ვაზი სათბურში
ვაზი სათბურში
მეურნეებმა ყურძნის მოყვანის ტრადიციულ მეთოდს "გადაუხვიეს"

შავ თითას საღვინედ ვიყენებ. თავიდან ნერგებმა რომ გაიხარა, სამი ძირი შევარჩიეთ, ვაკვირდებოდით, გვაინტერესებდა, როგორ გაიხარებდა. ახლა თითო ძირიდან 70 კილოგრამამდე ჩამოვიდა. მერე ხერხი ვიხმარეთ - ძირი რომ არ დაზიანებულიყო, ვაზს ბევრი საკვები აღარ მივაწოდეთ და უფრო მეტად გავსხალით. ახლა, სულ ცოტა, 50 კილოგრამამდე ყურძენს ისხამს

ლეგა ონიანი ეკომიგრანტია, მისი ოჯახი ხონის სოფელ ახალშენში სვანეთიდან 1987 წელს ჩაასახლეს. ლენტეხის სოფელ სასაშში საუკუნეზე მეტი ხნის სახლი
დამეწყრილ ეზოში დღესაც დგას. "სახლი ჩემი მამა-პაპისაა, ძველი და საცხოვრებლად უვარგისი. ამიტომაც გადმოვსახლდით იმერეთში. სოფელი ახალშენი წყალტუბო-ხონის გზაზეა, მას სვანების უბანსაც ეძახიან", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ლეგა ინჟინერ-ტექნოლოგია, მეუღლე ხათუნა ხარაბაძე კი პედაგოგი. საკარმიდამო ნაკვეთზე მცირე მეურნეობა აქვთ. სხვათა შორის, თეთრი და შავი თითა ყურძენი
სათბურში გაახარეს. ამ საქმეში "პირველი მერცხლები" აღმოჩნდნენ და ისიც დაამტკიცეს, რომ ხონის არცთუ ნოყიერ ნიადაგზე ყურძნის მოყვანა სავსებით შესაძლებელია.

- სათბურში ვენახი როდის გააშენეთ?
- 4 წლის წინ ვცადე ვენახის გაშენება. ამის იდეა თვით სათბურის კონსტრუქციამაც მომცა, მაღალია, ტალავრის ფორმა აქვს და ამიტომაც ჩავყარე ვაზი.
სათბური უფრო იმიტომ ვამჯობინე, რომ ჩვენს სოფელში არ არის ნოყიერი მიწა, ღია გრუნტში ჭირს ყურძნის მოყვანა. ვიფიქრე, დახურულ სივრცეში პირობებს შევუქმნი და იქნებ გაიხაროს-მეთქი. ნერგები მეგობარმა სოფელ დიღმიდან გამომიგზავნა, იქ მეურნეობა აქვს.


- სათბური რამხელაა?
- 240 კვადრატული მეტრია. წლეულს თითქმის შეივსება და გაისად უკვე კარგად იქნება დატვირთული.
შავ თითას საღვინედ ვიყენებ. თავიდან ნერგებმა რომ გაიხარა, სამი ძირი შევარჩიეთ, ვაკვირდებოდით, გვაინტერესებდა, როგორ გაიხარებდა. ახლა თითო ძირიდან 70 კილოგრამამდე ჩამოვიდა. მერე ხერხი ვიხმარეთ - ძირი რომ არ დაზიანებულიყო, ვაზს ბევრი საკვები აღარ მივაწოდეთ და უფრო მეტად გავსხალით. ახლა, სულ ცოტა, 50 კილოგრამამდე ყურძენს ისხამს.

შავი ყურძნიდან ღვინო დავწურეთ, თეთრი მეზობლებს, ახლობლებს ვუწილადეთ და ჩვენც შევინახეთ სტუმრის გასამასპინძლებლად, ნაწილი ჩავაბარეთ.

