ხელოვანი ფერმერი ჩხეიძეების ისტორიული მამულიდან - კვირის პალიტრა

ხელოვანი ფერმერი ჩხეიძეების ისტორიული მამულიდან

"ჩვენს ეზოშია გადაღებული "საბუდარელი ჭაბუკი". აქ იდგა 400 წლის უზარმაზარი კოპიტი, რომელიც 90-იანებში გადატყდა. ფილმის ტიტრები სწორედ იმ კოპიტის ფონზე მიდის"

პანდემია ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა შესაძლებლობა - მსოფლიო კრიზისით გამოწვეული პაუზის პერიოდში მისთვის საინტერესო საქმეს მიჰყო ხელი. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ამ პერიოდში სოფელ ფუთში (ზესტაფონის რაიონი) ჟოლოსა და შავი ქლიავის ბაღი გააშენა. ჟოლო სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავლის" პროექტის ფარგლებში დაირგო. რეჟისორი ახლა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

- სოფელი ფუთი ჩემი მეუღლის წინაპრების მამულია. დაახლოებით 300 წელიწადია, აქ ჩხეიძეები ცხოვრობენ. ჩემი მეუღლის ბებიის მამა - კალენიკე ჩხეიძე ცნობილი სოციალ-დემოკრატის კარლო ჩხეიძის ძმა გახლდათ. ამწუთას ჩვენ ვფლობთ კალენიკე და კარლო ჩხეიძეების მთელ მამულს, მემკვიდრეობას, რაც მათ განკულაკების შემდეგ დარჩათ. ფუთიდან გახლდათ ასევე მსახიობი უშანგი ჩხეიძეც. მოკლედ, ამ სოფელში ჩხეიძე ერთ-ერთი გამორჩეული გვარია.

ჩვენს ეზოშია გადაღებული "საბუდარელი ჭაბუკი". აქ იდგა 400 წლის უზარმაზარი კოპიტი, რომელსაც საოცარი ჩრდილი ჰქონდა. სამწუხაროდ, 90-იანებში მას ფესვები გამოუწვეს და გადატყდა. "საბუდარელი ჭაბუკის" ტიტრები სწორედ იმ კოპიტის ფონზე მიდის.

- მოკლედ, თქვენს მეურნეობას საფუძველი ისტორიულ სოფელში ჩაუყარეთ. - რამდენი ხანია ვფიქრობ ამაზე, მაგრამ მოუცლელობის გამო შეუძლებელი იყო. პანდემიის დროს, როცა მეტი თავისუფალი დრო გაჩნდა, მსახიობ ეკა მჟავანაძისგან გავიგე, რომ ასეთი პროექტი არსებობდა.

თავიდან აგრარულ უნივერსიტეტში მიწის შემმოწმებელ განყოფილებას მივაკითხე, მათაც სპეციალისტი მოავლინეს სოფელში და მიწის ანალიზი გაკეთდა. გაირკვა, შესაძლებელი იყო თუ არა ჩვენს ნიადაგზე ჟოლოს გაშენება, შემდეგ კი მათი რეომენდაციით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ სააგენტოს მივმართეთ, რომ ხელშეკრულება გაფორმებულიყო.

წინა პირობა იყო მიწის მოხვნა 60 სანტიმეტრზე, ელექტროენერგიისა და წყლის მიყვანა ნაკვეთამდე. მიწა გადაიხნა, შემდეგ კიდევ ერთხელ გაფხვიერდა, დენისა და წყლის პრობლემაც მოგვარებული გვქონდა. ამ სამუშაოსა და მუშახელის საფასური ჩვენი გადასახდელი იყო. დანარჩენი, ვენახის ბოძები, ტროსი, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ნერგები - სრული პაკეტი 100%-ით დაგვიფინანსდა.

ეს ყველაფერი ჩემს თავზე რომ არ გამომეცადა, არც დავიჯერებდი, რომ შესაძლებელი იყო. ზესტაფონში ამ პროგრამას დათო ჯინორიძე კურირებს, რომელიც ამ პროექტით დაინტერესების შემდეგ გავიცანი. საქმიანი, გულისხმიერი ადამიანია, ყველას ეხმარება. მსურველი ბევრია და საქმეც ბევრი აქვთ.

- რა ფართობზე დარგეთ ჟოლო და პროექტით რა ვალდებულება გაქვთ? - ჟოლო 3000 კვმ-ზე დაირგო, სახელმწიფოს ეს 7.933 ლარი დაუჯდა. როდესაც აგვისტოში ჟოლო ნიშანს მოგვცემს, გაგვაფრთხილეს, პირველი მოსავალი არ დაამწიფოთ, ისე დაკრიფეთ, ეს ფესვებს გაუძლიერებსო. სახელმწიფოს აქედან მოგება არა აქვს, პირიქით, თუ კარგად გაშენდა და ნორმალური მოსავალი მოვიდა, რეალიზატორებსაც გვთავაზობენ და მოსავლის შესანახავ დიდ მაცივარსაც გვჩუქნიან. საინტერესო ის არის, რომ მთელი ეს პროცედურები, განაცხადის შევსება და ყველაფერი სხვა ონლაინ წარვმართე. ერთ დღეს კი თეატრში, ჩემს კაბინეტში, კაცი გამომეცხადა და მითხრა, რომ ჩვენს ნაკვეთში ბოძები, ტროსი ჩაიტანა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერას მთხოვდა. გენდობით, მაგრამ უნდა გადავამოწმო-მეთქი. მეზობელთან დავრეკე. მან დამიდასტურა - მოტანილია ყველაფერიო. აი, აქედან დაიწყო ახალი ამბავი...

- რას გულისხმობთ? - თუ დამიჯერებთ, მუშახელი ვერ ვიშოვე. როგორც იქნა, ერთი ღვთისნიერი კაცი აღმოვაჩინე, ოღონდ დასაქმებული, მითხრა, შაბათ-კვირას ნელ-ნელა ვიმუშავებო. 1410 ძირი ჟოლო იყო დასარგავი. ეს რაოდენობა ფართობის მიხედვით მოგვცეს. ჟოლოს ნერგებიც მათ უნდა მოეტანათ, მაგრამ დმანისის მეურნეობაში მე თვითონ მომიწია ჩასვლამ და ნერგების წამოღებამ, რომ ეს ძლივს ნაპოვნი ადამიანი არ გაქცეულიყო. სოციალური დახმარება აფუჭებს ბევრს, ვისაც შრომის უნარი აქვს, თორემ შეჭირვებული ადამიანების დახმარება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ნაღდ ანაზღაურებაზე, იმაზე მეტზე, ვიდრე სოციალური დახმარების 170 ლარია, უარს ამბობენ. ეშინიათ, რომ სოციალურს მოუხსნიან.

- სამეურნეო მუშაობის გამოცდილება გაქვთ?

- ახლა შევისწავლე ყველაფერი, ეს პროექტის აუცილებელი პირობაა. მოგვცეს სპეციალური ლიტერატურა, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ჟოლოს მოვუაროთ. თუ ვინმე გადაიფიქრებს და ამ საქმიდან გავა, ან ბაღს არ გააშენებს, ან ნერგებსა და იმ ინვენტარს, რაც სახელმწიფომ გვაჩუქა, გაყიდის, მაშინ ხელშეკრულების მიხედვით სოლიდური ჯარიმა ეკისრება.

სახელმწიფო მოგებას არ გთხოვს, თუმცა გაკონტროლებს, რომ საქმე აუცილებლად გააკეთო და თან ხელსაც გიწყობს, რომ განვითარდე. თუ ამ საქმეში გაგიმართლა, მერე მეტ ფართობზეც შეგიძლია გადახვიდე.

ახლა წყლის სისტემის დამონტაჟება დაგვრჩა, რაც ხელშეკრულების თანახმად, 15 მარტამდე უნდა დასრულდეს.

- ნერგები როდის დარგეთ?

- 20 ნოემბრიდან მარტის ბოლომდე უნდა დავრგოთ, ოღონდ ყინვები არ უნდა იყოს. ხელშეკრულება 28 იანვარს გაფორმდა. იქიდან მოყოლებული, ქარბორბალასავით წავიდა საქმე. ამ ყველაფერს აზარტიც ჰქონია. როცა იცი, რომ მამაპაპისეული მიწაა და უვლი, თითქოს წინაპრების სულებიც ცოცხლდებიან, თან, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ოჯახში ახალგაზრდა კაცი, ჩემი მეუღლის ბებიის ძმა, შალვა ჩხეიძე, მარჯანიშვილის თეატრის პირველი გარდაცვლილი მსახიობი იყო. იქვე ახლოს, ეზოსთან არის დაკრძალული. კოტე მარჯანიშვილის ცნობილ სპექტაკლში "ყვარყვარე თუთაბერი" შალვა ჩხეიძე და აკაკი კვანტალიანი იყვნენ კაკუტა და ქუჩარა. ოჯახში გვაქვს კოტე მარჯანიშვილის წერილი (რუსულად), რომლითაც უსამძიმრებს ოჯახს და მშობლებს სთხოვს, ქუთაისში ერთი პანაშვიდი ჩაატარებინოს, ხოლო შემდეგ ცხენებით ამოვაბრძანებთ ფუთშიო.

- ისტორიული ამბებით დატვირთული კარ-მიდამო გაქვთ... ჟოლოს ბაღის გარდა, შავი ქლიავისა და ტყემლის ბაღიც გაგიშენებიათ...

- კი, ოღონდ ეს ჩემი ინიციატივაა. 60 ძირი შავი ქლიავი და ტყემალი დავრგე. რამხელა შეღავათია, სარწყავი სისტემა, რომელიც ჟოლოსთვის არის გამიზნული, ამ ნერგებისთვისაც გამოდგება. იქ პატარა ქოხი დგას, დენითა და წყლით უზრუნველყოფილი. ნაკვეთი ასეთი მონაცემების რომ არ ყოფილიყო, ხელშეკრულებას არც გააფორმებდნენ. მოკლედ, ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ და თან, საქმეც არ დავიზარეთ, ბოლომდე მივყევით.

- პანდემია რომ არ ყოფილიყო, ამ ყველაფერს თუ შეხედავდით როგორც შესაძლებლობას?

- ჩვენი თეატრი იმდენად დატვირთული რეჟიმით მუშაობს, ვერ მოვასწრებდი, მაგრამ პანდემიისას იმდენი ხნით ჩავიკეტეთ, დრო გამომითავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაშიც 6 სპექტაკლი გამოვუშვით, "ციფრული თეატრის" ფესტივალშიც ჩავერთეთ და რეგიონული გასტროლებიც გვქონდა... თუმცა ჩემი ფერმერობა მაინც პანდემიის "ბრალია".

სამი შვილიდან ორი უკვე სრულწლოვანია, ახლა მათაც მიხედონ საქმეს. ოჯახი მთლიანად უნდა ჩაერთოს, თორემ სხვაგვარად ეს მშვენიერი სტარტი ასევე მშვენივრად ვერ გაგრძელდება.