ქონდრის ეფექტი
18-01-2021
ქონდრის ეფექტი
ქონდარი სურნელოვანი, განსაკუთრებული გემოს სანელებელია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში შეუცვლელი ადგილი უჭირავს. შუა საუკუნეების ევროპაში მას იყენებდნენ წვნიანების, ხორციანი და თევზიანი კერძების მოსამზადებლად. საქართველოში ეს მცენარე უძველესი დროიდან ხარობს და ძალიან პოპულარულია. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე მიიჩნევს, რომ ეს მცენარე თავის ეზოში ყველამ უნდა გაახაროს.

- ქონდარს ჯერ კიდევ ძველი რომაელები იცნობდნენ და მიწათმოქმედებისა და სიუხვის ღმერთს, სატურნს უკავშირებდნენ. ალბათ, ამიტომ დაარქვეს ლათინურად ქონდარს Satureja. დღეისთვის ოფიციალურად რეგისტრირებულია
ქონდრის 30-მდე სახეობა და 50-მდე ქვესახეობა. მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებია. ადვილად ხარობს ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე. ველური ქონდარი ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან გავრცელდა ევროპაში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის - საქართველოშიც...


- ჩვენთან სად ხარობს ეს მცენარე?
- საქართველოში ბუნებრივად გვხვდება ქონდრის სამი სახეობა: ერთია
ტყის ქონდარი, მეორე სახეობას ონჭოს სახელით იცნობენ, მესამე კი იშვიათად გვხვდება და ბზიფის ქონდარი ჰქვია. ის მხოლოდ ბზიფის ხეობაში ხარობს. სამივე სახეობა ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც კულინარიაში, ასევე სამკურნალოდ. გვხვდება კულტივირებული ბაღის ქონდარიც, რომელსაც ქართულ სამზარეულოში იყენებენ. აქვე უნდა ვახსენოთ მთის ქონდარი, რომელსაც გამორჩეული, მკვეთრი გემო აქვს და დეკორატიული მიზნებისთვისაც გამოიყენება.

- რა განაპირობებს უჩვეულო არომატს?
- ქონდარი ბიოლოგიურად აქტიურ ეთერზეთებს შეიცავს, რაც მას სპეციფიკურ გემოსა და არომატს აძლევს. ამ გემოს წყალობით ის ლობიოსა და ხორციანი კერძების უმთავრესი კომპონენტია. ქონდარი ეხმარება ორგანიზმს ცხიმიანი საკვების ათვისებაში. ალბათ, ამიტომ ის კლასიკურ სანელებლად არის მიჩნეული და გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე მშრალი სახით. სოუსების მომზადებისას ქონდარი ევროპის მრავალი ქვეყნის სამზარეულოში გამოიყენება. ის ძალიან უხდება კიტრისა და პომიდვრის მარინადებსა და მწნილებს, აგრეთვე - სალათებს. განსაკუთრებით ეფექტიანია ეს მცენარე დიეტური კვების დროსაც.

სამეგრელოში გავრცელებული იყო ძალიან კარგი წამალი "ტიბუ", რომელსაც გაცივების, გრიპისა და სხვა დაავადებების დროს იყენებდნენ. ქონდრის გარდა, "ტიბუს" შემადგენლობაში შედიოდა წიწაკა, ნიორი და ღომის მარცვლები.

ეთნოგრაფიულ წყაროებში "ტიბუს" სამი რეცეპტი მოვიძიე. ეს არის ძველი, მამაპაპური რეცეპტები და საუკეთესო შედეგიც ჰქონდა. ქონდრისგან აკეთებდნენ უგემრიელეს სელის ორცხობილასაც, რომელსაც პურის ნაცვლადაც იყენებდნენ.

ამ ორცხობილას არაჩვეულებრივი გემო და თვისებები ჰქონდა. მოგეხსენებათ, სელი საქართველოში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ და ექსპორტზეც გაჰქონდათ, არც ქონდრის მოშენება იყო უცხო და ამ ორცხობილას ხშირად აცხობდნენ.


- როგორ შეიძლება გაახარონ ქონდარი პატარა ეზოში?
- მცენარე უპრეტენზიოა. მისი მოშენება ძნელი არ არის, ოღონდ უნდა ვიცოდეთ,­ რომ სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ ჯობს, ნიადაგის გათბობის შემდეგ დავთესოთ 1 სმ სიღრმეზე, მსუბუქ, ქვიშნარ ნიადაგში. განსაკუთრებულ პირობებსა­ და ნიადაგს არ მოითხოვს, თუმცა ნაყოფიერ ნიადაგზე უკეთ ხარობს და მეტი მოდის. თუ არ ცივა, ქონდრის დათესვა თებერვლის შუა რიცხვებიდანაც შეიძლება, მაგრამ თუ ცივი ამინდებია, უმჯობესია ეს საქმე აპრილ-მაისისთვის გადავდოთ. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაისში ზოგჯერ ცხელა და მას მორწყვა დასჭირდება. მანძილი მცენარეებს შორის 10-15 სანტიმეტრი უნდა იყოს, ამიტომ უნდა გამოვხშიროთ. მორწყვის განსაკუთრებული რეჟიმიც არ სჭირდება, მთავარია, მიწა ძალიან არ გამოშრეს და მცენარეს გაზრდაში ხელი არ შეეშალოს. წამოზრდილი ღეროები ორჯერ უნდა გადავჭრათ - ყვავილობის დასაწყისში, როცა დატოტვას დაიწყებს და ყვავილობის ბოლოს. ქონდარს არც სხვა მცენარეებთან თანაცხოვრება უჭირს, მთავარია, სანამ გაიზრდება და ფესვებს მოიმაგრებს, სარეველებისგან გავათავისუფლოთ.

