ჰალეს ბაღის სიმფონია... - კვირის პალიტრა

ჰალეს ბაღის სიმფონია...

ქართველი პიანისტი, წარმატებული კარიერის პარალელურად, გერმანიაში მებაღეობა-მებოსტნეობასაც მისდევს და ამ საქმეში უკვე გამოცდილებაც დაუგროვდა...

პროფესიით პიანისტი უკვე ცხრა წელიწადია გერმანიაში, ქალაქ ჰალეში ცხოვრობს. "მამულ-დედულში" პიანისტი როგორ აღმოჩნდაო, ვინმე, ალბათ, იკითხავს. საქმე ის გახლავთ, რომ ოქროაშვილი თამარი თელავში დაბადებული ქართველია, რომელიც წარმატებული კარიერის პარალელურად, უცხო ქვეყანაში მებაღეობა-მებოსტნეობასაც მისდევს და ამ საქმეში უკვე გამოცდილებაც დაუგროვდა.

- 17 წლისამ გადავწყვიტე, განათლება გერმანიაში მიმეღო და საფორტეპიანო კარიერა ამ ქვეყანასთან დამეკავშირებინა, ამიტომ იქ სამუშაოდ (ძიძად ანუ ოპერად) წავედი. ამასთან, ვეცნობოდი ხალხის კულტურას, ტრადიციებს, მენტალიტეტს და ენასაც უკეთესად ვსწავლობდი.

ვმუშაობდი ბერლინში, ვუვლიდი ოთხ ბავშვს, ამასთან, ვმეცადინეობდი როიალზე, რომელიც ოჯახს ჰქონდა... ერთი წლის შემდეგ კონსერვატორია შევარჩიე, ჩავაბარე და სწავლა ჩემს ფავორიტ პროფესორთან დავიწყე... პარალელურად აუცილებელი იყო მუშაობაც, რადგან უცხო ქვეყანაში საკუთარი ცხოვრება უნდა დამეფინანსებინა. დავიწყე მუშაობა მუსიკალურ სკოლაში, მოსწავლეებს ფორტეპიანოში ვამეცადინებ. ამჟამად 30 მოსწავლე მყავს, ასევე კერძო მოსწავლეები. გუნდების აკომპანიატორიც ვარ, მათ შორის ფესტივალებზეც.

- გამოდის, უცხო ქვეყანაში მუსიკის სიყვარულის გამო აღმოჩნდით... - ხუთი წლისამ დავიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა და მას მერე მუსიკა ჩემი ცხოვრების მეგზურია. პიანისტობა დიდ შრომასთან, სცენისა და აპლოდისმენტების სიყვარულთანაა დაკავშირებული. ფორტეპიანოს პედაგოგად თავი ვერც წარმომედგინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბავშვებთან მუშაობაც ჩემთვის მნიშვნელოვანია...

- გერმანიამ, ალბათ, ბევრი ახალი რამ გასწავლათ... - დიახ, წლების განმავლობაში ამ ქვეყანამ უამრავი რამ მასწავლა, უპირველესად კი - დამოუკიდებლობა. მივხვდი, რომ

ყველაფრისთვის თვითონ უნდა ვიბრძოლო, ჩემ ნაცვლად ჩემს საქმეს არავინ გააკეთებს, ყველაფერს შრომით უნდა მიაღწიო. ამჟამად რაც მაქვს, მხოლოდ საკუთარი შრომითა და ოფლით არის მოპოვებული.

რაც შეეხება პუნქტუალურობას, საქართველოშიც ასეთი ვიყავი. გერმანიაში აღნიშნავენ, რომ მე უფრო პუნქტუალური ვარ, ვიდრე გერმანელები... კიდევ ვისწავლე, რომ დაზღვევა ზედმეტი არასდროს არის. როცა ყველაფერი დაზღვეული გაქვს, ღამით მშვიდად გძინავს. ვინაიდან ჩემში რაღაც დოზით "გერმანელიც" ცხოვრობს, გადავწყვიტე, ყველაფერი, რისი დაღზვევაც შეიძლLებოდა, დამეზღვია - ჩემი ბაღი და ბაღის ინსტრუმენტებიც კი...

- ბაღის შესახებ გვიამბეთ... - გერმანიაში დიდ ქალაქში ვცხოვრობ, ამიტომ ადგილს ვეძებდი განტვირთვისთვის და გადავაწყდი ნაკვეთის დაქირავების შესაძლებლობას. თავიდან ჩემი მიზანი სტრესული დღის შემდეგ განტვირთვა იყო, მაგრამ როცა ნაკვეთი გაქვს, სურვილი გიჩნდება, რამე მოიყვანო. ასე დავიწყე სხვადასხვა ბოსტნეულის მოყვანა... მერე მივხვდი, ეს საქმე სიამოვნებასაც მანიჭებდა... თელავში გვაქვს ბაღი, მაგრამ იქიდან პატარა წავედი თბილისში საცხოვრებლად, რათა ნიჭიერთა ათწლედში მესწავლა, ამიტომ მიწასთან მუშაობის გამოცდილება საქართველოში არ მქონია.

- დიდია თქვენი ნაკვეთი? - ჩემი ბაღი 500 კვმ-ია. გერმანიაში ასეთ ნაკვეთებს სპეციალურ მოთხოვნებს უყენებენ, კერძოდ, ერთ მესამედზე ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს, დანარჩენზე შეგიძლია ყვავილები გააშენო, აუზი დადგა, რადგან ჩაშენებული არ შეიძლება, ან ააშენო 24 კვმ-იანი პატარა ქოხი, ბუნგალო, სადაც შეგიძლია ზაფხულში ღამეც გაათიო. ჩემს ბაღში ყველა წესი დაცულია - მაქვს პატარა ბუნგალო, დასადგამი აუზი, ხეხილი და ყოველ წელს ბოსტნეულიც მომყავს. მაქვს ვაშლის სამი და მსხლის ორი ხე, მოცხარის ორი დიდი ბუჩქი, ტყემალი, ატამი, ქლიავი, ოთხი ჯიშის ყურძენი, ბევრი მარწყვი, საზამთრო, ნესვი; ბოსტნეულიდან - წიწაკა, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი (ბატატი), ყაბაყი.

