რატომ იქცა კოლხური ხოხობი იშვიათობად - კვირის პალიტრა

რატომ იქცა კოლხური ხოხობი იშვიათობად

"კოლხური ხოხობი კოლორადოს ხოჭოსა და სხვა მავნე მწერების მტერია - მათ ანადგურებს და ამის გამოც ძალიან სასარგებლო ფრინველად მიიჩნევენ"

კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ეს ფრინველი პირველად არგონავტებმა დაინახეს მდინარე ფაზისის ახლოს და სახელი "ფაზანი" ამის მიხედვით დაერქვა. კოლხური ხოხობი ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მასთან შეჯვარებით კი რამდენიმე ჰიბრიდული სახეობაც შეიქმნა. გვესაუბრება ორნითოლოგი ნიკა ბუდაღაშვილი.

- როცა მეცნიერები სახეობას აღმოაჩენენ, იმ ადგილის სახელს უწოდებენ, სადაც პირველად ნახეს, ან აღმომჩენი მეცნიერის სახელს. კოლხური ხოხობი პირველად კოლხეთში ნახეს, სწორედ ამაზე მიუთითებს მისი ლათინური სახელი Phasianus colchicus, სახელწოდებაც გვეუბნება, რომ ფრინველი მდინარე ფაზისის - ახლანდელი რიონის ჭალებში იპოვეს და მისი სახელი უწოდეს.

- გამოდის, უძველესი ლეგენდა სიმართლეს გვიამბობს?

- დიახ, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კოლხური ხოხობი ევროპაში სწორედ კოლხეთიდან შეიყვანეს. ის დღეს ძალიან ბევრ ქვეყანაში გვხვდება: ევროპაში, ამერიკაში და ავსტრალიაშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენთან კოლხური ხოხობი მეტად მცირე რაოდენობით ბინადრობს, რის გამოც ეს ძალიან ძვირფასი, უნიკალური ფრინველია.

- მისი შემცირება უკონტროლო ნადირობამ გამოიწვია?

- ხოხობი ყოველთვის საყვარელი სანადირო ობიექტი იყო, მაგრამ მარტო ადამიანი კი არა, მასზე მტაცებელი ფრინველები და ცხოველებიც ნადირობდნენ. ევროპაში კოლხური ხოხობი ჩვენგან კი წაიყვანეს, თუმცა იქ ამგვარ საკითხებს გონივრულად წყვეტენ და მენეჯმენტიც იმდენად კარგად აქვთ აწყობილი, ამჟამად ხოხბების დანახვა პირდაპირ მინდვრებზე შეიძლება. მანქანით რომ მიდიხართ, ხოხბები თავისუფლად დასეირნობენ. კოლხური ხოხობი საფრანგეთშიც შეიყვანეს, მაგრამ სიცივისა და ყინვის გამო მისი გამრავლება ვერ მოხერხდა. ველურ პირობებში ფრანგებს საკვების ხელოვნურად დამატება დასჭირდათ, რომ ფრინველები გადარჩენილიყვნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ კოლხურ ხოხობს ცივი და თოვლიანი ადგილები არ მოსწონს. შარშან ხორვატიაში ვიყავი და იქ ხოხბები იზოლირებულ კუნძულებზეც კი ვნახე. უკვირდათ, როცა ვამბობდი, ჩვენთან ხოხობი იშვიათი სანახავია-მეთქი. ევროპის ქვეყნებში რაც ჰყავთ, ის უკვე აღარ არის კოლხური ხოხობი - იქ ჰიბრიდული, ჩინურ ხოხობთან შეჯვარებული სახეობაა, რომელიც ყველგან გამრავლდა, სადაც კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო.

- როგორც ვიცი, ჰიბრიდული სახეობა უფრო მეტია.

- დიახ, წინა საუკუნეების ევროპაში ხოხბის სხვა სახეობები მონღოლეთიდანაც შეუყვანიათ და ჩინეთიდანაც, რომელსაც თეთრყელიან ხოხობს უწოდებენ, მას ყელზე თეთრი, ლამაზი რგოლი აქვს. ის კოლხურ სახეობას შეუჯვარეს და ახლა ევროპაში უკვე შერეული სახეობები ბლომად ჰყავთ. სხვათა შორის, ჩინური ხოხობი ტყვეობაში ძალიან კარგად მრავლდება და მისი მოშენება მომგებიანიც გამოდგა. ყაზახეთში კოლხური ხოხბისგან წარმოშობილი სულ სხვა, ჰიბრიდული ქვესახეობა ჰყავთ.

ნამდვილი კოლხური ხოხობი ივრის ჭალებსა და კოლხეთის დაბლობში შემორჩა, ასევე, მტკვრის ჭალებშიც. კიდევ კარგი, სხვადასხვა საცდელი მეურნეობა ცდილობს ეს უნიკალური სახეობა ტყვეობაში გაამრავლოს და მერე გაუშვას, რაც იშვიათი სახეობების გადასარჩენად ყველაზე გამართლებული ნაბიჯია.

სამწუხაროდ, ბუნებაში გაშვებული ათასობით ინდივიდისგან შეიძლება მცირე ნაწილი გადარჩეს, რადგან ტყვეობაში გაზრდილი ხოხობი არ არის დაჩვეული ველურ პირობებში ცხოვრებას: ის ვერ იბრძვის თავის გადასარჩენად და სხვადასხვა დაავადებისგან თავს ვერ იცავს. ამიტომ ხოხობი ბუნებაში დიდი რაოდენობით უნდა გაუშვა, რომ მცირე ნაწილი მაინც გადარჩეს.

- სად იკეთებს ბუდეს კოლხური ხოხობი? - მიწის პატარა ჩაღრმავებებში ხმელი ფოთლებითა და ბალახით. მათ ძალიან ადვილად პოულობენ ტურა, მელია, კვერნა და სხვა მტაცებელი ცხოველები, მტაცებლები კი ბლომად არიან იმ ჭალებში, სადაც ხოხბები ბუდობენ. როგორც წესი, მამრი რამდენიმე დედალ ხოხობს უწყვილდება და თავის პატარა "ჰარამხანას" ქმნის. ეს აპრილში ხდება, მაისში მდედრი ხოხბები უკვე კვერცხებზე სხედან. როცა ხოხბის ლაპები გამოიჩეკებიან, მათზე მხოლოდ მდედრი ზრუნავს.

4-5 თვის ასაკში ხოხობს უკვე ეტყობა, მდედრია თუ მამრი. მოზრდილი დედალი ხოხობი გაცილებით მსუბუქია და 800 გრამს იწონის, ხოლო მამლის წონა 1500-1600 გრამია. ბუნებაში გაზრდილ ხოხობს სულ სხვა ზნე და იერი აქვს, ტყვეობაში გაზრდილს კი სულ სხვა.

- როგორი უნდა იყოს ხოხბის ვოლიერი? - ვოლიერი უმეტესად ხის ან რკინის კონსტრუქციაა. კარგია, თუ ხოხობს ბუნებრივის მსგავს გარემოს შევუქმნით. ვოლიერში რამდენიმე მამლის ჩასმა არ შეიძლება, რადგან შეწყვილების პერიოდში ისინი ერთმანეთთან ჩხუბობენ და აზიანებენ. სასურველია, ხოხბების ოჯახში ერთი მამალი და 6-10 დედალი იყოს და ეს ოჯახები ცალ-ცალკე ვოლიერში მოვათავსოთ. ვოლიერი შემოღობილი უნდა იყოს რკინის ბადით, რომელსაც წვრილი ნახვრეტები უნდა ჰქონდეს, რომ მღრღნელები არ შეძვრნენ. ვოლიერი ზემოდანაც ბადით უნდა იყოს დახურული, რომ ფრინველები არ გაიქცნენ. ცალკე საკითხია ხოხბის კვება: ამ ფრინველს ყველაზე მეტად მარცვლეული მოსწონს, ამიტომ ხორბალი, ქერი და წვრილი მარცვლეული არ უნდა მოვაკლოთ. წყალი, რომელსაც ხოხობი სვამს, ზომიერად ცივი და სუფთა უნდა იყოს. უნდა გამოვრიცხოთ ვოლიერში ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, რაციონის შემცირება და კვების რეჟიმის შეცვლა, რადგან ნებისმიერი ცვლილება ხოხბებისთვის სტრესის წყაროა. ხოხობი მწერებზე, ხოჭოებსა და ჭიებზეც არ ამბობს უარს. კოლხური ხოხობი კოლორადოს ხოჭოსა და სხვა მავნე მწერების მტერია - მათ ანადგურებს და ამის გამო ძალიან სასარგებლო ფრინველად მიიჩნევენ.

- რამდენი კოლხური ხოხობია დღეს საქართველოში? - სხვა სახეობებთან შეჯვარების გამო სუფთა სისხლის კოლხური ხოხობი იშვიათია, ზუსტი რიცხვიც უცნობია. დღეს კოლხურ ხოხობს უმეტესად სამონადირეო მეურნეობებში ზრდიან ან ფერმერებისგან ყიდულობენ. მოყვარულებს მისი ეზოში ყოფნაც მოსწონთ და ცდილობენ კოლხური ხოხობი ეზოს გასალამაზებლად მოაშენონ. მონადირეები მის საპოვნელად ძაღლებს იყენებენ, ჩვენთვის კი, სპეციალისტებისთვის, კოლხური ხოხბის პოვნა გაცილებით რთულია. იმედია, რამდენიმე წელიწადში ამ უნიკალურ პოპულაციას ისე მოვამრავლებთ, რომ მისი ნახვა საქართველოში ძნელი აღარ იქნება. ეს ტურისტული თვალსაზრისითაც საყურადღებოა, რადგან კოლხური ხოხბის ნახვა და გადაღება ნებისმიერი უცხოელი ორნითოლოგის ოცნებაა. კოლხური ხოხობი განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე