მიწამაყვალა - ჩრდილოური დელიკატესი
მიწამაყვალა - ჩრდილოური დელიკატესი
მიწამაყვალა ჩრდილოეთის ქვეყნებში ერთ-ერთი პოპულარული კენკრაა. ის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მაყვლის გვარისა (ლათ. Rubus chamaemorus, რუს. Морошка). ყვავილები თეთრია, ნაყოფი - ქარვის ან ნარინჯისფერი, აქვს სასიამოვნო მჟავე-ტკბილი გემო. იზრდება არქტიკასა და ჩრდილოეთის ტყიან ზოლში - სკანდინავიაში, გრენლანდიაში, კანადაში, რუსეთში, ალასკაზე და ა.შ. - ტორფიან ჭაობებში, ხავსიან და ბუჩქნარ ტუნდრაში, დაჭაობებულ ტყეებში.

მიწამაყვალა ფინეთის ერთ-ერთი სიმბოლოა. 1999 წლიდან ფინეთის ზარაფხანა ჭრის 2-ევროიანებს, რომლის ავერსზე სწორედ ეს მცენარეა გამოსახული. ნორვეგიაში ყველა მსურველს
შეუძლია ამ კენკრის შეგროვება სახელმწიფო ტყეებში, მაგრამ ნაყოფის ტრანსპორტირების უფლება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. დანარჩენებს მიწამაყვალას ჭამა მხოლოდ შეგროვების ადგილას შეუძლიათ. ნორვეგიაში ასევე აკრძალულია მკვახე მიწამაყვალას მოკრეფა.

 ვიტამინი С მიწამაყვალაში 4-ჯერ მეტია, ვიდრე ფორთოხალში და 6-ჯერ - ვიდრე ლიმონში

მიუხედავად დიდი მოთხოვნილებისა, როგორც დელიკატესზე (განსაკუთრებით შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში), მიწამაყვალა არ არის ფართოდ მოშენებული. ის, ძირითადად, ველური
მცენარეა, თუმცა გამოყვანილია რამდენიმე კულტურული ჯიშიც.

ვიტამინი С მიწამაყვალაში 4-ჯერ მეტია, ვიდრე ფორთოხალში და 6-ჯერ - ვიდრე ლიმონში, ხოლო პროვიტამინი A უფრო მეტი, ვიდრე სტაფილოში. მისგან ამზადებენ მურაბებს, წვენებს, ჯემებს, კომპოტებს, უმატებენ ნაყინს, იყენებენ ვაფლისა თუ ბლითების მოსართავად თუ სატენად. ფინეთსა და შვედეთში აყენებენ მიწამაყვალას ლიქიორსაც.

ფინეთში მოჭრილ 2-ევროიანზე გამოსახული მიწამაყვალა

ნაყოფი შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, მინერალურ ნივთიერებებს. მას მრავალმხრივი სამედიცინო და კოსმეტიკური გამოყენება აქვს. გამორჩეულია იმითაც, რომ შველის ჩრდილოეთის განედების დაავადება სურავანდს, რომელსაც უმეტესად ვიტამინ ჩ-ს ნაკლებობა იწვევს. სხვა გეოგრაფიული მხარეებიდან ჩრდილოეთში ჩასულნი მძიმედ ავადმყოფობდნენ, სანამ ადგილობრივი ხალხებისგან არ ისწავლეს სამკურნალო საშუალებები, რომელთა შორის იყო მიწამაყვალაც.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!