გასულ ზაფხულს მოვიყვანე ბრიუსელის კომბოსტო, სიმინდი, ნიორი, ხახვი, სალათის ფურცლები, ლობიო... ამ ყველაფერს ყოველ წელს ვცვლი, რადგან რაც მეტი მრავალფეროვნებაა მიწაზე, მით უკეთესად აისახება მოსავალზე.

- ამდენი მცენარის მოვლა როგორ ისწავლეთ? - ინფორმაცია ინტერნეტით, წიგნებით, გაზეთებით მივიღე. "ფეისბუკზეც" ვარ გაწევრებული სამებაღეო ჯგუფებში... ბაღში მუშაობა მამშვიდებს, სტრესისგან მათავისუფლებს. გერმანიის ყოველდღიურობა ძალიან დატვირთულია, ამიტომ გჭირდება ადგილი, სადაც შეგიძლია "ტვინი გამორთო". ამაში ბაღი ძალიან მეხმარება.

შარშან ზაფხულში ბოსტნეულის უხვი მოსავალი მივიღე, მაგრამ ხეხილის გასხვლას ცოდნა სჭირდება. ერთხელ ატამი ისე გავსხალი, მეორე წელს აღარ მოისხა. იმის მერე ფრთხილი ვარ, ვცდილობ, ამის შესახებ მეტი წავიკითხო და ვისწავლო.

მიწას ვბარავ და ვთოხნი, როცა კონცერტი არ მაქვს, რადგან მძიმე სამუშაოა და კუნთები მტკივდება, ეს კი დაკვრაში ხელს მიშლის... ასე რომ, პიანისტობასა და მებაღეობას კარგად ვუთავსებ ერთმანეთს. სულიერი სიმშვიდე ჩემი პროფესიისთვის აუცილებელია და ბაღში ფუსფუსი ჩემს კარიერაზე სასიკეთოდ აისახება.

- ბიოპროდუქტი მოგყავთ? - რა თქმა უნდა. რაც მეტს ვფიქრობ ჯანმრთელობაზე, მით უფრო მიხარია საკუთარი ბოსტნეულის მოყვანა, რადგან ვიცი, როგორ მოვიყვანო შხამქიმიკატის გარეშე. გერმანიაში ბიოპროდუქტი ძალიან ძვირია.

- როგორც კახელს, თქვენი კუთხის ყურძენი თუ გაქვთ ბაღში? - ჩემს ძარღვებში კახური სისხლი ჩქეფს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს ქართული ჯიშის ვაზი - მხოლოდ ევროპული... ვაპირებ საქართველოდან ქართული ვაზის წამოღებას, მაგრამ გასულ ზაფხულს კორონამ შემიშალა ხელი და ვერ ჩამოვედი. იმედი მაქვს, წლეულს მაინც შევძლებ.

- როგორც ვიცი, სხვებსაც უნაწილებთ ბოსტნეულის თესლს. - ჩემი მიზანია, არა მხოლოდ მე მქონდეს კარგი ბოსტნეული, არამედ სხვებსაც გავუნაწილო მათი თესლი. ჩემი პირველი მომხმარებელი დედაა, რომელსაც გერმანიიდან თელავში, ჩვენს ბაღში დასათესად ყოველთვის მიაქვს რაღაც-რაღაცები.

- მეუღლე გერმანელი გყოლიათ. ისიც შრომობს ბაღში? - ჩემი მეუღლე ბევრ რამეში მეხმარება, მაგრამ ბაღის სამუშაოების 90%-ს მე ვასრულებ, 10%-ს - ის. მაგალითად, სხლავს მაღალ ხეებს, რადგან სიმაღლის გამო უფრო ადვილად გამოსდის, ვიდრე მე კიბეზე შემდგარს. ჩრდილოგერმანელია (გაზრდილია ჰოლანდიის საზღვართან), მის ოჯახს საუკეთესოდ მოვლილი და განსაკუთრებული ბაღები აქვს.

- რას ურჩევთ მოყვარულ მებაღეებს? - ჩემგან რამის რჩევა და სწავლება უხერხულია, თუმცა საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევ ნაკვეთში ბოსტნეულის შეთავსებას. ყველა ბოსტნეული ერთმანეთის გვერდით არ ითესება, მაგალითად, კარტოფილი და ბადრიჯანი, მაგრამ თუ კარტოფილთან ერთად ქინძს დავთესავთ, უკეთესია. კარტოფილის გვერდით თუ რეჰანს ან როზმარინს გავახარებთ, მათი სუნი კარტოფილის ხოჭოებს დააფრთხობს...

სასუქი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გადაჭარბება პროდუქტს ვნებს.

განსხვავება გერმანულ და ქართულ ბაღებს შორის ის არის, რომ აქ ხშირად წვიმს, საქართველოში კი ამინდი უფრო მშრალი და მზიანია, ამიტომ გერმანიაში მიწა უმეტესად სველია და ბალახიც - მწვანე. ამას თავის პლუსიც აქვს და მინუსიც. მაგალითად, თუ საქართველოში საზამთროს ადვილად მოიყვან, გერმანიაში მისი მოყვანა რთულია; ასევეა ბროწეული და ლეღვიც - აქ მათ ნერგებს უჭირს...