"ვერ დაველოდებოდი სახელმწიფოს მოწყალებას და გრანტებს, ის საქმე ვარჩიე, რითაც საარსებო სახსარს ვიშოვიდი"
"ვერ დაველოდებოდი სახელმწიფოს მოწყალებას და გრანტებს, ის საქმე ვარჩიე, რითაც საარსებო სახსარს ვიშოვიდი"
"ზამთარში ფუტკარი ჩვილი ბავშვივით არის მოსავლელი. როგორც კი აცივდება, შრომას წყვეტს და გლეხკაცივით ისვენებს"

როცა ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, მძაფრად დგას სურსათის ხარისხისა და საკმარისობის პრობლემა, ქების ღირსია ყველა ის ახალგაზრდა, ვინც პროდუქციას ქმნის. მით უფრო, თუ ეს პროდუქცია დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შრომის იმედად იქმნება. 27 წლის ოზურგეთელმა ხვიჩა ჭეიშვილმა თავისი არცთუ დიდი ხელფასი დაზოგა, რათა ჩოხატაურში საფუტკრედ 2000 კვმ მიწა ეყიდა. მართალია, ნაკვეთის შეძენა ოზურგეთში ერჩივნა, რადგან ოზურგეთიდან ჩოხატაურში
უმანქანოდ ვერ წახვალ და ეს ხარჯს მოითხოვს, მაგრამ ახალგაზრდა მეწარმეს ურჩევნია მაღალხარისხოვანი თაფლი ჰქონდეს და ამ გზაზეც ყოველდღე იაროს.


საფუტკრისთვის ადგილი ხვიჩამ ტყის ნაპირას შეარჩია. გურიის ამ ლამაზ კუთხეში მეფუტკრეობისთვის მრავალფეროვანი გარემოა. აკაციის, წაბლის, ცაცხვის ყვავილის გარდა, უხვადაა ადრეულ გაზაფხულზე მოყვავილე თხილი და შინდი. ამას
გარდა, უხვად არის ტყის ბუჩქნარი, მოცვი და წყავი, მაღალხარისხოვანი სამკურნალო მცენარეები. ადრე გაზაფხულიდან ახალგაზრდა მეწარმე დედა ფუტკრის გამოყვანასაც დაიწყებს, რაზეც დიდი მოთხოვნაა.

ხვიჩა ჭეიშვილი:

- ვერ დაველოდებოდი სახელმწიფოს მოწყალებას, გრანტებსა თუ სხვა დახმარებებს და ის საქმე ვარჩიე, რითაც საარსებო სახსარს ვიშოვიდი.
მიწა ადამიანს არასოდეს უმტყუნებს - თუკი მაინც ისე მოხდა, რომ მეურნეობის რომელიმე დარგი დაუზიანდა, სხვა დარგში გამონახავს საარსებო საშუალებას.
ისიც ცხადია, რომ ამ საქმიანობასაც უნდა ჰქონდეს მცირე საფუძველი, რაშიც ჩემი სამსახურის მცირე ხელფასი და ოჯახი დამეხმარა.

მართალია, ოზურგეთში ვცხოვრობთ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით სოფლის მეურნეობით თავის რჩენას. საფუტკრე ნაკვეთი ჩოხატაურში შევიძინე, შემოვღობე და საფუტკრე გავაშენე.

ყოველდღიურად საფუტკრემდე შორს სიარული მიწევს, მაგრამ ეს არ მაწუხებს, რადგანაც ვიცი, რომ ფუტკრის საკვებად და თაფლის ხარისხისთვის საუკეთესო ადგილი შევარჩიე.

ჩოხატაურის ტყეებსა და სოფლებში მრავალფეროვანი მცენარეული ხარობს. აქ ზომიერი ტენიანობა, სითბო და რაც მთავარია, ეკოლოგიური სისუფთავეა. ჩემი საფუტკრის არეალში ნებისმიერი მცენარე ხარობს. იქ გაზაფხულზე მტვროვან-ცილოვანი მცენარეების დიდი მრავალფეროვნებაა, დაწყებული შერეული ტყით, წაბლით, აკაციით და დამთავრებული ბუჩქოვანი მცენარეებით.

არის თაფლის დამზადებისთვის ძალიან საინტერესო მცენარე წყავი. მართალია, როცა წყავი წაბლის თაფლს ერევა, ოდნავ მომწარო გემოს აძლევს, სამაგიეროდ, უდიდესი სამკურნალო მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებისთვის.


