ღლავი - მტკნარი წყლის გოლიათი - კვირის პალიტრა

ღლავი - მტკნარი წყლის გოლიათი

"ლოქო მსხვერპლს არ მისდევს, ჩასაფრდება და სანამ მსხვერპლი ახლოს არ ჩაუვლის, უძრავად ელოდება. მისი საყვარელი საკვები ბაყაყია, თუმცა სიამოვნებით ჭამენ თევზებს, გველებს, ზოგჯერ კი წყალში მცურავ ფრინველსაც მოინადირებენ - წყალზე დასასვენებლად რომ დაჯდება, ლოქო ქვემოდან თავს ესხმის და იჭერს"

ლოქო ერთ-ერთი უდიდესი თევზია, რომელიც მტკნარ წყლებში ბინადრობს. მეთევზეები ამბობენ, რომ ლოქოს დასაჭერად საუკეთესო წყნარი და თბილი ღამეა, თუმცა მისი მონადირება სახუმარო საქმე სულაც არ არის. ზოგი სახეობის ლოქოს წონა 300-400 კილოგრამს აღწევს, მაგრამ ცნობილია შემთხვევა, როცა დაჭერილი ლოქოს წონა ნახევარი ტონაც კი ყოფილა. ამ თევზის შესახებ ჩვენს მკითხველს იქთიოლოგი გიორგი ეპიტაშვილი ესაუბრება.

- ლოქოსებრთა ოჯახი ერთ-ერთი მრავალფეროვანი ჯგუფია, რომელიც ყველა კონტინენტზე გვხვდება. მსოფლიოში ლოქოს 500-ზე მეტი სახეობაა აღრიცხული, საქართველოში კი მხოლოდ ერთი - ჩვეულებრივი (ევროპული) ლოქო ბინადრობს. ლოქოს დიდი ზომის პირი და ექვსი დიდი ულვაში "ამშვენებს". სწორედ ამ ულვაშების წყალობით გრძნობს მსხვერპლის მიახლოებას. ბინადრობს დიდ მდინარეებსა და წყალსატევებში: იორში, ენგურში, რიონში, მტკვარსა და ალაზანში, თბილისისა და ალგეთის წყალსაცავებში, ჯანდარის ტბაში და სხვ. თევზი სითბოს მოყვარულია და მდინარის ქვემო ნაწილში ცხოვრობს. ძალიან მოსწონს ღრმა წყლები, რადგან იქ დიდ ორმოებში წვება და იქვე ნადირობს. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის მტაცებელია მტკნარ წყლებში. ზრდასრული ლოქო რეკორდულ ზომას აღწევს - მისი საშუალო წონა 300 კილოგრამია, თუმცა მეთევზეებს 400-500-კილოგრამიანი ლოქოც დაუჭერიათ. ასეთ დიდ ლოქოებს სპეციალური ბადეებით, გვარლებითა და სხვა პროფესიული მეთოდებით იჭერენ.

"როცა ტემპერატურა ეცემა, ლოქო ღრმა ფსკერზე ჩადის და იქ იზამთრებს"

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ "ლოქო" სომხური წარმოშობის სიტყვაა, ქართულად ამ თევზს ღლავი ჰქვია, თუმცა ამ სახელით იშვიათად მოიხსენიებენ. რატომღაც ჩვენს ენაში ლოქო უფრო დამკვიდრდა.

- ეს სიტყვა ზოგ კუთხეში უარყოფითი მნიშვნელობითაც გამოიყენება...

- ალბათ, იმიტომ, რომ ლოქო გაუმაძღარია. მას დიდი თევზის გადაყლაპვაც თავისუფლად შეუძლია, რის გამოც ბუნებრივი მტერი ცოტა ჰყავს. მისი დაჭერა მაშინ უფრო ადვილია, როცა ან ლიფსიტაა, ან განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ამ თევზს კიდევ ერთი თვისება აქვს - ლოქოები ხშირად ერთმანეთსაც ჭამენ - კანიბალიზმი მათ შორის ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთადერთი მტერი, რომელიც მას ჰყავს, ქარიყლაპიაა, მაგრამ მასაც მხოლოდ პატარა ლოქოების ან ლიფსიტების მონადირება შეუძლია. ლოქო წყალში ერთგვარი სანიტრის როლს ასრულებს - ის სიამოვნებით მიირთმევს ცხოველების ლეშს, ასევე - დაავადებულ ცხოველებს და ეკოსისტემაში ბუნებრივი გამწმენდის ფუნქციას ასრულებს.

