ხელნაკეთი ნივთების "თავშესაფარი" - კვირის პალიტრა

ხელნაკეთი ნივთების "თავშესაფარი"

ლიკა მჭედლიშვილი საგარეჯოში ცხოვრობს. კოსმეტოლოგია და დამღლელი დღის შემდეგ, დროს თავისი ხელით გაშენებულ ბაღში სასიამოვნოდ ატარებს. ბაღი დედასთან ერთად გააშენა. ლიკა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. მის ბაღშიც არაერთ საუცხოო ნივთს შეხვდებით, რომელიც ბაღის გასალამაზებლად, საკუთარი ხელით შექმნა.

- ბაღის გაშენება დიდი ხნის წინ დაიწყო დედამ და უდიდესი შრომა და ენერგია ჩადო. ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვარ ჩართული ბაღის მოვლა-გაშენებაში. ყვავილების გარდა ჩემი ხელნაკეთი დეკორაციებით ვაფორმებ ბაღს.

- ვინ უვლის ძირითადად ბაღს, ვისი იდეებია რეალიზებული? - ბაღს ვუვლით მე და დედა. იდეებს რაც შეეხება, ერთმანეთს ვუზიარებთ, ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ბაღი სხვადასხვა ზონად, თემატიკის მიხედვით გვაქვს დაყოფილი. ბაღში არის ქართული, ტრადიციული კუთხე ძველებური ღვინის დოქებით, ღვინის კასრებით, სხვადასხვა ზომის ქვევრებითა და ფიალებით გაფორმებული. "ფრანგული" კუთხე - თეთრი მაგიდა და სკამები, თეთრი ველოსიპედი. ძველებურ სტილში მოწყობილი კუთხე - ძველებური ჭურჭლით, ძველი ავეჯით და ჟურნალ-გაზეთებით გაფორმებული. საბავშვო კუთხე - გადაჭრილ ხეებზე გაკეთებული სახლები. ქვებით მაქვს გაკეთებული სოკოები, ჭიამაიები და ჭიამაიების სახლები. ბაღი ჩემი ხელნაკეთი დეკორაციებითაა გაფორმებული.

- როგორ ფიქრობთ, ბაღი გამოხატავს პატრონის ხასიათს? - რა თქმა უნდა. ეზო და ბაღი გამოხატავს ადამიანის შინაგან ბუნებას. ბაღში უამრავი მცენარეა. სხვადასხვა სახეობის ყვავილი, დეკორატიული მცენარეები, ხეხილი, ვაზი. უპირატესობას ვანიჭებთ მარადმწვანე და მრავალწლიან მცენარეებს. ჩემი დილა იწყება ყვავილებისა და ბაღის მოვლით. თითოეულ მცენარეს უნდა ჩამოვუარო, მოვეფერო. იმდენად სასიამოვნო პროცესია და ისეთი დადებითი ენერგიით მავსებს, რომ ეს განწყობა მთელი დღის მანძილზე მიმყვება.

- ალბათ მეგობრებს ძალიან უყვართ თქვენთან სტუმრობა. დროს როგორ ატარებთ ულამაზეს გარემოში? - ჩვენს ბაღში ყველას უყვარს სტუმრობა, აქ ხშირად აწყობენ ფოტოსესიებს.

- ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ. როგორ დაინტერესდით ამ საქმიანობით და ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებთ? - ხელნაკეთი ნივთების გაკეთება 3 წლის წინ დავიწყე. ახალი წელი მოდიოდა და გამიჩნდა სურვილი, ნაძვის ხე გამეფორმებინა ჩემი ხელნაკეთი სათამაშოებით. ისე გამიტაცა ამ საქმიანობამ, რომ დამიგროვდა უამრავი სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი, სუვენირები, დეკორაციები. ასევე სხვადასხვა მასალისგან გავაკეთე ჩანთები, ვისწავლე თექაზე მუშაობა და რამდენიმე ჩანთა მაქვს თექისგან გაკეთებული. ყველაზე მეტად მინიატიურების კეთება მიყვარს და ბევრი ნამუშევარიც მაქვს: სახლები, პეიზაჟები, ბროწეულების ბაღი, სხვადასხვა სახეობისა და დიზაინის მაგიდები და სკამები. ვიყენებ ყველანაირ მასალას. ძველებური მაგიდა და სკამები მაქვს გაკეთებული დაძველების ეფექტით, საოცრად უხდება ბაღს. ორი წლის წინ მქონდა ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა...

- დროს როგორ ანაწილებთ? - ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ დროსაც სწორად ვანაწილებ. არ ვიღლები, პირიქით ჩემი საყვარელი საქმის კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

მერი ბლიაძე

ჟურნალი "შინ", #23, ზამთარი, 2021