- როცა ფუტკარი მეფუტკრეს შორს გაჰყავს და ღამით ვერ ყარაულობს, არის თუ არა სკების მოპარვის საშიშროება?
- ყაჩაღს სკა რად უნდა? თუ კაცმა სკიდან თაფლის ამოღება არ იცის, ფუტკარი დაკბენს და დაასივებს, პატიოსანი მეფუტკრე კიდევ სხვის შრომაშელეულ ფუტკრის ოჯახს არ იყიდის.

- სულ რამდენი სკა გაქვთ?
- 50... და მეტის გაშენებას ვაპირებ. ოზურგეთიდან ჩოხატაურში ზამთარ-ზაფხულ დავდივარ, მაგრამ განსაკუთრებით ზამთარში ვღელავ, ჯერჯერობით, დიდი ყინვა არ არის, მაგრამ სკები ყინვასაწინააღმდეგო ტილოთი დიდი ხანია დავფარე, რათა ფუტკარმა სიცივე გადაიტანოს. ზამთარში ფუტკარი ჩვილი ბავშვივით არის მოსავლელი. როგორც კი აცივდება, შრომას წყვეტს და გლეხკაცივით ისვენებს, შენ კი უნდა გამოკვებო და სითბო შეუნარჩუნო. თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ სულ მცირე დეტალიც რომ დააკლო, სკები განადგურდება.

- ვიცი, რომ ხარისხიანი ქართული დედა ფუტკარიც გამოგყავთ და მასაც უკეთებთ რეალიზაციას. ქართული დედა ფუტკრის გამრავლება საშვილიშვილო საქმეა.
- ოჯახში მუდამ გვყავდა და გვყავს პირუტყვი და ფრინველი, ცხადია, მათ მოვლაში ოჯახს მეც ვეხმარებოდი. მეფუტკრეობაში მოგვიანებით ჩავერთე და ამ დროს ვისწავლე, რა სჭირდება ფუტკარს. რამდენიმე წლის წინ, როცა ქართული დედა ფუტკარი გადაშენების პირას დადგა, მამაჩემმა მისი გამოყვანა დაიწყო. მამაჩემს თითოეული ოჯახიდან რამდენიმე ათეული დედა გამოჰყავდა. ეს ერთგვარი სელექციაა, გადარჩევის საშუალებით სულ უფრო უკეთეს ფუტკარს იღებ. ნათესაური შეჯვარებაც უნდა აირიდო, რადგან ეს ნებისმიერ სულიერს აკნინებს. საბოლოოდ მივიღეთ ხარისხიანი დედა ფუტკარი, რომელმაც თანდათან გაითქვა სახელი. ცხადია, კლიენტიც გამოჩნდა და ამჟამად სეზონზე 500 დედა ფუტკარს ვყიდი. დედა ფუტკარი 20-25 ლარამდე ღირს.

- თაფლის გაყიდვას როგორ ახერხებთ?
- ადგილობრივად ვყიდი. ვინც ჩემგან თაფლი იყიდა, მოეწონა და ისევ მოვიდა შესაძენად. ხალხმა იცის, რომ ეს ბიოთაფლია. ნატურალური თაფლის ამოსაცნობად დიდი ტექნოლოგიები არ არის საჭირო, მომხმარებელი თაფლის ნატურალურობას ლაბორატორიის გარეშეც ადვილად ატყობს. ისე კი არაერთმა მომხმარებელმა მითხრა, შენი თაფლი ლაბორატორიაშიც შევამოწმებინე და გმადლობ, რომ მართალი კაცი ყოფილხარო.
glexi
17 იანვარი 2021 21:41
150 ოჯახი ფუტკარი მყავს კახეთში ნატურალური თაფლი მაქ ვერა ვყიდი, მასწავლეთ თუ იცით პატიოსანი შრომით როგორ ვიცხოვრო?

ქართველი
17 იანვარი 2021 19:00
ღმერთმა დაგლოცოს ახალგაზრდავ, გაიხარე და გამრავლდი.....
კოლხი
16 იანვარი 2021 00:17
მოგვაწოდეთ თქვენი მონაცემები თაფლის შესაძენად როგორ დაგიკავშირდეთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა