როგორ გავახარე შინ ლიმონის ხე - კვირის პალიტრა

როგორ გავახარე შინ ლიმონის ხე

წლის მოსავლის გასინჯვის დღედ 1-ლი იანვარი ვაქციე. ახალი წლის პირველ დილას ვჭრიდი ლიმონს და ჩაისა და ნამცხვართან ერთად გეახლებოდით. საკუთარი ხელით მოწეულს სულ სხვა გემო აქვს...

არც მებაღე გახლავართ და არც - მემცენარე, მამულ-დედულის" ჟურნალისტი ვარ და ყოველკვირა ახალ-ახალი სამეურნეო თემებით გეხმიანებით. ამ პატარა წერილით კი ჩემს გაზრდილ მცენარეზე მინდა გიამბოთ და ჩემი მოკრძალებული გამოცდილებაც გაგიზიაროთ. მოყვარული მეყვავილე, ალბათ, უკვე მეთქმის, რადგან წლებია, შინ არაერთ ქოთნის ყვავილს, როგორც შემიძლია, ვუვლი და ვახარებ. მაქვს სხვადასხვა ოთახის მცენარე და სულაც არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ისინი, როგორც ადამიანები, თვისებებითა და ხასიათით გამოირჩევიან. იმისთვის, რომ გაიხარონ და ამით შენც მოგანიჭონ სიამოვნება, მათ ხასიათს უნდა აჰყვე! არ ლაპარაკობენ, თორემ მათი "საქციელი" მიანიშნებს, როდის "სწყურიათ", როდის "შიათ" და ჰაერზე გასვლას როდის "ითხოვენ". მეც შეძლებისდაგვარად ვეწყობი მცენარეთა ხასიათს და მათ ჭკუაზე" დავდივარ...

სოციალურ ქსელში ხშირად ამიტვირთავს ფოტოები და ჩემი მცენარეების სილამაზისა და კეკლუცობის შესახებ მეგობრებისთვისაც მიამბია. არ აყოვნებს ხოლმე შეკითხვა-კომენტარები, მათ შორის ასეთი: "უი, მეც მინდა გავახარო, მაგრამ არ ვიცი, როგორ"... მეციტრუსეობის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მინდოდა, შინ ლიმონი მქონოდა. 15 წლის წინ ახლობელმა მაჩუქა, გალიდან ჩამოტანილი ნერგიაო. ის ღია გრუნტისაა, ასეთი ნერგები დასავლეთ საქართველოში ეზოებში აქვთ, მე კი მოზრდილ ქოთანში დავაბინავე. ზამთარი იყო და შინ დავდგი, რადგან თბილისის კლიმატი იქაურისგან განსხვავდება. გაიხარა. ყოველ წელს 5-6 ცალ ლიმონს იბამდა.

როგორ ვუვლიდი? ვუსხამდი წყალს და პერიოდულად ნიადაგს ბიოჰუმუსით ვამდიდრებდი. კარგი ზრდისა და ნორმალური განვითარებისთვის, ჩემი დაკვირვებით, ლიმონს სინათლე სჭირდება. წყალზეც არ ამბობს უარს, ოღონდ ბევრი არ უნდა მოგივიდეთ. ხანდახან ფოთლებზე რაღაც თეთრი, თოვლის ფიფქებივით დაავადება უჩნდება. ამ დროს მის ფოთლებს საპნიანი წყლით ვასუფთავებ. გაზაფხულზე აივანზე გამაქვს, მაგრამ რაკი ყინვაგამძლე არ არის, ზამთარში იქ ვერ ვტოვებ და ოქტომბრის ბოლოს ისევ სახლში შემომაქვს.

4 წლის წინ გაზაფხულზე ცოტა ადრე მომიხდა მისი აივანზე გატანა და ზუსტად იმ წელს, 1-ლ აპრილს, თბილისში დიდი ყინვა დაიჭირა. ჩემი ლიმონის ხე მოიყინა, ფოთლები დასცვივდა, სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა... ძალიან შევწუხდი, მაგრამ გადაგდება არ ვიჩქარე, ნერგი შუაზე გადავჭერი, ერთი ღერო დავტოვე ტოტების გარეშე და ისევ ისე ვუვლიდი, როგორც მანამდე... აგვისტოს დასაწყისში გაიღვიძა და შეიფოთლა. იმ წელს არა და მერე იმდენი დაისხა, ტოტები ვერ უძლებდა. წლეულს კი მხოლოდ ოთხ ნაყოფს დასჯერდა. როდესაც ჩვენთან ახალი მობრძანებული იყო, წლის მოსავლის გასინჯვის დღედ 1-ლი იანვარი ვაქციე. ახალი წლის პირველ დილას ვჭრიდი ლიმონს და ჩაისა და გემრიელ ნამცხვართან ერთად გეახლებოდით. ძალიან არომატულია და თან საკუთარი ხელით მოწეულს სულ სხვა გემო აქვს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ლიმონს ოთახში არ შეიტანთ და გარეთ დატოვებთ, აუცილებლად უნდა შეიფუთოს, რომ ყინვამ არ გააფუჭოს. დაუცველად მისი აივანზე დატოვება არ შეიძლება. მე ამგვარ რისკს ვერიდები და შინ შემომაქვს, თუმცა აქეთ-იქით მოძრაობა ოთახშიც არ უყვარს. ერთ ადგილს თუ შეურჩევთ, ჯობს, იქ დატოვოთ. და კიდევ - გაზაფხულზე ზედმეტ ტოტებს ვსხლავ და ესეც ხელს უწყობს მცენარის უკეთ განვითარებას...

ვუვლი ჯუჯა ბროწეულსაც, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე პაწაწინა ნაყოფს გამოიბამს ხოლმე. ისეთი ლამაზია, არ ვაჭრი და შემოდგომა-ზამთარში ფოთლებშემოძარცულ ხეს საოცრად ამშვენებს. ვტოვებ, სანამ ხის შემოსვა ახალი მწვანე ფოთლებით არ დაიწყება. წლეულს ის საახალწლოდაც კი მოვრთე.