- საქართველოში თუ არის ნაპოვნი დიდი ზომის ლოქო?

- მინგეჩაურის წყალსაცავში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, დიდი ლოქოები ბინადრობენ. თბილისის ზღვაშიც ცხოვრობენ დიდი ეგზემპლარები, რომელთა წონა საშუალოდ 50-60 კილოგრამია. მყვინთავებისგან, რომლებიც თბილისის ზღვის ფსკერს იკვლევდნენ, გამიგია, რომ იქ უფრო დიდი ლოქოებიც უნახავთ, რომლებიც ფსკერზე წვანან და ზემოთ იშვიათად ამოდიან. ლოქო მსხვერპლს არ მისდევს, ჩასაფრდება და სანამ მსხვერპლი ახლოს არ ჩაუვლის, უძრავად ელოდება. უფრო ახალგაზრდა, 5-10-კილოგრამიანი ლოქოები გაცილებით აქტიურად ცხოვრობენ. ამიტომ ხშირად მეთევზეების ბადეში აღმოჩნდებიან ხოლმე.

- რა არის ლოქოს საყვარელი საკვები?

- საყვარელი საკვები ბაყაყია, თუმცა სიამოვნებით ჭამენ თევზებს, გველებს, ზოგჯერ კი წყალში მცურავ ფრინველსაც მოინადირებენ - წყალზე დასასვენებლად რომ დაჯდება, ლოქო ქვემოდან თავს ესხმის და იჭერს. მეთევზეები ანკესს სატყუარას გამოაბამენ ხოლმე და რადგან იციან, რომ ლოქოს ბაყაყის ხორცი განსაკუთრებით უყვარს, მისი მეშვეობით იჭერენ. ზოგან ცოცხალ სატყუარად ლეკვებს, კატებს ან ძაღლებს იყენებენ, მაგრამ ეს არაჰუმანური მეთოდია. მსმენია, რომ დიდი ლოქოები ალაზანშიც დაუჭერიათ და გვარლებით გამოუთრევიათ.

შარშან მდინარე კეხურაზე მეთევზეებმა 60-კილოგრამიანი ლოქო დაიჭირეს. ამხელა ლოქოს ანკესით დაჭერა და მისი ნაპირზე გამოყვანა ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. უფრო დიდი ლოქოების ნახვა კი მხოლოდ მყვინთავებს შეუძლიათ.

- ეს თევზი ყოველთვის იყო მეთევზეების ყურადღების ობიექტი. როგორ აისახა ეს მათ რაოდენობაზე?

- ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირმა ეს სახეობა შეაფასა, როგორც "ნაკლები საფრთხის წინაშე მყოფი". ჩვეულებრივი ლოქო საქართველოს წითელ ნუსხაშიც არ არის შეტანილი, რადგან ჩვენთან ფართოდ არის გავრცელებული და უახლოესი ათწლეულების განმავლობაში დიდი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აქტიურად ნადგურდება მისი ჰაბიტატები, რაც ლოქოს რაოდენობაზე უარყოფითად მოქმედებს, ისევე როგორც გამიზნული ბრაკონიერობა, ბადეებითა და ჩანგლებით დაჭერა. ლოქოს მოპოვება სარფიანი საქმეა - მეთევზემ 50-კილოგრამიანი ლოქოც რომ დაიჭიროს და გაყიდოს, კარგ მოგებას ნახავს.

"ზრდასრული ლოქოს სპეციალური ბადეებით, გვარლებითა და სხვა პროფესიული მეთოდებით იჭერენ"

- თუ შეიძლება ლოქო ადამიანს დაესხას თავს?