- ნიადაგი არც ისე კარგიაო, რით ამდიდრებთ, რომ ვაზმა ასე გაიხარა?
- ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ მიწაზე ასეთ ყურძენს მოვიწევდი, მაგრამ გაამართლა. თავიდან გადამწვარი ნაკელის გამოყენება მირჩიეს, აზრს სხვებსაც დავეკითხე და ბოლოს ბიოსასუქზე შევჩერდი. მიწას რამდენიმე დასახელების ბიოსასუქით ვანოყიერებ. რაკი შედეგი არის, ვენახის ღია გრუნტში გაშენებასაც ვაპირებ. მგონი, გაამართლებს.

- მოკლედ, სვანმა კაცმა იმერეთში მევენახეობა სათბურში დაიწყეთ...
- ასე გამოვიდა... სვანეთში ვაზი უფრო დაბლობში ხარობს. მაღალი ხარისხის ცოლიკაური მოჰყავთ, შესანიშნავი ღვინო გამოდის. ჩვენს სოფელში არის ყურძნის ერთი ჯიში, რომელსაც კაჭიჭს ეძახიან. ახლა მის შემადგენლობას იკვლევენ. ის ყურძენი კი, აქ რომ გავახარეთ, სვანეთში იხარებს თუ არა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- თქვენმა მეზობლებმაც ხომ არ მოისურვეს მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება?
- კი, რამდენიმემ ნერგები ჩვენგან წაიღო ღია გრუნტში დასარგავად, თუმცა, შესაძლოა გარეთ გაუჭირდეს. ერთმა მეღვინემ ვანში წაიღო და მშვენიერი შედეგი მიიღო, თანაც იქ ნიადაგი უკეთესია.

- მოკლედ, მაგ მხარეში სათბურში ვენახის გაშენებაში პიონერები ხართ.
- ასე გამოდის... ამ საქმეს იმიტომაც გავაგრძელებ, რომ მომწონს ვაზის მოვლა. წლეულს ტალავრის გაშვებას ვაპირებ.
შემოდგომაზე სათბური ცალი მხრიდან ღია დამრჩა ("კოვიდი" მძიმედ გადავიტანეთ და იმიტომ), თუმცა სიცივეშიც მშვენივრად გრძნობს თავს. სათბურში რაღაცების დათესვასაც ვფიქრობდით, მაგრამ რაკი ხელი შეგვეშალა, იყოს ღია, ზამთარმა გაიაროს, თან დავაკვირდები, ასეთ პირობებს როგორ გაუძლებს.

- რას ურჩევთ მეურნეებს?
- არა მარტო ვენახს, რასაც ვთესავ, ხელს ვუწყობ და ყველაფერი კარგად მოდის. თუ სათბურში ვაზის ჩაყრას გადაწყვეტენ, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებიან, ოღონდ თავიდან მეტი ყურადღებაა საჭირო.

- სათბურში ვენახის გაშენება რა დაგიჯდათ?
- არაფერი. კონსტრუქცია მქონდა, ნერგები გამომიგზავნეს. მხოლოდ ცელოფანი ვიყიდე და კონსტრუქცია გადავხურე. თვითნასწავლი მევენახე ვარ და ასე სწავლა-სწავლით შევძელი ბევრი რამ. ამას სხვა დატვირთვაც აქვს - ვენახი სახლთან 15-20 მეტრშია, ეზო დიდი გვაქვს, რომელსაც ზაფხულში კარგად ვაწყობ, რომ მოსასვენებელი ადგილი იყოს.

- სვანეთში აპირებთ სახლის აღდგენას?
- სვანეთში ძველი სახლის გამაგრებას ვაპირებ. წარმოიდგინეთ, ბაბუაჩემი 1900 წელს დაიბადა და ის სახლი უკვე აშენებული იყო. ამიტომ მინდა იმ ისტორიული კედლების შენარჩუნება, სადაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. იქაურობა ჩემს შვილებსაც უყვართ. ზაფხულობით გული სიხარულით მხოლოდ იქით მიუწევთ. ასე რომ, როგორც შეგვიძლია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ ფესვებს.
ალექს
08 აგვისტო 2021 08:19
სრულიად სრულყოფილებაა ვაზი, მისი გვირგვინი მტევანია და ის იმეორებს სამყაროს ფორმას - მასავით უამრავი სფეროსაგან შესდგება და შიგ მზეა ამ სფეროებში !

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა