საქართველოს შეუძლია თაფლის ექსპორტიორი გახდეს - კვირის პალიტრა

საქართველოს შეუძლია თაფლის ექსპორტიორი გახდეს

"მოვიდნენ ჩვენს მეურნეობაში, ყველაფერი საგულდაგულოდ დაათვალიერეს, აიღეს სამი სახეობის თაფლი - მაისის, წაბლისა და ცაცხვის, დალუქეს და სინჯებად გაგზავნეს საუდის არაბეთში. დაახლოებით ერთ თვეში მოვიდა პასუხი, რომ პროდუქტს უმაღლესი შეფასება მისცეს"

საქართველოდან თაფლი ექსპორტით ძალიან ცოტა გადიოდა. ფერმერს შეიძლებოდა საზღვრებს მიღმა 100-200 კილოგრამი, ან 1 ტონა გაეტანა, მაგრამ ეს სისტემატური არ იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და პანდემიის მიუხედავად, მეფუტკრეობაში წინსვლა აშკარაა, ნაწილობრივ გადაჭრილია ლაბორატორიული კვლევის პრობლემებიც. 2020 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ლაბორატორიამ ახალი კვლევების დანერგვა შეძლო და აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა სექტორის განვითარებისთვის ბარიერები აღარ არსებობდეს. გვესაუბრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი:

- ქართული თაფლის ექსპორტი იზრდება, რაც განპირობებულია 2018 წლის შემდგომ ამოქმედებული სახელმწიფო პროექტებით ფერმერები და კოოპერატივები დიდ ხელშეწყობას იღებენ. ამით საგრძნობლად გაფართოვდა ხარისხიანი და ჯანსაღი თაფლის წარმოება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დიდხანს აწუხებდა ფერმერებს, არის ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე დანადგარებით, ადამიანებით და ცოდნით, რაც შესაძლებელს ხდის, ანალიზების უმეტესობა ქვეყანაში ჩატარდეს. თაფლის ხარისხობრივი მაჩვენებელი უკვე აქ მოწმდება, რამაც ხელი შეუწყო მისი რაოდენობის გაზრდასაც, აღარ სჭირდებათ პროდუქტის სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნა და თან ეს ყველაფერი იაფია. შედეგად მივიღეთ ის, რომ დაიწყო თაფლის ექსპორტი. მართალია, ჯერ მასშტაბი მცირეა, მაგრამ ციფრები უკვე შთამბეჭდავია.

თუ წლების განმავლობაში 2-3 ტონა თაფლის ექსპორტი ხერხდებოდა, შარშან უცხოეთში უკვე 21 ტონა გავიდა, წლეულს მხოლოდ იანვარში კი 19 ტონაზე მეტია გატანილი. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შარშანდელს საგრძნობლად გადააჭარბებს.

- რომელ თაფლზეა განსაკუთრებული მოთხოვნა? - ყველა სახის თაფლზე, რაც ქვეყანაში იწარმოება - ცაცხვის, მინდვრის და სხვ. სისტემის ნაწილია ისიც, რომ სხვადასხვა სახის თაფლის ექსპორტი ხდება და არა მარტო თაფლის, არამედ მისი სხვადასხვა პროდუქტის, რომელიც თაფლის წარმოების პროცესში მიიღება.

- რომელ ბაზარზე გადის ექსპორტი? - გაიზარდა ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. თაფლის საუკეთესო მომხმარებლები სწორედ ამ ბაზარზე არიან და იქ შესვლა მნიშვნელოვანია. ამიტომ ფერმერებს ყველანაირად ხელს ვუწყობთ.

მთავარია ხარისხიანი თაფლის წარმოება, დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, მთელი ციკლის მოწესრიგება, დაფასოება, ბრენდირება და შემდგომ ექსპორტი. ეს ხდება სისტემური სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე და ამ დახმარების წყალობით ბიზნესი მასშტაბებს ზრდის...

"ახლა ბევრს გაუადვილდება თაფლის ექსპორტი"

ჩვენ დავუკავშირდით წარმატებულ მეფუტკრე თამაზ გულიაშვილს, რომელიც საკუთარ პროდუქტს საუდის არაბეთში გაიტანს. პირველი პარტია უკვე გაგზავნილია. სანამ ის პანდემიის პირობებში გავლილი არცთუ იოლი გზის შესახებ მოგვითხრობს, შეგახსენებთ, რომ მეფუტკრე გასულ ზაფხულსაც სტუმრობდა "მამულ-დედულს". ის აწარმოებს ფუტკრის პროდუქტებსა და საფუტკრე ინვენტარს. ბატონმა თამაზმა საქართველოდან პირველმა მოახერხა თაფლის საუდის არაბეთში გატანა.

- იორდანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რამი იოუსეფ ფარაჰ ბათარსეჰმა, რომელსაც აქ კომპანია აქვს, ჩემი თაფლი გასინჯა და ის აღმოჩნდა შუამავალი ჩვენსა და საუდის არაბეთს შორის. მასთან ერთად იყო გიაფატ გუმბატოვა (საქართველოს მოქალაქე), მისი თარჯიმანი. მოკლედ, როდესაც ჩემი თაფლი გასინჯეს, გადაწყვიტეს მისი ექსპორტზე გატანა.

მოვიდნენ ჩვენს მეურნეობაში, ყველაფერი საგულდაგულოდ დაათვალიერეს, აიღეს სამი სახეობის თაფლი - მაისის, წაბლისა და ცაცხვის, დალუქეს და სინჯებად გაგზავნეს საუდის არაბეთში. დაახლოებით ერთ თვეში მოვიდა პასუხი, რომ პროდუქტს უმაღლესი შეფასება მისცეს. იქაურ ლაბორატორიაში გაკეთდა ანალიზები და ჩვენმა თაფლმა ამ მხრივაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამასთან, პროდუქტის ფასიც მისაღები იყო, ოღონდ პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ წაბლისა და მთის (ცაცხვის) თაფლი გაიტანონ.

- ბევრი დოკუმენტი და პროცედურა დაგჭირდათ?

- ყველა საჭირო დოკუმენტი როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან შევაგროვეთ, გავამზადეთ. თუმცა, ამ ყველაფერს დრო დასჭირდა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე არც ჩვენ ვიყავით ექსპორტისთვის მზად. ვითარება პანდემიამაც გაართულა. იქიდან მოსული საბუთების ჩამონათვალში იყო მოთხოვნა, რომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. ინტენსიური მუშაობა ოქტომბრის ბოლოს დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ ასეთი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, წარმატებული საფუტკრე მეურნეობა, რომელსაც შოთა კალანდარიშვილი მართავს. საუდის არაბეთშიც, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზეც, დაფუძნდა კომპანია, რომელიც ექსპორტს განახორციელებს და თაფლს ბაზარს მიაწვდის.

- ჩვენს ლაბორატორიაში შემოწმდა თაფლი, სანამ გაგზავნიდით?

- დიახ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევა, მივიღეთ დადებითი შეფასება, სურსათის უვნებლობის სამსახურმაც მხარი დაგვიჭირა, რომ ხელი არ შეგვშლოდა და უკან არ დაგვეხია. ყველა ამბობდა, რომ ჩვენი თაფლი ხარისხიანია და მისი საექსპორტოდ გატანა სტიმული იქნებოდა სხვა მეფუტკრეებისა და თაფლის გადამმუშავებლებისთვის... ასე რომ, უკვე შესაძლებელია, ბევრი ქართული თაფლი გავიდეს სხვადასხვა ქვეყანაში.

თამაზ გულიაშვილი: "ჩვენი თაფლი მაღალხარისხიან სეგმენტს დაიკავებს, რაც, ცხადია, ფასზეც აისახება"

- რამდენი თაფლის ექსპორტს გეგმავთ?

- წლიურად დაახლოებით 60 ტონის. პირველ ეტაპზე 2175 კგ გავა, შემდეგ იქ ჩამოისხმება, დაფასოვდება და არა მარტო ადგილობრივ ბაზარს მიაწვდიან, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებსაც. აქედან ჩვენ 120-ლიტრიანი კასრებით ვგზავნით, მაგრამ მომავალში ვაპირებთ, რომ აქაც დაფასოვდეს. პროდუქტი სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტით გავა.

- რა ელით და რა სურვილები გაქვთ ამის შემდეგ?

- სასიამოვნო იყო, რომ ხელი არ შეგვეშალა, საშუალება მოგვეცა და თაფლის უცხო ქვეყანაში ოფიციალურად გატანის ნებართვაც მივიღეთ. ამით სხვა წარმოებებისთვისაც გაიკვალა გზა და ვისაც სურვილი ექნება, უკვე შეუძლია, თავისი პროდუქტი საუდის არაბეთში გაიტანოს.

რა თქმა უნდა, მეურნისთვის, ფერმერისთვის სასიხარულოა, რომ მის პროდუქტზე მოთხოვნა ჩნდება; სასიამოვნოა ისიც, რომ ახლა ბევრს გაუადვილდება თაფლის ექსპორტი.

ჩვენი თაფლი მაღალხარისხიან სეგმენტს დაიკავებს, რაც, ცხადია, ფასზეც აისახება.