- სად უნდა ვიშოვოთ მისი ჩითილები?
- მისი ჩითილების ყიდვა ძნელი არ არის. ჩითილები შეიძლება პირდაპირ ნიადაგში დავრგოთ, ან თავიდან ქოთნებშიც გავახაროთ. 1-2 ძირიც რომ იყოს, იმდენ მწვანე მასას იძლევა, ერთ ოჯახს თავისუფლად ეყოფა. ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ - ეზოში სულ სამი ძირი მქონდა და მთელი ზაფხულის განმავლობაში არ მომკლებია. თუ სხვა ადგილას გვინდა გადატანა და გახარება, მისი თესლი დროულად უნდა დავკრიფოთ და შევინახოთ. მცენარის მოვლა თავისთავად გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, გამარგვლას, გამოკვებასა და მორწყვას. ქონდარი იკრიფება ყვავილობის დროს. ზამთარში შესანახად მცენარეებს ჭრიან ან ძირიანად თხრიან, მერე კი კონებად კრავენ და აშრობენ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება.

- დეკორატიული მიზნით როგორ იყენებენ?­
- ქონდარს სხვა მცენარეებთან ერთად თესავენ და ულამაზეს კომპოზიციებს ქმნიან. ქონდარი ნიადაგის დამცავი და შემაკავებელი მცენარეა და ამ მიზნითაც ხშირად ახარებენ. ის ძალიან ლამაზად ყვავილობს. ქონდრის მოთეთრო-მოიისფრო ყვავილები ნებისმიერ სკვერსა და პარკს დაამშვენებს. დეკორატიული თვალსაზრისით გამორჩეული სახეობაა მცოცავი ქონდარი, რომელსაც მიწაზე გართხმული ღეროები აქვს. ის ყვავილობას ივლისიდან იწყებს და აგვისტოს ბოლომდე ყვავის.
მცოცავ ქონდარს იყენებენ გამწვანებისას, ბორდიურებისა და ყვავილნარების დასამშვენებლად. მისი ღეროები კარგად უძლებს ფეხით გათელვას, ამიტომ თუ ეზოში ბილიკების მოწყობას გადაწყვეტთ, მათ შორის მცოცავი ქონდარი უნდა გაახაროთ

- ეს სახეობა იმით არის განსაკუთრებული, რომ სწრაფად აღდგენის უნარი აქვს. თითქოსდა უსუსური ღეროები აქვს, მაგრამ ძლიერი მცენარეა. მცოცავ ქონდარს, როგორც ამ მცენარის სხვა სახეობებს, ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, მოყვავილე ქონდარი შორიდან ჭრელი ხალიჩასავით მოჩანს და ირგვლივ სასიამოვნო სურნელს აფრქვევს. ამ და სხვა თვისებების გამო ყველას ვურჩევ, ეზოში რამდენიმე ძირი ქონდარი მაინც გაახაროს.


ძველი სამკურნალო წამლის, "ტიბუს" რეცეპტი

გთავაზობთ ძველი სამკურნალო წამლის, "ტიბუს" რეცეპტს ქალბატონ ნინო გოცაძისგან: 1 ჭიქა ღომის მარცვალს 2-3 ლიტრ ადუღებულ წყალს ასხამდნენ და ცეცხლზე შემოდგამდნენ. მოხარშვის შემდეგ 1-2 ცალ დანაყილ ნიორს, მწარე წიწაკასა და ქონდარს დაუმატებდნენ და იღებდნენ ძალიან ცხარე ნაყენს, რომელიც ორგანიზმიდან ნებისმიერ ვირუსსა და გაცივებას სწრაფად გამოდევნიდა.

თუ ღომი არ ჰქონდათ, "ტიბუს" ბრინჯითა და შავი ღვინითაც ამზადებდნენ: 1 ჭიქა ბრინჯს გარეცხავდნენ, ადუღებულ წყალში ჩაყრიდნენ და მოხარშავდნენ. მიღებულ მასას დანაყილ ნიორს, 1 ჭიქა შავ ღვინოსა და სუფთად დანაყილ 1-2 კოვზ ქონდარს დაუმატებდნენ, მცირე რაოდენობით მწარე წიწაკასაც ჩაყრიდნენ და ნაყენს სურდოსა და გრიპის დროს სვამდნენ. ამ რეცეპტებს ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თვის კითხვადი სტატიები