მათემატიკოსი მეღვინის მათემატიკური სიზუსტით გათვლილი მარანი - კვირის პალიტრა

მათემატიკოსი მეღვინის მათემატიკური სიზუსტით გათვლილი მარანი

როცა ვიწყებდი, არ ვიცოდი, რა ზომისა და ტევადობის ქვევრები იყო უფრო მოსახერხებელი, ამიტომ 500 და 1200-ლიტრიანი შევიძინე. საქმემ აჩვენა, რომ 500-ლიტრიანი ქვევრების რეცხვა ძნელია

თელავში მილორავების საოჯახო მარანი ძალიან პოპულარული ადგილია. იქ სტუმრობა მხოლოდ ღვინის მოყვარულებს როდი უყვართ. ამას ღვინის ხარისხი და გულითადი მასპინძლობა განაპირობებს. მარნის პატრონი სანდრო მილორავა გვეუბნება, რომ კახეთში როგორც ყველა, მათი ოჯახიც ყოველთვის აყენებდა ღვინოს, თუმცა ადრეულ წლებში მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის... ბატონი სანდროს ბაბუა ალექსანდრე მილორავა დასავლეთ საქართველოდან ყოფილა, შემდეგ კახეთში ჩასულა და თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებს გერმანულ ენას ასწავლიდა, მერე კი კახელ, რუისპირელ ქალბატონზე დაქორწინდა...

სანდრო მილორავა:

- ბებია, თავადის ქალი ლიზა მაყაშვილი, რეპრესირებული ოჯახიდან იყო. 1924 წელს მისი მამა და ბიძა მეტეხის ციხეში ქაქუცა ჩოლოყაშვილთან კავშირის გამო დახვრიტეს. იმ დროისთვის მაყაშვილების სახლი და მარანიც ცნობილი იყო... მოკლედ, ბაბუამ და ბებიამ შექმნეს ოჯახი, ააშენეს სახლი და ჩვენ დღესაც ამ სახლში ვცხოვრობთ... 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა და სასტუმროები და მსგავსი ტიპის მომსახურების სფეროები თითქმის არ არსებობდა, ჩემმა მშობლებმა თელავში საოჯახო სასტუმრო გამართეს, რომელიც ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი პირველი იყო და წლებთან ერთად ვითარდებოდა...

საქართველოში ტურიზმი სწრაფად განვითარდა და თელავშიც ბევრი ახალი საოჯახო სასტუმრო გაჩნდა. კონკურენციაც გაიზარდა. ვიფიქრე, მოდი, ღვინოს დავამატებ და ამით ახალაშენებულ სასტუმროებს კონკურენციას გავუწევთ-მეთქი.

პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსი ვარ. თელავის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საჯარო და არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი, მაგრამ კაბინეტში ჯდომა ჩემთვის მიუღებელი იყო. მინდოდა, საკუთარი საქმე მქონოდა. ბოლოს გადავწყვიტე, ბაბუის დროინდელი მარანი გამეფართოებინა და ჩვენი სასტუმროსთვის ღვინის წარმოებაც დამემატებინა. 2015 წელს ტყემლოვანაში ქვევრები შევიძინე, ყურძენი ვიყიდე და ჩემი მეღვინეობაც დაიწყო. მოგვიანებით მარანიც გავაფართოვე. ჩვენი ღვინოები მოეწონათ და მოთხოვნა გაჩნდა.

- ღვინოს საკუთარი ყურძნისგან წურავთ, თუ ყიდულობთ? - საკუთარი ვენახი ჯერჯერობით არ გვაქვს. ვცდილობთ, ყურძენი, თუ სეტყვამ არ გააფუჭა, ჩვენი მევენახეებისგან ვიყიდოთ. ვაყენებთ როგორც ქართული, ასევე უცხოური ჯიშებისგან. მაგალითად, ქისის და ხიხვის სეპაჟი, ტრიო (ქისი, ხიხვი, მწვანე), რქაწითელი მწვანე, კაბერნე და მონტე პულჩიანო, საფერავის და სირას, საფერავისა და კაბერნეს სეპაჟი. ჩვენს ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვაზია ჩაყრილი და მათგან ერთ-ერთი წითელი ბუდეშურია, რომელიც ლოგოდ გამოვიყენე. ვაზი 100 წლისაა...

- ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდს იყენებთ? - დიახ, ტრადიციული კახური ტექნოლოგიით, ქვევრში ვაყენებთ... 2015 წელს ღვინის წარმოება 1500 ბოთლით დავიწყეთ, დღეს კი წელიწადში 7000 ბოთლს ვასხამთ. პანდემიამდე ჩვენი ღვინო პირდაპირ მარნიდან იყიდებოდა, გაგვქონდა ექსპორტზეც ჩეხეთსა და გერმანიაში, ბერლინში, მაგრამ ახლანდელი ვითარების გამო ექსპორტი შეჩერებულია. ახალი მოლაპარაკებები წამოვიწყეთ აშშ-სა და ბელგიაში.

კოვიდპანდემიამ იმოქმედა როგორც ღვინის გაყიდვაზე, ასევე ტურიზმზე. მანამდე ჩვენს სასტუმროს ხშირად ჰყავდა სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმი და ქართული ღვინო ერთმანეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ამასთან, მეღვინეობის დიდი ისტორია გვაქვს და უცხოელები ამითაც ინტერესდებიან, თუმცა თქვენც იცით, რომ ახლა, სამწუხაროდ, ეს პროცესი მთელ მსოფლიოში შეჩერებულია.

- თქვენი გამოცდილებით რას ეტყოდით დამწყებ მეღვინე-მევენახეებს? - ეს საქმე არ არის ადვილი. თუ ქვევრის ღვინოზე ვლაპარაკობთ, მეღვინეობა მევენახეობით იწყება. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მარნის მშენებლობა მოსდევს. მნიშვნელოვანია მარნის სწორად მოწყობა, ქვევრებისთვის ადგილის გამოყოფა. ამას მოსდევს მათი ზომის შერჩევა და მიწაში სწორად ჩაყრა. დამწყებმა მეღვინემ უნდა იცოდეს, რამდენი ღვინის დაყენება სურს და ამის გათვალისწინებით მიჰყვეს მარნის მოწყობასაც. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის სარდაფს, სადაც ქვევრიდან ამოღებული ღვინო შეინახება. ტემპერატურული რეჟიმის დაცვას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. რაც მთავარია, ყველაფერს ფიზიკური შრომა, საქმის სიყვარული სჭირდება - ვენახით დაწყებული, ღვინის დაბინავებით დამთავრებული. მევენახე-მეღვინე აუცილებლად უნდა ერკვეოდეს მარნის წვრილმანებში, რომ მისი მონაწილეობით წარიმართოს ყველა პროცესი.

- ქვევრის გარეცხვა წელიწადში რამდენჯერ არის საჭირო? - სულ ცოტა, 4-5-ჯერ. ეს ყველაფერი დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც მცირე მარნები დიდი მოცულობის ღვინოს არ აწარმოებენ.

მეღვინეობა არ არის მოდის აყოლა. თუკი ადამიანი მოდას აჰყვება და მხოლოდ ის ეცოდინება, რომ ღვინის კეთება კარგი საქმეა, შედეგს ვერ მიიღებს. ყველა პროცესში თვითონ უნდა იყოს ჩართული.

როცა ვიწყებდი, არ ვიცოდი, რა ზომისა და ტევადობის ქვევრები იყო უფრო მოსახერხებელი, ამიტომ 500 და 1200-ლიტრიანი შევიძინე. საქმემ აჩვენა, რომ 500-ლიტრიანი ქვევრების რეცხვა ძნელია. გარდა ამისა, უნდა იცოდეს ყურძნის შერჩევა, რამდენი უნდა იყოს ყურძენში შაქრის შემცველობა, ვენახი რით არის შეწამლული, ყურძენი რომელ ზონაშია მოყვანილი... ისიც უნდა იცოდეს, რამდენჯერ მოურიოს ქვევრს დუღილის პროცესში. აუცილებელია ჰქონდეს ღვინის შესანახი შესაბამისი ჭურჭელი. ურიგო არ იქნება ურთიერთობა ღვინის ლაბორატორიებთან, რათა პერიოდულად ღვინო შეამოწმოს...

- გარდა იმისა, რომ ოჯახის ტრადიციას განაგრძობთ და ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროცაა, ემოციურად როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საქმისადმი? - ეს ჩემთვის უმთავრესი სიამოვნებაა. როცა ქვევრს ვხსნი, იქიდან ღვინო ამოდის და ის ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს... ვერ გადმოგცემთ, ამ დროს როგორ სიამოვნებას ვგრძნობ...

- პანდემიის გამო ბევრი მეწარმე დაფრთხა, ზოგიერთმა დამწყებმაც უკან დაიხია... - ჩვენ არ გვეშინია. პანდემიის დროსაც წარმატებული რთველი გვქონდა, დავწურეთ ღვინო, რომელიც ახლა ქვევრებშია... მაგრამ ვფიქრობ, ქართული მეღვინეობისა და ტურიზმისთვის პანდემიის გამო 2021 წელიც რთული იქნება, თუმცა, პანდემია ჩაივლის, 2022 წლიდან ეტაპობრივად ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენც ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით... ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და დაახლოებით შვიდ ჰექტარზე ვენახების გაშენებას ვიწყებთ. რისკი არის, მაგრამ მშვიდად მივყვებით ყველაფერს. როდესაც 2015 წელს ამ საქმეს ვიწყებდი, მეღვინეებს ბევრ რამეს ვეკითხებოდი. ყველა მეხმარებოდა, ახლა კი ახალბედები უკვე მე მირეკავენ, მეც ვეხმარები. ერთი სტუმარი გვყავდა კანადიდან. ქვევრების შეძენაში დავეხმარე, მერე კი ქვევრები კანადაში გაგზავნა. ასე რომ, პანდემიის გამო არ უნდა შეშინდნენ, განსაკუთრებით - დამწყებები. თუ საქმეს შეუდგებიან, თავი არ უნდა დაზოგონ. კითხვის დასმას არ მოერიდონ. ღვინის 8000-წლიანი ისტორია გვაქვს და ერთიმეორეზე უკეთესი მეღვინეები გვყავს.