სამეფო თევზი შამაია
სამეფო თევზი შამაია
"შამაიაზე აკრძალული მეთოდებით თევზაობენ, ეს ხდება ყველგან, თევზების უმრავლესობა ისე იღუპება, ქვირითის დაყრასაც ვერ ასწრებს"

თევზის მოყვარულებმა კარგად იციან უგემრიელესი თევზის, შამაიას ფასი. მისი სახელი სპარსული წარმოშობისაა - "შაჰ-მაჰი" ქართულად "სამეფო თევზს" ნიშნავს. შამაია უგემრიელესი თევზია - გემრიელია შემწვარიც, მოხარშულიც, ხოლო შებოლილ შამაიას ძვირად ღირებულ დელიკატესად მიიჩნევენ. იქთიოლოგი გიორგი ეპიტაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან სწრაფი, მოქნილი წყლის ბინადარია, რის გამოც მასზე თევზაობა დიდი სიამოვნებაა.

- შამაიას ჯერ კიდევ სპარსეთის იმპერიის
დროს მიიჩნევდნენ ძვირფას თევზად, მას მეფეები და დიდებულები მიირთმევდნენ. ამ თევზის მაქსიმალური ზომა 40 სანტიმეტრია, ხოლო მაქსიმალური წონა - 500-600 გრამი. ვერცხლისფერი შეფერილობა აქვს. ცხოვრების ნირის მიხედვით, შამაიას მტაცებლად მიიჩნევენ. სხვათა შორის, შამაიას ქართული სახელიც აქვს - თრისა. ძველად მას ასე მოიხსენიებდნენ. საქართველოში გავრცელებულ 5
სახეობას შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია კასპიური შამაია, რომელიც მტკვარ-არაქსის აუზის ბინადარია. ის გვხვდება ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მდინარეებში, ასევე ვოლგასა და ურალში, თუმცა შამაიას გავრცელების მთავარი არტერია მაინც მტკვარი, ალაზანი და არაქსია.

- დასავლეთ საქართველოში რომელი სახეობაა ყველაზე მრავალრიცხოვანი?
- ბათუმის შამაია, რომელიც სწორედ დასავლეთ საქართველოში ბინადრობს - მდინარე რიონსა და კინტრიშის წყალსაცავში. ის უფრო მცირე ზომით განსხვავდება კასპიური შამაიისგან. საცხოვრებელი არეალის მიხედვით, საქართველოში შამაიის ორი ფორმა გვხვდება - ადგილობრივი და გამსვლელი:

ადგილობრივი ზამთარშიც აქ რჩება, ხოლო გამსვლელი სხვა ქვეყნების წყალსატევებში იზამთრებს. ასეთი დაყოფა XX საუკუნეში აშენებულმა კაშხლებმა და ჰესებმა განაპირობა, რის გამოც ბევრი პოპულაცია კასპიის ზღვის აუზს მოსწყდა.


- ეს როგორ მოხდა?
- მაგალითად, მინგეჩაურის წყალსაცავის აშენებამდე შამაიების უმრავლესობა ზამთარში კასპიის ზღვისკენ მიდიოდა. ეს წყალსაცავი რომ ააგეს, საქართველოში მათ გამოსაზამთრებლად ძალიან კარგი ჰაბიტატი შეიქმნა. თევზებს შორ მანძილზე წასვლა და დაბრკოლებების გადალახვა აღარ უწევთ და აქ რჩებიან.

ზაჰესმაც ბევრ თევზს ჩაუკეტა გადასასვლელი, არა მარტო შამაიას, ორაგულებს, ზუთხებსა და სხვა სახეობებსაც. ზაჰესი 1925 წლიდან ამოქმედდა და თევზებისთვის გადაულახავი ბარიერი გახდა. ასე დაკარგა შამაიამ არაგვის და მტკვრის ზემო წელში ასვლის შესაძლებლობა.

ამჟამად მდინარე ალგეთში შამაია აღარ გვხვდება. მდინარის ქიმიური შემადგენლობის ბრალია ეს თუ კაშხლები იქცა მთავარ დაბრკოლებად, გასარკვევია. სამაგიეროდ, შამაია საკმაო რაოდენობითაა თბილისის ზღვაში, სიონის წყალსაცავსა და ჯანდარის ტბაში.

შამაიის მეორე ანუ გამსვლელი ფორმა ზამთარს მინგეჩაურის წყალსაცავში ატარებს და მერე გასამრავლებლად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში გადმოდის. მათი ძირითადი მასა მაისიდან სექტემბრამდე აქ არის და სექტემბრის ბოლოს უკან ბრუნდება.

- როგორ მოიპოვებენ შამაიას?
- ეს მტკნარი წყლის თევზია და როგორც წესი, მას მდინარეებში იჭერენ. შამაია ჩვენთან შემოსვლას მაისიდან იწყებს და სექტემბრის ბოლოს უკან ბრუნდება. ამ პერიოდში მასზე თევზაობა თავისუფლად შეიძლება. ალაზანსა და იორზე ამ დროს შეიძლება 10 კილოგრამამდე შამაიაც დაიჭიროთ. მითევზავია და ვიცი, რომ ეს საოცრად აზარტული და სასიამოვნო პროცესია. ამიტომაც მიყვარს შამაიაზე თევზაობა. თუ რაღაცით მოიზიდავთ, შესაძლოა მთელი ქარავანიც მოვიდეს და 1 საათში 20 ცალი თევზი დაიჭიროთ.

- ესე იგი, მასზე თევზაობა შეზღუდული არ არის?
- არა, მთავარია, მეთევზემ აკრძალული მეთოდები - დენის აპარატები, ელექტროშოკი ან სახლართი ბადეები არ გამოიყენოს. კანონიერი თევზჭერა მაისიდან სექტემბრის ბოლომდე ნებადართულია. შამაიაზე ის აკრძალვები არ ვრცელდება, რაც, მაგალითად, კალმახზეა დაწესებული: კალმახზე თევზაობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის არ ქვირითობს. შამაიაზე ასეთი აკრძალვები არ მოქმედებს. შამაია მტაცებელი თევზია - მან შეიძლება მცენარეულ საკვებზეც არ თქვას უარი, მაგრამ უფრო თევზებს ეტანება, რაც მის დაჭერას ძალიან აადვილებს.

- როგორ?
- თევზაობაში არის ასეთი მეთოდი - სპინინგით თევზჭერა, რომელიც გულისხმობს მტაცებლების დაჭერას ხელოვნური სატყუარებით. შამაია სპინინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტია: მასზე თევზის ან ცხოველის პატარა ფიგურებით თევზაობენ, რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. თავისი ხასიათის წყალობით, შამაია სატყუარას ადვილად ეტანება. ის მეტად სწრაფი თევზია და სწრაფად დაცურავს. შამაია მკვეთრად განსხვავდება ისეთი მშვიდობიანი თევზისგან, როგორიც თუნდაც ხრამულია. მას ხელოვნურად არ ამრავლებენ, ამიტომ მისი მოპოვება ძირითადად ველურ ბუნებაში შეიძლება, თანაც ის მხოლოდ სეზონურად არის ხელმისაწვდომი, რადგან ზამთარში მისი დაჭერა წარმოუდგენელია. ამ დროს შამაია არ აქტიურობს, რადგან წყალი მეტისმეტად ცივია. როგორც თევზების უმრავლესობა, შამაიაც ნახევრად მძინარე მდგომარეობაში გადადის და სატყუარებს ყურადღებას არ აქცევს.

ალაზანში დაჭერილი შამაია

- თუ იყო დაცული შამაია უკანონო თევზჭერისგან?
- 1990-იან წლებამდე ამ თევზს დიდი სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა: მას ალაზანსა და სხვა წყალსაცავებში მოიპოვებდნენ სხვა თევზებთან ერთად. ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში რამდენიმე ტონა შამაიასა და ხრამულს იჭერდნენ. ეს ძველი სტატისტიკაა, მაგრამ სტატისტიკის მიღმა რა ხდებოდა, სხვა საკითხია. უკანონო მეთოდებს იმ დროშიც მიმართავდნენ და მომდევნო წლებშიც. ბრაკონიერობაც ყოველთვის არსებობდა. არალეგალური თევზჭერის ფაქტები ხშირია დღესაც, თუნდაც მდინარე ალაზანზე, სადაც შამაიისთვის ყველაზე კარგი ჰაბიტატია. ალაზნის მსგავსად, სხვა მდინარეებსა და წყალსაცავებზეც განუკითხაობაა. 

- თუ არის აღრიცხული შამაიის რაოდენობა და როგორია მისი სტატუსი?
- ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის მიერ შამაია შეფასებულია როგორც ნაკლები საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, თუმცა ეს სტატუსი ბოლო ათწლეულებში არ განახლებულა და სავსებით დასაშვებია შეიცვალოს. არავის გაუკვირდება, შამაიაც მოწყვლადი სახეობების სიაში რომ შეიტანონ, რადგან მასზე აკრძალული მეთოდებით თევზაობენ. ეს ხდება ყველგან: საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში და ა.შ. თევზების უმრავლესობა ისე იღუპება, ქვირითის დაყრასაც ვერ ასწრებს. ამიტომ ბოლო 10-15 წელიწადში ეს პოპულაციაც საგრძნობლად შემცირდა.

ერთი რამ მიკვირს: რა საჭიროა თევზის ასე განადგურება, როცა მასზე კანონიერი მეთოდითაც შეიძლება ითევზაო?! 

შამაია ძალიან მსუნაგი თევზია და მისი მოზიდვაც ადვილია. მთავარია, კანონიერად ვითევზაოთ და ჩვენი დაუფიქრებლობით ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ.

- დასასრულ, რატომ არის შამაია ძვირფასი თევზი - რა განაპირობებს ამას?
- როგორც ვთქვით, შამაია უგემრიელესი თევზია, ამავე დროს, ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ექიმები ხშირად ურჩევენ მის ჭამას მათ, ვისაც D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. შამაია, ზოგიერთი ზღვის პროდუქტის მსგავსად, სასარგებლო ნივთიერებების წყაროა.

შამაია ქინძმარში

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მზადდება უგემრიელესი შემწვარი შამაია ქინძმარში.

ინგრედიენტები: თევზი - 6 ცალი, ფქვილი - 2 ს/კ, ძმარი - 0,5 ჭიქა, ქინძი - 1 კონა, ახალი ნიორი - 1 ღერი, მარილი, წიწაკა, ზეთი – შესაწვავად, წყალი – გასაზავებლად.


მომზადების წესი: ფქვილში ავურიოთ მარილი, ამოვავლოთ თევზი და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. ქინძი, ძმარი, მარილი, წიწაკა და ნიორი ბლენდერით მსუბუქად ავთქვიფოთ, მერე კი - წყლით გავაზავოთ. მივიღებთ უგემრიელეს ქინძმარს, რომელსაც შამაია გამორჩეულ გემოს მისცემს. თევზი სუფრაზე ქინძმართან ერთად უნდა მივიტანოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (1)
ზ.კალორია
12 თებერვალი 2021 17:54
მე მიმაჩნია სწორად რომ ყოველი თევზჭერა ან ცხოველთა ნადირობა იყოს აკრძალული.
იმიტომ რომ ეგ თევზი ჩემიცაა და სხვისიცაა, და ბოლობოლო ყველა ცხოველი თავისთავისთვისაა.

თუ გინდა თევზი ან ჯიხვის მწვადი, უნდა მოაშენო ფერმა გააკეთო და შეწვი რამდენიც გინდა იმდენი.

ალაზანიდან 100 კილოიანი ლოქო ამოათრიეს, 90 იანებში 200 კილოიანი ასეტრინა ამოათრიეს და გული მომიკვდა პირდაპირ. მაქხსოვს ბავშვობაში წითელკოპლებიან კალმახს იჭერდნენ მდინარეში ჩემი თვალით მაქვს ნანახი. არაა ცხოველობა ეს დღეს აღარაფერი არაა ბუნებაში დარჩენილი.
ტყეში ირემი რო ნახო ან მელია იმას რატო უნდა ესროლო და მოკლა არ მესმის. სუფთა ქაჯობაა. იმენა უნდა ჩასვა ამის გამკეთებელი გამოსასწორებელში. ციხე სკოლა უნდა იყოს და ზალით გაატარო საკლასო პროგრამა 10 წელი სანამ არ ჩააბარებს გამოცდებს არ უნდა გამოუშვა უტვინო ხალხი იქედან.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები