ჟოლოსა და გოჯიბერის პლანტაციის დედოფალი
ჟოლოსა და გოჯიბერის პლანტაციის დედოფალი
"კენკრა სულ 2100 კვმ-ზე მაქვს გაშენებული, 600 კვმ-ზე - გოჯიბერი, დანარჩენზე - ჟოლო"

ნინო გაბრიაძე გორში დაბადებულ-გაზრდილი იმერელი ქალია, რომელმაც აჭარაში დიდი შრომით და მონდომებით წარმატებას მიაღწია. მას აქვს მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია, აგრეთვე, კენკრის პლანტაციაც.

ნინო გაბრიაძე:

- აჭარაში საცხოვრებლად 15 წლის წინ გადმოვედი, დაოჯახების შემდეგ. პროფესიით სამსახურის მოძებნა ვერ შევძელი, რადგან აქაურობისთვის თავიდან უცხო ვიყავი, არავინ მიცნობდა და არავის ვიცნობდი... ორი შვილი მყავს (ბიჭი 14 წლისაა, გოგო -
8 წლის), მათი გაზრდა და ოჯახი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. შემდეგ არც ისე იოლი გზა გავიარე, მაგრამ შრომა დამიფასდა და ამჟამად მეწარმე ფერმერი ვარ. მაქვს კენკროვანი ხილის - ჟოლოსა და გოჯიბერის პლანტაცია. მეურნეობის გამართვა სახელმწიფო გრანტის საშუალებით შევძელი.

- რამდენიმე წლის წინ კენკრა აჭარისთვის
ცოტა უცხო იყო. ახლა ბევრმა დაიწყო მისი მოშენება.
- ეს პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სწორედ კენკრის პოპულარიზაციისთვის წამოიწყო აჭარაში. მსურველებს საშუალება ჰქონდათ ჟოლო და გოჯიბერი უფასოდ გაეშენებინათ. მეც გავაშენე. თუმცა გოჯიბერზე თავიდან უარს ვამბობდი, ჟოლოსგან განსხვავებით, უცხო კენკრა იყო, მაგრამ აგრონომმა მითხრა, რატომ ამბობ უარს, ეს ხომ სიცოცხლის ხეაო. 2018 წელს პირველი მოსავალი ავიღე. პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, არ ვწამლავ. მოსავალიც მომცა და ნერგებსაც ვყიდი.

"მანდარინის ძალიან კარგ ჩურჩხელებს ვამზადებ, ასევე მანდარინის ჩიფსებს"

დიდი სოფელი გვაქვს. მოსახლეობას ციტრუსი მოჰყავს და 2014 წელს დაიწყო ციტრუსის დაზღვევა. ამისთვის ხალხი სჭირდებოდათ და ციტრუსის დაზღვევისთვის მოსახლეობაში სიარული დავიწყე. ცხადია, ანაზღაურება იყო. ასე გავიცანი უამრავი ადამიანი. მერე ხელვაჩაურის "ქალთა ოთახში" მოვხვდი და იქიდან დაიწყო ჩემი ამბავი. "ამაგ-ახალშენის" (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება) თავმჯდომარედ ამირჩიეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრიც გავხდი, სადაც მონაწილეობა მივიღე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში, გავიარე ტრენინგები. ვმონაწილეობდი საგრანტო პროექტში. ბევრჯერ არ გამიმართლა გრანტის მოსაპოვებელი პროექტის წერისას, მაგრამ არ დავნებდი და მიზანს მივაღწიე. ამით ჩემი კენკროვნის პლანტაცია შემოვღობე. კენკრა სულ 2100 კვმ-ზე მაქვს გაშენებული, 600 კვმ-ზე - გოჯიბერი, დანარჩენზე - ჟოლო. ამ ყველაფერმა ცოდნა მომცა და თავდაჯერება შემმატა, თან მსურდა ჩემი საქმიანობა ბევრისთვის მაგალითი ყოფილიყო.

- აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ რას გვეტყვით?
- აჭარაში ასეთი 46 გაერთიანება შეიქმნა, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ მუშაობენ. ვიგებთ სოფლის მოსახლეობას მეურნეობისთვის რა სჭირდება და ეს ინფორმაცია სამინისტროში იყრის თავს. ხელფასი არა გვაქვს, მაგრამ "ამადებმა" ძვირად ღირებული ტრენინგები გავიარეთ "ემპარდის" ეგიდით. ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის პროექტების წერა. შემდეგ გამოცხადებული იყო გრანტები, საპროექტო წინადადებები უნდა დაგვეწერა და მეც გავიმარჯვე.

- რას მოხმარდა გრანტი?
- ხილის საწარმო მოვიპოვე, 26.000 ლარის ღირებულების ოთხი დანადგარი. დანარჩენი ინვენტარის შეძენა და შენობის გარემონტება ჩემი სახსრებით მოვახერხე. ამ ყველაფერმა სტიმული მომცა, ალბათ, ხალხის ნდობაც მოვიპოვე, მინდოდა მათაც ეამაყათ ჩემით და ყველაფერი დამსახურებულად მიმეღო. მგონი, თავი გავართვი. ახლა პროექტების წერის დიდი ბუმია, ბევრი მირეკავს და შეძლებისდაგვარად ვეხმარები.

- ჩირის საწარმოში რა პროდუქტს ამზადებთ?
- მანდარინის ძალიან კარგ ჩურჩხელებს ვამზადებ. მანდარინის წვენი დავწურე, დავაკონსერვე და მასში ამოვლებით ვამზადებ ჩურჩხელას. წვრილი ხილი, რომელიც იყრებოდა, რადგან არავინ ყიდულობდა, არ გადავყარე და გამოვწურე. გავაკეთე მანდარინის ჩიფსებიც. ჩურჩხელაში ნიგოზთან ერთად მანდარინის ჩიფსიც ჩავაყოლე და გემრიელი გამოვიდა. ხურმისა და ვაშლის პატარა ჩირებსაც ნიგოზთან ერთად ვასხამ და ჩურჩხელას ვავლებ.

- ჩურჩხელას მხოლოდ მანდარინის წვენით აკეთებთ?
- ყურძნის წვენითაც, მაგრამ მანდარინის ჩურჩხელა ყველას რატომღაც ყურძნის წვენი ჰგონია. ძალიან გემრიელია, ვერავინ ხვდება, რომ მანდარინისგან მზადდება.


- საქმეს მარტო აკეთებთ?
- ოჯახის წევრებს ვიხმარ, როცა საჭიროა, სხვებსაც ვასაქმებ.

ჩირის საწარმოში მაქვს ხილის სარეცხი დანადგარი, ხილის საჭრელი, ვაკუუმური საფუთი აპარატი. მისი საშუალებით ჩურჩხელებს ვფუთავ, რომლებიც საზღვარგარეთ საჩუქრად მიდის. იმედია, ჩვენს პროდუქტს უცხოეთში ექსპორტზეც მალე გავიტანთ. პროდუქტზე მოთხოვნამ მოიმატა, ვეღარ ავუდივარ და წარმოების გაზრდასა და აქაურების დასაქმებას ვფიქრობ.

ჩემი მშრალი ხილის ბრენდი და ლოგო, რომელშიც გოჯიბერის ნაყოფია ჩასმული, ფერმერთა ასოციაციამ პროექტის ფარგლებში გამიკეთა. რადგან ამ კენკრის მოყვანა საქართველოში ინოვაციურია, ლოგოშიც ის ჩაჯდა.

- მანდარინისგან ასეთი ინოვაციური პროდუქტის დამზადებაც იშვიათი საქმეა.
- გული მწყდებოდა, რომ ვხედავდი, ამდენი ციტრუსი ნაგავში იყრებოდა. სულ ვფიქრობდი, ნეტავ რამე არ არსებობს, რომ ეს ხილი გადავარჩინოთ-მეთქი. ეს გზა გამოვძებნე...

ვამზადებ ხურმის ჩიფსებსაც, იმისგან, რაც ხეზე რჩება, და ისიც საოცრად გემრიელია. ცხადია, ხურმასაც ვჩირავ. პატარ-პატარა ხურმებს ჩურჩხელაშიც ვიყენებ. კურკაგამოცლილი მუშმალას ჩირიც გავაკეთე.


- რა ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?
- ვფიქრობ, საქმეში წინ და წინ წავიწიო, ახალ-ახალი პროდუქტი შევქმნა, თან უწყვეტად, მსურველები მირეკავენ და აღარ მაქვს ხოლმე ჩურჩხელა, ისე მალე თავდება.

ერთი შეხედვით ჩურჩხელა მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ორი 40-ლიტრიანი ქვაბი უნდა დადგა, რომ ერთ ჯერზე 480 ცალი ჩურჩხელა ამოავლო. საქმემ თავდაჯერებული გამხადა. მიხარია, რომ ოცნებები ნელ-ნელა მისრულდება. ხალხის ნდობაც დავიმსახურე, ბევრი ჯილდო გადმომცეს.

- გორელის აჭარაში ადაპტაცია, როგორც ჩანს, მშვენივრად მოხდა.
- მამა წარმოშობით ტყიბულიდან არის. ხიდების ინჟინერ-მშენებელი გორში თავის დროზე სამუშაოდ გაანაწილეს და ბინაც მისცეს. იქ დავიბადე, სოფელი რა იყო, არ ვიცოდი და არც მიფიქრია, თუ ოდესმე იმას შევძლებდი, რასაც ახლა ვაკეთებ. არადა, მამას ძალიან უყვარს მიწაზე შრომა, გორის ძველ სამხედრო რაიონში პატარა ნაკვეთს ამუშავებს. მე კი არ მიყვარდა და, ალბათ, რაღაცამ გაიღვიძა ჩემში. ახლა აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ბევრს მოტივაციაც მივეცი.



- რას ეტყვით მკითხველს, ვინც ვერ რისკავს მეურნეობის დაწყებას...
- თუ არ გარისკე, ვერ მიხვდები, საქმე გამოვა თუ არა.

ბევრი რამ გამოვიარე, ვიწვალე, მაგრამ არ დავნებდი. ერთხელ არ გამოვა, ორჯერ და, თუ გინდა, მიზანს მაინც მიაღწევ. ქალებს მივმართავ, ნუ დაბრკოლდებიან, მთავარია, მიზანი ჰქონდეთ და მისთვის იმოქმედონ.
ნატა
13 მარტი 2021 12:26
უზომოდ მიყვარს და ვაფასებ ყველა მშრომელ ადამიანს,გაიხარე საყვარელო,მუდამ წარმატებებით გეხაროს,უფალმა დაგლოცოს შენი ოჯახით,სიკეთე და ბარაქა არ მოგკლებოდეს.ამრავლოს ჩვენს ქვეყანაში შენისთანა შრომისმოყვარე ხალხი