არაშენდას მადლიანი სახლი
არაშენდას მადლიანი სახლი
"ამას დავარქვი "სურვილების ხე". ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, სიბერეში თითო-თითოს ჩამოვხსნი და ვნახავ, ვინ რა მისურვა-მეთქი"

დაახლოებით ოცი წლის წინ, საგურამოდან 3 კმ-ში მდებარე სოფელ არაშენდაში თამრიკო ჭოხონელიძემ მიწის ნაკვეთი იყიდა. ეჩხუბებოდნენ, რად გინდა, სახლს ხომ მაინც ვერ ააშენებო. ისე მოხდა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით სახლს საძირკველი ჩაეყარა და მშენებლობაც დაიწყო.


- არაშენდაში ჩემს მეგობრებთან შემთხვევით აღმოვჩნდი, საგურამოდან ხუთი წუთის სავალზე. საგურამოსგან განსხვავებით, ამ სოფელში სიმშვიდემ მომხიბლა. ყოველთვის მინდოდა სოფელი
მქონოდა. ჯერ ერთი, ფოლკლორისტი ვარ და სოფელი, გლეხები და მათთან ურთიერთობა მიყვარს. მერე, გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც აქვს რძე, ყველი, კვერცხი... ყველა პროდუქტი ნატურალურია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ასეთი სამეზობლო და ჩემთვის სულის მკვებავია ასეთი ურთიერთობები. მაშინ ვთქვი, ნეტავ ოდესმე თუ მოვახერხებ, მსგავს ადგილზე პატარა ქოხი
მქონდეს-მეთქი. სულ ცოტა ხანში ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ჩემ გვერდით ნაკვეთს ძალიან იაფად ყიდიანო. სასწრაფოდ ფული შევაგროვე მთელ სანათესავოში და ვიყიდე ადგილი, რომლისთვისაც ხუთი წელი ხელი არ დამიკარებია. იცინოდნენ, ეზო აქვს და ამით კმაყოფილდებაო.

- როცა დაიწყეთ მშენებლობა, სირთულეები შეგხვდათ?
- ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელთანაც მირონი მაკავშირებს და რომელიც არაერთი კეთილი საქმითაა ცნობილი, თანხით დამასაჩუქრა. ფაქტობრივად, მისი წყალობით ავაშენეთ სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი. არქიტექტორმა მეორე სართულის ტერასაზე (ახლა შემინულია) სახურავის დადგმა მოიფიქრა. ეს ერთი შეხედვით მომეწონა, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით თურმე ვცდებოდით. სახლს იმერელი ხელოსნები აშენებდნენ. ერთ დღეს მე და მამა ხარაჩოზე ავედით. მამაჩემს ღია ტერასა უნდოდა, ხელოსნები კი უმტკიცებდნენ, ბრტყელი გადახურვაა საჭიროო, კიდევ რაღაც პრობლემები დაასახელეს და უთხრეს, თქვენ, ბატონო, მუსიკა გესმით კარგად, მშენებლობა კი ჩვენი საქმეაო. მამაჩემმა ფურცელი და ფანქარი ითხოვა, გამოჰკითხა სიგრძე-სიგანე, სიმაღლე, მერე დაჯდა, იანგარიშა და ძალიან ლამაზად დახაზა ფურცელზე, რაც საჭირო იყო. მახსოვს, ის ფურცელი როგორ გადააფრინა მაგიდის ერთი ბოლოდან მეორეზე და თქვა, ეს არის ამისი მთელი ალია-ბალიაო. გაოგნდნენ მუშები. მამა ჩამოვიდა ხარაჩოდან, მე კი გაოცებულმა ხელოსნებმა მკითხეს, თამრიკო, რაშია საქმე, ასე იდეალურად სპეციალისტებიც არ ხაზავენო! განიშნებდით ხან ასე, ხან ისე და თქვენ ვერ შეამჩნიეთ, მამამ სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა-მეთქი. ტერასა ისე გაკეთდა, როგორც მამაჩემს უნდოდა, მაგრამ სახლის დამთავრებას ვერ მოესწრო.

საძირკვლის ჩაყრის შემდეგ გამოუსადეგარი ქვა-ღორღი ვერ გადავყარეთ, იმიტომ, რომ მამა გარდაიცვალა, და მიწას შეერია. ერთხანს ვიფიქრე, ამის ყურებას ბეტონის დასხმა ჯობს-მეთქი, მაგრამ სიმწვანის გარეშე რაღა აგარაკია. ამიტომ კარგა ხანს მე და კოკო ამ ადგილებს ხელით ვასუფთავებდით. ძალიან მონდომებით მუშაობდა კოკო, ნელ-ნელა წამოვიდა სიმწვანეც.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სახლი გადაუხურავი დარჩა და ზიანდებოდა. შემომითვალეს, მყიდველი გამოჩნდა და რას იზამო? აი, მაშინ ჩემს თავს, უფრო კი მამას შევპირდი, რომ სახლს აუცილებლად დავამთავრებდი. გაზაფხული იყო, რაღაც უცნაური ძალა მომეცა და ვთქვი, წელს ზაფხულში ჩვენ ერთად ავალთ საგურამოში-მეთქი. ყველას გაუკვირდა, სახლი დაუმთავრებელი იყო. თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერაც არ გამისტუმრებია, მაგრამ მიღირდა, და სახლიც მალე დავამთავრე. იმ ზაფხულს მართლაც სამივე და ოჯახებით და დედა ჩამოვედით საგურამოში. გავშალეYთ სუფრა, ყველანი ერთად მივუსხედით მაგიდას და სულ მქონდა შეგრძნება, რომ მამაც ჩვენთან იყო. თინიკო მესამე შვილს ელოდებოდა, მამაჩემმა ეს იცოდა, ისიც იცოდა, რომ გოგონა გაჩნდებოდა. ჩემი და საგურამოდან წავიდა სამშობიაროში, ლიზა დაიბადა და ორივე აქ ამოვიყვანეთ. მოკლედ, მადლიანი სახლია, ჩემი მარიამიც აქედან წავიყვანეთ სამშობიაროდ და ელენესთან ერთად დავბრუნდით.


- ეზოში რა დარგეთ, პირველად რომელი კუთხე გაამშვენეთ?
- ვარდები დავრგე, თანდათან ახალ ჯიშებსაც ვამატებ. ბოლო დროს ულამაზესი ირლანდიური ვარდი ჩავრგე. ვარდზე ვგიჟდები, ყველაზე მეტად მიყვარს. დედაჩემს შროშანი უყვარს, მაგრამ ძნელი გასახარებელია და არა გვაქვს.

ეზოში ცოტა ხეხილი იდგა და ბიძაჩემმა თენგო გაგლოშვილმა ნერგები მაჩუქა. მე და კოკომ პაწაწუნა წიწვოვანი ბუჩქები ამოვიტანეთ, უკვე გაიზარდნენ.
როცა მირონის ხე ყვავილობს (თეთრი ყვავილი აქვს), საოცარ სურნელს აფრქვევს. ეზოში ერთი ხეა, გულდედავას ჯიშს ეძახიან, ზუსტად­ არ ვიცი, ქლიავია თუ ალუჩა, მაგრამ მსგავსი სიტკბო იშვიათია.

ტრადიციად ვაქციე ერთი რამ - ფულს ვაგროვებ "საგურამოს ყულაბაში" და პირველად აუზის ერთ მხარეს დასასვენებელი კუთხე მოვაწყვე. მეორე წელიწადს აუზის მეორე მხარეს შეზლონგების ზონა გაკეთდა, იქვე კედელი ჩემი ხელით მოვხატე. მომდევნო წელს ფანჩატური აშენდა და ასე, ყოველ წელს რაღაცას ვამატებ. ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, რომ ახალგაზრდებსაც სურთ სახლს რამე თვითონაც შესძინონ.

- აივანზე ჩიტები და ხე თქვენ დაგიხატავთ, კიდევ რა გეხერხებათ?
- ხატების შემოსვა დავიწყე. ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. მე ჩემი მეთოდი მაქვს. საეკლესიო ჟურნალებიდან ამოღებული ხატების ბევრი ფოტო დამიგროვდა და ერთ დღესაც ვნახე, რომ მაცხოვრის ხატის ხელი გაცრეცილი იყო. ვიფიქრე, რით შეიძლებოდა აღდგენა. ასე დავიწყე ხელის განახლება წვრილი მძივებით.

თანდათან შევყევი და კითხვა დამებადა, ამის უფლება მაქვს-მეთქი? ჩემს მოძღვართან, მამა გრიგოლ კუმელაშვილთან მივედი. ის დღეს ლურჯი მონასტრის ეზოშია დაკრძალული, საოცარი ადამიანი იყო. როცა დასრულებული ნამუშევარი ვაჩვენე, აღფრთოვანდა და კურთხევა მომცა, მითხრა, გააგრძელე ეს საქმეო. ხანდახან ხატზე სამოსს ფერს ვუცვლი, დანარჩენს არ ვეხები.

ხატს მოვრთავ და ვინმეს ვჩუქნი, ანუ ვიღაცის სახელზე ვაკეთებ, ის ადამიანი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ. სახლში მხოლოდ რამდენიმეა ჩემი შემოსილი ხატი. მიყვარს თითქოს გამოუსადეგარი ნივთის გალამაზება, მაგალითად, ერთხელ გზაზე დაგდებული უბადრუკი ტოტი წამოვიღე და მძივებით გავაწყვე.

