სუფრის მშვენება - ბადრიჯანი - კვირის პალიტრა

სუფრის მშვენება - ბადრიჯანი

"სიტყვა "ბადრიჯანი" სპარსული წარმოშობისაა და სავარაუდოდ, ჩვენთანაც ამ ქვეყნიდან გავრცელდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, საქართველოში ერთ-ერთ ხეობას ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ბადრიჯნის კულტურის გამო ბურდუჯის ხეობა ერქვა"

ბადრიჯანი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მცენარეა საქართველოში. მისგან დამზადებული კერძები ნებისმიერ სუფრას ამშვენებს. ამ კულტურის შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ პროფესიონალის აზრი ყოველთვის საინტერესოა. ამ გემრიელ და არომატულ მცენარეზე გვესაუბრება ჩვენი დღევანდელი სტუმარი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი ნატო კაკაბაძე.

- ბადრიჯანი აზიური წარმოშობის მცენარეა. მისი სამშობლო ინდოეთის ჩრდილოეთისა და პაკისტანის დასავლეთ ნაწილის რეგიონებია. გავრცელებული იყო სპარსეთის ტერიტორიაზეც, ხოლო აფრიკაში იგი არაბებს შეუტანიათ და დაუმკვიდრებიათ. სხვათა შორის, ბადრიჯანს ანტიკურ საბერძნეთსა და რომში არ იცნობდნენ. დასავლეთ ევროპაში ეს ბოსტნეული XV-XVI საუკუნეებში გავრცელდა, მაგრამ საკვებად მხოლოდ XIX საუკუნიდან იყენებენ.

ჭრელი ბადრიჯანი

- ჩვენს ქვეყანაში როდის გავრცელდა ეს მცენარე? - საქართველოში ბადრიჯანი დიდი ხანია მოჰყავთ. მცენარის სიძველეს ადგილობრივი ჯიშები და ფორმებიც ადასტურებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ უგემრიელესი ბოსტნეულისგან მომზადებული კერძების სიმრავლე: ნიგვზითა და ძმრით შეკაზმული საცივი, აჯაფსანდალი, ჩანახი.

მას იყენებენ შემწვარს, მოხარშულს, ამწნილებენ, აშრობენ ჩირის მისაღებად, ბადრიჯნისგან ამზადებენ მურაბას, საკონსერვო წარმოებაში ამზადებენ ფარშს, ხიზილალას, მარინადებსა და სხვ. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ეს ბოსტნეული ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში ხარობდა, მაგრამ მისი შემოსვლის თარიღი მაინც დაუდგენელია. მისივე განმარტებით, სიტყვა "ბადრიჯანი" სპარსული წარმოშობისაა და სავარაუდოდ, ჩვენთანაც ამ ქვეყნიდან გავრცელდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, საქართველოში ერთ-ერთ ხეობას ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ბადრიჯნის კულტურის გამო ბურდუჯის ხეობა ერქვა.

- როგორ დაახასიათებთ ბადრიჯანს? - ეს მრავალწლიანი მცენარეა, მოჰყავთ ზომიერად თბილ რეგიონებში.

ბადრიჯნის ნაყოფი შეიძლება იყოს ოვალური, მრგვალი, გრძელი ან მსხლისებრი. კანი გლუვი და პრიალა აქვს. ფერით შეიძლება იყოს იასამნისფერი, ყვითელი, თეთრი, ან ზოლიანი. ძირითადი ტიპებია ამერიკული, იაპონური, იტალიური და სხვ. ამ კულტურის მოყვანა მთელი წლის განმავლობაში რენტაბელურია. ბადრიჯნის განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-30 ჩ0, ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა - 70-75%, ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა - 80-85%.

- საქართველოს რომელ კუთხეებში ხარობს ეს მცენარე ყველაზე კარგად? - ბადრიჯანი ჩვენთან გვხვდება სუბტროპიკულ ზონაში და ნაწილობრივ - ზომიერ, თბილ ზონაში, 700 მეტრამდე ზღვის დონიდან. გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, კახეთში. ბადრიჯნის ზრდა-განვითარებისა და პროდუქტიულობისთვის განსაკუთრებით კარგი პირობებია ქვემო ქართლის თბილ, მშრალ, სარწყავ რაიონებში, სადაც ვეგეტაციის პერიოდი ხანგრძლივია. ბადრიჯანი ნიადაგის ტენიანობისადმი უფრო მომთხოვნია, ჰაერის მაღალი ტენიანობა კი სოკოვანი დაავადებების გაჩენას უწყობს ხელს

თეთრი ბადრიჯანი

- როგორ ნიადაგზე უნდა გავახაროთ ბადრიჯანი და როგორ მოვუაროთ? - ბადრიჯანი მოითხოვს კარგი სტრუქტურის, ნაყოფიერ ნიადაგს, ამიტომ ამ კულტურის წარმატებით მოყვანა მხოლოდ ორგანული სასუქებით კარგად განოყიერებულ, მცირედ თიხნარ და ქვიშნარ ნიადაგზეა შესაძლებელი. ბადრიჯნის გადასარგავად იდეალურია ნიადაგი, რომელიც გაზაფხულზე კარგად თბება, კარგად ატარებს ჰაერსა და წყალს, აქვს ფხვიერი სტრუქტურა და მდიდარია საკვები ელემენტებით. აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხნას შემოდგომით, 25-30 სანტიმეტრ სიღრმეზე. დასავლეთ საქართველოში მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომით, ზამთარში ან გაზაფხულზე. დათესვამდე უნდა ჩატარდეს ორი კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს ღრმად გაფხვიერება ანუ დაფრეზვა 16-დან 24 სანტიმეტრამდე. ძალიან შეუწყობს ხელს მოსავლიანობის გაზრდას ნიადაგის მულჩირება. საერთოდ, ბადრიჯნის ფესვთა სისტემა შეწოვის ნაკლები უნარით ხასიათდება და გარემო პირობების მიმართ უფრო მგრძნობიარეა პომიდვრის ფესვთა სისტემასთან შედარებით. ამის გამო ბულგარელმა მეცნიერმა ხ. დასკალოვმა და მისმა კოლეგებმა ძალზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს - ბადრიჯანი პომიდორზე დაამყნეს და კარგი შედეგიც მიიღეს.

- ბადრიჯანს მორწყვა ხშირად სჭირდება? - ბადრიჯანს ტენი განსაკუთრებით სჭირდება გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვისა და ნაყოფის ზრდა-ფორმირების ფაზებში... მორწყვის სიხშირე და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში, ბადრიჯანი 10-15-ჯერ უნდა მოირწყას. მორწყვა შეიძლება როგორც კვალში მიშვებით, ასევე წვეთოვანი სისტემის გამოყენებით. გარდა ამისა, ვეგეტაციის პერიოდში, ნიადაგის გაფხვიერებისა და სარეველების მოცილების მიზნით, საჭიროა რამდენიმე კულტივაცია ჩაუტარდეს. ნაკვეთის სიტუაციის მიხედვით, კულტივაცია ტარდება 3-5-ჯერ, ან მეტჯერ. ბადრიჯნის ფესვთა სისტემის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ნიადაგის კარგი აერაცია, ამიტომ ზოგჯერ კულტივაცია ტარდება სისტემატურად, ყოველი მორწყვის ან წვიმიანი ამინდების შემდეგ. აერაციის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით - მძიმე მექანიკური შემადგენლობის ნიადაგზე, ჩითილების გადარგვიდან 20-25 დღის შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ მიწის შემოყრა, რადგან ეს ხელს შეუწყობს დამატებითი ფესვების განვითარებასა და მცენარის გაძლიერებას.

ბადრიჯნის ყვავილი

- რომელი ქვეყნების სამზარეულოშია ბადრიჯანი ყველაზე პოპულარული? - ბადრიჯანი უაღრესად პოპულარულია საქართველოში, თურქეთში, ეგვიპტეში, იტალიაში, ინდოეთში, სპარსეთში, შუა აზიაში. იმ ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ამ მცენარეს იყენებენ, შორს წაგვიყვანს. მისგან ამზადებენ უგემრიელეს კერძებს, რომლებიც თითქმის ყველას უყვარს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ბადრიჯნის მურაბა

ბადრიჯნისაგან ამზადებენ უგემრიელეს მურაბას, რომლის რეცეპტს აქვე გთავაზობთ.

შემადგენლობა: 10 ც ბადრიჯანი, ერთი მუჭა კირი, 2 კგ შაქარი, მიხაკ-დარიჩინი გემოვნებით.

მომზადება: ბადრიჯნები დავთალოთ და დავჭრათ ოთხად - ისე, რომ თითოეულ ნაჭერს ცოტაოდენი ყუნწი დავუტოვოთ. მცირეყუნწიანი ბადრიჯნის ნაწილი ისე გავთალოთ, რომ მთელი ბადრიჯნის ფორმა მივცეთ. თესლებიც მოვაშოროთ. გათლისთანავე ცივ წყალში ჩავყაროთ. ცოტა ხანში წყლიდან ამოვიღოთ, ცალკე ჭურჭელში ჩავყაროთ, დავასხათ კირნარევი წყალი და დავტოვოთ ორი საათის განმავლობაში, შემდეგ კი დიდხანს ვრეცხოთ ცივ წყალში - ისე, როგორც სამურაბე წენგოს ვრეცხავთ. ამის შემდეგ უნდა გავავლოთ გაცხელებულ, თაფლიან წყალში.

სიროფი მოვადუღოთ შემდეგი პროპორციით: ყოველ 10 ცალ ბადრიჯანზე 2 კგ შაქარი და 10 ჭიქა წყალი. მურაბა მანამ უნდა ვხარშოთ, სანამ შაქრის სიტკბო ბადრიჯნის გულში არ შეაღწევს, ხოლო ბადრიჯანი გამჭვირვალე და კრიალა არ გახდება. ხარშვის დროს მურაბის ჭურჭელში უნდა ჩავდოთ მიტკალში გახვეული მიხაკ-დარიჩინი, რომელიც ბადრიჯნის მურაბას განუმეორებელ გემოსა და არომატს შესძენს.

ხათუნა ჩიგოგიძე