭირდებათ.

შევარდენი 3-4 კვერცხს დებს, მაგრამ მისი ბუდე თუ მოიშლება, შევარდენი იმ ადგილას აღარ რჩება. ის ფრთხილი ფრინველია და არასდროს ჩერდება ისეთ ადგილებში, სადაც საფრთხე ემუქრება.

ხშირად შევარდნის მართვეები გასაყიდად უცხოეთში - აღმოსავლეთის ქვეყნებში მიჰყავთ, რადგან საქართველოში მას სანადიროდ მასობრივად არ იყენებენ, უცხოეთში კი შევარდნის მართვეები ძვირად ფასობს. ის მთელ მსოფლიოში ბაზიერების რჩეული ფრინველია და არაბულ თუ ევროპულ ქვეყნებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სანადირო ფრინველად არის მიჩნეული.

- კიდევ ვინ ემტერება შევარდენს?
- როგორც ნებისმიერ ფრინველს, შევარდენსაც ყველაზე მეტად ადამიანები ემტერებიან. განსაკუთრებით - მტრედების მოყვარულები, რადგან შევარდენი პატარა ფრინველებით იკვებება, მათ შორის - მტრედებით. ამიტომ შევარდენი რომ გამოჩნდება, იციან, რომ შეიძლება მტრედები დაკარგონ და მას თოფითაც კლავენ.

alt

- ხალხში ამბობენ, რომ შევარდენი ძალიან ჭკვიანი ფრინველია. ეს სიმართლეა?
- შევარდენი ე.წ. ინტელექტუალ ფრინველებს შორის არ ირიცხება. ორნითოლოგები მიიჩნევენ, რომ ყვავი გაცილებით ჭკვიანია. იგივე უნდა ვთქვა თუთიყუშის ზოგიერთ სახეობაზე. სპეციალისტები, რომლებიც ამ ფრინველების ქცევას აკვირდებიან, აღიარებენ, რომ შევარდენი განსაკუთრებული გონიერებით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, მას აქვს თვისება, რომელიც ყველა ფრინველისა და ცოცხალი ორგანიზმისაგან გამოარჩევს.

- რომელ თვისებას გულისხმობთ?
- შევარდენი უნიკალურია იმით, რომ ყველაზე სწრაფი არსებაა დედამიწის ზურგზე, არა მარტო ფრინველებს, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმს შორისაც. სანამ ადამიანები თვითმფრინავს გამოიგონებდნენ, შევარდენზე სწრაფად ფრენა არც ერთ სულიერ არსებას არ შეეძლო. ყველაზე სწრაფი სახეობაა პელეგრინის შევარდენი, იგივე საპსანი. ნადირობის დროს მისი სიჩქარე საათში 300-320 კილომეტრია. სისწრაფით ისინი ღამურებსაც ჯობნიან და ნამგალებსაც. მართალია, აქტიური ფრენის დროს ნამგალაც ძალიან სწრაფად დაფრინავს, მაგრამ შევარდენი პიკირების დროს უმაღლეს სისწრაფეს ავითარებს. მიუხედავად იმისა, რომ შევარდენი საშუალო ზომის ფრინველების რიცხვს მიეკუთვნება და მისი ფრთების შლილი მხოლოდ 100 სანტიმეტრია, მისი სისწრაფე განსაცვიფრებელია. ყოფილა შემთხვევა, როცა შევარდენს 389 კმ/სთ სიჩქარითაც უფრენია. ეს მისი მაქსიმალური სიჩქარეა. როდესაც მსხვერპლს დაინახავს, შევარდენი ძალიან მაღლა ადის, მერე მთელი სისწრაფით ეშვება ძირს და საბრალო მსხვერპლს მოულოდნელად ესხმის თავს.

- დასასრულ, როგორია იმ კვლევის შედეგი, რომელიც ილიაუნის მკვლევრებმა შევარდნის შესასწავლად ჩაატარეს?
- ეს ფრინველები შევისწავლეთ და აღვრიცხეთ კიდეც. საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, 60-დან 80-მდე წყვილი ბინადრობს. ეს არის მკვიდრი სახეობა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ აქ რჩება. ზუსტი ციფრი იმიტომ არ ვიცით, რომ შევარდნები საქართველოში მიგრაციის დროსაც შემოდიან. ფაქტია, რომ შევარდენი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არც ისე დიდი რაოდენობით ბუდობს, ამიტომ ის ძალიან მოსაფრთხილებელი ფრინველია.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები