"ბაღში სამუშაოდ ისეთი მოწესრიგებული მივდივარ, როგორც თქვენ - სამსახურში" - კვირის პალიტრა

"ბაღში სამუშაოდ ისეთი მოწესრიგებული მივდივარ, როგორც თქვენ - სამსახურში"

"თუ მიწას შეიყვარებ, ის აუცილებლად დაგიფასებს, დაგაპურებს და გაგახარებს" - ამ სიტყვების ავტორი, 25 წლის რებეკა ხუგაევი ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან შვილსა და მამასთან ერთად ცხოვრებს. კარ-მიდამო წალკოტად აქცია, საყვარელი საქმე პროფესიად გაიხადა და შემოსავალიც გაიჩინა. სტერეოტიპის დამსხვრევა იმით დაიწყო, რომ ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულმა გოგონამ მიწაზე დაიწყო მუშაობა. ახლა თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და უკვირს იმ ადამიანების, ბარაქიან ქართულ მიწაზე რომ ცხოვრობენ და გასაქანს სხვაგან ეძებენ.

რებეკა ხუგაევი:

- სოფელში დავიბადე და გავიზარდე, მშობლები მიწათმოქმედებას მისდევდნენ. დედა ყვავილებს ამრავლებდა, მამას ხეხილის ნერგები და ბოსტნეულის ჩითილების გამოჰყავდა, მე კი ავიაციით ვიყავი დაინტერესებული. მშობლები ხელს მიწყობდნენ, რომ ამ სფეროში მომესინჯა ძალები, მაგრამ სტუდენტობისას დედა გარდამეცვალა და მაშინვე სოფელში დავბრუნდი, მის საყვარელ საქმეს, ყვავილების გამრავლებას მოვკიდე ხელი. ყვავილის ნერგებს ბაზარში ვყიდდი, მაგრამ შემოსავალი მხოლოდ მინიმალური ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად გვყოფნიდა. დავინტერესდი ხეხილითაც. მიიჩნევენ, რომ ნერგების გამრავლება, დამყნობა მამაკაცური საქმეა, მე კი ამ სტერეოტიპის დანგრევა გადავწყვიტე. მამამაც არ მითხრა უარი და მასწავლა, რაც იცოდა. მამის გამოცდილება რომ გავითავისე, ჩემი მეთოდების დანერგვაც დავიწყე - მაგალითად, ხეხილის ნერგების გამოყვანა ქოთანში. ასეთი პრაქტიკა ადრე ჩვენთან არ ყოფილა.

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მიწათმოქმედება ახალგაზრდებისთვის საინტერესო არ არის. ალბათ, თქვენს სოფელშიც უკვირდათ, ასეთი ახალგზარდა მიწაზე რომ მუშაობდით და ყვავილებს ყიდდით. - მართლაც ასე იყო. 90% ამბობდა, რა უჭირს საიმისო, მიწაზე მუშაობით რომ იკლავს თავსო. ბაზარშიც მსმენია რეპლიკები - ასეთი გოგო ყვავილებს როგორ ყიდისო. მხოლოდ 10%-ს უხაროდა და მლოცავდა... დღეს ეს სტერეოტიპიც დავანგრიე, მიწაზე მხოლოდ გაჭირვების გამო არ უნდა იმუშაო, ამ საქმის სიყვარულია საჭირო. მიწა უნდა შეიგრძნო, დააფასო, შეიყვარო და ის აუცილებლად გამოგკვებავს, გაგახარებს.

დღეს მთელი ოჯახი - მე, მამა, მეუღლე, შვილებიც კი მიწათმოქმედებას მივდევთ, გვიყვარს და გვსიამოვნებს მიწასთან ურთიერთობა, შემოსავალიც გავზარდეთ, შეიძლება ითქვას, აღარაფერი გვიჭირს.

- ბევრი ტოვებს სოფელს და ამბობს, რომ მიწასთან მუშაობა უპერსპექტივოა. თქვენც თქვით, რომ თავიდან მხოლოდ ყოფითი პრობლემების მოგვარებას ახერხებდით. როგორ აქციეთ ეს საქმე მომგებიან ბიზნესად? - მიწასთან მუშაობა რთული და შრომატევადია, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად დაგეგმავ, აუცილებლად მიიღებ შედეგს. ვიღაცებს ჩემი მიწაზე მუშაობა უკვირდათ, მე კი ის მიკვირდა, მათ ცხვირწინ მიწა რომ ჰქონდათ და პერსპექტივას სხვაგან ეძებდნენ. ზოგი ქალაქში ქირით მიდიოდა და 200, 300 ლარზე დამლაგებლად მუშაობდა ან სხვა შავ სამუშაოს ასრულებდა. მიწა გაცილებით მეტს მოგცემს, თუ გონივრულად მოიქცევი. ჩემი მშობლები 30 წელიწადს მუშაობდნენ მიწაზე. საჭმელი ჰქონდათ, მაგრამ იმის იქით ვეღარაფერს აკეთებდნენ, ვერ ვითარდებოდნენ და ერთ წრეზე ბრუნავდნენ. გადამყიდველებზე იყვნენ დამოკიდებული და შემოსავალიც მწირი ჰქონდათ. მე ჩვენს შრომას ფასი დავადე, გადავწყვიტე, საკუთარი პროდუქცია მომხმარებლამდე თავად მიმეტანა. გავაკეთე საიტი ჩემი ბაღის შესახებ და ონლაინვაჭრობა დავიწყე. ვაქვეყნებდი ყველაფერს - როგორ ვცხოვრობდი, როგორ ვმუშაობდი, როგორ ვუვლიდით ხეხილსა და ყვავილებს. გამოხმაურება ძალიან დიდი იყო, კლიენტებიც მომიმრავლდნენ. ერთ-ორ წელიწადში ბაღის გვერდი ვეღარც პასუხის გაცემას აუდიოდა და ვეღარც კონსულტაციების გაცემას, ამიტომ კიდევ ერთი, პირადი გვერდი შევქმენი. ამ გვერდსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მუდმივი კლიენტები გამიჩნდნენ და შემოსავალმაც საგრძნობლად იმატა.

კლიენტისთვის ყოველთვის მაქვს სიახლეები, მაგალითად, წლეულს ქლიავის ერთ ჯიშს ვთავაზობ, გაისად სხვა მექნება. ნერგების ყიდვის მსურველთა რიცხვი მუდმივად იზრდება. წლეულს იმდენმა ადამიანმა მოგვმართა, მათი დაკმაყოფილება ვერ მოვახერხეთ და იძულებული გავხდი, კიდევ მეყიდა მიწა. ნელა-ნელა ვვითარდებით, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის.

- ახალ-ახალი ჯიშები საიდან მოგაქვთ? - ზოგს უცხოეთიდან ვიწერ, ზოგსაც მე და მამა ვამყნობთ. სიახლეები მუდმივად გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს დრო და შრომა სჭირდება. ყოფილა შემთხვევა, უცხოეთიდან გამოწერილ თესლს სულ სხვანაირი ნაყოფი გამოუღია, ვიდრე ჩვენ ველოდით, ამიტომ ჯერ ჩვენ ვტესტავთ და მყიდველს მერე ვთავაზობთ. ყვავილების ფესვით გამრავლება უფრო ადვილია და დროც ნაკლები სჭირდება. დავიწყე ჯუჯა ხეების გამრავლებაც. მე მათ საბავშვო ხეებს ვეძახი - ბავშვები უფროსების დახმარების გარეშე კრეფენ ხილს და ეს ძალიან მოსწონთ.

- თქვით, რომ მეუღლეც მიწათმოქმედებას მისდევს... - დიახ, მეუღლეს ხორბალი და ქერი მოჰყავს. სოფელში გავიზარდე, თუმცა ხორბლის მოყვანისა არაფერი ვიცოდი. რავნიტი ამ საქმით საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაინტერესდა. მეუღლე ინდოელია, პენჯაბის შტატიდან. მისი წინაპრები ფერმერები იყვნენ. მამამთილმა კარგად იცოდა ეს საქმე და შვილსაც ასწავლა. თავდაპირველად 4 ჰა მიწა იყიდეს, ახლა 20 ჰა გვაქვს. 2012-13 წლებში, როდესაც ამ საქმეს ხელი მიჰყვეს, ხორბალს ძალიან დაბალი ფასი ჰქონდა, წლეულს კი კარგი ფასი დაედო, ზამთარში 86 თეთრადაც კი გაიყიდა. ჩვენც მოვინდომეთ და ხორბალი 45 ჰექტარზე დავთესეთ. ბოლო დროს მიწა გაძვირდა და ამიტომ 25 ჰექტარი იჯარით ავიღეთ. კარგი მოსავალი გვქონდა, 200 ტონა ხორბალი მოვიწიეთ.

- მუშახელს ქირაობთ? - ყველაფერს თავად ვაკეთებთ. სანერგეში რამდენჯერმე დავიქირავე მუშები, მაგრამ ისე მიმიფუჩეჩეს საქმე, თავიდან მომიწია ყველაფრის გაკეთებამ. ხორბლისთვის ტრაქტორიც მხოლოდ მოსახნავად დავიქირავეთ, მერე კი ჩვენ დავთესეთ.

- ესე იგი, გაჩერებას არ აპირებთ... - ცხადია... თბილისთან ახლოს 1500 კვმ მიწა ვიყიდეთ და იქაც ახალი საქმის დაწყებას ვაპირებთ. ყოველწლიურად გვრჩება იმდენი თანხა, რომ ახალ-ახალი საქმე წამოვიწყოთ. მიწის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილებიც ამ გზას გაჰყვებიან. ჩემი ბიჭი 4 თვის იყო, მასთან ერთად რომ გამოვედი ბაღში. მას მერე სულ ერთად დავდივართ. 3 წლის არის და თამაშ-თამაშით ისეთ რამეებს აკეთებს, შეიძლება ზოგიერთმა დიდმაც ვერ შეძლოს. გოგონა ჯერ ერთი თვის არის, მაგრამ მის გაზრდასაც ასე ვაპირებ. მიწასთან მუშაობა ადამიანს უფრო კეთილშობილს ხდის.

- განტვირთვისა და დასვენების დრო გრჩებათ? - რა თქმა უნდა, მუშაობასაც ვახერხებთ, დასვენებასაც, გართობასაც და ჰობით ტკბობასაც. იცით, ჩვენი ჰობი რა არის? სადილების მომზადება. ფაქტობრივად, ჰობიც საქმედ ვაქციეთ.

ჩვენს ბაღსა და ბოსტანში მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტით კერძებს ვამზადებთ და ვიდეორგოლებს ვწერთ, თან ძალიან ვხალისობთ.

- კერძები ქართულია თუ ინდური? - ხან - ქართული, ხან - ინდური. ჩვენი იდეაა, ადამიანებს ვაჩვენოთ, როგორ მოამზადონ კერძები მარტივად და იაფად.

- როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, დაამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ მიწაზე მხოლოდ ღარიბი და უპერსპექტივო ხალხი მუშაობს. მაგალითი თუ გახდით ვინმესთვის? - თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს მივეცი სტიმული და ეს მიხარია. ბევრი დამიკავშირდა და რჩევები მკითხა. ზოგს საკუთარი სიამოვნებისთვის უნდოდა ხეხილის გაშენება, ზოგმა ეს თავის მთავარ საქმედ აქცია. ხუთმა ადამიანმა დიდი მეურნეობაც მოაწყო. ამის გამო უზომოდ ბედნიერი ვარ. პანდემიის დროს მებაღეობით ისეთი ადამიანები დაინტერესდნენ, წლების განმავლობაში სოფელში რომ არ ჩასულან.

- თქვენ სხვა სტერეოტიპიც დაამსხვრიეთ, რომ მიწაზე მომუშავე ადამიანები სულაც არ არიან მოუვლელი და მოუწესრიგებელი... - ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს ლამაზად ჩაცმა, თავის მოვლა... ბაღში სამუშაოდ ისეთი მოწესრიგებული მივდივარ, როგორც თქვენ - სამსახურში. თუ ადამიანს თავის მოვლა უყვარს, ბაღშიც მოწესრიგებული წავა და ფერმაშიც, თუ არადა, თეთრ სახლშიც პირდაუბანელი შევა.

ხათუნა ბახტურიძე