როგორ აზიანებს ვაზს პრეპარატების არასწორი მოხმარება - კვირის პალიტრა

როგორ აზიანებს ვაზს პრეპარატების არასწორი მოხმარება

ჩვენს სოფლის მეურნეობას უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა მათ შორის არის ერთი, თითქოს ჩრდილში მდგომი, მაგრამ სასიცოცხლო - შეწამვლისას ვაზის დაზიანება და მოსავლის განადგურება. ამას საქართველოში ყველგან შემოგჩივლებენ, ზიანს კი პრეპარატებს უკავშირებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში მცენარეთა უხარისხო პრეპარატების შემოტანას კატეგორიულად გამორიცხავს. ამიტომ პრობლემაში გარკვევისთვის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს მივმართეთ, სადაც კითხვებზე მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა გვიპასუხა.

- ბატონო ზურაბ, ალბათ, თქვენც უამრავი მევენახე შემოგჩივით, რომ ვაზი შესაწამლავი პრეპარატების გამოყენების შემდეგ უფუჭდება. არაერთი მევენახე ამბობს, ბორდოს ბუნებრივი ხსნარის გაუგებარი პრეპარატებით ჩანაცვლებამ ბევრი რამ დაგვიშავაო...

- ბორდოულ სითხეს (შაბიამნისა და კირის ნაზავს) ვენახის შესაწამლავად დღესაც იყენებენ, განსაკუთრებით რაჭაში, სადაც შედარებით მცირე სავენახე ფართობებია. ინტენსიურ, დიდი ფართობის მეურნეობებში შაბიამნის დამზადება და გამოყენება სირთულეს ქმნის, თანაც კირის უხარისხობის გამო ზოგჯერ შაბიამნის ბოლომდე განეიტრალება შეუძლებელია, რაც მცენარის ახალგაზრდა ფოთლების დამწვრობას იწვევს.

ამიტომ მეცნიერებმა მის ნაცვლად პრაქტიკულად გამოსაყენებელი პრეპარატები, ანუ ფუნგიციდები შექმნეს. ისინი მხოლოდ წყლით განზავებას საჭიროებენ ვენახის შეწამვლამდე. მათ შემადგენლობაშიც 20% ბორდოს სითხე (სპილენძის სულფატი, შაბიამანი) და კალციუმის ჰიდროქსიდი (კირი) შედის. ვაზის შეწამვლისთვის (სეზონზე 7-8-ჯერ) მევენახეს ორი სახის ფუნგიციდი სჭირდება: კონტაქტური, რომელიც ფოთოლზე რჩება და მას მხოლოდ დაავადების გამომწვევთან კონტაქტისას იცავს, და ასევე სისტემური, რომელიც მცენარის ყველა ქსოვილში უვნებელი კონცენტრაციით ხვდება, მთლიანად იცავს მას.

- შეწამვლისას ვაზის დაზიანების მიზეზი რაღა ხდება? მაინც უხარისხო პრეპარატები?

- ყველა პრეპარატი კონტროლს საბაჟოზე გადის. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენება. ისინი რამდენიმე მსხვილ და წვრილ კომპანიას შემოაქვს და მაღაზიათა ქსელში ანაწილებს. თუმცა ამ მაღაზიებს შორის განსხვავებაა: მსხვილ კომპანიებს მაღაზიათა ნაწილში კონსულტანტებად აგრონომები ჰყავთ. მათ შეუძლიათ კონკრეტული პრეპარატის შესახებ სანდო ინფორმაციის მოწოდება. დანარჩენში ასეთი კონსულტანტები არ მუშაობენ და პრობლემა სწორედ ეს არის. წარმოიდგინეთ, აფთიაქში ფარმაცევტმა მედიკამენტი არადანიშნულებისამებრ რომ მოგცეთ, რა მოხდება. ასევეა ამ შემთხვევაშიც, შეცდომით ნაყიდმა ვენახის პრეპარატმა შესაძლოა ათობით ჰექტარი დააზიანოს.

- რა ქნას მევენახემ, რომელსაც პროფესიონალის რჩევა სჭირდება?

- ამისთვის არსებობს მარტივი და საიმედო გზა: ყველა რაიონში გახსნილია სასოფლო-სამეურნეო საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური, სადაც სოფლის მეურნეობის სპეციალისტები მუშაობენ. მათთან კონსულტაციის შემდეგ შეცდომა გამორიცხულია.

- გამორიცხული ის არის, რომ გლეხებმა მასობრივად მიმართონ მაგ სამსახურს. მოგეხსენებათ, ქართველი კაცი ვაზის მოვლაში თავს დიდ მეცნიერად მიიჩნევს. - ქართველ კაცს მართლაც გულში უწერია ვაზის მოვლის რეცეპტი, მაგრამ სიახლის ცოდნა სულ სხვაა. ამიტომ ჩვენს მევენახეებს მინდა განვუმარტო ის ზოგიერთი წესი, რაც მათ მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენაში დაეხმარება.

პირველი, სასურველია პრეპარატები სერტიფიცირებულ მაღაზიებში იყიდონ. უმჯობესია, დიდი ჭურჭლით, რომელსაც აუცილებლად ექნება ეტიკეტი და ლუქი თავსახურზე.

- დიდი ჭურჭლით რატომ?

- დიდი მოცულობის ფაბრიკული ჭურჭელი დაცულია იმ შეცდომებისგან, რაც მაღაზიებში პატარა მოცულობის ჭურჭლებში პრეპარატების გადანაწილების შემდეგ ხდება. რა თქმა უნდა, არა სპეციალურად, არამედ შემთხვევით. ისეც ხდება, რომ სავაჭრო ობიექტებში პრეპარატების დანაწილებისას შეცდომებს უშვებენ. მევენახეებს შეუძლიათ შეკავშირდნენ და დიდ ჭურჭელში მოთავსებული ფუნგიციდი ერთობლივად შეიძინონ.

მესამე, მევენახემ აუცილებლად უნდა შეამოწმოს პრეპარატის ჭურჭელზე ეტიკეტი, სადაც პრეპარატის სავაჭრო დასახელების გვერდით აუცილებლად ფრჩხილებში იქნება მითითებული ამავე პრეპარატის მოქმედი ნივთიერების სახელწოდება. სწორედ მოქმედ ნივთიერებაზეა დამოკიდებული შემწამვლელი პრეპარატის ეფექტიანობა. მევენახემ კარგად იცის, რომ ყოველთვის იმ პრეპარატის შეძენა ჯობს, რომელიც უკვე გამოცდილი აქვს. მაგრამ როდესაც ის დეფიციტურია, მევენახე იძულებულია იყიდოს პრეპარატი, რომელსაც გამყიდველი შესთავაზებს. თუმცა,

თუ მევენახეს ახსოვს (უწერია ან წარწერის ფოტო აქვს) თავისთვის გამოსადეგი პრეპარატის მოქმედი ნივთიერების დასახელება, მას შეუძლია ნებისმიერი პრეპარატი შეიძინოს იმავე მოქმედი ნივთიერების შემადგენლობით. ეს ნიშნავს, რომ მისი ვაზი დაცული იქნება.

მაგალითად, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო პრეპარატები `ჩემპიონი~ და `კოსაიდი~ ერთსა და იმავე მოქმედ ნივთიერებას, სპილენძის ჰიდროქსიდს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ავსტრიული ბრენდია და მეორე კი ამერიკული. როცა მევენახემ იცის, რომ მის ვენახში სპილენძის ჰიდროქსიდი საუკეთესოდ მუშაობს, მას შეუძლია ნებისმიერი ეს პრეპარატი შეიძინოს და ისარგებლოს მათში შემავალი სპილენძის ჰიდროქსიდით.

- საინტერესო რჩევაა.

- არსებობს სხვა ნიუანსებიც, რომელთა არცოდნა ვენახს ღუპავს. მაგალითად, როდესაც მევენახე პრეპარატს ზუსტად იმ ოდენობის წყალში არ აზავებს, რისგანაც სწორად კონცენტრირებული შესაწამლავი ხსნარი მიიღება.

- მგონი, ამგვარი ცოდნა მევენახეებს თანდაყოლილი აქვთ. - არა ყოველთვის. მით უფრო, რომ სამუშაო ხსნარის მომზადების წესი ვაზის პრეპარატებს უმეტეს შემთხვევაში ეტიკეტზე არ აწერია. ეტიკეტზე აღნიშნულია, მოცემული პრეპარატის რა რაოდენობაა საჭირო 1 ჰექტარი ვენახის შესაწამლავად. პრეპარატის გაზავებისას საჭირო წყლის ოდენობას არავინ მიგითითებთ.

ეს ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესასხურებელი აპარატები სხვადასხვა ოდენობის სითხეს საჭიროებს. ზოგიერთ შესაწამლავ აპარატს 1 ჰექტარი ვენახის შესაწამლავად 500 ლიტრი წყალი სჭირდება, მამაპაპურს კი ზოგჯერ 1000. რამდენ წყალს ხარჯავს ფერმერის აპარატი 1 ჰექტარზე, ეს თვითონ ფერმერმა უნდა იცოდეს. თუ არ იცის, წინასწარ მხოლოდ წყლის შესხურებით შეამოწმოს.

- იმ შემთხვევებზე რას იტყვით, როდესაც მევენახემ ყველაფერი ეს იცის და ვენახი შეწამვლით მაინც უფუჭდება?

- შეგიძლიათ გადაამოწმოთ და იკითხოთ, ზარალი რომელი პრეპარატით შეწამვლისას ნახა მევენახემ. დიდი ალბათობით, ის გეტყვით, რომ ვენახი ნაცარზე შეწამლა, ნაცრის წინააღმდეგ წამლობისას კი უმეტესად გოგირდის შემცველ პრეპარატებს იყენებენ. მევენახეებმა ეს კარგად იციან, მაგრამ შესაძლოა ნაწილმა არ იცის, რომ გოგირდით ვენახი არ უნდა შეწამლო მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +25 ცელსიუსზე მაღალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაზი დაიწვება.

სიცხეში წამლობას აზრი არა აქვს. მაგრამ ჩვენი ფერმერები ან გლეხები სიცხეს არად დაგიდევენ, ვინაიდან სხვა საქმეების მოსაგვარებლად მიეჩქარებათ. ვაზს რუდუნებით და დაკვირვებით მოვლა უყვარს და თუ ასე მოვუვლით, ყველამ ვიცით, როგორ დაგვიფასებს.