"ზანდური ჩემი ბედისწერაა, ალუბლის ღვინომ კი სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია" - პედაგოგი, რომელმაც ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში ხორბლის ეს ენდემური სახეობა­ გააცოცხლა - კვირის პალიტრა

"ზანდური ჩემი ბედისწერაა, ალუბლის ღვინომ კი სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია" - პედაგოგი, რომელმაც ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში ხორბლის ეს ენდემური სახეობა­ გააცოცხლა

"ლეჩხუმის ენდემური სახეობების აღორძინებას დარჩენილი სიცოცხლე უნდა მივუძღვნა"

საქართველოში ადრე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობა ზანდური დღეს პრეისტორიული კულტურის უნიკალურ ძეგლად მიიჩნევა. "მთის ხორბლის ჯიშებს შორის ის პირველ ადგილზეა, რადგან გამორჩეულია ნიადაგისა და კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობით", - ამბობენ სპეციალისტები. ამ თემაზე 2018 წელს ვესაუბრეთ ახალგაზრდა მეცნიერ ცოლ-ქმარს - მერი შალამბერიძესა და ლევან ოზბეთელაშვილს, რომლებსაც ზანდურის აღდგენისთვის სამეცნიერო მუშაობა ჰქონდათ წამოწყებული. ისინი ეწვივნენ იმ რეგიონებსაც, სადაც ისტორიულად მოჰყავდათ ზანდური, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმს. მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად ლეჩხუმში პატარა საცდელ ნაკვეთზე ხორბლის ეს სახეობა დათესეს და კარგი შედეგიც მიიღეს. სწორედ მაშინ დაინტერესდა ზანდურის მოყვანით იქაური პედაგოგი მანონი ახვლედიანი, ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში ხორბლის ეს ენდემური სახეობა გააცოცხლა და მისი მოყვანის ლეჩხუმური ტრადიციაც განაახლა. დღეს ის უკვე წარმატებული მეურნეა, ხორბლის გარდა, აქვს თაფლი და სანერგე მეურნეობა, წურავს ღვინოს...

მანონი ახვლედიანი:

- ზანდური, შეიძლება ითქვას, ჩემი ბედისწერაა.

ბებია სულ მახასა და ზანდურს ახსენებდა. ზანდურს რომ ვაცხობდითო, - იტყოდა ყოველი ცხობის დროს და ამ სიტყვებში იმდენ სიყვარულსა და სინანულს ჩააქსოვდა, ბავშვური ინტერესი მკლავდა, რა იყო ეს ზანდური.

მერე კი ახალგაზრდა მეცნიერებმა ლევან ოზბეთელაშვილმა და მერი შალამბერიძემ ჩემი ბავშვური ოცნებები გააცოცხლეს. რაც მეტი გავიგე, ინტერესი გამიორმაგდა. ზანდური და მახა ლეჩხუმის ენდემური სახეობებია, ეს ჩემთვის პირადზე მეტია და დარჩენილი სიცოცხლე მის აღორძინებას უნდა მივუძღვნა...

- ზანდურმა "ზანდურის სახლამდეც" მიგიყვანათ... როგორ გადაწყვიტეთ ეს და სახელწოდება რას ნიშნავს?

- ამ ხორბლის აღორძინება საშური საქმეა, დიდ ძალისხმევასა და თანხას მოითხოვს, მაგრამ რა შემეძლო მე, ერთ არცთუ შეძლებულ პედაგოგს, საქმე ხომ უფულოდ არ კეთდება?! ჩემს შვილს ვთხოვე, გვერდით დამდგომოდა. კრედიტი ავიღეთ, ავაშენეთ "ზანდურის სახლი", რომელიც აერთიანებს ენდემური ხორბლის სახეობებისა და ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთებს, ახლად გაშენებულ ხეხილის ბაღს, ბეღელ-მუზეუმს ხორბლის წარმოება-მოხმარების ეთნომასალით, მარანს ღვინოსთან დაკავშირებული ეთნომასალით (ვაყენებთ ბიოღვინოს და გვაქვს ჩემი და აქაური მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც). ამავე სივრცეშია საოჯახო სასტუმრო და სასადილო ლეჩხუმური ოდასახლისა და აივნის კომბინაციით.

- ხორბლის მოყვანაში რა შედეგს მიაღწიეთ? - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. რასაც ვაკეთებ, პირდაპირ თუ ირიბად, ყველაფერი ხორბალს ეხება. დიდი შედეგი ის არის, რომ ზანდურის შესახებ თითქმის მთელმა საქართველომ გაიგო. თესლი უამრავმა ადამიანმა წაიღო და მათ გეგმებშიც გაჩნდა ფიქრი ზანდურის მომავალზე.

თუ შემოსავალი მექნება, ვიყიდი საცეხველს და მარცვლისა და ფქვილის წარმოებას შევძლებ. გამომცხვარი პურის პირველადი სარეკლამო-სარეალიზაციო სივრცე ჩვენი სახლი იქნება.

- გვიამბეთ თქვენს კუთხეზეც...

- ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვირიშში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. ლეჩხუმი მთაგორიანი, ლამაზი და საინტერესო კუთხეა. ამის პირობაზე ზომიერი კლიმატი გვაქვს, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა. აქაური ხილი, ყურძენი, მარცვლეული და ბოსტნეული მაღალხარისხიანია. ჩვენ არ ვიყენებთ შხამქიმიკატებს.

- უკვე ცნობილი მეწარმე ბრძანდებით, როგორ მიაღწიეთ ამას? - მეწარმის სტატუსი არ არის სახუმარო საქმე. ამისთვის დიდი შრომა და თავდადებაა საჭირო. ჩემს ბუნებაშია შრომისა და მიწის სიყვარული. წლების განმავლობაში მივდევდი მებოსტნეობასა და მეცხოველეობას, ვიღებ თაფლს, ვაყენებ ღვინოს, ვამზადებ ხილის წვენს. შარშან ალუბლის ღვინოც მქონდა და სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.

- სახლი მუზეუმად გიქცევიათ, უძველესი სამეურნეო იარაღებია თავმოყრილი, რომელთაც უმეტესად პურის მოყვანისას იყენებდნენ. ეს ნივთები როგორ შეაგროვეთ? - ეთნოგრაფიული ნივთების ძებნა ზანდურის აღმოჩენის დღიდან დავიწყე. ძირითადად, მჩუქნიდნენ და მეც პატარ-პატარა სამაგიერო საჩუქრებით მადლიერების გამოხატვას ვცდილობდი. ნივთების დიდი ნაწილი ჩემს ოჯახში იყო, ზოგი ახლომახლო სოფლებში შევაგროვე.

- პანდემიამ ხელი რაში შეგეშალათ? - ხელის შეშლა მაინცდამაინც ვერ შეძლო, რადგან ეს საქმე ახალი წამოწყებული მაქვს. ყველაფერი ერთ სივრცეში და ერთად მოვინდომე. ასაკის გამო დასაკარგი დრო აღარ მაქვს. ზაფხულში ძალიან ბევრი სტუმარი მივიღე და პანდემიის მეორე ტალღის ჩაკეტვა განვითარებისთვის გამოვიყენე. ხორბალი, ღვინო, ფუტკარი და ვაშლი ჩემი მეურნეობის ძირითადი მიმართულებებია. სტუმრებს სადეგუსტაციოდ ჩემს ნაწარმს ვთავაზობ.

- პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ამ საქმეს მარტო აუდიხართ? - ძირითადად, მარტო ვმუშაობ. თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო, ხომ გაგიგონიათ?! რაც მიყვარს, იმ საქმისთვის ამირანივით უძლეველი ვარ. ბოლო დროს მეგობარი გოგონა მეხმარება. ჩემს შრომა-წვალებას რომ უყურებს, აღარც ის ზოგავს თავს. გვერდით მიდგას ჩემი შვილი, ყველაზე რთულ მომენტებში ჩემთან არის და ისიც დღე-ღამეს ასწორებს, თუმცა ემოციურად და ფიზიკურად უკვე გადაქანცვის ზღვარზე ვარ. ძალიან რთულია, ორ წელიწადში ეს ყველაფერი თითქმის მარტომ შექმნა, მაგრამ ვიცი, გავუძლებ, უფრო სწორად, უკვე გავუძელი. მომავალსაც იმედით ვუყურებ.

- რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც მეურნეობის წამოწყება უნდა? - მთელი ცხოვრება სიზარმაცის კომპლექსი მტანჯავს. საღამოს დაღლილობისგან ფეხზე რომ ვერ ვდგები, მაინც იმას ვჯავრობ, ზარმაცი ვარ-მეთქი. ვებრძვი საკუთარ თავს. წარმატების მისაღწევად საჭიროა გონიერება, შრომა, სიყვარული და ყველაზე მთავარი - მიზანდასახულობა!

ლევანსა და მის მეუღლეს დიდ მადლობას ვუხდი - ჩვენს კუთხეში მათმა სტუმრობამ მიბიძგა ასეთი საქმეების დასაწყებად. შეიძლება ითქვას, რომ მათი "შედეგი" ვარ. ასევე მადლობა უნდა გადავუხადო ცაგერის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელ ბონდო ხეცურიანს, რომელმაც ზანდურის თესლის ნაწილი მომცა... აქამდე მოვედი დიდი წვალებით. განვლილმა წლებმა ბევრი სირთულე დაიტია - მეუღლის გარდაცვალება, ობლების დაზრდა, მტერ-მოყვრის პასუხი და არსებობისთვის ბრძოლა, რომელიც კვლავ გრძელდება.