"მელას შეუძლია მოწინააღმდეგეს თავგზა აუბნიოს"
"მელას შეუძლია მოწინააღმდეგეს თავგზა აუბნიოს"
ფერადი, მბზინავი ბეწვი და ფუმფ­ულა კუდი - ასე გამოიყურება მელა, რომელზეც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ნადირობდნენ და ეს დღესაც გრძელდება. ამის გამო მას საგანგებოდ იცავენ ცხოველთა დამცველები. გავრცელებული მოსაზრებით, მელას ყველაზე მეტად შინაური ფრინველების ხორცი მოსწონს, თუმცა მისი საყვარელი საკვები სულ სხვაა.­ ამ საინტერესო ცხოველზე თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ­ გურიელიძე გვიამბობს.

- მელა პოპულარული არსებაა და დიდი ადგილი უჭირავს ხალხურ სიტყვიერებაში - ზღაპრებსა თუ გადმოცემებში. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ჯიშის მელა
ბინადრობს, საქართველოში, ძირითადად, ჩვეულებრივი ანუ წითელი მელა გვხვდება. ეს ცხოველი ყველანაირ კლიმატს ეგუება და თითქმის ყველგან ცხოვრობს, გარდა ანტარქტიდისა. მელას შეუძლია იცხოვროს ტყეში, უდაბნოში, მაღალ მთაში, ადვილად აიტანოს სიცხე და სიცივე.

ადამიანების თვალში მელას ერთი დიდი ნაკლი აქვს - მას შეუძლია შინაური ფრინველი მოიპაროს და
გემრიელად მიირთვას, მაგრამ მისი მთავარი საკვები სულ სხვაა - ეს ცხოველი ყველაზე ხშირად მღრღნელებს ეტანება, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს ეკოსისტემისთვის.

მკითხველისთვის ადრეც მითქვამს - ცნება "სასარგებლო" ადამიანების მოგონილია, რადგან სამყაროში ნებისმიერი არსება თავის როლს ასრულებს. გამონაკლისი არც მელაა. შეიძლება ვიღაცისთვის ზიანის მომტანი იყოს, მაგრამ ამ ცხოველის მთავარი თვისება მღრღნელების განადგურებაა, რითაც ადამიანებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს.

"მელა ლამაზი, მიმზიდველი ცხოველია, ამავე დროს, მოხერხებულია და შეუძლია მოწინააღმდეგეს თავგზა აუბნიოს - ეს მისი თავდაცვის მექანიზმია"

- როგორია მელას საცხოვრებელი?
- ჩვეულებრივ, მელა ცხოვრობს სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, თუმცა ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროსაც იყენებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან სოროს მაჩვებთან იყოფს და მათთან ერთად ბინადრობს. ხშირად საცხოვრებლად იყენებს ბუნებრივ თავშესაფარს - მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქცეული ხის ფუღუროებსა და სხვ. თუ ერთხელ მაინც გინახავთ, დამეთანხმებით, რომ ლამაზი, მიმზიდველი ცხოველია, ამავე დროს, მოხერხებულია და შეუძლია მოწინააღმდეგეს თავგზა აუბნიოს - ეს მისი თავდაცვის მექანიზმია. მელა აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა - საუკეთესო. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, უყვარს კენკრა და სხვა მცენარეების ნაყოფი. 

- განსაკუთრებით ლამაზია თეთრი მელა. რას ეტყვით მკითხველს ამ საინტერესო სახეობაზე?
- ზოგს თეთრი მელა ალბინოსი ჰგონია, მაგრამ ასე არ არის. ეს გახლავთ პოლარული მელა, რომელიც ჩვენთან არ გვხვდება. ის ზამთარში მთლიანად თეთრდება, თუმცა, ბუნებაში ალბინოსი მელებიც არსებობენ, ისევე როგორც მთლად შავები.

- როგორია მელას ყოველდღიური "მენიუ"?
- მელა მრავალფეროვანი საკვებით იკვებება. გამოვლენილია ცხოველებისა და მცენარეების რამდენიმე ასეული სახეობა, თუმცა მისი საკვები, ძირითადად, მინდვრის მღრღნელებია, განსაკუთრებით - ზამთარში. იგი ზოგჯერ პატარა ცხოველებზეც ნადირობს და შინაური ფრინველების მოტაცებაც შეუძლია, თუმცა ამას იშვიათად აკეთებს. უდაბნოში მცხოვრები მელიები ნადირობენ ქვეწარმავლებზეც. ზაფხულში მელიები სიამოვნებით მიირთმევენ ხოჭოებსა და სხვა მწერებს.


- რამდენ ლეკვს აჩენს მელა?
- ჩვეულებრივი მელა წელიწადში ერთხელ მრავლდება და საშუალოდ 4-5 ლეკვი უჩნდება. თუმცა ლიტერატურაში მითითებულია, რომ მას 6-9 ლეკვიც ჰყოლია. პირველ თვეებში დედა შვილს თავისი რძით კვებავს.

ტყვეობაში ჩვეულებრივი მელა 12 წელიწადს მაინც ცოცხლობს, ზოგჯერ - 15 წელიწადსაც, ბუნებაში მისი სიცოცხლე კი, როგორც ყველა სხვა ცხოველისა, გაცილებით ხანმოკლეა - დაახლოებით 4-5 წელიწადი.

- ამ ცხოველის ბეწვი ყოველთვის ძვირად ფასობდა და მასზე საუკუნეების განმავლობაში ნადირობდნენ.
- გეთანხმებით, მელაზე ადამიანები უძველესი დროიდან ნადირობდნენ, მაგრამ ის სახეობა, რომელსაც განსაკუთრებული ხარისხის ბეწვი აქვს, ჩვენთან არ გვხვდება. მას სულ სხვა შეფერილობა აქვს - მოშავო-ვერცხლისფერია. ამ სახეობის მელიებს სხვებისგან ძალიან ლამაზი, ხარისხიანი ბეწვი გამოარჩევს და ისინი უფრო ჩრდი­ლოეთში ბინადრობენ. მელიები სპეციალურად გამოჰყავდათ ტყვეობაში ბეწვის მისაღებად. სწორედ ასე, ხელოვნურად არის გამოყვანილი მოვერცხლისფრო-შავი მელიების ჯიში, რომელსაც ყველაზე ძვირფასი და ლამაზი ბეწვი აქვს.

მოშავო-ვერცხლისფერი მელა

გაზაფხულზე ამ ცხოველს ბეწვი სცვივა, ამიტომ ზაფხულის ბეწვი გაცილებით უფრო მეჩხერი და მოკლეა, ზამთრისა - უფრო ხშირი და მდიდრული. ჩრდილოეთის ბინადარ მელას უფრო მაღალი ხარისხის ბეწვი აქვს, ჩვენთან კი მათი ბეწვის ხარისხი დაბალია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვთ მათი ფერმები, სადაც სხვადასხვა ჯიშს ამრავლებენ. ასეთი ფერმა ჩვენთან, საქართველოშიც იყო, მაგრამ არ გაამართლა.

- როგორ აისახა ინტენსიური ნადირობა მათ რაოდენობაზე?
- მსოფლიოში ბევრი მელაა. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია ჩვეულებრივი მელა, რომელიც გვხდება თითქმის ყველგან - ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ა.შ. ის ავსტრალიაშიც სწრაფად გამრავლდა და მთელ კონტინენტზე გავრცელდა. მელას გარეგნობა და შეფერილობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირია - ჩრდილოეთში უფრო დიდი და ღია ფერისაა, სამხრეთში - უფრო პატარა და ნაკლებად შეფერილი. მელას ყველაზე გავრცელებული ელფერი არის ღია ჟღალი, გრძე­ლი ფუმფულა კუდი კი ამ ცხოველის "სავიზიტო ბარათია".

- მისი მოშინაურება რთულია?
- მელა ძალიან თბილი და მეგობრული ცხოველია, ამიტომ მისი მოშინაურება ადვილია. მელები სწრაფად ეჩვევიან ადამიანებს და ადვილად ენდობიან მათ, მაგრამ როგორც იოლია მისი მიჩვევა, ასევე იოლია გადაჩვევაც. კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ - მელა ხეზე იშვიათად ადის, მაგრამ თუ დასჭირდება, სწრაფად აძვრება და დაიმალება.

- ბატონო ზურაბ, ზოოპარკში გყავთ მელა?
- სამწუხაროდ, თბილისის ზოოპარკში ჯანმრთელი მელიები აღარ გვყავს - ყველა 2015 წელს, წყალდიდობის დროს დაგვეღუპა. მხოლოდ ერთი მელა გვყავს და ისიც დაშავებულია.

"პოლარული მელა ალბინოსი არ გახლავთ. საქართველოში ის არ გვხვდება"

- დასასრულ, სადაური ცხოველია მფრინავი მელა?
- ამ ცხოველს ნამდვილ მელასთან საერთო არაფერი აქვს. მფრინავი მელა ყველაზე დიდი ღამურაა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. სხვათა შორის, ზღვის მელაც არსებობს, მაგრამ ცხოველი არ არის - თევზია, რომელსაც სახელი წაგრძელებული კუდის გამო დაარქვეს. ასე რომ, მათი სახელები პირობითია და ჩვენი ინტერვიუს მთავარ "პერსონაჟთან" საერთო არაფერი აქვთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ჯეკო
07 მარტი 2021 19:40
ვხვდებით ამ პოსტის აზრს ნიკანორთან როგორ აიგიავებთ. ისე ცუდი შედარება ნამდვილად არ არის.
nana
07 მარტი 2021 18:35
ნეტავ ხშირად გაგვანებივრებდეთ ამგვარი სტატიებით! სიმშვიდე და ინფორმირებულობა მოაქვს! გმადლობთ!
giorgi
05 მარტი 2021 16:33
ძალიან კარგი სტატიაა. ხშირად დადეთ ასეთი სტატიები. ვისაც მელიებზე მეტი გაინტერესებთ, შეგიძლიათ იუთუბში ჩაწეროთ:
алиса лиса და უყურეთ, დატკბით, ისიამოვნეთ

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები