თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეებისთვის - კვირის პალიტრა

თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეებისთვის

სოფლის მეურნეობის უახლესი მიღწევების გაზიარებას ჩვენს ქვეყანაშიც ცდილობენ, თუმცა ამან მასობრივი სახე ვერა და ვერ მიიღო. სოფლის მეურნეთა უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს, რას შეიძლება მიაღწიო სოფლად სელექციის ახალი შედეგებისა თუ სხვა ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით. ჩვენი სოფლის დიდი ნაწილი მიწას კვლავ იმგვარი წესებით ებრძვის, როგორც ათეული წლების წინ. არადა, ახალი სამეცნიერო მიღწევების გარდა, რადიკალურად შეცვლილია კლიმატიც, რაც სოფლად შრომის მორგებასაც მოითხოვს.

მეურნე ზურაბ შიოშვილმა, რომელსაც თავის მეგობარ გიორგი ჭოლოკავასთან ერთად სოფელ ასურეთში უამრავი ეგზოტიკური კულტურა მოჰყავს, რადიკალურად შეცვალა ტრადიციული ბაღჩეულობის მოყვანისა და სარგებლობის ვადებიც. დღეს მას შეუძლია ადგილობრივი თუ უცხოური ჯიშების ბადრიჯნის, პამიდვრის, გოგრისა და ა.შ. მოსავალი უკვე გაზაფხულზე, მაისშიც აიღოს და გვიან შემოდგომამდეც ისარგებლოს. ამბობს, რომ მარტივი ტექნოლოგიების გამოუყენებლობაში ჩვენი სოფლის მოსახლეობას ხელს ორი რამ უშლის: თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის არქონა და სიჯიუტე, რაც უცოდინარობით არის გამოწვეული.

- მსოფლიო ვითარდება, ჩვენი სოფლის მოსახლეობის უმეტესობა კი იმავენაირად შრომობს და შედეგს ვერ აღწევს. მით უფრო, რომ შეცვლილ კლიმატურ პირობებში ბუნება აიძულებს ადამიანს მოსავლის მოყვანის ახალ ტექნოლოგიაზე დაფიქრდეს. ამაში ჩვენ ორი რამ გვიშლის ხელს. უპირველესად ის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საშუალება არა აქვს თანამედროვე გამოცდილებები გაიზიაროს. სოციალური ქსელი უკვე თითქმის ყველგან არის, მაგრამ ქართულ ენაზე და გასაგებს ძალიან ცოტას ნახავთ. მეორე - გამოცდილების უქონლობა და ცოდნის სიმწირე ჩვენს მოსახლეობას მეტად ჯიუტს ხდის. რომც აუხსნა და ასწავლო, რა უნდა გააკეთოს, რომ პამიდორი აგვისტოს ნაცვლად მაისში დამწიფდეს და არა ივლისის ბოლოს, გეტყვის, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ სხვა წესები გვაქვსო. ასე რომ, სიახლეების მიღებას დიდი ბარიერი აბრკოლებს.

თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სოფლის მეურნეობის სპეციალისტიც არა ვარ, მაგრამ მიწის პატივისცემამ, მიღწევებსა და მცენარეთა გამოყვანაზე დაკვირვებამ არაერთი ეგზოტიკური კულტურის მოყვანის საშუალება მომცა. თუმცა ეგზოტიკური კულტურები მაშინ უნდა მოიყვანო, თუ ტრადიციული ჯიშების მოვლა-პატრონობა იცი. ბადრიჯანი, გოგრა თუ წიწაკა ადრე რომ მოვიყვანოთ და მოსავლით გვიან შემოდგომამდე ვისარგებლოთ, მათი დათესვა და დაჩითილება ადრეულად, თებერვლის შუა რიცხვებიდან უნდა დავიწყოთ და არა აპრილის დასაწყისიდან. რატომ თებერვლის შუა რიცხვებიდან? ისევ პამიდვრის მაგალითს მოვიყვან. ამ კულტურას დათესვიდან დამწიფებამდე 60-65 დღე სჭირდება. როცა პამიდორს თებერვლის შუა რიცხვებში, მაგალითად, 15 თებერვალს დავთესავთ, ჩითილს ღია გრუნტში გადატანისას წაყინვასაც ავაცილებთ და მოსავალიც მაისში გვექნება.

ხელოვნური განათება მსოფლიოში გავრცელებული მეთოდია

- მაგრამ თებერვალში იმდენად ცივა, რომ სათბურის გარეშე არც თესლი ამოვა, არც ჩითილი გაიხარებს.

- არანაირი სათბური არ არის საჭირო, რათა სახლში საკმარისი რაოდენობით ჩითილი გამოიყვანო. სითბო ზამთარში შინ ყველას გვაქვს. მე თებერვლის 15-დან ვთესავ არცთუ დიდ ჭურჭელში.

უცხოურ თესლს, რომელიც გამომშრალი და დამუშავებულია, პირდაპირ ბაღის მიწაში ვერ აღმოვაცენებთ, მას სპეციალური, ტორფიანი მიწა სჭირდება, ჩვენებური თესლი კი ჩვეულებრივ მიწაშიც გაცილებით ადვილი ამოსაყვანია. ცხადია, პროცესს სითბო და სინათლე სჭირდება.

ხელოვნური განათება მსოფლიოში გავრცელებული მეთოდია. ჩითილს რომ სინათლე ჰქონდეს, მარტივი რამ უნდა გავაკეთოთ: შევიძინოთ 60 სმ სიგრძის ორი 7-ვატიანი ეკონათურა და თესლი რომ აღმოცენდება, ნათურები ერთმანეთის პარალელურად ჩავკიდოთ, აღმონაცენიდან დაახლოებით 25 სმ-ით დაშორებით. პირველ 24 დღეს ნათურები განუწყვეტლივ უნდა ენთოს, შემდეგ დღეებში კი მხოლოდ 16 საათს. თუ ამ წესებს დავარღვევთ, შესაძლოა ჩითილები დაიღუპოს. როდესაც ჩითილი გადასარგველია, მას სპეციალურ ჭურჭელში გადავრგავთ, შეიძლება ერთჯერადი პოლიეთილენის ჭიქებიც გამოვიყენოთ. შემდეგ გაზრდილი ჩითილი მეორე, უფრო დიდ ჭურჭელში გადაგვაქვს აპრილამდე, როცა ღია გრუნტში გადავიტანთ და მხოლოდ ისღა დაგვრჩება, რომ მაისში მოსავალს დაველოდოთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცედურისთვის საადრეო ჯიშები ჯობს, რადგან მცენარეს მსხმოიარობის განსაზღვრული დრო აქვს. მერე უკვე შემოდის ტრადიციული მეთოდით მოყვანილი პამიდორიც და ამგვარად, 6 თვეს, ოქტომბრის ბოლომდე შემოდის. იგივე მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ბაღჩეულობაზეც, მათ შორის კიტრსა და გოგრაზეც.

- ეგზოტიკურ, უცხოეთიდან შემოტანილ ბაღჩეულს ასეთივე მეთოდით იღებთ?

- რა თქმა უნდა, ოღონდ უცხოური თესლი, როგორც ვთქვი, სპეციალურ ნიადაგში ითესება. უამრავი ისეთი კულტურა მოგვყავს, რომელიც ჩვენში არ არის. მაგალითად, ასურეთში პირველად მოვიყვანეთ თეთრი, ქათქათა ბადრიჯნის სხვადასხვა ჯიში, მათ შორის, სოკოს გემოვანი თვისებებით. სოკოს გემოვანი თვისებებით ყაბაყიც არსებობს. მოგვყავს შავი პამიდორიც.

დასანანია, რომ ახალ ჯიშებზე ჩვენს მოსახლეობას ხელი ნაკლებად მიუწვდება. ჩვენ ამ ჯიშების თესლს უცხოეთში მცხოვრები მეგობრები გვაწვდიან. ზოგიერთი ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად, უძვირესია რეჰანის ერთი ჯიში, "პარფიუმი". სახელწოდება მეტყველებს, რომ უცხოეთში ამ მცენარის ზეთს სუნამოების დასამზადებლად ხმარობენ. რაც მთავარია, მცენარის სურნელებაც სუნამოს მოგაგონებთ, თუ მის ფოთოლს თითებით გასრესთ, საუცხოო სურნელს იგრძნობთ, რომელიც რამდენიმე წუთში თითქოს სულ სხვაგვარ სურნელად გარდაიქმნება.

სგავსი ტექნოლოგიები თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მრავლად მუშავდება და მათი გამოყენება აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. ამის შესაძლებლობას ეკოლოგია და სხვა პირობები აღარ გვიტოვებს. ჩვენი მთავარი სიმდიდრე კი ის არის, რომ ჩვენს მიწაზე ნებისმიერი კულტურის მოწევა შეიძლება, რასაც კი მოვისურვებთ.