ბამბუკის ბიზნესი გურია-აჭარის სოფლებიდან - კვირის პალიტრა

ბამბუკის ბიზნესი გურია-აჭარის სოფლებიდან

"გემოვნებას გააჩნია, მაგრამ ალბათ, ბამბუკის ტევრივით ლამაზი ტყე მაინც იშვიათია"

რა თქმა უნდა, გემოვნებას გააჩნია, მაგრამ ალბათ, ბამბუკის ტევრივით ლამაზი ტყე მაინც იშვიათია. ეს უცნაური მცენარე, რომელიც ბალახოვან და ხემცენარეთა შორის გარდამავლად ითვლება, XIX საუკუნის ბოლოს შემოიტანეს საქართველოში. ბამბუკმა, რომელიც ელვის სისწრაფით იზრდებოდა და გამძლე, მსუბუქი ღერო ჰქონდა, მაშინვე მიიპყრო ყურადღება და მისგან ნივთების დამზადებაც დაიწყეს. მოგვიანებით ყველგან გამოჩნდა ბამბუკის საზაფხულო ავეჯიც. მას შემდეგ ბამბუკის ნაკეთობებზე მოთხოვნა იზრდება და მისგან დამზადებული ავეჯიც იხვეწება.

ჩვენთან ავეჯს, ძირითადად, იქ ამზადებენ, სადაც ბამბუკი ხარობს - დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში. აქ ამ კულტურისთვის აუცილებელი ნესტიანი ჰავა და ნიადაგია. ბამბუკს ხშირად შეხვდებით გურიასა თუ აჭარაში, სამეგრელოში და, ცხადია, აფხაზეთშიც. ზოგჯერ მას მხოლოდ დეკორატიული მოსაზრებით აშენებენ, თუმცა, ძირითადად, მიზანი მაინც მისი რეალიზაციაა. ბამბუკის ბოჭკოსგან დამზადებული ანტიალერგიული ქსოვილები დღეს ბრენდად ითვლება ევროპაში, მისი ღეროებისგან ამზადებენ მშვენიერ ავეჯს, ღობეებსა და სარებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის მკვიდრი დიონი კვირკველია წლებია ბამბუკისგან ავეჯს ამზადებს. ამასთან, სწავლობს ბამბუკის ზრდა-განვითარებასაც. მისი თქმით, ეს მშვენიერი მცენარე აჭარა-გურიის ბევრ სოფელშია, სადაც მასალას ყიდულობს:

- წლებია, რაც ახლობელმა ბამბუკის ავეჯის დამზადება მასწავლა. ამის შემდეგ სულ ამ მცენარის გარშემო ვტრიალებ. იგი გასაოცარი თუნდაც იმიტომ არის, რომ აღმოცენებიდან 50 დღეში უკვე ზრდადასრულებულია, თან ლამაზიც, თუმცა ამ ასაკის ბამბუკს ავეჯისთვის ვერ გამოიყენებ. გამძლეობისა და სილამაზისთვის ავეჯი ორი წლის ბამბუკისგან მაინც უნდა იყოს დამზადებული.

მასალას აჭარა-გურიის სოფლებში ვყიდულობ, რაშიც სოციალური ქსელი მეხმარება. წინა წლებში განსაკუთრებული შრომა მიწევდა საამისოდ, ახლა კი ბამბუკის მასალის შეძენა შედარებით ადვილია. ცალ ნერგში 5 ლარს ვიხდი.

- ეს ძვირია თუ იაფი? - იაფი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავეჯის დამზადებას რამდენიმე ათეული ბამბუკი და სხვა რაღაცებიც სჭირდება. ცოტა ხნის წინ ურეკის დენდროლოგიური პარკის მოწყობამ ბამბუკის ფასი გაზარდა. აქ უამრავი ბამბუკი დარგეს და ცხადია, მოსახლეობისგან უფრო ძვირად იყიდეს, ვიდრე ავეჯის დამამზადებლებმა... მუშაობისთვის ნებისმიერი დიამეტრის ბამბუკი მჭირდება. წელიწადში დაახლოებით 3000 ძირს ვიყენებ, რითაც რამდენიმე კომპლექტ ავეჯს ვამზადებ, თან სწრაფად - ბამბუკისგან ხომ საზაფხულო, მსუბუქი ავეჯი მზადდება. ერთი კომპლექტის, მაგალითად, მაგიდებისა და სკამების დამზადებას მხოლოდ სამ დღეს ვანდომებ. ნაკეთობა ლამაზი გამომდის. გაყიდვა არასოდეს გამჭირვებია. უცხოელებსაც მოსწონთ ბამბუკის ავეჯი.

- პანდემიის დროსაც არ გაგჭირვებიათ ავეჯის გაყიდვა? - პირიქით, რასაც მე იმას მივაწერ, რომ მოსახლეობა სოფელში დაბრუნდა... საქმეში ოჯახის წევრები მეხმარებიან და ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია.

- ბამბუკის დეფიციტიც ხომ არ შეინიშნება?

- საბედნიეროდ, არა. ბამბუკი ბევრს აქვს და ახალსაც რგავს. ამ კულტურის გამრავლება თესლითაც შეიძლება, თუმცა ჩინური ბამბუკის თესლმა, რომელიც საქართველოში შემოვიტანე, არ გაამართლა. ჩვენთან გავრცელებული ბამბუკის ჯიშები უფრო მაღალხარისხოვანი აღმოჩნდა. თესლით გამრავლება რთულია, რადგან ბამბუკი იშვიათად ყვავილობს, თესლიდანაც მძიმედ ამოდის, თუმცა დადებითი თვისებაც აქვს - თესლიდან აღმოცენებული მცენარე გარემოს უფრო ადვილად ეგუება. კულტურას ვაკე ან მცირედ დაქანებულ ადგილზე რგავენ ძირებს შორის 3-4 მეტრის დაშორებით, სასურველია - ჭადრაკული წესით, რათა წყალი ნაკლებად გაატაროს და თავად შეისრუტოს... გამრავლებისთვის ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია, რადგან ჩვენს სანერგეებში ბამბუკის ნერგს ვერ იპოვით, თუმცა მცენარე ისეთი სასარგებლოა და ჩვენს სოფლებში იმდენი გამრჯე გლეხი ცხოვრობს, რომ არა მგონია, ბამბუკის გაშენება ვინმეს გაუჭირდეს.