- ადამიანზე ლოქოს თავდასხმის შესახებ არასდროს გამიგია, თუმცა გამორიცხული არაფერია. ის ცხოვრების დიდ ნაწილს ღრმა წყლებში ატარებს და ადამიანისთვის ნაკლებად სახიფათოა თუმცა მისი ზოგიერთი სახეობისგან სულ სხვა საშიშროებაა მოსალოდნელი. მაგალითად, აფრიკული ლოქო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინვაზიური სახეობაა. სადაც გავრცელდა, უდიდესი ზარალი მიაყენა ეკოსისტემას, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მდინარეებში მას არავინ გაუშვებს. ასეთ უცხო, ინვაზიურ სახეობებთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება მივაქციოთ.

- გითევზავიათ ლოქოზე? - როგორ არა, მცირე, 15-20 სანტიმეტრი სიგრძის ლოქო მეც დამიჭერია. პატარები უფრო თამამები არიან, არაფერს უფრთხიან და სატყუარაზეც იოლად მოდიან.

დიდი ზომის ინდივიდებს იმხელა ძალა აქვთ, შეიძლება ნემსკავიც გაღუნონ, ამიტომ მათზე თევზაობისას სიფრთხილეც საჭიროა და გამოცდილებაც.

ლოქოს გამძაფრებული ყნოსვა აქვს და მის დასაჭერად ზოგჯერ ლეშსაც იყენებენ. ზაფხულში მასზე ნადირობა ყველაზე კარგია, რადგან ამ დროს წყალი თბილია, მდინარეში ბევრი თევზი შემოდის და ლოქოც აქტიურდება. აუცილებელია სიფრთხილე, ზედმეტი ხმაური არ შეიძლება და საღამოს მეთევზემ შეიძლება საინტერესო ეგზემპლარიც მოიპოვოს. ოქტომბრიდან, როცა ტემპერატურა ეცემა, ლოქო ღრმა ფსკერზე ჩადის და იქ იზამთრებს. ამიტომ არის ლოქოზე თევზაობისთვის ზაფხულის თვეები ყველაზე კარგი. აღმოსავლეთში ლოქოზე ნაპირიდან თევზაობენ, დიდი ანკესებით, რიონზე კი ორივე ნაპირიდან გვარლებს აბამენ, ნემსკავებს ჩამოკიდებენ და ასე იჭერენ. ასეთი მეთოდები ლეგალური არ არის, რადგან შეიძლება ნემსკავს ისეთი თევზებიც წამოეგონ, როგორიც არის, მაგალითად, ზუთხი, რომელსაც გადაშენება ემუქრება და მისი მოკვლა დანაშაულია.

- რომელი სახეობაა ბუნებაში ლოქოს ყველაზე სახიფათო მტერი?

- როგორც გითხარით, ზოგჯერ დიდი ლოქოები პატარებს ჭამენ. დიდი ზომის ქარიყლაპიასაც შეუძლია პატარა ლოქოების შეჭმა. ეს მისი ერთადერთი ბუნებრივი მტერია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ბინადრობს, ლოქოს ყველაზე საშიში მტერი კი ადამიანია, მეთევზემ 10-კილოგრამიანი ლოქოც რომ დაიჭიროს, ეს მისთვის შემოსავალია, მით უმეტეს, რომ ბევრი ოჯახი მხოლოდ თევზაობით ცხოვრობს. მაგალითად, რიონის აუზში ლოქოზე თევზაობა გავრცელებული და მომგებიანი საქმეა. რიონზე ღამე მეგობრებთან ერთად მეც გამითევია და ერთად ბევრი პატარა ლოქოც დაგვიჭერია. ამ დროს ყველაზე პატარები უკან, წყალში უნდა დავაბრუნოთ და გაზრდა დავაცადოთ. ალბათ, ამ წესს იცავს ყველა წესიერი მეთევზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბუნებას უფრთხილდება.

ხათუნა ჩიგოგიძე