სოლომონ II-ის მემარნის შთამომავლები - კვირის პალიტრა

სოლომონ II-ის მემარნის შთამომავლები

"აფხაზურ ჯიშებს გავახარებთ და როცა აფხაზეთში დავბრუნდებით, მინდა აქ დაწურული ღვინით ჩავიდეთ. თან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს საკოლექციო ნაკვეთში ყურძნის ნერგებს იმ ადამიანებს ვარგვევინებ, რომელთაც სიმბოლურად შესაბამის კუთხესთან ვაიგივებ..."

"მე ვცხოვრობ ღვთიურ სამოთხეში, რომელსაც იმერეთი ჰქვია", - ეს სიტყვები სოლომონ II-ს ეკუთვნის და მას თერჯოლელი მეღვინის, გივი ჩუბინიძის მარანში წაიკითხავთ.

"ამონარიდი მეფის წერილიდანაა, რომელიც მან რუსეთის იმპერატორს პეტერბურგში განცხრომით ცხოვრების დაპირების საპასუხოდ მისწერა", - გვიყვება ბატონი გივი ჩუბინიძე, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში ცხოვრობს და საკუთარ თავს მემარნეს უწოდებს. მისი წინაპრებიც მემარნეები იყვნენ, დიდი ბაბუა ივანე (ნანუა) ჩუბინიძე კი - სულაც მეფის (სოლომონ II-ის) მემარნე. დღეს გივი ჩუბინიძე წინაპრების საქმეს განაგრძობს, მუდმივად სიახლეებს ეძებს, წვლილი შეაქვს ვაზის ჯიშების გამრავლებასა და გადარჩენაში. მისი ეზო თითქოს საკოლექციო ნაკვეთია, სადაც გავრცელებულ ვაზის ჯიშებთან ერთად იშვიათი და უნიკალური ჯიშებიც არის თავმოყრილი.

ავასირხვა, ამლახუ, ცხენის ძუძუ იშვიათი აფხაზური მარგალიტებია. გარდა ამისა, ჩვენს რესპონდენტს აქვს მამუკას საფერე, კრახუნა, თეთრი კამური, ჯანი, თამარის ვაზი, ღრუბელა, ოცხანური საფერე, ანადასტური, ქველოური და კიდევ ბევრი საინტერესო ყურძნის ჯიში, რომელთაც თავის პატარა იმერულ სამოთხეში უვლის.

"ეს სიტყვები მეფე სოლომონმა რუსეთის იმპერატორს მისწერა"

გივი ჩუბინიძე:

- ჩემი წინაპრები მემარნეები იყვნენ. მემარნის ამოცანა იყო მევენახეობისა და მეღვინეობის ერთობლივად მართვა. მოკლედ, ის მარანს ხელმძღვანელობდა. ჩემი დიდი ბაბუა სოლომონ მეფის თანამედროვე იყო, მე მეხუთე თაობა გახლავართ.

ივანეს ნანუა ვინ და რატომ შეარქვა, არავინ იცის, მაგრამ რადგან ღვინის საქმეს ემსახურებოდა და ვინაიდან ღვინოს ჩვენში მოფერებით ნუნუას ეძახიან, სავარაუდოდ, მისი სახლიც აქედან უნდა მოდიოდეს. ნანუა მემარნე მეფის კარზე მიღებული კაცი და გამოჩენილი პიროვნება გახლდათ. იმერეთის სამეფო კარზე ბეჭედი ჰქონდა ჩაბარებული. ის ბეჭედი გასული საუკუნის 60-იან წლებამდე იყო შემორჩენილი და მერე სადღაც გაქრა, დაიკარგა და ჯერ ვერ მივაგენი. ამ ბეჭედს შესაბამისი დოკუმენტაციისთვის იყენებდნენ და სპეციალურ ზარდახშაში ინახებოდა. ჩემი სურვილი სახელოვანი ბაბუის იმ ბეჭდის მოძებნაა.

მოკლედ, ნანუას სულისთვის და მის სახელზე მოვინდომე რაღაც გამეკეთებინა და ეს საქმე წამოვიწყე - ხუთი წლის წინ ვენახსა და მემარნეობას მივყავი ხელი და ღვინოსაც მისი სახელი დავარქვი.

- პროფესიით ვინ ხართ? - ეკონომისტი, ფინანსისტი. საჯარო სამსახურებში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა სულ მეურნეობაზე ვარ გადართული. წინაპრების საქმიანობის გაგრძელების სურვილმა შემაცვლევინა პროფესია, ცხოვრების წესი და მეღვინეობა-მევენახეობაში აღმოვჩნდი. უკვე 3 ჰა ვენახი მაქვს და საკოლექციოდ - 72 ვაზის ჯიში, რომელთაც დაკვირვებისთვის ვიყენებ. ვმსჯელობ, ვფიქრობ, ესა თუ ის ჯიში რა შედეგს მოიტანს. სხვების ჩანაწერებს, სპეციალურ ლიტერატურას ვეცნობი.

- და რომელიც ამართლებს, იმ ჯიშებს აშენებთ? - დიახ. როგორც გითხარით, იშვიათი ჯიშები მაქვს - ჭარბობს იმერული, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ყურძენი.

აღმოჩენა იყო, მაგალითად, გურული ყურძენი თეთრი კამური, რომელმაც კარგი შედეგი გამოიღო. მას ღია მარნების გადასაფარავად, დასაჩრდილავადაც იყენებდნენ და მარნის თავზე მისგან ტალავერი ჰქონდათ გაკეთებული. მართლაც დასაფასებელი ჯიშია.

ჩემთან ხშირად ჩამოდიან ღვინის სპეციალიტები, მკვლევრები და ხშირად ერთადაც ვაკეთებთ დასკვნებს.

- ცოტა ხის წინ აფხაზური ჯიშებიც დაგირგავთ. - დიახ და როდესაც ესენი გაიხარებს, აფხაზეთიდან დევნილებს, ვისაც ნაკვეთები აქვთ, გასამრავლებლად დავურიგებ, რომ გაახარონ... მინდა, როცა აფხაზეთში დავბრუნდებით, აქ დაწურული ღვინით ჩავიდეთ. თან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს საკოლექციო ნაკვეთში ყურძნის ნერგებს იმ ადამიანებს ვარგვევინებ, რომელთაც სიმბოლურად შესაბამის კუთხესთან ვაიგივებ. მაგალითად, ავასირხვა ჩემს მეგობარ დუდანა ზაქარაიას დავარგვევინე.

- სად იპოვეთ აფხაზური ავასირხვა? - ავასირხვა აფხაზური ჯიშებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ საქართველოში ვერსად აღმოვაჩინე, დაკარგულად ითვლება. სამაგიეროდ ყირიმში, მაგარაჩის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთში მივაგენი - იქ საბჭოთა პერიოდშია გატანილი. თვითონვე ვამყნობ და ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ.

- თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მეღვინე-მევენახე ბრძანდებით და თავს მემარნეს უწოდებთ? - მემარნე ვარ. მემარნეების უბანი ჰქვია ადგილს, სადაც ვცხოვრობ და წინაპრებიდან მოყოლებული, მემარნეებს გვეძახიან. დღესდღეობით მაქვს ორი ტიპის, ღია და დახურული მარანი. ღია მარნები აქ ჩვენი ტემპერატურული და კლიმატური პირობების გამო არსებობს, აღმოსავლეთში კი ღვინოს ღია მარანში ვერ შეინახავ. დახურული მოგვიანებით გავაკეთე. როცა ბიზნესს იწყებ და ბევრ ღვინოს ასხამ, დახურული აუცილებელია. ეს მარანი თერჯოლაშია, ღია მარანი - საზანოში, ვენახები კი - საზანოსა და ალისუბანში.

ღვინოს რაც შეეხება, ბევრი ოცხანური საფერე მაქვს. ღვინო "ნანუა" უყვართ საქართველოში, მას უკვე გაუსინჯეს გემო ლონდონში, იაპონიაში...

- ამ საქმიანობას, გარდა ბიზნესისა, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? - წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელებაა. მინდა ეს ტრადიცია ჩემს შემდეგაც გაგრძელდეს, ამიტომ ამ საქმეში ჩემს სამ შვილსაც აქტიურად ვრთავ.

ქართველი ადამიანისთვის მიწასთან მუშაობა მნიშვნელოვანი რამ არის. ამას დიდი სიკეთე მოჰქონდა წარსულში და შეიძლება მომავალშიც მოგვიტანოს. მრავალფეროვანი გარემო გვაქვს, როგორც რელიეფურად, ისე, მაგალითად, ყურძნის ჯიშების მიხედვით. იმერეთი გამორჩეულია რელიეფურ-კლიმატური მრავალფეროვნებითა და ვაზის ჯიშების სიმრავლით, სწორედ ეს ბუნებრივი პირობები გვაძლევს, მაღალხარისხოვანი და მრავალფეროვანი ღვინოების წარმოების შესაძლებლობას. ყველას ვურჩევ, განაგრძონ ტრადიციული საქმიანობა და ხელი მოჰკიდონ მეღვინეობა-მევენახეობას.

- კონკურენტები გყავთ? - კონკურენცია კარგია, ამას უნდა შევეჩვიოთ. ისინი, ვისაც საქმის დაწყება უნდა, ამის გამო ნუ შეფერხდებიან. იქ, სადაც ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა შეიძლება, მეურნეობის სასარგებლოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

სამყაროს ენერგია მიწიდან ვაზის ფესვებში გადადის, მერე - მტევნებიდან ღვინოში, ამიტომ ყველა მტევანს მოფერება უნდა, თითოეულ მარცვალს კი - თავისი წილი სიყვარულის გაზიარება.