"იხვის ხინკალი იხვის ტოლმაზე გემრიელია! ბატსა და იხვზე დიდი მოთხოვნაა"
"იხვის ხინკალი იხვის ტოლმაზე გემრიელია! ბატსა და იხვზე დიდი მოთხოვნაა"
"წნორელი მეურნის მიდამოში ერთი პატარა რუც კი არ ჩამოდის, არადა, იხვებსა და ბატებს აშენებს"

ჯანმრთელი საკვების მოპოვება ალბათ მხოლოდ მაშინ იყო ადვილი, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობდა და შრომობდა. დღეს ასე აღარ არის და ვინც სოფელში ცხოვრობს, მათი უმრავლესობაც სხვისი შრომით შექმნილი პროდუქტის ყიდვას ირჩევს. ასეა შინაური­ ფრინველის შემთხვევაშიც - ჩვენთან ნებისმიერი ჯიშის ფრინველის მოშენება შეიძლება, მაგრამ ზოგიერთი სოფლის მოსახლის კარ-მიდამოში წიწილაც არ იზრდება,­ თუმცა, საბედნიეროდ, გამრჯე გლეხობა არ
გადაშენებულა, მუშაობს და ზოგჯერ შესაძლებელზე მეტსაც აკეთებს.

წნორელი შოთა მუმლაურის კარ-მიდამ­ოში ერთი პატარა რუც კი არ ჩამოდის, არადა, წყლის ფრინველებს - იხვებსა­ და ბატებს ამრავლებს. რამდენიმე ფართო ვარცლში წყალი მუდამ აქვს, სადაც ფრინველები ჭყუმპალაობენ და იზრდებიან, მერე კი არა მხოლოდ ფრინველს, იხვის კვერცხსაც მშვენივრად ყიდის.

- მერე რა, რომ წყლის ფრინველია, კაცი თუ მოინდომებს, წყალს პირს აღმა უზამს და მე ბატები და იხვები როგორ ვერ უნდა გავზარდო?! ორივეზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა უფრო მეტი იხვი მყავს, რადგან იხვის კვერცხიც კარგად იყიდება, თანაც კვერცხის დებას იანვრის ბოლოს იწყებენ და მთელი ზაფხულის განმავლობაში არ წყვეტენ. ფასი ქათმის კვერცხთან შედარებით მაღალი აქვს - თუ სოფლის ქათმის კვერცხი ამჟამად 50 თეთრი ღირს, იხვის კვერცხს 70 თეთრად ვყიდი. გარდა ამისა, იხვის სახორცედ გამოყენება უფრო სწრაფად შეიძლება,­ ვიდრე ბატისა. იხვი ორი თვიდან უკვე დასაკლავია, ამ დროს წონაც 3 კილოგრამამდე აღწევს...

იხვის ხუთ-ექვსი ტბორი თვითონ გავაკეთე. დაბალი ვარცლები ვიყიდე, რომლებიც მუდამ სავსე მაქვს. იხვისთვის წყალი აუცილებელია. სხვათა შორის, ეს ჩვენებურ ცხელ ზაფხულში ქათმებსაც რგებთ. იხვისა და მისი კვერცხის გაყიდვას ზაფხულიდან ვიწყებ. თვეში 20-მდე კვერცხს დებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 4-5 ათეული კვერცხის მდებელი იხვი ყოველთვის მყავს, ამ კვერცხით არცთუ უმნიშვნელო თანხას ვშოულობ. რაც შეეხება იხვებს, მათი ფასი 25 ლარია. კლიენტი მათაც ჰყავს. ყველამ იცის, რომ იხვის ხორცი გემრიელია, თანაც წონით ქათამზე დიდია და ყიდულობენ.


- იხვის კვერცხი ქათმის კვერცხზე უფრო სასარგებლოა თუ გემო აქვს უკეთესი?
- თვისებების შესახებ ნაკლებად ვიცი, მაგრამ მე იხვის კვერცხის გემო უფრო მომწონს, თანაც ქათმის კვერცხზე მკვრივი და დიდია.­ გაზაფხულზე იხვებს უკვე ჭუჭულების გამოსაჩეკად ვსხამ. სხვათა შორის, იხვი ძალიან­ კარგი დედაა. ოღონდ კვერცხი არ გააცივოს და ნაშიერები არ დაიხოცონ, არაფრით არ ადგება. შენ უნდა ააყენო და გამოკვებო. სხვადასხვა ჯიშის იხვი გამოჩეკის დროით ცოტათი განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, პეკინურ თეთრ იხვს გამოსაჩეკად 31 დღე სჭირდება, მუშკიანს, ანუ ნისკარტნაოჭიანს - 35 დღე. სხვათა შორის, მუშკიანი იხვის ხორცი ნაკლებად ცხიმიანია, გემრიელი კი იმიტომ არის, რომ ნებისმიერ საკვებს გეახლებათ, ბალახით დაწყებული, მარცვლეულის ჩათვლით. ზამთარში მეტი მარცვლეული სჭირდებათ, რადგან ბალახი არ არის, გაზაფხულიდან კი მის მოხმარებას ამცირებენ, რაც ჩემთვის შეღავათია. სამწუხაროდ, მარცვლეული ძალიან გაძვირდა. შინაური ფრინველით მეტი მოგება ექნება მას, ვისაც მარცვლეული თვითონ მოჰყავს.

- იხვის ხორცი მართლაც ცნობილია კარგი­ გემოთი. მისგან სხვადასხვა კერძს ამზადებენ. კახეთში თუ გაქვთ განსაკუთრებული კერძები, იხვის ტოლმის გარდა?
- იხვის ტოლმა ძალიან გემრიელია. იხვი ბლომად ბრინჯში ფლავადაც მზადდება და მშვენიერია, თუმცა, საუკეთესო მაინც იხვის ხინკალი გამოდის.

- ეს კი არ ვიცოდი!
- კახეთში ვიცით. სწორედ ამ დღეებში­ გავყიდე წყვილი იხვი ხინკლისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, მამალი არ მეთმობოდა, მოსაშენებლად მჭირდებოდა, მაგრამ არ მომეშვნენ - ხინკალი რომ გემრიელი გამოგვივიდეს, აუცილებლად დედალ-მამალი ფრინველისგან უნდა დამზადდესო. მეც ავდექი და გავატანე.

- მარცვლეულის გაძვირება შინაური ფრინ­ველის შემცირებას გამოიწვევს?
- ლოგიკურად ასეა, მარცვლეულის გაძვირება ფრინველის გაძვირებასაც გამო­იწვევს და შემცირებასაც. ამ დროს მარტო გლეხი ვერაფერს გახდება, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ჩვენი მარცვლეულის მოცულობა გაიზარდოს.

- იხვს სპეციალური ნაგებობა სჭირდება?
- პატარა ფიცრულს ყველა ააშენებს. საქათმეზე ადვილი ასაშენებელია, რადგან­ საქათმეს ქანდარაც სჭირდება, იხვი კი ჩვეულებრივ პატარა ფარდულში იზრდება, რომელსაც ბავშვიც კი შეჭედავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა