კალმახა სოკო საქაჯიასკარის მღვიმიდან - კვირის პალიტრა

კალმახა სოკო საქაჯიასკარის მღვიმიდან

"მღვიმეში ამოსულ სოკოს ვერც მწველი მზე ჩახუთავს და ვერც ყინვა გააფუჭებს"

მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ყოფნა რომ სრულფასოვნად ვერ გაცხოვრებს, ბევრმა უკვე კარგად იცის. თუმცა იგებს ის, ვისაც იმაზე მეტი პროდუქტის შექმნის პრეტენზია აქვს, ვიდრე ოჯახის გამოსაკვებად სჭირდება. ჭიათურაში, სოფელ თაბაგრებში მცხოვრებმა რამაზ კენჭოშვილმა ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა სოკოს მოყვანა, როცა პროდუქტის დეფიციტი არავის აწუხებდა. თანაც გადაწყვიტა იქ, სადაც ეს აზრად არავის მოსვლია - სოკოს მოსავალი სოფელ თაბაგრებთან, მღვიმეში მოიყვანა და მისი ხარისხით ყველა გააკვირვა. დაამტკიცა, რომ მღვიმეში სოკოს მოყვანას პერსპექტივა და სარგებელი მეტი აქვს, ვიდრე სათბურებში.

- მღვიმეში სოკოს მოყვანა ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა ასე თუ ისე კიდევ არსებობდა. ერთხელ მოსკოვში, ზამთარში ცოცხალი სოკო ვნახე და მისი მოყვანის ტექნოლოგიით დავინტერესდი. სასწრაფოდ ვიშოვე მიცელიუმი და ჭიათურაში წამოვიღე. გზაში ინსტრუქცია გულმოდგინედ წავიკითხე, ეწერა, სოკო ხელოვნურად მღვიმეშიც შეგიძლიათ მოიყვანოთო, ჭიათურაში კი მღვიმეების მეტი რა არის. ჩემს სოფელ თაბაგრებში ჭიათურის ერთ-ერთი ულამაზესი მღვიმეა, საქაჯიასკარი. მთელი ბავშვობა ლამის ამ მღვიმეში მაქვს გატარებული. მღვიმიდან მშვენიერი ნაკადულიც გამოდის. არ დავმალავ და, სოფელში ბევრი გამეხუმრა, ბიჭო, სოკოს რაღა გამოქვაბულში თესავ, ჩვენს ტყეებში სოკოს მეტი რა არისო, მაგრამ წავედი, წავიღე ჩემი მიცელიუმი და მღვიმის ერთ პატარა სათავსში დავთესე კალმახა სოკო საგანგებოდ მომზადებულ კომპოსტზე - ნამჯა და ნაკელი შევურიე ერთმანეთს. თავიდან ლამის ყოველდღე დავდიოდი სოკოს სანახავად, მაგრამ კინაღამ იმედი გამიცრუა - ამ ჩემს ნათესებს ამოსვლა არ ეღირსა, ამიტომ კარგა ხანს აღარ მივაკითხე, თავი მივანებე. მერე მღვიმეში მეგობრებთან ერთად წავედი - ახლომახლო მშვენიერი საქეიფო ადგილებია და თავის შექცევა გვინდოდა.

ჰოდა, სანთებლებით განათებული მღვიმის სიღრმეში უზარმაზარი თეთრი ქაღალდებივით რაღაც შევნიშნე. ვიფიქრე, ვიღაცას ქაღალდები დაუყრია-მეთქი და გავბრაზდი, მაგრამ რა ქაღალდები! ხელი მოვკიდე და თურმე ჩემი სოკო არ ამოსულა! სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა.

- სოკოს დროულად ამოსვლას რამ შეუშალა ხელი? - მღვიმის ტემპერატურამ. მოგეხსენებთ, მღვიმეში მუდამ 140C-ია, სოკოს მიცელიუმის გაღივებასა და ამოსვლას კი 16 0C მაინც სჭირდება. ასე რომ, მოვიფიქრე - ერთი ადგილი ოდნავ დავათბე და მომავალი სეზონის სოკოც თავის დროზე ამოვიყვანე. შემდეგ კი გათბობა გამოვრთე და სოკოს საფარველი გადავაძვრე. მღვიმეში ამოსულ სოკოს სხვა არაფერი სჭირდება. ვერც მწველი მზე ჩახუთავს ზაფხულში და ვერც ყინვა გააფუჭებს - მღვიმეში ხომ მუდმივი ტემპერატურაა. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე სარგებელია მოსავლიანობის. მთავარი ის არის, რომ აქ მიკრობი ნაკლებია და თუკი ჯანმრთელ მიცელიუმს დათესავ, სოკოს სიჯანსაღეც, მღვიმის მიკროკლიმატის გამო, გარანტირებულია.

- ალბათ, გემოც... - რასაკვირველია. მუდმივ, გრილ ტემპერატურაზე, ეკოლოგიურ გარემოში მოყვანილ მღვიმის სოკოს მართლაც საუკეთესო გემო აქვს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ამის შემდეგ მხოლოდ ერთ სეზონზე მოყვანილი სოკოთი კარგი მოგება ვნახე. სამაგიეროდ, მერე აღარ გამიმართლა, სანამ ჩვენში სოფლის მეურნეობის კულტურების თესლის შემოტანის საქმე მოგვარდებოდა და სანდო გახდებოდა. ამ არეულობაში ერთხელ დაავადებული მიცელიუმი შემომაჩეჩეს და სოკოც დაავადებული ამოვიდა. იმხელა ზარალი ვნახე, რომ სოკოს მოყვანაზე დროებით ხელი ავიღე.

- და რით შეცვალეთ? - იმავე მღვიმიდან გამომავალი წყლით პატარა ხელოვნური ტბები გავაკეთე და კალმახი მოვაშენე, თუმცა კალმახის მოვლა უფრო რთული გამოდგა, ვიდრე კალმახა სოკოსი. ამასობაში პარტნიორებიც ვერ აღმომაჩნდნენ სანდო და ისევ სოკოს მოყვანაზე გადავედი, ოღონდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ სანდო თესლის შეძენა შემეძლო. ასე განვაახლე მღვიმის სოკოს მოყვანა 2012 წელს და მგონი, რეგიონისთვისაც კარგი საქმე გვაკეთე - მღვიმის წარმოებით უამრავი ტურისტი დაინტერესდა. თითქმის არც დარჩენილა მსოფლიოში ქვეყანა, საიდანაც ჩემთან ტურისტები არა ყოფილან. ყველა აღფრთოვანებას გამოხატავდა ჩემი მეურნეობით. მართლაც ძალიან ლამაზი სანახავია მღვიმეში მოყვანილი სოკო.

- რამდენი სოკოს მოყვანა შეგიძლიათ საქაჯიასკარში? - ეს მღვიმე 2000 კვადრატული მეტრია და თუ სოკოს მთელ ფართობზე მოვიყვანთ, მგონი, ნახევარ საქართველოს ეყოფა. ჩვენ აქ დაახლოებით 25 კვ.მ-ზე შეგვიძლია ყოველ ორ თვეში 150 კგ-მდე მოვიყვანოთ. თუმცა ეს ჩემთვის ადვილი არ აღმოჩნდა.

- რატომ? - იმიტომ, რომ მღვიმეში ბევრი სოკოს მოყვანა და, რაც მთავარია, რეალიზაცია ძვირია, ამიტომ ვინმემ უნდა შემიწყოს ხელი - ან სახელმწიფომ, ან პატიოსანმა ბიზნესპარტნიორმა. პარტნიორს დიდი სიფრთხილით უნდა შერჩევა, რადგან ჩვენში ეს საქმე მეტად სარისკოა. რაც შეეხება სახელმწიფოს პროგრამაში მონაწილეობას ან თანადაფინანსების მოპოვებას, ამას ვერ ვეღირსე, არადა, ბიზნესგეგმაც დავწერე, სადაც ვასაბუთებდი, რომ თუ, მაგალითად, სათბურის 1კვმ-ზე სოკოს მოყვანა 10 ლარი ღირს, მღვიმეში ხარჯი 2 ლარს არ გასცდება, თუმცა, სამწუხაროდ, პროექტი არ დამიფინანსეს და მეც თავი მივანებე. თუ სახელმწიფო ამას თქვენი წერილის შემდეგ მაინც გააკეთებს, დიდად მადლიერი დავრჩები, მე კი შრომა და ცდა არასოდეს დამიკლია, რომ წვლილი შემეტანა საქვეყნო საქმეში და ახლაც თავდადებით ვშრომობ.