ძერა - ლეშიჭამია კუდმაკრატელა - კვირის პალიტრა

ძერა - ლეშიჭამია კუდმაკრატელა

"ძერა მიგრაციისას ენერგიის დასაზოგავად ჰაერის მასებს იყენებს - ლივლივის საშუალებით ცდილობს ენერგიის მინიმალური დანახარჯით გადაფრინდეს გამოსაზამთრებელ ადგილებში"

ძერა ჭრელი ბუმბულით შემოსილი, ამაყი, ლამაზი ფრინველია. ერთი შეხედვით, ის ძალიან ჰგავს არწივს, ქორსა და სხვა მტაცებელ ფრინველებს, თუმცა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური იერი და ცხოვრების ნირი აქვს. გვესაუბრება ორნითოლოგი ნიკა ბუდაღაშვილი.

ნიკა ბუდაღაშვილი:

- ადამიანთა უმრავლესობამ ზუსტად არ იცის, როგორ გამოიყურება ძერა. ამ ფრინველს მაკრატლისებრი კუდი აქვს და მისი გამოცნობა სწორედ ამ ნიშნით შეიძლება. როდესაც სოფლებში შინაურ ფრინველებს მტაცებელი იტაცებს, ბევრს ჰგონია, რომ ეს ძერა იყო, მაგრამ ეს შესაძლოა ყოფილიყო ქორი, მიმინო ან სულ სხვა მტაცებელი.

- ფრინველებზე ძერა იშვიათად ნადირობს?

- დიდად თავს არ იწუხებს ფრინველებზე ნადირობით. ყველაზე მეტად ნარჩენები მოსწონს, ამიტომ ხშირად ნაგავსაყრელებზე დაინახავთ, სადაც საკბილოს ყოველთვის პოულობს. ამდენად, ძერას ხშირად ისეთ რამეებს აბრალებენ, რასაც არ აშავებს. არწივთან შედარებით მცირე ზომისაა, შორი მანძილიდან ამ ორ ფრინველს თითქმის ერთნაირი სილუეტი აქვს, მაგრამ როგორც ვთქვით, თავისი კუდით ძერა ყველა თანამოძმისგან გამოირჩევა.

- როგორია ამ ფრინველის ცხოვრების ნირი?

- უმთავრესად ლეშითა და სხვა ნარჩენებით იკვებება. მის "მენიუში" გარდა ლეშისა, შედის ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ბაყაყები, თევზი, მწერები, მოლუსკები, კიბოსნაირები და ჭიები. თუ საშუალება მიეცემა, წვრილ ფრინველებსა და თევზს მოინადირებს. მცირე ზომის ფრინველებზე ის მშვენივრად ნადირობს. მწერებზე ზემოდან დაშვებითაც ნადირობს და ჰაერშიც იჭერს, თუმცა მისი მთავარი საკვები ლეშია. მე ეს ფრინველი ყოველთვის ნაგავსაყრელთან მინახავს, რადგან იქ საკვებს იოლად მოიპოვებს და ნადირობაზე ენერგიას აღარ ხარჯავს.

ძერას საბინადრო ადგილი სხვადასხვა ტიპის ტყეა, რომელიც წყალსატევის ახლოს მდებარეობს. ძერები ხშირად ბუდობენ ჯგუფებად, ქმნიან მცირე კოლონიებს. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, იშვიათად კლდეებზე. კვერცხს დებენ აპრილის ბოლოს ან მაისის დამდეგს. კრუხად უფრო დედალი ზის, მამალი კი ეხმარება.

ძერა საშუალო ზომის ბუდეს ხეზე, კლდეზე ან ხრამში იკეთებს, თუმცა უმეტესად ტოტებზე და აპრილ-მაისში რამდენიმე კვერცხს დებს. ინკუბაცია დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. როგორც წესი, ორივე ფრინველი კრუხობს - დედალი და მამალი

- რომელი სახეობებია საქართველოში?

- უფრო ხშირად ორი სახეობა გვხვდება: ჩვეულებრივი ძერა, რომელიც ჩვენში უფრო დიდი რაოდენობითაა, და ფრთაშავი, ლურჯი ძერა, რომელიც უფრო იშვიათია. რაც შეეხება წითელ ძერას ანუ ბორას, საერთაშორისო წითელი ნუსხის მიხედვით ის საფრთხეში მყოფი სახეობაა და ჩვენთანაც იშვიათობას წარმოადგენს. ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც ჩვეულებრივი ძერა გვხვდება. ფრინველთა გადაფრენის დროს ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში ათასობით ჩვეულებრივ ძერას პოულობენ. ფრთაშავი ლურჯი ძერა საქართველოში იშვიათად ბუდობს, მხოლოდ რამდენიმე ინდივიდი გვხვდება. რაც შეეხება წითელ ძერას, არა მგონია, ეს ფრინველი ვინმეს ენახოს. მისი პოპულაცია საფრთხესთან არის მიახლოებული, რადგან მისი რიცხოვნობა საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. წითელ ძერას იმიტომ უწოდებენ, რომ ლამაზი მოწითალო შეფერილობა აქვს.

- ჩვეულებრივი ძერა როგორი შეფერილობისაა?

- მუქი შეფერილობა აქვს. გვხვდება თითქმის ყველანაირ ჰაბიტატში, უდაბნოშიც კი, როგორც გადაფრენის, ასევე ბუდობის დროს. მსოფლიოში რამდენიმე მილიონამდე ინდივიდია აღრიცხული. ჩვეულებრივი ძერა ბინადრობს ევროპაშიც, აზიაშიც და ავსტრალიაშიც, ხოლო აფრიკაში იზამთრებს. როგორც ყველა მტაცებელი ფრინველი, მიგრაციისას ენერგიის დასაზოგავად ჰაერის მასებს იყენებს - ლივლივის საშუალებით ცდილობს ენერგიის მინიმალური დანახარჯით გადაფრინდეს გამოსაზამთრებელ ადგილებში. ზღვებსა და ოკეანეებს სხვა ფრინველების მსგავსად თავს არიდებს, რადგან მათ ზემოთ თბილი ჰაერის მასები გროვდება და ენერგიის დაზოგვას ვეღარ ახერხებს. ამიტომ ძერა ყოველთვის კონტინენტს მიუყვება. ჩვენთანაც შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება, რადგან ზღვას ვერ გადაკვეთს. სწორედ ასე ხვდებიან ძერები ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში, სადაც ყოველწლიურად ათასობით ფრინველი იყრის თავს.

- როგორ ადგილებს ირჩევს ბუდისთვის?

- ძერა საშუალო ზომის ბუდეს ხეზე, კლდეზე ან ხრამში იკეთებს, თუმცა უმეტესად ტოტებზე და აპრილ-მაისში რამდენიმე კვერცხს დებს. ინკუბაცია დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. როგორც წესი, ორივე ფრინველი კრუხობს - დედალი და მამალი - ეს მტაცებელი ფრინველებისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ისინი წყვილებს რამდენიმე წლის განმავლობაში ქმნიან და ინკუბაციაშიც ორივე მონაწილეობს. თანაბრად მონაწილეობენ ბარტყების აღზრდაშიც, ხშირად ერთმანეთს ენაცვლებიან: მდედრი ბუდეში ზის, რადგან ზომით მამრზე დიდია და ბარტყებს მტაცებელი ფრინველებისგან უფრო კარგად იცავს, მამრი კი საკვების მოსაპოვებლად მიდის. როცა ბარტყები წამოიზრდებიან და მეტი საკვები სჭირდებათ, მის მოპოვებაში ორივე მშობელი მონაწილეობს.

- რა ზომისაა ჩვეულებრივი ძერა?

- ამ ფრინველის სიგრძე 55-60 სანტიმეტრია, ხოლო მისი ფრთების შლილი - 160-180 სანტიმეტრი.

- რამდენია საქართველოში ფრთაშავი ლურჯი ძერა და წითელი ძერა? - საქართველოში ფრთაშავი ლურჯი ძერა სულ რამდენიმე ადამიანს უნახავს, თანაც მიგრაციის დროს. რაც შეეხება ბორას ანუ წითელ ძერას, ჩემს ნაცნობ ორნითოლოგებს შორის ის არავის უნახავს. სამაგიეროდ, ჩვეულებრივი ძერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ათასობით გვხვდება. განსაკუთრებით, მიგრაციის პერიოდში, როცა მათი დიდი გუნდები გროვდება და მათ სანახავად ორნითოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ახლა, პანდემიის პირობებში, ეს შეუძლებელია, მაგრამ ადრე ამ მშვენიერი სანახაობისთვის ჩვენთან ბევრი ორნითოლოგი და ფრინველების მოყვარული ჩამოდიოდა.

ცხადია, წითელი ან ფრთაშავი ლურჯი ძერის ნახვა უფრო ახარებთ, ვიდრე ჩვეულებრივისა.

- ძერას დაუძინებელი მტრები თუ ჰყავს?

- ამ ფრინველს, ძირითადად, ბუ ემტერება, ყველაზე მეტად კი ზარნაშო, რომელიც დიდი ბუა. ის ღამით ნადირობს. ფრინველები დღისით აქტიურობენ, ღამით კი სძინავთ და ამ დროს ბუ მათ ბარტყებს ადვილად იტაცებს. მე ხშირად მინახავს ფოტოხაფანგის გადაღებული ვიდეოფირები, როგორ ესხმის რომელიმე სახეობის ბუ ძერას და მის ბარტყებს იტაცებს.

- ამ ფრინველის სხვა სახეობათა ჩამონათვალი როგორია?

- მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მისი რამდენიმე სახეობა ბინადრობს: ევროპული ძერა, შავყურა ძერა, მცირე ინდური და ბოლოჩანგალა ძერა, ტაივანური ძერა და სხვ. ეს სახეობები განსხვავებულ ჰაბიტატშია გავრცელებული. ორნითოლოგებისთვის თითოეული მიმზიდველი და საინტერესოა.

ხათუნა ჩიგოგიძე