ამ სახლში ყველაზე ძველი ნივთი და ჩემთვის ძვირფასი რელიკვიაა დმანისის არქეოლოგიური გათხრებიდან ამოღებული პატარა სურა, რომელიც 3000 წელზე მეტს ითვლის. ის ჩემს ოჯახს აჩუქა ერთმა კარგმა ქართველმა, თემურ თავაძემ. საკუჭნაოს კარზე მივუჩინე ადგილი დედაჩემის გაფერადებულ სათამაშო-ნახატს, რომელზეც გამოსახულია წელიწადის დროები.


- მეორე სართულზე მნიშვნელოვანი ადგილია ტერასა...
- ტერასა შევმინეთ, რადგან ქარი ყველა მხრიდან უბერავდა. აქ ძველ ნივთებს მოვუყარე თავი: ჩემოდნებს, საკერავ მანქანას, ფორტეპიანოს... აქ ჩემი ბებია-ბაბუის ნივთებიც ინახება. ჩემოდნები ეკუთვნოდა ბაბუას, ვალიკო კალანდაძეს, რომელიც სუხიშვილების ანსამბლის პირველი თაობის ცნობილი სოლისტი იყო. ამ ჩემოდნებით დადიოდა გასტროლებზე. ამას წინათ ფრიდონ სულაბერიძე მიყვებოდა მის შესახებ და დიდი სიამაყით ავივსე, როცა მითხრა, ძალიან კოლორიტული მოცეკვავე, ნოვატორი ყოფილა, სიახლეები შეჰქონდა პროგრამაში. მაგალითად, ცეკვა "კინტოურში" პირველად ბაბუამ დაიდგა ბოთლი თავზე დამაგრების გარეშე. მისი მონაწილეობით სულ პატარა კადრი შემორჩენილია ფილმში "რერო" მასპინძლობს".

ერთ მაგიდაზე მოვათავსე ის ნივთები, რომლებიც ქართულ კუთხეს ქმნის. ყანწებთან ერთად, აქ დევს ფილმ "მამლუქში" გამოყენებული რამდენიმე ნივთი, ისინი ბაბუას აჩუქეს. ჩარჩოში ჩავსვი ორი კაბა - დედაჩემის ნაქონი, როცა ერთი წლისა იყო, და ჩემი კაბა, ასევე ერთი წლისას რომ მეცვა. მას შემდეგ ყველა გოგოს, ვინც ჩვენს ოჯახში დაიბადა, ეს კაბები ეცვა (იცინის). თუ კიდევ გაჩნდა გოგო, კაბას გამოვიღებ ჩარჩოდან, ბავშვს ჩავაცმევ, სურათს გადავუღებ და კაბას ისევ თავის ადგილზე ჩავსვამ.
მთლიანად მძივებით მოვრთე ერთი მაღალი ხე და ტერასის ერთ კუთხეში დავდგი. მძივები მუქი ფერისაა და ხის ასოციაციას აჩენს, ოღონდ ოდნავ ბრწყინავს. ხის ტოტებზე სხვადასხვა ფერის ქისები ჩამოვკიდე. ჩემთან მოსული სტუმარი, ვისაც უნდა, ბარათზე დამიწერს თავის სურვილს და ქისაში ჩადებს. ამიტომაც დავარქვი "სურვილების ხე". ვხუმრობ ხოლმე, სიბერეში თითო-თითოს ჩამოვხსნი და ვნახავ, ვინ რა მისურვა-მეთქი. ალბათ, სიყვარულითა და კეთილი სურვილებით დავიტვირთები, რაც დიდ ძალას მომცემს.

- რომელია სახლში თქვენი საყვარელი ადგილი?
- მეორე სართულის ტერასიდან მზის ჩასვლის ყურება დიდი სიამოვნებაა, ხშირად ამოვდივარ და ვუყურებ ხოლმე. აქედან ულამაზესი ხედი იშლება. მიყვარს ქვემოთ აივანზე ჯდომაც, როცა ერთად ვართ ოჯახის წევრები და ვერთობით.

ძალიან მინდა არაშენდას სახელი შეუცვალონ და ამაში მეზობლებსაც ჩავრთავ. ჩვენს უბანს ვარდისუბანს ეძახიან და იქნებ არაშენდას ეს სახელი დაარქვან!

ნანული ზოტიკიშვილი
ჟურნალი "შინ", #23, ზამთარი, 2021
???
17 იანვარი 2021 09:51
მცხეთა-საგურამოში სახლებს იშენებენ და კიდევ წუწუნებენ კეთილი ადამიანების ფულით ავაშენეთ და ვალებში ვართო.
მანანა-შ
16 იანვარი 2021 10:40
ულევი წარმატებები ტკბილო, თბილო და კეთილო თამრიკო!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები