"ცოცხალი" ხრამიდან - კვირის პალიტრა

"ცოცხალი" ხრამიდან

ხრამული საქართველოს მდინარეებში მობინადრე თევზებს შორის ერთ-ერთი უგემრიელესია. ეს სახელი მდინარე ხრამის გამო უწოდეს, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ მდინარეში ბინადრობდა. "ეს თევზი საქართველოს მტკნარ წყლებში ოდითგანვე ბინადრობს", - ამბობს ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ეპიტაშვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ თევზებს შეისწავლის.

- ილიას უნივერსიტეტის იქთიოლოგები ვცდილობთ საქართველოში გავრცელებული თევზები თანდათან გამოვიკვლიოთ და სრულყოფილად შევისწავლოთ.

ჩვენი დაკვირვების ერთ-ერთი ობიექტი არის კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხრამული. ამ თევზს საქართველოში რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ. სახელი "კაპოეტი" მისი ლათინური სახელწოდებიდან მომდინარეობს. ქართლსა და კახეთში მას სხვადასხვა სახელს ეძახიან: ლურჯას, ფიჩხულსა და ცოცხალს. ეს ძალიან გემრიელი თევზია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- "ცოცხალს" რატომ ეძახიან? - იმიტომ, რომ სუფრასთან მოხარშული მიაქვთ და თითქოს ცოცხალს წააგავს. სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს.

- ხრამულის რა სახეობები გვხვდება საქართველოს მდინარეებში? - კაპოეტის გვარიდან ჩვენთან 4-5 სახეობაა გავრცელებული: დასავლეთ საქართველოში გვხვდება კოლხური ხრამული, რომელიც დასავლეთ ამიერკავკასიის ენდემია და უმთავრესად რიონის აუზშია გავრცელებული, ხოლო მდინარე ჭოროხში, აჭარისწყალსა და კინტრიშში გავრცელებულია ბანარესკუს ხრამული. ეს სახეობა უცხოელმა მეცნიერმა აღწერა რამდენიმე წლის წინ და მისი გვარი - ბანარესკუ დაარქვეს.

აღმოსავლეთ საქართველოს ენდემია მტკვრის ხრამული, რომელიც მდინარე მტკვრის შენაკადებში გვხვდება. ყველა ეს სახეობა ენდემურია, რადგან მათი გავრცელების არეალი სამხრეთი კავკასიაა. ეს არის უახლესი ინფორმაცია, რომელიც ბოლო მონაცემებზეა დაფუძნებული. აქვე გეტყვით, რომ იქთიოლოგიაში ქვესახეობები აღარ არსებობს - ეს მოძველებული ტერმინია. ყველა სახეობას ვალიდური სახეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

- რას გვეტყვით მცირეაზიურ ხრამულზე, სევანის ხრამულსა და სხვა სახეობებზე? - ბოლო მონაცემებით, მცირეაზიური ხრამული თურქეთის დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული და საქართველოსთან შეხება არა აქვს. ჩვენთან ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ბანარესკუს ხრამული, რომელიც ჭოროხის აუზში ბინადრობს. კიდევ ერთი ენდემური სახეობა, კოლხური ხრამული, საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც მოწყვლადი. რაც შეეხება სევანის ხრამულს, მიიჩნეოდა, რომ ის მტკვრის ხრამულის ცალკე ქვესახეობა იყო, მაგრამ ორივე გენეტიკურად ერთი და იგივე თევზია, ამიტომ დღეს სპეციალისტები სევანის ხრამულს ცალკე სახეობად ან ქვესახეობად აღარ განიხილავენ - ამის თაობაზე სომეხ იქთიოლოგებთანაც შევთანხმდით. სამაგიეროდ, ცალკე სახეობად გამოვყავით ახალაღწერილი ხრამული, რომელსაც "ლურჯა" დავარქვით ლამაზი, მოლურჯო შეფერილობის გამო.

სავარაუდოდ, ის მტკვრის ქვემო წელში საქართველოს ტერიტორიაზეც უნდა იყოს გავრცელებული. ხრამული ძალიან პოპულარულია სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს თევზი ყველა სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს.

- როგორ იჭერენ ხრამულს? - ხრამული საუკეთესო ობიექტია სპორტული თევზაობისთვის. ის მტკვრის აუზში ყველაზე გავრცელებული თევზია და ადრეც ქართველი იქთიოლოგები ერთ-ერთ სარეწაო მნიშვნელობის თევზად მოიხსენიებდნენ.

ხრამულზე სხვადასხვა მეთოდით თევზაობენ, ხავსით თევზაობა ყველაზე მარტივი და იოლია: ალბათ, იცით, რომ ხრამული უმეტესად წყალმცენარეებით იკვებება. მდინარის ხავსს ნემსკავზე წამოაგებენ, დინებას გააყოლებენ და ხრამულს ასე იჭერენ.

ამ მეთოდით მეც მითევზავია და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან საინტერესო, აზარტული მეთოდია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ხრამულს, როგორც სხვა თევზებს, აკრძალული მეთოდებით იჭერენ და მერე უკანონო გზებით ყიდიან.

ხრამულის მასობრივი ჭერა შეუძლებელია, რადგან ის მეტისმეტად ფრთხილი თევზია. ამის გამო მას დიდი რაოდენობით ვერ მოიპოვებთ. ამიტომ არალეგალური თევზჭერა ამ თევზის მთავარი მტერია. მდინარეში ქლორის ჩაყრა, დინამიტისა და ელექტროშოკის გამოყენება მარტო კონკრეტულ თევზს კი არა, მტკნარი წყლის ყველა ბინადარს აზიანებს. ამ მეთოდების გამოყენებით მდინარეში ყველაფერი კვდება და ნადგურდება, მათ შორის ქვირითი, რომელსაც ხრამული მაის-ივნისში ყრის.

მისი ქვირითი შხამიან ნივთიერებას შეიცავს - ეს მისი თავდაცვის მექანიზმია, რომელიც ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებებისგან ნამდვილად ვერ დაიცავს.

- ალბათ, კიდევ არის მიზეზები, რის გამოც ხრამულის რაოდენობა მდინარე ხრამშიც კი შემცირდა. - ხრამული ტიპური მტკნარი წყლის თევზია და შორ მანძილზე მიგრაცია არ ახასიათებს. ის კონკრეტულ ადგილებში ბინადრობს და მის რიცხოვნობაზე ყველაფერი მოქმედებს: უკანონო თევზჭერა, ხრეშისა და ქვიშის მოპოვება, კაშხლების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ფაქტორები ნებისმიერ თევზზე უარყოფითად მოქმედებს და, რა თქმა უნდა, ხრამულზეც. მართალია, თევზების რიცხოვნობის ზუსტად დადგენა რთულია, მაგრამ მტკვრის აუზსა და მდინარე ხრამში, სადაც ადრე ყველაზე დიდი რაოდენობით იყო, დღეს ეს პოპულაცია ნაკლებია. არაგვსა და ქსანში კი ეს პოპულაცია შედარებით სტაბილურია. მისი რაოდენობის შემცირების მთავარი მიზეზი უკონტროლო თევზაობა, წყლის დაბინძურება და ბრაკონიერობაა. ყველა თევზი და მათ შორის, ხრამულიც, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, რადგან ადამიანები მდინარეებს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ. ამიტომ მტკნარი წყლის თევზები ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება.

ხრამული იმითაც არის გამორჩეული, რომ უგემრიელესი თევზია. ის მოხარშული უფრო გემრიელია, ხოლო კალმახი - შემწვარი. მისი მომზადება ძალიან მარტივია: მას მარილწყალში ხარშავენ. ხრამულის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ფხიანი თევზია.

"ფხის გამოცლა" თევზისთვის

გთავაზობთ თევზის შეწვის ხერხს, რომლის წყალობითაც თევზის წვრილი ფხები გაქრება. მისი გამოყენება ნებისმიერი თევზის შეწვისას შეიძლება, რა თქმა უნდა, მათ შორის არის ხრამულიც:

1. გაასუფთავეთ თევზი. 2. ბასრი დანით ფრთხილად დასერეთ თევზის ორივე გვერდი ისე, რომ ხერხემალი არ გადაჭრათ. 3. მუცლის ღრუში მოათავსეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და დაფნის ფოთოლი.4. ზემოდან მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. 5. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში, დაბალ ცეცხლზე.

თევზის ფხები მდუღარე ზეთში დარბილდება ან შეიწვება და მათ არსებობას ვერც კი იგრძნობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე