უამრავი მეურნე საძოვრების გარეშეა დარჩენილი
უამრავი მეურნე საძოვრების გარეშეა დარჩენილი
"ხალხი სხვის მიწაზე მოყვანილ პროდუქტში გაათმაგებულად ძვირს იხდის, რაც მესაქონლეობის პროდუქტის ფასს აძვირებს"

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის მკვიდრმა გელა ჭულუხაძემ 12 წლის წინ ბოჩოლებით დაწყებული საქმე დღეს კარგად გამართულ ფერმამდე მიიყვანა. ამით ოჯახს წელი გაუმაგრა და ქვეყანასაც ეხმარება.

- საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ძველთაგანვე მისდევდნენ მესაქონლეობას. ამ დარგის აღდგენა გასულ წლებში თითქოს ჩვენთანაც დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს როგორც ხორცის, ასევე რძის ნაწარმის წარმოება დაახლოებით 40%-ით შემცირდა. თქვენ როგორ შეძელით ასეთ დროს
მესაქონლეობის შენარჩუნება?

- წლების წინ, კუპონების ფასად გასხვისებული საძოვრები ერთეულებმა ჩაიგდეს ხელში, იმ ხალხმა, რომელთაც სოფლის არაფერი გაეგებოდათ. ჩემს სოფელშიც საძოვრები სულ ორ კაცს ეკუთვნის - ერთს 600 ჰექტარი აქვს, მეორეს კი 400. ვისაც გვსურს სოფელში შრომა და რაიმეს გაკეთება, მათგან მიწების გამოსყიდვას ვცდილობთ, თუმცა
ახლა უკვე ძალიან ძვირად. უსაძოვროდ რა ფერმერობა იქნება! ხალხი სხვის მიწაზე მოყვანილ პროდუქტში გაათმაგებულად ძვირს იხდის, რაც ცხადია, მესაქონლეობის პროდუქტის ფასს აძვირებს. გარდა ამისა, ფერმერსაც და გლეხსაც უამრავი პრობლემა აქვთ. პირადად მე, როცა პირუტყვის დაკვლა და გაყიდვა გადავწყვიტე, გადამყიდველებმა კილოგრამში 10 ლარზე ნაკლები შემომთავაზეს. ეს მაშინ, როცა თავად კილოგრამ ხორცს 20 ლარად ყიდიან.

- საკუთარი მაღაზია თუ არა გაქვს, ხორცის რეალიზაცია ძალიან ჭირს. როგორ დაიწყეთ ფერმერობა?
- ქართული ჯიშის ბოჩოლების შესყიდვით, მათ შორის წაბლას საუცხოო ადგილობრივი ჯიშის, და ორ წელიწადში უკვე მეწველი ძროხები მყავდა, რომლებიც კარგი კვების წყალობით 16 ლიტრამდე იწველიან. ქართული პირუტყვის რძის ნაწარმს საუკეთესო გემოვანი თვისებები აქვს.

ადგილობრივი პირუტყვი იმდენად შეგუებულია ჩვენს გარემო პირობებთან, რომ უცხო ჯიშის პირუტყვის ყიდვის სურვილი არა მაქვს. დღეს ჩემს ფერმაში, რომელიც სოფლიდან კილომეტრზეა, 90 სული პირუტყვია. აქედან 30 სული მეწველი ფური და 18 კამეჩია. მყავს 15 სული ცხენიც, დედა ღორები და თხები. აი, ამ ყველაფრისგან შემოსავლით ნელ-ნელა, წვალებით ძალზე ძვირად გამოვისყიდე 14 ჰექტარი მიწა. ახლა იქ სახნავ-სათესი მაქვს და ჩემი ფერმისთვის მოსავალი მომყავს. გარდა ამისა, მეგობართან ერთად 10 ჰექტარ მიწაზე იონჯას ვთესავ, საუკეთესო საკვებს პირუტყვისთვის.


- იმერეთში ცხენს გამწევ ძალად არ იყენებენ. ამდენი ცხენი რატომ მოაშენეთ?
- სიამოვნებისთვის, ცხენი ძალიან მიყვარს. ჯერ ჭრელი, ლამაზი კვიცები ვიყიდე, რომლებიც 15 ულამაზეს ცხენად გაიზარდნენ. მყავდა კლიენტიც, მაგრამ ძალიან დამენანა და არ გავყიდე. ულამაზესები არიან, იყვნენ, იქროლონ, მით უფრო, მე არაფერს მთხოვენ. ჩვენს სოფელში ისეთი პირობებია, ჩვენი ცხენები ბუნებაში მოიპოვებენ საკვებს. სამაგიეროდ, გოჭებს ვყიდი, განსაკუთრებით საახალწლოდ და სააღდგომოდ.

- სახელმწიფო თუ გეხმარებათ?
- ბევრი რამ თავად გავაკეთე, სატვირთო მანქანა და ტექნიკა ძველი, მაგრამ საკუთარი მყავს. ზესტაფონის სოფლის მეურნეობის სამსახურსაც მინდა მადლობა ვუთხრა, შეღავათიანი აგროკრედიტი მომცეს. ვაპირებ თივის პრესის დამამზადებელ ტექნიკაზეც შევიტანო განაცხადი. ეს ფერმერისთვის მეტად საჭირო ტექნიკაა, დაქირავება კი ძვირი ღირს. რაც შეეხება მუშახელს, სამი კაცი მუდამ მყავს დასაქმებული, საკვების დამზადებაში კი 12 კაცი მეხმარება. ამ ხარჯებს უმეტესად რძის ნაწარმის გაყიდვით ვისტუმრებ. მაღალხარისხოვანი ყველი მაქვს, რომელსაც კამეჩისა და ძროხის რძის შერევით ვამზადებთ. ყველის გასაყიდად შორს წასვლა არ მჭირდება. ქუთაისის ბაზარზე ჩემს ყველზე დიდი მოთხოვნაა. ბითუმად მოვაჭრეები თავად მოდიან ფერმაში და ყველის მთელი მარაგი მიაქვთ.

- წარმატებას გისურვებთ. ქვეყნისთვის საჭირო კაცი ხართ.
- გმადლობ. ამას გულით ვცდილობ. იმასაც ვცდილობ ჩემი საქმე გავაფართოო. იმედია, გამომივა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები