რატომ აბაკუნებს კურდღელი ფეხებს - კვირის პალიტრა

რატომ აბაკუნებს კურდღელი ფეხებს

"ბევრმა არც იცის, რომ კურდღელი საუკეთესო მოცურავეა. ყოფილა შემთხვევა, როცა მტაცებელი მისდევდა, კურდღელი კი წყალში გადამხტარა, ცურვით მეორე ნაპირზე ამოსულა და თავი გადაურჩენია"

პატარა, მოუსვენარი არსება, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში ადრეული ბავშვობიდან შემოდის - ასე იცნობენ ადამიანები კურდღელს. ბევრს კურდღელი შინაც ჰყოლია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი.

- კურდღელი ერთი დიდი ოჯახის წარმომადგენელია, რომელსაც სპეციალისტები კურდღლისებრთა ოჯახს უწოდებენ. ის 30-მდე სახეობას აერთიანებს. კურდღელი ტიპური მღრღნელია, რაც ნიშნავს, რომ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ეზრდება კბილები და მისთვის მაგარი საკვების ჭამა სასიცოცხლო აუცილებლობაა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კბილები იმდენად გაეზრდება, შეიძლება გაიგუდოს კიდეც. როდესაც სიტყვა "კურდღელი" გვესმის, თავდაპირველად თვალწინ წამოგვიდგება მისი გრძელი ყურები და უცნაური კიდურები, რომლებიც განსხვავებული ზომისაა - კურდღელს უკანა ფეხები უფრო გრძელი აქვს, ვიდრე წინა, რის გამოც ხტუნვა-ხტუნვით დადის. რადგან უკანა კიდურები წინაზე გაცილებით გრძელია, მას აღმართზე არბენა უფრო უადვილდება, ვიდრე დაღმართზე ჩამოსვლა. კურდღელს აქვს ძალიან კარგი სმენა - როგორც ჩანს, ამსიგრძე ყურებით ღმერთმა ტყუილად როდი დააჯილდოვა! მათი წყალობით კურდღელს მცირეოდენი ფაჩუნიც კი ესმის.

მიიჩქარის ბაჭია

- მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი რომელი თვისებები გამოარჩევს კურდღელს?

- ალბათ, მთავარი თვისება კვალის არევაა. როცა კურდღელს მტაცებელი მისდევს, ან თავის საქმეზე მიდის, ის მუდმივად წრეებს უვლის, რითაც მტრებს გზა-კვალს ურევს, მტერი კი მართლაც ბევრი ჰყავს - ტურა, მგელი, მელა, მტაცებელი ფრინველები, მათ შორის - არწივი. კურდღელს თავისუფლად შეუძლია 55-60 კმ/სთ სიჩქარით ირბინოს. ეს პატარა ცხოველი ისე სწრაფად დარბის, მდევრები იშვიათად ეწევიან. შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, კურდღელი საუკეთესო მოცურავეა. ყოფილა შემთხვევა, როცა მტაცებელი მისდევდა, კურდღელი კი წყალში გადამხტარა, ცურვით მეორე ნაპირზე ამოსულა და თავი გადაურჩენია.

მეტისმეტად ფრთხილი ცხოველი მარტო ცხოვრობს, თუ არ ჩავთვლით გამრავლების პერიოდს, როცა მდედრი და მამრი რამდენიმე დღით ერთად რჩებიან. საშიშროების დროს კურდღელი კბილებს აღრჭიალებს და ასე გადმოსცემს თავის განცდებს. ბინადრობს საშუალო ზომის სოროში, ან ორმოში, სადაც დღისით ისვენებს და იმალება, რადგან ეს სოროები მიუვალ ადგილებშია.

- საქართველოში კურდღლის რომელი სახეობა ბინადრობს?

- ჩვენთან, ძირითადად, გავრცელებულია ევროპული ანუ რუხი კურდღელი. ევროპული კურდღელი მორუხო-მოყავისფრო-მონაცრისფროა. ზამთარში მისი ბეწვი ოდნავ უფრო გრძელი და თბილი ხდება, ხოლო ზაფხულში - უფრო მოკლე და მუქი ფერის. ცივ ქვეყნებში ბევრია თეთრი კურდღელი, რომელიც ზამთრის თვეებში აბსოლუტურად თეთრი ხდება. ამის გამო ის თოვლზე სრულიად შეუმჩნეველია. თეთრი კურდღელი ჩრდილოეთის ცივ გარემოს ისევეა შეგუებული, როგორც ევროპული კურდღელი - ჩვენს ბუნებას. ცალკე საუბრის თემაა მისი ყურები. ეს არა მარტო სმენის ორგანოა, არამედ მის მფლობელს სირბილის დროსაც ეხმარება. როგორ? საქმე ის არის, რომ სწრაფი სირბილისას კურდღლის სხეულის ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, ყურები კი დიდი რაოდენობით სითბოს კარგავს და ორგანიზმი ნორმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს.

კურდღლის იმ სახეობებს, რომლებიც სამხრეთის ქვეყნებში ცხოვრობენ, დიდი ზომის ყურები აქვთ - მათი საშუალებით ორგანიზმი უფრო სწრაფად გრილდება. სხვათა შორის, ცნობილია შემთხვევა, როცა უდედოდ დარჩენილი ბაჭია ძაღლმა გაზარდა და მან დედობილისგან ყველა ქცევა ზუსტად გადაიღო - როცა გაიზარდა, ისიც თავს ესხმოდა სხვა ძაღლებს, ეჩხუბებოდა და ჰკბენდა კიდეც. შეგუება ამ ცხოველისთვის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებაა.

ევროპული ანუ რუხი კურდღელი

- როგორია კურდღლის "მენიუ"? - ბალახის მჭამელია, იკვებება მცენარეებით, მათი ტოტებითა და ქერქით, ასევე - სოკოთი და კენკრით. ზამთარში მინერალების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ კბილებით ღრღნის მკვდარი ცხოველების ძვლებს, მაგალIითად ირმის რქებს და დეფიციტს ასე ინაზღაურებს. რაკი უამრავი მტერი ჰყავს, კურდღელი მთელ ცხოვრებას სირბილსა და მალვაში ატარებს, მუდამ გადარჩენასა და დამალვას ცდილობს. მიუხედავად ამისა, მისი რაოდენობა ყველგან შემცირებულია, განსაკუთრებით - საქართველოში. ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი "საყვარელი" სანადირო ცხოველი, დღემდე ხოცავენ კანონიერი თუ უკანონო გზებით და ამიტომაც არის შემცირებული.

- ბაჭიებს როგორ უვლის? - კურდღელი წელიწადში ორ ან სამ შთამომავლობას იძლევა. შობს ორიდან ცხრამდე ბაჭიას. დედა ყველანაირად ცდილობს ნაშიერების დაცვასა და გადარჩენას. ამ მიზნით ის ბაჭიებს შედარებით დიდ ფართობზე, სხვადასხვა ადგილას ანაწილებს და იქ ტოვებს. მერე ჩამოუვლის და სათითაოდ კვებავს. ასე ცდილობს, რამდენიმე მათგანი მაინც გადაარჩინოს. ბაჭიები ჩუმად წვანან და მტაცებლებისთვის შეუმჩნეველი რჩებიან. თუ ბაჭიას შემთხვევით უცხო კურდღელი გადააწყდება, აუცილებლად მიხედავს და აჭმევს - ეს დამატებითი მექანიზმია, რომ სახეობა გადარჩეს და არ დაიღუპოს. დამოუკიდებელ ცხოვრებას ბაჭიები ერთი წლის ასაკში იწყებენ.

მოგეხსენებათ, ცხოველებს ურთიერთობისთვის თავიანთი "ენა" აქვთ. ზოგიერთი მათგანი ინფორმაციას ბგერებით გადმოსცემს, ზოგსაც სულ სხვა მექანიზმი აქვს. კურდღლები მიწაზე ფეხებს აბაკუნებენ და თითქოს რაკარუკის ხმას გამოსცემენ. ამით ისინი ერთმანეთს აგებინებენ, რომ ტერიტორია დაკავებულია და იქ სხვა კურდღლის შესვლა არ შეიძლება. ესეც მათი ბიოლოგიური თავისებურებაა.

კურდღელი ძალიან ამტანია, სირბილი რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია და ამ თვისების წყალობით არც ისეთი უმწეო და დაუცველია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

ამ ცხოველს საუკეთესო თავდაცვისა და შეგუების მექანიზმი აქვს, რაც საშუალებას აძლევს, გადარჩენისთვის იბრძოლოს.

- რამდენ ხანს ცოცხლობს კურდღელი და მისი მოშენება როგორ შეიძლება? - ცოცხლობს დაახლოებით 12 წელიწადს. ეს ერთ-ერთი სასარგებლო ცხოველია, რომლის ხორცს ადამიანები ძველთაგანვე იყენებენ საკვებად, ხოლო ბეწვს - სამოსისთვის. კურდღლები ბევრ ადგილას ბინადრობენ. არ იყვნენ ავსტრალიაში, მაგრამ შეიყვანეს და ისე გამრავლდნენ, ადგილობრივ ეკოსისტემაში შეიჭრნენ და კონტინენტზე დიდი პრობლემა შექმნეს. დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს ავსტრალიისთვის ნამდვილი კატასტროფაა. კურდღელზე იქ თავისუფალი ნადირობაა გამოცხადებული, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ... რაც შეეხება საქართველოს, აქ კურდღლები ოჯახებში ჰყავთ და მერე ყიდიან. კურდღლის ხორცი ძალიან სასარგებლოა, რადგან მასში ქოლესტერინი თითქმის არ არის. კურდღლის მოშენება-შენახვა შრომატევადი საქმეა, მას ბევრი საკვები და კარგი პირობები სჭირდება. სხვათა შორის, ბოცვერი უფრო იოლად მოსავლელი ცხოველია, ამიტომ ფერმებში სწორედ ბოცვრებს აშენებენ. ისიც კურდღლისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. კურდღელი შეიძლება გაწვრთნა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მისი მოშინაურება ადვილია. არსებობს ბოცვრის მოშინაურებული სახეობა, კურდღელი კი მაინც გარეული ცხოველია.

ხათუნა ჩიგოგიძე