ენთუზიასტი მეღვინე ძმები ბოლნისიდან - კვირის პალიტრა

ენთუზიასტი მეღვინე ძმები ბოლნისიდან

"შვაბური ტექნოლოგიით ბოლნისში დღესაც აყენებენ ღვინოს, მაგრამ ჩვენ ღვინის დამზადება ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დავიწყეთ"

სანამ ძირძველ ბოლნისელ გურამ ავქოფაშვილს გავესაუბრებოდი, ცოტა ძნელად წარმომედგინა, რომ ბოლნისი და მიმდებარე სოფლები საუკეთესო ადგილი იქნებოდა ვენახის გასაშენებლად და ღვინის დასაყენებლად. თუმცა რესპონდენტთან საუბრის შემდეგ ყველაფერი სხვა თვალით დავინახე. ბატონი გურამი მეექვსე წელიწადია ძმასთან ერთად, როგორც თავად ამბობს, ენთუზიასტი მეღვინეა. ბოლნისის მიკროზონაში აკეთებს საქმეს, რომელიც მოსწონს, უყვარს და ეამაყება. მოკლედ, ძმები მშვენიერ ღვინოს აყენებენ.

გურამ ავქოფაშვილი:

- სამთო ელექტროინჟინერი გახლავართ, მაგრამ პროფესიით ბოლნისის ერთ-ერთ საწარმოში მხოლოდ 2 წელიწადს ვიმუშავე, რესტრუქტურიზაციის დარგში დირექტორის მოადგილე გახლდით. შემდეგ ძნელბედობა იყო საქართველოში, მისი უშუალო მონაწილეც ვიყავი. ჩემთვის კარგი პერიოდი 2015 წელს დაიწყო, როცა მე და ჩემმა ძმამ გიორგიმ გადავწყვიტეთ ქვევრებში ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინო დაგვეყენებინა და 20 წლის ნანატრი ამბავიც ასე ახდა... მანამდე, როცა რთველში მივდიოდით და შინ მოსავალი მოგვქონდა, ჩემი ძმა ამ საქმის წამოწყებისკენ სულ მიბიძგებდა.

- ვენახი სად გაქვთ? - რატევანში (უძველესი სოფელი სამხრეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი), ჩვენს სოფელში, სადაც ამჟამად ჩინური გვაქვს გაშენებული, მანამდე რქაწითელი გვქონდა. რატევანი განსაკუთრებული ნიადაგითაა გამორჩეული და ხალხიც განსაკუთრებული ცხოვრობს. თავიდან იქ პაპას ვენახი იყო. ღვინოს ტრადიციული წესით ვაყენებდით, ოღონდ მას ბოლნისელები ევროპულს ვეძახით.

- რას ნიშნავს ეს? - ბოლნისში 2 საუკუნის წინ გერმანელები ჩამოასახლეს და აქაურობას კატერინენფელდი ერქვა. ისინი ღვინოს შვაბური ტექნოლოგიით აყენებდნენ. ამ ტექნოლოგიით ბოლნისში დღესაც ამზადებენ ღვინოს, მაგრამ ჩვენ ღვინის დაყენება ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დავიწყეთ.

ღვინოს პაპაჩემი და მისი მამა შვაბური წესით აყენებდნენ. დიდი პაპა რატევანში 1860 წელს დაიბადა და ჩვენები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ღვინოს კასრებში ავარგებდნენ.

მოკლედ, 2015 წლამდე ყურძენს მუხის როფში ("ჩანი") ვწურავდით, სადაც ფერმენტაციას გადიოდა, დუღდა. მერე მუხის კასრებში გადაგვქონდა და გერმანელი არქიტექტურით დაპროექტებულ სარდაფებში ვავარგებდით.

ახლა ქართულ ტრადიციულ მეთოდზე გადმოვედით, შვაბურით მხოლოდ 10%-ს ვამზადებთ.

წელიწადში 6 დასახელების (რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, თავკვერი ვარდისფერი, ჩინური საფერავის ჭაჭაზე, რქაწითელი საფერავის ჭაჭაზე) 4 ათას ბოთლს ვასხამთ.

ბოლნისის მეღვინეობა-მევენახეობის ისტორია ქართული 8-ათასწლოვანი ისტორიის ნაწილია. ბოლნისი მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ზონაა, აღმოჩენილიც არის იმის დამადასტურებელი არტეფაქტები, რომ აქ მევენახეობას ძველთაგანვე მისდევდნენ. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის უნიკალურ მუზეუმში დაცულია 12 ათასამდე არტეფაქტი, ანტიკური ხანით დაწყებული, დღემდე არსებულით დამთავრებული და იმედია, ეს ისტორია კვლავაც გაგრძელდება.

- საკუთარ თავს მეღვინე-მევენახეებს უწოდებთ? - ჩვენ ენთუზიასტი მეღვინეები ვართ, ღვინოს კი ჩვენი ბრენდით ვასხამთ. სულ არ ველოდით ასეთ აღიარებას - 2016 წელს საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში იმართება, ჩვენმა რქაწითელმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო უაღრესად სასიამოვნო, გაგვახარა ჩვენ და ის მეღვინეებიც, რომელთა საშუალებითაც 2017 წელს ბოლნისის მეღვინეთა ასოციაცია შევქმენით. ასოციაციაში ის 30 ენთუზიასტი მეღვინე გავერთიანდით, რომლებიც პრინციპულად მიჰყვებიან ბოლნისური ღვინის დაყენებას.

- ბოლნისში რომ გერმანელების ჩამოსახლებამდე ღვინის წარმოება არსებობდა, ამას რა ადასტურებს? - ივანე ჯავახიშვილის ისტორიული აღწერა, სადაც მოყვანილია ასეთი რამ: სულხან-საბა ორბელიანის ოჯახს კულუხი დაუწესებია. სულ 12 სოფელი იყო (მათგან უმრავლესობა ახლა აზერბაიჯანულია), საიდანაც ორბელიანებს 718 საპალნე ტკბილი ყურძნის წვენი უნდა მიეღოთ. ეს დაახლოებით 125 ტონა ტკბილს უდრის, რაც მეტყველებს, რომ მეღვინეობა ჩვენს კუთხეში კარგად ყოფილა განვითარებული.

უძველესი ჯიშების აღორძინებას ჩვენც ვაპირებთ, მაგალითად, მელიკუდას, ღრუბელას...

მნიშვნელოვანია, რომ "საქპატენტმა" 2019 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ ბოლნისიც დაარეგისტრირა, რაც ნიშნავს, რომ ეს მიკროზონა უკვე ოფიციალურად არის აღიარებული მეღვინეობის ზონად, როგორც, მაგალითად, წინანდალი, გურჯაანი...

ბოლნისმა ამ უმაღლეს ლიგაში მეოცე ადგილი დაიკავა. ამის მერეც დაარეგისტრირეს სხვა ღვინოებიც და ჯერჯერობით 24 ასეთი ღვინოა.

- ოცნება აგვიხდაო, ბრძანეთ... - 55 წლის ვარ და ახლიდან ჩავეჭიდე რაღაც საინტერესოს. მეტად შევისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებდა - ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ქვევრის გახსნა, მარნის სხვა საქმეები. ძალიან მინდა ბოლნისმა ამ საქმეში ძველი სახელი დაიბრუნოს. არის ასეთი ცნობაც: 1111 წელს გადაწყდა სახელმწიფო მარანი ბოლნისში ყოფილიყო, თუმცა სად, დასადგენია და ვიკვლევთ. მაშინ იქ დაყენებული ღვინო სტუმრებისა და ჯარისთვის სჭირდებოდათ, რადგან მსუბუქი დასალევი იყო, 14% ალკოჰოლი კი აქვს, ისევე როგორც კახურს, მაგრამ ის ძნელი დასალევია, ტანინიანი, სხეულიანია, ბოლნისური ღვინო კი მსუბუქი, ჰარმონიული, ნაკლებად ტანინიანია. მისი დალევის შემდეგ მეომრები საომრად მხიარულად მიდიოდნენ. ყოველივე ეს ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ძველად ჩვენს მხარეში მეღვინეობა განვითარებული იყო.

ასევე მოსაძებნი გვაქვს სულხან-საბას 400 წლის მარანი, რაღაც მინიშნებები არის, მაგრამ ჯერ ვერაფერს დავამტკიცებთ.

- რამდენი ქვევრი გაქვთ? - ჩვენი ქვევრები ტყემლოვანიდანაა - ოცი 100-ლიტრიანი და ბრტყელძირიანია, მიწის ზემოთ გვიდგას, მიწაში კი 8 ქვევრია. მთელ მეურნეობას მე, ჩემი ძმა და ჩვენი შვილები ვუვლით. ვენახი რატევანში გვაქვს, თუმცა ყურძენი საკმარისი არ არის და ჩვენს ზონაში შერჩევით ვყიდულობთ რქაწითელს და თავკვერს. ყურძენი ბოლნისში უნდა იყოს მოწეული, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ბოლნისში დიდი შესაძლებლობაა, რომ ყველა ოჯახმა ღვინო ძველი ქართული მეთოდით და ევროპულითაც აწარმოოს. ასეთი 400 ოჯახია. აქედან 30-მა მარანმა გავბედეთ და დავიწყეთ ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება, ბოთლებში ჩამოსხმა და ბაზარზე გატანა. ახლა დანარჩენ 370 მეღვინე-მევენახესაც ვურჩევთ, გაბედონ და საქმე დაიწყონ.

ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე შეიძლება გასვლა. ჩვენ ღვინოს ვყიდით ავსტრალიაში, აშშ-ში, 4 წლის წინ ჰოლანდიაში გავგზავნეთ - ეს ამ 30-მა მარანმა შევძელით. რადგანაც უკვე გზა გაკვალულია, გასარისკიც ბევრი არაფერია, ამიტომ დაიწყონ.