ჩადუნიანის ლამაზმანები
ჩადუნიანის ლამაზმანები
ბავშვი საქმეს დამოუკიდებლად და თანაც, ჯიუტად რომ იწყებს, ალბათ, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ მომავალში ფეხზე მყარად დადგება. როცა რამდენიმე წლის წინ ლაგოდეხის სოფელ ჩადუნიანის სკოლის მოსწავლემ ლაშა მათეშვილმა დეკორატიული ფრინველების მოშენება აიჩემა, მშობლები დიდი ოვაციით არ შეხვედრიან, - დეკორატიული ფრინველების მოშენებას ხარჯი აქვს, ისინი ვერც მეკვერცხეობით და ვერც მეხორცულობით ისეთ სარგებელს ვერასოდეს მოგცემენ, როგორსაც ჩვეულებრივი ქათმები. მაგრამ ლაშა დეკორატიულ ფრინველებზე ფიქრს არ მოეშვა და მშობლებიც დაჰყაბულდნენ, იშრომოს, შრომას მაინც ისწავლისო.

დღეს 22 წლის ლაშა მათეშვილს უამრავი დეკორატიული ფრინველი ჰყავს, თუმცა ჩვეულებრივ შინაურ ფრინველებსაც ამრავლებს. ამით სარგებლიანობის საკითხიც მოაგვარა. დეკორატიული ფრინველებით ახლობლებიც დააინტერესა და უხარია, რაც მეტი ადამიანი იფიქრებს, რომ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად სილამაზეც საჭიროა, მით უკეთესიო.

- სილამაზეს ისეთივე სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის, როგორიც მატერიალური პრობლემების
გადაწყვეტას. გარდა ამისა, დეკორატიულ ფრინველებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. დეკორატიული ქათმის კვერცხის ფასი უკვე 5 ლარია, ანუ ათჯერ მეტი, ვიდრე შინაური ქათმის კვერცხის. ეს ნიშნავს, რომ დეკორატიული ქათმის ბაზარი არსებობს და იზრდება.


დეკორატიული ქათამი წელიწადში საშუალოდ 100 კვერცხს დებს. დღეს მისი წიწილები 15-20 ლარი ღირს. თუმცა მე ინტერესი მათმა ეგზოტიკურობამ გამიჩინა. როცა ბატკანივით მრგვალი და გაბურძგნილი თეთრი აბრეშუმა ქათამი დავინახე, მაშინვე ვიფიქრე, რომ აუცილებლად მეც უნდა მყოლოდა. მათი "ეშხით" სოციალური ქსელი მთლიანად გადავქექე და იმდენი ლამაზი დეკორატიული ჯიში აღმოვაჩინე, მოსვენება დავკარგე. მათ ერთბაშად შეძენას ფული, დრო და ტრანსპორტი სჭირდებოდა, ამ ყველაფერს, ცხადია, მშობლებს ვერ მოვთხოვდი, ამიტომ სურვილი გულში შევინახე და მტრედებით დავკმაყოფილდი. მერე თავად ვიმუშავე და ნელ-ნელა დეკორატიული ფრინველების შეძენაც დავიწყე.

პირველად "იაპონკები" ვიყიდე. ისინი შინაურ ქათმებს უახლოვდებიან, კვერცხსაც იმ ზომისას დებენ, რომ კვებისთვის გამოსაყენებელია.

მერე ნელ-ნელა ბევრად პატარა დეკორატიულების შეძენაზე გადავედი, რომლის კვერცხსაც და ხორცსაც განსხვავებული გემო აქვს და არც საკვებად გამოიყენება, სამაგიეროდ, ძალიან ლამაზები არიან. მალე აბრეშუმა ქათმები და ფარშავანგები ვიყიდე. სხვათა შორის, ფარშავანგების კვერცხი ქათამს გამოვაჩეკინე იხვის ჭუჭულებთან ერთად. ფარშავანგისა და იხვის კვერცხი ზომით თითქმის ერთნაირია და მშვენივრად გამოჩეკა.

- პატარა კრუხმა ამხელა ფარშავანგები დაზარდა?
- მერე რა, რომ ფარშავანგი დიდია, მთავარი დედობრივი ინსტინქტია. ფარშავანგებიც ზუსტად ისევე თბებოდნენ კრუხის ფრთებქვეშ, როგორც წიწილები, მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაეცალა - ფარშავანგები დაიზარდნენ და კრუხმა ვეღარ შეიფარა.

- ანუ დედამ უთხრა, უკვე დიდები ხართ და თქვენს თავს მიხედეთო, ამ დროს კი ფარშავანგები ისევ პატარები იყვნენ.
- კი, თუმცა მათთან ერთად გამოჩეკილ იხვის ჭუჭულებს ისევე დაჰყვებოდნენ, როგორც იხვები დედას. თანდათან სხვა ჯიშებიც შევიძინე. უკვე მყავს სუმატრას, აბრეშუმას, სიბრაიტის, ჯუჯა კოხინხინის, მილეფიორის დეკორატიული ჯიშები, ვერცხლისფერი ხოხობი, ფარშავანგები, თეთრი ციცრები - ყველა ძალიან ლამაზია და ძალიან მოსიყვარულეც. დეკორატიული ჯიშები გაცილებით მეტად მოითხოვენ ადამიანის სიახლოვეს, ვიდრე შინაური ქათმები.


ვზრდი შინაურ ფრინველსაც. როდესაც შინ "ჩუმი" იხვები მოვიყვანე, ჩემებს გაუხარდათ, შე კაცო, ასე არ ჯობია, ესენი რამდენიც გინდა, იმდენი დაზარდე, არ დაგიშლითო. თუმცა დეკორატიული ფრინველების დაზრდაშიც ძალიან მეხმარებიან, მათ შორის მარცვლეულის ყიდვითაც. ამას გამოვასწორებ - კოლეჯში ზოოვეტერინარის სპეციალობას ვსწავლობ და იმედია, მალე ისეთი სამსახური მექნება, დეკორატიული ფრინველის საკვებს თავად ვიყიდი. მით უმეტეს, კომერციისთვისაც მყავს ფრინველები.

გაზაფხული არ დაწყებულა და ჩემმა იხვებმა უკვე 40 ჭუჭული გამოჩეკეს. გავზრდი და გავყიდი. კომერციული ფრინველების მოშენება ბევრ პრობლემას წყვეტს. მათზე მოთხოვნაც, ჩემი აზრით, უფრო გაიზრდება. ეკოლოგიურად გაზრდილ შინაური ფრინველის კვერცხსა და ხორცს ვერასოდეს შეცვლის ფაბრიკის კვერცხი და ქათამი. ამიტომ ამ საქმეს არ შევეშვები, ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული.

- წარმატებას გისურვებთ.
- მეც წარმატებას ვუსურვებ იმ ხალხს, საკუთარი თავის ჩათვლით, ვინც საკუთარი შრომით ცდილობს ფეხზე დადგომას, მით უფრო სოფელში, რაც ყველას გამოგვადგება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები