აფრიკელი "სტუმარი" ბულგარული წიწაკის არომატით - კვირის პალიტრა

აფრიკელი "სტუმარი" ბულგარული წიწაკის არომატით

დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უამრავი ეგზოტიკური მცენარე ხარობს, რომელთა სარგებლიანობასა თუ სამკურნალო თვისებებზე არაფერი ვიცით, თუმცა საუკუნის უდიდესი მიღწევაა ის, რომ დედამიწის "დაპატარავებამ" ამ კულტურების მოძიებაც გააადვილა. ჩვენს ბაღებში დღეს უამრავი ისეთი კულტურაა, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდა. გამოჩნდა მართლაც უნიკალური თვისებების მქონე აფრიკული მცენარე, რომელსაც ჩვენში ბამიას ეძახიან. ის სხვა კონტინენტებზეც მოეწონათ და დღეს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული.

ცოტა ხნის წინ ლაშა ლოლაძემ ბამია გააშენა. ლაგოდეხელი ფერმერი თავის რაიონში ეგზოტიკურ კულტურებს მათი სარგებლიანობის შესწავლის შემდეგ აშენებს. რაც მთავარია, ახერხებს რეალიზაციასაც, თუმცა - მხოლოდ ძვირად ღირებულ მარკეტებში. სოფლის მეურნეობა და მით უფრო ეგზოტიკური კულტურების გაშენება, ცხადია, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ვისაც შრომა არ ეზარება, შეუძლია ბამია საკუთარ ბაღში მოიყვანოს. ის გარემოს კარგად ეგუება და უნიკალური თვისებებითაც გამოირჩევა. ლაგოდეხელ ფერმერს ამ კულტურის მოვლა-გახარების შესახებ ვესაუბრეთ.

- როცა საქართველოში ეგზოტიკური კულტურები შემომაქვს, მათი რეალიზაციის პრობლემასაც ვითვალისწინებ. რა თქმა უნდა, იმ არგუმენტსაც ვეყრდნობი, რომ ხალხმა უნდა შეძლოს აქამდე უცნობი კულტურების სასარგებლო თვისებების გამოყენება. მართალია, ეს კულტურები ძვირი ღირს, რადგან მათზე დიდი შრომა იხარჯება, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ხომ მაინც ისარგებლებს მათი სიკეთით?! სხვათა შორის, ჩვენში არის ხალხიც, რომელმაც ბამიას სამკურნალო თვისებების შესახებ იმდენი იცის, რომ ზოგიერთმა რამდენიმე ძირი ეზოშიც გააშენა სამედიცინო მოხმარებისთვის. ბამია, რომელსაც ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში ახარებენ, ჩვენს გარემოსაც ძალიან კარგად ეგუება.

- საინტერესოა მისი თვისებები... - ბამიას ჩვენში, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ, რომელთა ქვეყნებში ის პოპულარულია და იყენებენ უამრავ კერძშიც და სამწნილედაც. უცხოეთის სუპერმარკეტებში დაკონსერვებული ბამიაც იყიდება. მისი უპირველესი თვისება დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედებაა. ჩვენი საზოგადოებაც ბამიას უპირველესად სწორედ დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყიდულობს და უმთავრესად ამავე მიზნით ცდილობენ კულტურის გაშენებასაც, თუმცა ბამიას გემოც მშვენიერი აქვს. ის ჩამოჰგავს ბულგარულ წიწაკას, რომელიც ჩვენში ასე პოპულარულია, თუმცა უკეთესი არომატი აქვს.

- სპეციალისტები ამბობენ, რომ ბამია გამოიყენება სიმსივნის პროფილაქტიკისთვის, წვავს ცხიმებსა და ქოლესტერინს, ვიტამინებით სავსე ნებისმიერ პროდუქტს უწევს კონკურენციას, მასში უხვადაა კალციუმი, რკინა და კალიუმი. ბამიის თესლი ანაცვლებს ყავას, შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რის გამოც ქალბატონებს უნიშნავენ ფეხმძიმობისას. მოკლედ, ადამიანი იფიქრებს, რომ მაცოცხლებელ კულტურასთან გვაქვს საქმე.

- როცა არსებობს კვლევები, ისინი რეალობას ასახავს. ბამია მართლაც ერთ-ერთი სასარგებლო კულტურაა. გაშენების დროს ისეთივე შრომა-ძალისხმევა სჭირდება, როგორიც სხვა ბაღჩეულს, ოღონდ, როცა ახალ კულტურას აშენებ, რისკი დიდია - სახსრები და შრომა იხარჯება, შენ კი არ იცი, როგორ შეეგუება ნიადაგს, როგორ შეუწყობს ხელს ბუნება მის ზრდა-განვითარებას. ბამიის თესლს, რა თქმა უნდა, იშოვი, მაგრამ უნდა იცოდე, როგორი ხარისხის მოგივა. ბამია, ისევე, როგორც სხვა ბოსტნეული, კულტივირებულია და ჩითილებით გამოჰყავთ. ჩითილებს, რომლებიც გაზაფხულზე გრუნტში გადაგვაქვს, მუდმივი ყურადღება სჭირდება, რამემ რომ არ დააზიანოს და გაიზარდოს. კრეფა ივნისიდან იწყება. ბამიას სიცხე უყვარს და დამწიფებასაც მზიან ამინდებში იწყებს. პერიოდულად, მთელი ზაფხულის განმავლობაში იკრიფება, ვიდრე სიცივე დაიწყება.

- მალფუჭებადი ხომ არ არის?

- არა, უფრო გამძლე და სქელკანიანია, ვიდრე ბულგარული წიწაკა. ტრანსპორტირებისთვისაც მოსახერხებელია.

ბამიას წყალი

ბამიას წყალი რომ მოვამზადოთ, ბამია უნდა მოვათავსოთ წყლიან ჭიქაში და მთელი ღამის განმავლობაში დავტოვოთ, მეორე დილით კი დავლიოთ, ეს ნაყენი სისხლში შაქრის დონეს პრეპარატების გარეშე დასწევს.