ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესი
ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესი
ფოტო:დავით ჩიხლაძე
"100 კვმ-ზე გაშენებული მარანი სამი იარუსისგან შედგება. თავდაპირველად ავტოფარეხის ქვედა სივრცე ავითვისე, ხოლო დარბაზის კიდევ უფრო ქვემოთ მთავარი სივრცეა, სადაც შვიდი ქვევრია ჩაყრილი"

ეს არის ისტორია კაცზე, რომელმაც ღვინის მარანი, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ გარაჟში გააკეთა და ჰობი საქმიანობად გადაიქცა. დავით ჩიხლაძე არქიტექტორია, ავტოფარეხში პატარა საოჯახო მეღვინეობა გამართა. მოყვარულმა მეღვინემ საყვარელი საქმიანობა, ანუ ღვინის დაყენება, ბიზნესად აქცია და სახელიც მოიხვეჭა. მეგობრების გარემოცვაში დაწურული ყურძნისგან დაყენებულ მის ღვინოს დღეს არაერთი
მაღაზიის დახლზე იხილავთ.

- თორმეტი წლის წინ იდეა გამიჩნდა ავტოფარეხში პატარა სალხინო კუთხე გამეკეთებინა. შევიკრიბეთ მეგობრები, ყურძენი ვიყიდეთ და ღვინოც დავწურეთ. მანამდე ღვინის
დაყენების არაფერი მესმოდა და ვერც წარმოვიდგენდი, მეღვინე თუ გავხდებოდი, მაგრამ საქმემ ისე გაგვიტაცა, მომდევნო წელსაც გავაგრძელეთ. ავტოფარეხის გაფართოებაც სახელდახელოდ მოგვიხდა.

არქიტექტორი გახლავართ და ჩემი პროფესიული გამოცდილებაც გამომადგა ამ სივრცის ჩემს გემოზე მოწყობაში. თავდაპირველად ავითვისე ავტოფარეხის ქვედა სივრცე, რომელიც დღეს საქეიფო და სადეგუსტაციო ადგილია, ხოლო დარბაზის კიდევ უფრო ქვემოთ მთავარი სივრცეა, სადაც შვიდი ქვევრია ჩაყრილი. დღეს ჩემი ავტოფარეხი და 100 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მარანი სამი იარუსისგან შედგება. ღვინოს ტრადიციული მეთოდით ვაყენებთ.


- ალბათ, თავდაპირველად პრობლემებიც იყო...
- თავიდან არც საჭირო ჭურჭელი მქონდა და არც გამოცდილება, ღვინის დაწურვის ტექნოლოგიაც არ ვიცოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ჭურჭელიც ვიყიდე, ქვევრებიც, გამოცდილებაც შევიძინე და დღეს თამამად შემიძლია თქმა, რომ კარგ ღვინოს ვაყენებ.

- რამდენ ბოთლ ღვინოს აწარმოებთ სეზონზე?
- სეზონზე დაახლოებით ათი ათას ბოთლს ვასხამ, თუმცა შემიძლია ოციდან ოცდახუთი ათასამდე ბოთლი ღვინოც ვაწარმოო. ჯერჯერობით რამდენიმე ნატურალური ღვინის მაღაზიასა და რესტორანში შეგვაქვს ჩვენი პროდუქცია. რა ოდენობის ღვინოც ახლა გვაქვს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ ვცდილობთ ნატურალურ ღვინოს პოპულარიზება გავუწიოთ: ის ნაწილი, რაც ამჟამად იყიდება, ძირითადად, ქვევრის ღვინოა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ ბიზნესში წარმატებისთვის?
- დიდი დრო უნდა გაატარო იქ, სადაც აკეთებ ამ ყველაფერს და გულდასმით ეცადო საუკეთესო შედეგის მიღწევას. ასე შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და განსაკუთრებულიც ვიყოთ, ვინაიდან თვით ქვევრია განსაკუთრებული ფენომენი. ამ ეტაპისთვის არ მიმაჩნია, რომ ვარ წარმატებული ბიზნესმენი, არამედ ადამიანი, რომელმაც მოსინჯა ეს საქმე და ვფიქრობ, რისკმა, ასე თუ ისე, გაამართლა.

- როგორ დაახასიათებთ თქვენი ღვინის სურნელს, რა გამოარჩევს კონკურენტი სასმელებისგან?
- ჩვენ გვაქვს რამდენიმე ჯიშის ყურძენი - რქაწითელი, ცოლიკაური, ასევე ოცხანური საფერე. ჩვენს ღვინოს ნაზი სურნელი აქვს. ძალიან არომატულია. კარგად არის შეხამებული ჩვენს სამზარეულოსთან და სასიამოვნო დასალევია. გარდა ღვინისა, ვაწარმოებ ჭაჭის არაყს, რომელსაც სხვადასხვა ტექნოლოგიით ვხდით.
- რა სირთულეები შეგხვდათ?
- სირთულე ბევრია, მაგრამ დაძლევა შეიძლება. აღსანიშნავია იმ ხალხის დახმარება, რომლებმაც მასწავლეს, როგორ გამერთმია თავი სირთულეებისთვის. ეს ყველაფერი, ძირითადად, ჩემი მეგობრების დამსახურებაა.


- რა გეგმები გაქვთ?
- ცოტა ხნის წინ შევიძინეთ ვენახი და მომავალში უკვე გაზრდილი წარმოება გვექნება. შარშან ჩვენი ღვინო ჰოლანდიაში გავიდა და ძალზე კარგი შეფასებაც დაიმსახურა. წლეულსაც, თუ მშვიდობა იქნა, აუცილებლად გავგზავნი. ჩვენ ყურძენს ვყიდულობთ, თუმცა მაქვს პატარა ვენახიც და მინდა მის გვერდით პატარა საწარმო ავაგო, სადაც 40-მდე ქვევრს ჩავყრი და ცოტა სხვა მასშტაბებზე გადავალ.

მომავალში ვენახებს უფრო გავზრდით და შესაბამისად წარმოებასაც განვავითარებთ. ასევე მსურს შევინარჩუნოთ ხარისხი და ჩემი დაწყებული საქმე უფრო გავაძლიერო.

ზურა სოლომნიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები